მთავარი » კულტურა

“მე და მე” – ბაჩო გრიგოლია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.03.2013 5 კომენტარი | 4,848 ნახვა

“პოეზია ექოა იმ სიტყვისა, რომელიც ღმერთმა სამყაროს შექმნის პირველ დღეს წარმოთქვა: “იყავნ ნათელი”!- უცნობი ავტორი.

ისევე, როგორც, ალბათ, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, საქართველოშიც პოეზია ძალიან უყვართ. აღსანიშნავია, რომ დღეს ქართველი ახალგაზრდები დიდ ინტერესსა და სიყვარულს იჩენენ პოეზიის მიმართ. ბაჩო გრიგოლია წერენ ლექსებს, ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ შემოქმედებას. მათთვის პოეზია თვითგამოხატვისა და ბედნიერების წყაროა. “ამბიონი” ესაუბრა ახალგაზრდა ქართველ პოეტს, ბაჩო გრიგოლიას. გთავაზობთ ინტერვიუს და რამდენიმე ლექსს მისი შემოქმედებიდან.

გვიამბეთ თქვენ შესახებ…

დავიბადე ბათუმში 1991 წლის 2 აგვისტოს. ბავშვობა ბათუმსა და აბაშის რაიონის სოფელ ნოოხაშში გავატარე. საინტერესო ბავშვობა მქონდა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი კეთილისმსურველები, პირველ რიგში, ბებია-ბაბუა და ასევე, მშობლები, დიდად დამეხმარნენ კითხვისადმი პოზიტიური დამოკიდებულების გაღვივებაში. ამისთვის მათ დიდ მადლობას ვუხდი დღემდე. თუმცა მაინც ხიფათიანი ვიყავი. მესამე კლასამდე ბათუმის 28-ე საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. შემდეგ, გარკვეული მიზეზების გამო, თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად მე, ჩემი ძმა და დედაჩემი. 4 სკოლა გამოვიცვალე… სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლესში ჩავაბარე და საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში(სდასუ) ჩავირიცხე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. დღეს მესამე კურსის სტუდენტი ვარ.

პარალელურად ვმუშაობ “საქართველოს კინოს, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში” – ამიერკავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სააფიშო განყოფილებაში. მუზეუმის დირექტორის კეთილი ნებით მოვხვდი ხელოვნების სასახლეში. პირველ კურსზე გიორგი კალანდია ისტორიას გვიკითხავდა უნივერსიტეტში და მაშინ დავინტერესდი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ულამაზესი მუზეუმით.

როდის დაიწყეთ ლექსების წერა?

ლექსების წერა 15 წლის ასაკში დავიწყე. თუმცა ამის შესახებ დიდი ხანი არავინ იცოდა.პირველი ლექსი ბათუმში დავწერე საშინლად მთვრალმა. მეორე დღეს კი ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, განა იმიტომ, რომ ლექსი იყო კარგი, ან აზრიანი?! არამედ იმის გამო, რომ ეს მოვახერხე, ვცადე… იმის მერე მივხვდი, რასაც გრძნობ, ხედავ, ის უნდა წერო. დროდადრო კი გემოვნებაც გაიწვრთნება.

დაგვისახელეთ პოეტი, რომელმაც თქვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა…

ქართული პოეზია რომ მდიდარია, ეს ფაქტია. ამით შეგვიძლია ვიტრაბახოთ კიდეც. საბედნიეროდ, უცხოურ გამოცემებზეც მიგვიწვდება დღეს ხელი. შთაბეჭდილებაზე ვერაფერს ვიტყვი, უბრალოდ ბავშვობიდან მიყვარს ლექსები, ვაჟას უსაზღვრო ფილოსოფია, გრანელის მოუსვენარი სული, გალას მეფური ამპარტავნება და სხვები. უცხოური პოეზიიდან განსაკუთრებულად მომწონს პაულ ცელანი და ჰაინრიხ ჰაინე. თანამედროვე ქართველ პოეტებს რაც შეეხება, ზაზა ბიბილაშვილისა და ჩემი მეგობრების, თანამეკალმეების შემოქმედებას ვეცნობი აქტიურად.

თუ გამოარჩევთ ქვეყანას, სადაც დიდი ინტერესით იმოგზაურებდით და უფრო ახლოს გაიცნობდით მის კულტურას?

შეიძლება ითქვას, ჩემი ოცნებაა,მთელი საქართველო მოვიარო ფეხით და ყველა ადგილი, თუ ქუჩა ვნახო უკლებლივ. რაც შეეხება გამორჩეულ ქვეყანას, ალბათ, შემდეგში დავფიქრდებოდი.

დღეს რა ვითარებაა თანამედროვე ქართულ პოეზიაში? როგორ ცხოვრობთ ახალგაზრდა ქართველი პოეტები, თუ აწყობთ პოეზიის საღამოებს?

პოეზიას არასდროს აკლია მსმენელი და პოეტი. დღითიდღე იზრდება ახალგაზრდა პოეტთა “სია”. ეს კარგია, გამომდინარე იქიდან, რომ მეტი ინტერესია ხელოვნების ამ დარგის მიმართ. ამაზე ყოველთვის გიზო ნიშნიანიძე მახსენდება, რომელმაც თქვა: “ღმერთიც წერს ლექსებს, უბრალოდ, ჩვენსავით რედაქციაში არ დაარბენინებს, დამიბეჭდეთო, წერს, ხევს და ნაკუწ-ნაკუწ გვაყრის თავზე”. საღამოებიც, ამ ეტაპზე, არც ისე ხშირად, მაგრამ მაინც იმართება. ვხვდებით, ნაშრომებს ვუზიარებთ ერთმანეთს, მსმენელს, რაღა თქმა უნდა, და ახალი იდეებით დამუხტული ისევ პოეზიას ვუბრუნდებით.

მე და მე

მე ადამი ვარ, უადამესიც
და აბრაამის მე ვარ მოთმენა
მე მიზანი ვარ ყმაწვილ დავითის
იერუსალიმს მე ვარ მოქცევა.
ჩემში დემონის არის ქირქილი
ჩემში ქრისტესიც გიზგიზებს ცეცხლი
ევას ლტოლვაც დევს, ადამის ცდომაც
ხურჯინით დამაქვს იუდას ვერცხლი.
კაენის თვალის მე ვარ ამბოხი
ენის აღრევით სულის გათიშვა
ფილისტიმელი სამსონის რისხვა
ივდითი გმირი ქალის გამიჯვნა.
და მბრძანებლების უუნდობლობით
საულის მახვილს ვუთმობ მარათონს
ბაბილონელთა მე ვარ წინმძღოლი
ყველა ამ გზას მყავს, ვინც კი არა მთხოვს.
სჯულის კიდობნის თრევით დამშრალი
არა, არ ვიტეხ იხტიბარს ღმერთის
მინდა მასავით მიწას ვასწორო ქალაქი…
სადაც ძმა ძმის ცოლს ეტრფვის.
დაუნდობელი იაღვესავით
ცნობისმოყვარეთ სასტიკად ვებრძვი
ხუთასი ათას სამოცდაათ კაცს
არა! უფრო მეტს, დღითიდღე ვდევნი…
ჩემში დევს განძი, ფსალმუნთა წყობა
და წიგნთა წიგნით დღითიდღე თრობა
მე ვარ თარგმანი ყველა ენაზე
ამბოხება ვარ, ყველაფრის გმობა.
მე ვარ ბიბლიის რკალთა ამბორი
და ფურცელ-ფურცელ ცრემლების დენა
პოეზიაში მე ვარ რომეო
უჯულიეტოდ არ მეთქმის ენა.
მე ღმერთის ხმა ვარ, ფრთები მაქვს ზეცის
შთაგონებების ურჩი ვარ წყარო
მინდა ჯვარს ვეკრა ჩემი ხელითვე
აღსარებებით სული ვიწყნარო.
ბაბილონივით უკურნებელი
მე ოსტატი ვარ და კაცთა გვნემა
ჩემში ყველაა რასაც ვერ ხედავთ
რწმენამ და თმენამ ბევრი მიჩვენა.
მე ვარ კრიტიკა სპინოზას ენით
და სენდერლენდის ანტი აღნუსხვა
დაბადება ვარ და ხის ნაყოფი
გამოსაცდელად ბევრი მერგუნა…
მე მანძილი ვარ სიღრმიდან ცამდე
ნაზარეთიდან ქანაანამდე
მე ვარ იესო, თვით ლუციფერიც
მე ვარ ცერბერის სახე, ცბიერი.
“მეტყველი გველის” ფერისცვალება
მისი პერანგის მე ვარ ხატება
მინდა მომანდოთ მე ადამიანს
ადამიანად რაც კი არ მხვდება…
მე ვარ ადამის უგუნურება
და ევას ნების მე ვარ ზმანება
ღმერთმა დამსაჯოს აღსარებისთვის
ეს ამბოხება არამც მოკვდება.
მე ვარ დემონის სულის ქირქილი
და მოგიზგიზე ქრისტეს ალები
ივდითი გმირი თავნება ქალის
ამბოხება ვარ მებრძოლ თვალებში.

3 მიზეზი მაქვს

3 მიზეზი მაქვს, შენი სიყვარულით ალი მედებოდეს
გული ჩერდებოდეს შენი მოლოდინით ანთებული
სუნთქვა მეკრებოდეს, თავგზა მერეოდეს, ვეღარ ვჩერდებოდე
შენი შეხებებით, შენი უნისონით აღგზნებული.
ალბათ მიზეზთ ძებნა, მარტო სისულელეს უტოლდება
მაგრამ მიზეზი მაქვს მხოლოდ სამადსამი შენი მორჩილების
რადგან უღირსია, ყველა რაც კი თქმულა ჩვენდა წინააღმდეგ
რადგან ნება მერჩის იყოს შეხებები, მსხვრევა ბორკილების.
3 მიზეზი მაქვს, შენი სიყვარულით ალი მედებოდეს
რადგან ძლიერ მიყვარს შენში მიმალული კეთილშობილება
შენდა მოსალხენად მუდამ მოდარაჯე ასპიროზი
შენში ყველა მიყვარს რაც კი დათარეშობს… სევდა, მღელვარებაც.
ვერვის შეედრება შენი მითითება, შენი დამოძღვრება
რჩევებს რომ მაძლევს და შენი საუბარი, შენი მეტყველება არა, არ მბეზრდება
მიტომ მიზეზი მაქვს ვხურდე, ვიწვოდე და ალი მედებოდეს
სუნთქვა მეკვრებოდეს, თავგზა მერეოდეს, ვეღარ ვჩერდებოდე.
და ჩემ სამარეში, გულის სავანეში, ისე ჩაესვენე შენი უურჩობით
შენი სექტემბრობით, შენი დეკემბრობით, შენი ივლისობით
შენი აზროვნებით, შენი ცხოვრებით და შენი კარგობით და შენი წყურვილობით
დიდი ბავშვურობით, შენი ბავშვურობით, წრფელი ბავშვურობით.
და მეც ბავშვურობით წრფელი ბავშვურ გრძნობით
3 მიზეზი მაქვს, შენი სიყვარულით ალი მედებოდეს
სუნთქვა მეკრებოდეს, თავგზა მერეოდეს
შენი შეხებებით, შენი უნისონით აღგზნებული.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

5 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი