მთავარი » დღესასწაულები

ბარბარობა – სადღესასწაულო ქადაგება (17.12.2017)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.12.2017 | 1,273 ნახვა

წმ.ბარბარე 17 დეკემბერს, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული – ბარბარობა მიულოცა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

“ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, _ბარბარობის დღესასწაულს. დღეს ბედობის დღეა, ბედნიერი დღეა, ბავშვების დალოცვის დღეა და ამიტომ ბავშვებს უნდა მივაგოთ პატივი. (პატრიარქს ამბიონზე აჰყავს ბავშვები და ახალგზარდები)

ჩვენ ვლოცავთ ბავშვებს და ყოველ ადამიანს, ყოველ მორწმუნე ადამიანს.

წმინდა ბარარე განსაკუთრებული წმინდანია. იგი ცნობილი და წარჩინებული დიოსკორეს ერთადერთი შვილი იყო და მამა ზრდიდა. მამას არ ჰქონდა ჭეშმარიტი სარწმუნოება, ის არ იყო ქრისტიანი და სდევნიდა მათ. წმინდა ბარბარემ როცა მიიღო ქრისტიანობა, იწამა მაცხოვარი, თავის შენობაში გააკეთებინა მესამე ფანჯარა რომ ამით გამოეხატა თავისი დიდი რწმენა წმინდა სამებისადმი და რწმენისათვის დასაჯეს. წამება წმინდისა ბარბარესი რაღაც სამაგალითოა, _ მას მამამ მოჰკვეთა თავი.

ყოველმა ადამიანმა თავის გულში უნდა გააკეთოს მესამე ფანჯარა.

აი ეს ტაძარი წმინდა სამების სახელობისაა და იგი რომ არ ყოფილიყო წმინდა სამებისა, ჩვენ ალბათ ვერ ავაშენებდით მას.

დღეს თქვენი დღესასწაულია, ბავშვებო. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ღმერთი ყველაფერს ხედავს და ყველაფერი ესმის. თქვენ უნდა იყოთ მაგალითი ხალხისათვის.

მე მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო აღზრდას ბავშვების, ჩვენი ახალგაზრდების.

ჩვენი ახალგაზრდობა უნდა ითქვას სხვებთან შედარებით კარგი ახალგაზრდობაა, მაგრამ გვაქვს დიდი ნაკლი. ჩვენ ვართ ზედმეტად ამაყები, ამპარტავნები. ამასთან ზოგიერთი ახალგაზრდა ღებულობს ნარკოტიკს.

ბავშვებო, თქვენ ეხლა დგეხართ ღვთის წინაშე, თქვენ უნდა დადოთ სიტყვა, რომ თქვენ არასდროს არ გაეკარებით ნარკოტიკს.

თანხმა ხართ? თქვით ერთად თანახმა ვართ.
დიახ. (პასუხი)

თქვენ არც უნდა გასინჯოთ იგი, ეს არის საწამლავი, ადამიანი კარგავს თავის სახეს, თავის სულს, ოჯახს, მშობლებს, სამშობლოს. ამიტომაც ყველას უნდა ვუთხრათ, რომ ეს არის დამღუპველი.

თქვენ იცით, ამასწინათაც მოხდა დიდი უბედურება, ახალგაზრდებმა მოკლეს ორი ახალგაზრდა. ღმერთმა გვაპატიოს ეს ცოდვა.

ლოცვა, რომელიც ძალიან ძლიერია და იცავს ადამიანს ხილული და უხილავი მტრებისაგან, არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვა და ვთქვათ ერთად:

,,მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წონააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა. ამინ!“

ბევრი ახალგაზრდა დღეს გასულია უცხოეთში. ზოგი სწავლობს, ზოგი მუშაობს, ზოგი ცხოვრობს უბრალოდ და თავისი ყოფაცხოვრების გასაუმჯობესებლად უცხოეთშია. ღმერთმა დალოცოს უცხოეთში მცხოვრები ქართველები და ღმერთმა მალე დააბრუნოს სამშობლოში.

მე მინდა ვთქვა, რომ ერთერთი ასევე ძალიან მძიმე პრობლემა, რომელიც დგას წინაშე ქართველი ერისა, ეს არის შობადობა, შობადობის სიმცირე. ამასთან სტატისტიკა მოწმობს, რომ ყოველი მეორე ოჯახი ირღვევა და ცოლ-ქმარი შორდება ერთმანეთს.

თქვენ, ბავშვებო, ილოცეთ, რომ თქვენ გქონდეთ მტკიცე ოჯახი, მტკიცე ოჯახი ბედნიერებაა ადამიანისთვის. მტკიცე ოჯახი ეს არის სიხარული, სიყვარული, სიმტკიცე ერისა. აი სახლში რომ მიხვალთ, ასხურეთ სახლს ნაკურთხი წყალი, ეზოსაც და ეს ლოცვა წაიკითხეთ ,,მოწყალებისა კარი განგვიღე“, თუ არ იცით ზეპირად, გადაიწერეთ და ჯიბეში იქონიეთ.

მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალგაზრდები განთავისუფლდებიან ცუდი ჩვევებისაგან. ჩვენი ახალგაზრდები იგრძნობენ ნარკომანიის საშიშროებას და დაძლევენ მას.

მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, რომ ნარკოტიკი არასდროს არ უნდა გასინჯოთ!

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო. ღმერთმა დალოცოს ჩვენი მომავალი თაობა, გაანთავისუფლოს ნარკომანიის სენისგან და მავნე ჩვევებისგან.

კურთხევა უფლისა თქვენზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე.”- ბრძანა უწმინდესმა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი