მთავარი » კულტურა

ბაჩო კვირტია ახალ პიესაზე მუშაობს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.03.2010 ერთი კომენტარი | 1,767 ნახვა

როგორია ლიტკონკურსების გამარჯვებული მწერლის გეგმები

ბაჩო კვირტია“მატარებლის მოსვლამდე” ასე ჰქვია ლიტერატურულ კონკურს “PEN-მარათონი 2007”-ის გამარჯვებულის, ბაჩო კვირტიას პირველ წიგნს, რომელიც სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს მოთხრობებს, ნოველებს, მინიატურებს, პიესას აერთიანებს. თუ როდიდან გაუჩნდა წერის სურვილი და რა არის მისი შემოქმედების მიზანი, “ამბიონის” შეკითხვებს თავად მწერალი ბაჩო კვირტია პასუხობს.

ბაჩო კვირტია: ნამდვილად არ მახსოვს, რამ მიბიძგა ან რამ გამიჩინა სურვილი, წერა დამეწყო. ამის ახსნა, მითუმეტეს – გახსენება, შეუძლებელია ისევე, როგორც იმის ახსნა, თუ რატომ მოწონს ქალს მამაკაცი და პირიქით. ზოგადად მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მომავალ მწერალში ან პოეტში წერის სურვილს ნიჭი ბადებს. ამავე დროს, წერის ან ხატვის ნიჭი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება გააჩნდეს, მაგრამ არ წერდეს და არ ხატავდეს. ჩემი აზრით, ნებისმიერ ნიჭს მაპროვოცირებელი შემთხვევა აჩენს, რომლის გაშიფრვა თითქმის შეუძლებელია.

წერა პირველად დაახლოებით 13-14 წლის ასაკში დავიწყე, და მახსოვს, რომ პირველმა ჩანაწერებმა ჩემს პირველ მკითხველებზე – მშობლებზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა. მეტსაც ვიტყვი – დედ-მამა გავაოცე, ეს ძალიან კარგად მახსოვს. შემდეგ იყო კიდევ ერთი, ერთგვარი სამხილი იმისა, რომ წერისადმი მიდრეკილება მქონდა – თავისუფალი თემების იოლად წერა სკოლაში. მახსოვს, რომ სკოლაში ვიყავი ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი, რომელიც მშობლიური ენის საკოტროლო წერაზე და წერით გამოცდებზე თავისუფალ თემას დიდი სიამოვნებით და ძალიან იოლად ვწერდი. შედეგად, მაღალ ნიშნებს ვღებულობდი.

პირველი წიგნი “მატარებლის მოსვლამდე” ჩემი პირველი პროზაული კრებულია, სადაც თავმოყრილია მცირე პროზა და ერთი პიესა. ეს წიგნი შეიძლება ითქვას, რომ ურბანისტული პროზაა. ზოგან ზედმეტად ნატურალისტურია, ზოგან გროტესკული… როგორ გითხრათ? მიჭირს საკუთარ ნაწარმოებებზე ლაპარაკი.

თქვენი შემოქმედების მიზანი, რა გსურთ აუწყოთ მკითხველს?

ჩემი შემოქმედების მიზანი მკითხველისთვის ჩემი ემოციების, სათქმელის, რწმენის და წრფელი გრძნობის ზედმიწევნით ზუსტად მიწოდებაა. ვცდილობ, რომ მკითხველმა ყველაფერი ეს ისე გაიგოს, როგორც მე მინდოდა მეთქვა.

რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენთვის ლიტერატურულ კონკურსებში მონაწილეობას და გვიამბეთ იმ ჯილდოების შესახებ რაც მიღებული გაქვთ.

ლიტერატურულ კონკურსებში მონაწილეობა მწერლისთვის ან პოეტისთვის ერთგვარი აქტივობაა, რომელიც ჩემი აზრით, აუცილებელია. ლიტერატურული კონკურსების არსობრივი ფუნქცია მწერლის გამოცოცხლებაა, მისი სტიმულირება და გასავითარებლად ხელის შეწყობაა. ჩემს ლიტერატურულ ჯილდოებზე ლაპარაკი არ მიყვარს, რადგან ეს წარსულია, ხოლო მწერლისთვის (და ზოგადად, ხელოვანი ადამიანისთვის) წარსული ძალიან ცოტას (თითქმის არაფერს) ნიშნავს. ერთ ცუდ შედარებას მოვიშველიებ: მწერალი არ არის ბუღალტერი ან ადვოკატი, რომელსაც კარგი წარსული, სტაჟი, კვალიფიკაცია და ა.შ. გააჩნია და ამიტომ იგი პერსპექტიულია. მწერალი, ხელოვანი, ადამიანია, რომელიც ძირითადად აწმყოთი და მომავლით ფასდება, განისჯება.

რაც შეეხება ჩემს ლიტერატურულ ჯილდოებს (რაზე ლაპარაკმა, მართალი გითხრათ, თავი მომაბეზრა), რაკი მეკითხებით, გიპასუხებთ,

მიღებული მაქვს 3 ლიტერატურული პრემია:

2007 წელს, ლიტერატურული კონკურსი “PEN-მარათონი” – პირველი პრემია;
2007 წელს, ლიტერატურული კონკურსი “წერო” – პირველი პრემია;
2008 წელს, ლიტერატურული პრემია “საბა“.

სად იბეჭდება უმთავრესად თქვენი ნაწარმოებები და რამდენად დაინტერესებულია დღევანდელი თაობა თქვენი შემოქმედებით?

ჩემი ნაწარმოებები თითქმის ყველა ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში იბეჭდება – მეტ-ნაკლები ინტენსივობით. განთავსებულია ინტერნეტ-სივრცეშიც. გამიჭირდება იმის თქმა, რამდენად კითხულობს ახალი თაობა ჩემს ნაწარმოებებს, რადგან მკითხველთან ინტენსიური ურთიერთობის ფუფუნებას მოკლებული ვარ.

რომელიმე ნაწარმოებს ხომ არ გამოარჩევდით თქვენი შემოქმედებიდან, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თქვენთვის?

მაქვს რამდენიმე გამორჩეული მოთხრობა, მინიატურა: “ღამის წითელი რეკლამა”, “მძინარე ციკლოპის ძახილი”, “ჟანგბადი”, “მე ბიძინა ვარ”. ეს ის ტექსტებია, რომლებთანაც განსაკუთრებული ემოციები მაკავშირებს.

რამდენად აკმაყოფილებს თქვენი ნამუშევრები მწერლის მოთხოვნებს?

არ ვიცი, რა გიპასუხოთ. ეს მკითხველისთვის დასმული შეკითხვაა.

მომავალი გეგმების შესახებ რას გვეტყვით?

ლიტერატურულ კონკურსებში მონაწილეობის სურვილი მაქვს და შევეცდები, მონაწილეობა მივიღო. ამჟამად ვმუშაობ ვრცელ მოთხრობაზე, პიესაზე. ვნახოთ, რა იქნება…

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი