მთავარი » ქრისტიანობა

ბავშვი და ეკლესია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.10.2009 7 კომენტარი | 6,617 ნახვა

იძულება თუ მშობლის მაგალითი – რა შემთხვევაში ჩამოყალიბდება ბავშვი ჭეშმარიტ ქრისტიანად

ბავშვის ზიარებაეკლესიაში მრევლის მატება, ღვთის წყალობით, ყოველდღიურად შეინიშნება. განსაკუთრებით იმატა ბავშვების რიცხვმა. ზოგი საკუთარი სურვილით, ზოგიც (მცირეწლოვნები) მშობლის ინიციატივით და ხშირად დაძალებითაც კი დადის ტაძარში.

როგორ უნდა მივიდეს ბავშვი ეკლესიამდე და როგორ უნდა დავაინტერესოთ ქრისტიანული ცხოვრებით? გვესაუბრება მამა დემეტრე ბურდული (წმ. თამარ მეფის სახელობის ეკლესია).

– მშობელმა შვილს ძალა არ უნდა დაატანოს, რადგან რამდენჯერმე ნათქვამმა სიტყვებმა – მიდი ეკლესიაში, იცხოვრე ეკლესიურად – შეიძლება უკურეაქცია გამოიწვიოს არა მარტო ბავშვებში, ზრდასრულ ადამიანებშიც კი. ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი ბავშვობაში დაძალებით დაყავდათ ეკლესიაში, დღეს კი ისინი ეკლესიის გარეთ არიან. ბავშვი ოჯახის სარკეა და სწორედ მშობელმა უნდა მისცეს მაგალითი, თავად ილოცოს, რომ მასაც გაუჩნდეს ეკლესიაში მოსვლის სურვილი. მშობლები შვილებს უნდა ესაუბრებოდნენ ეკლესიური ცხოვრების შესახებ, მაგრამ სულ ერთსა და იმავე ფაქტზე საუბარი არა მარტო ბავშვისთვის, უფროსი ადამიანისთვისაც ძნელია. ცნობილია, რომ 20 წუთი არის ის პერიოდი, როცა ადამიანი რაღაც ამბავს ინტერესით ისმენს. ბავშვის ფსიქიკაც ისეთია, მას ხან თამაში უნდა, ხან ლექსი უნდა ასწავლო, რადგან არ გადაიღალოს.

– რა ასაკიდან უნდა დაიწყოს ბავშვმა აღსარების თქმა და რამდენად აცნობიერებს ის საკუთარ ცოდვებს?

– ბავშვმა აღსარების თქმა, თუ მას სურვილი აქვს, იმ პერიოდიდან უნდა დაიწყოს, როცა მას რაღაც პასუხისმგებლობა გააჩნია, დადის სკოლაში. დაახლოებით 8 წლის ასაკიდან უნდა მივაჩვიოთ, გაიგოს რა არის ცუდი, ნელ-ნელა უნდა მოვამზადოთ, რომ გააცნობიეროს რა არის ცოდვა.

ბავშვის ნაცვლად მშობლის მიერ დაწერილი აღსარება მიუღებელია, პატარა ბავშვების ცოდვა ძალიან მცირედია და აღსარების ჩაბარება კითხვა-პასუხით ხდება. ეკლესიის მიერ დადგენილია, რომ 12 წლამდე ბავშვისთვის დიდმარხვის შენახვა, შეუძლებელია. 8-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები მარხვას ძირითადად ოთხშაბათს და პარასკევს ინახავენ, თუ ჯანმრთელობასთან არ აქვთ პრობლემა.

ბავშვს მშობლის მიერ მოძღვარი არ უნდა ჰყავდეს წარმოდგენილი, როგორც პოლიციელი, რომელიც დაიჭერს მას. ეკლესია დამსჯელი ორგანო არ უნდა იყოს. თუ ბავშვმა რაიმე დააშავა, არ უნდა შევაშინოთ, პირიქით, უნდა ავუხსნათ, რომ ეს არასწორი ქმედებაა. აღსარების თქმა ბავშვის სურვილით უნდა მოხდეს და არა მშობლის დაძალებით, რომ აუცილებლად უთხრას მოძღვარს ჩადენილი დანაშაულები.

– როგორია მცრეწლოვნის ზიარების წესი?

– ყველა ქრისტიანი, რომელსაც გააზრებული აქვს წმინდა ზიარება, ეკლესიურად ცხოვრობს, ვალდებულია ყოველ კვირა დღეს ეზიაროს, თუ მოძღვრისგან განკანონებული არ არის. ზიარება, სისხლი და ხორცი უფლისა არის მაცხონებელი და ის ისევე აუცილებელია პატარა ბავშვისთვის, როგორც დიდი ადამიანისთვის. ამიტომ ბავშვის მონათვლის დღიდან მისი ზიარება შესაძლებელია.

არის შემთხვევები როცა წმინდა ზიარების დროს, მშობლები ბავშვებს ქრისტეს სისხლსა და ხორცზე ეუბნებიან რომ კანფეტია. ეს მიუღებელია. შეუძლებელია, მცირეწლოვანმა ბავშვმა გაიგოს მისი არსი, მაგრამ არც იმის თქმა შეიძლება, რომ ეს კანფეტია. ხშირად ზიარებაზე მოსული ბავშვი ტირის და აგრესიულადაა განწყობილი. ეს ცუდია ბავშვისთვის, რადგან მასში ყალიბდება ზიზღი და ითრგუნება. როცა მშობელი მორწმუნეა, ხშირად დაყავს ბავშვი ეკლესიაში, შეიძლება უარი თქვას ზიარებაზე, ამ შემთხვევაში შეიძლება დაძალებით აზიარო. მაგრამ როცა მშობლები არ არიან ეკლესიურები და ბავშვიც უარს ამბობს ზიარებაზე, მაშინ მას დრო დასჭირდება რომ მიეჩვიოს, დაინახოს როგორ ეზიარებიან სხვა ბავშვები და მშობლის მაგალითიც დაინახოს.

– რამდენად მნიშვნელოვანია და როგორ უნდა შევაყვაროთ ბავშვს ლოცვა?

– ლოცვა საუბარია თავად ღმერთთან და ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ეს არ არის სასწავლო პროგრამა, რომ ლექსივით დაიზეპირო. ლოცვა ბავშვისთვის სასიხარულო უნდა იყოს, რადგან ის ამ დროს ღმერთს ესაუბრება. მაგრამ თუ უარს ამბობს ლოცვაზე, დაძალება არ შეიძლება, ესეც ნებაყოფლობითია.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

7 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი