მთავარი » სხვადასხვა

“ახალი ქართველების” ციხესიმაგრეები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.07.2009 4 კომენტარი | 9,304 ნახვა

ჩაკეტილი საზოგადოება გალავნებით იცავს თავს

ფეშენებელური“ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა”, – ამ ძველ ინგლისურ გამონათქვამს აქტუალობა არც 21-ე საუკუნეში დაუკარგავს. ადამიანები ცდილობენ, საკუთარი საცხოვრისი შეუვალი და მიუწვდომელი გახადონ. უსაფრთხოებას კი, პირველ რიგში, დაცვის თანამედროვე სისტემებით უზრუნველყოფენ. თუმცა, როგორც ჩანს, “ახალ ქართველებს” ტექნოლოგიური მიღწევები მშვიდად ყოფნის საშუალებას მაინც არ აძლევს. ასე რომ, დღესაც ბევრისთვის შუასაუკუნეობრივი მეთოდები უფრო მისაღებია და ამიტომ მდიდარი ქართველები საკუთარ სასახლეებს უზარმაზარ გალავნებს უშენებენ.

საქართველოში ე.წ. ჩარაზული სამეზობლოები ჩნდება. სამშენებლო კომპანიები აშენებენ სახლების ჯგუფს, შეიძლება ითქვას, მთელ უბანს, რომელსაც გალავანი აქვს შემოვლებული. ერთ-ერთი ასეთი ტიპის ჩარაზული სამეზობლოები შენდება წავკისში, დიდ დიღომში. არქიტექტორები აღნიშნავენ, რომ ეს ახალი სოციალური დაკვეთაა.

თბილისში ბოლო წლებში გალავნიანი სახლები საკმაოდ მომრავლდა. პრესტიჟული უბნების მაცხოვრებლები ლამის ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვის უფრო მაღალი გალავანი ექნება. თანაც თავად ამ გალავანის ესთეტიკურ მხარეზე ნაკლებად ფიქრობენ. თუმცა, რაც არ უნდა ფერადოვანი და ორნამენტებით დამშვენებული იყოს ღობე, თუ ის ყრუა, ესთეტიკურ სიამოვნებას არავის ანიჭებს. ქართველების გალავნების მიმართ ლტოლვას ფსიქოლოგები ერის ეთნო-ფსიქოლოგიით ხსნიან.

სოფო ვერულაშვილი (ფსიქოლოგი, “ფსიქოლოგთა და ფსიქო-თერაპევტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი): “არსებობს ინდივიდუალისტური და კოლექტივისტური კულტურა. მიიჩნევა, რომ ქართველები კოლექტივისტური კულტურის წარმომადგენლები ვართ, რომლისთვისაც სწორედ დახურულობაა დამახასიათებელი. ჩვენ ღია ხალხი არ ვართ და ეს ყველაფერში ვლინდება. ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა ოჯახში ერთი ქოთანი დუღს და ის, რაც ოჯახში ხდება, გარეთ არ უნდა გავიდეს. ამის თვალსაჩინო მაგალითია, დიდი გალავნები. რაც უფრო მაღალია გალავანი, შიგნით სიტუაცია მით უფრო დახურულია, ანუ საიდუმლოა ის, რაც ოჯახში ხდება. ცნობილი გამოთქმის – “ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა” – ერთ-ერთი ინტერპრეტაცია არის ის, რომ მე საზღვრები გარე სამყაროსთან ურთიერთობისა მკვეთრად დახურული მაქვს. გარეთ კი არის კოლექტივი, არსებობს მხოლოდ საზოგადოებრივი აზრი. ანუ, ის რაც მისაღებია ყველასთვის. იქ ინდივიდუალური აზრის გამოხატვა მისაღები არ არის, რადგან კულტურა კოლექტივისტურია, ორიენტირებულია ჯგუფზე”.

ჩაკეტილი საზოგადოება ქალაქის შუაგულში ბეტონის ბლოკებით აგებს რამდენიმემეტრიან გალავნებს და ნაკლებად ფიქრობს იმაზე, რომ ამით თბილისის არქიტექტურულ სახეს ზიანს აყენებს.

ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი, “საქართველოს ურბანისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი): “ქალაქში მაღალგალავნიანი სახლების არსებობა არც დიდი მიღწევაა და არც დიდი ტრაგედია. თუმცა, ქალაქში გალავნიანი სახლების არსებობა დემოკრატიულ სივრცეზე არ მიუთითებს. ქალაქი გახსნილი სისტემაა, მაგრამ მეორე მხრივ, გალავნის გაკეთებას ვერავის აუკრძალავ. თუმცა, ეს პროცესი შეიძლება ქალაქის მუნიციპალიტეტმა და ურბანულმა სამსახურმა მართოს, რათა უსახური და ყრუ გალავნების მშენებლობა არ დაუშვას. საერთოდ, გაყრუებული კედლები, მუნჯი მონაკვეთები ქალაქში არ ვარგა. თუმცა, გალავნების არსებობას დღეს მოქმედი კანონი არ კრძალავს და არც ზღუდავს, მაგრამ გამორიცხული არ არის, როდესმე ასეთი აკძალვა გაჩნდეს კიდეც”.

კონსტანტინე ამირეჯიბი (არქიტექტორი): “ესთეტიკას ქმნის ღობე და მის მიმართ დამოკიდებულება, ანუ, რამდენად ცივილურია ეს ღობე. გალავანი რაც უფრო გახსნილი და გამჭვირვალეა, მით უფრო ცივილურია საზოგადოება. რაც უფრო დახურულია, მით უფრო შუასაუკუნებრივი აზროვნება აქვს”.

* * *

გალავანი – უსაფრთხოების გარანტი

ყველა ეპოქაში ადამიანი თავს დაუცველად გრძნობდა, ამიტომ მთელი ძალით ცდილობდა, დაეცვა საკუთარება გარე ძალების ზემოქმედებისაგან. შუასაუკუნეებში ქალაქებსა და სასახლეებს ციხე-გალავნებს უგებდნენ, დღეს კი უსაფრთხოებაზე დაცვის თანამედროვე სისტემები ზრუნავენ. საქართველოში კი ეს ფუნქცია კვლავაც გალავანს აკისრია. მაღალი ღობე ოჯახს დაუპატიჟებელი სტუმრისგანაც იცავს და მეზობლის თვალისგანაც.

მაღალი გალავანისოფო ვერულაშვილი: “უსაფრთხოება ადამიანის სასიცოცხლო მოთხოვნილებაა. ეს ყველასთვის უნივერსალურია. დასავლეთში უსაფრთხოებას სხვა ფორმით იცავენ და არა მაღალი გალავნებით, როგორც ეს ჩვენთან ხდება. ამერიკაში მეტი ღიაობაა, იქ სახლები გალავნებისა და ჭიშკრების გარეშეა. ქართველი კაცი კი ამბობს: ჩემს ეზოში რასაც ვაკეთებ, ის გარეთ არ უნდა დაინახონ. ამერიკელს ამის კომპლექსი არ აქვს. ის ზის თავის ეზოში, დადგმული აქვს სკამები, მაგიდა, რასაც უნდა იმას აკეთებს, სხვები უყურებენ თუ არა, მისთვის მნიშვნელობა არა აქვს. მისი საზღვრები გარე სამყაროსთან მიმართებაში გამჭვირვალეა. ჩვენი სახლისა და საკუთრების უსაფრთხოების დაცვის ასეთი სერიოზული გათვალისწინება რომ გვჭირდება, ეს ჩვენი მენტალობიდან გამომდინარეა. კავკასიური ეთნო-ფსიქოლოგიიდან გამომდინარე ნაკლებად დაცულია მოსახლე, თუ მას სახლ-კარი კარგად დაცული არა აქვს. მენტალობის ბრალია მაღალი გალავნების მშენებლობა. ასე რომ, რაც არ უნდა ულტრათანამედროვე დაცვითი სისტემები არსებობდეს, ჩვენი მენტალობიდან გამომდინარე, ქართველები მაინც მაღალ გალავნებს ავაგებთ”.

კონსტანტინე ამირეჯიბი (არქიტექტორი): “დასავლეთში გახსნილი საზოგადოებაა, მათთვის უცხოა გალავანი, თუმცა, იქ სოციალური კონტროლი არსებობს. საზღვარს სხვა სისტემები იცავენ: ვიდეოთვალი, დაცვა, საპატრულო სამსახურის მუდმივი კურსიერება. შემთვევითი კაცი რომ მოხვდება, ის ყურადღების გარეშე არ დარჩება მეზობელს, მაშინვე პოლიციაში დარეკავს. საქართველოში კი ჩვენი კარების მიღმა რა ხდება, არ გვაინტერესებს. მთავარი პრობლემაა, როგორ გავტეხოთ აზროვნების ის სტერეოტიპი, რომ მე ჩემი ნაკვეთი უნდა შემოვღობო. ევროპასა და ამერიკაში ეზოებს ღობები საერთოდ არა აქვს. იციან, სად მთავრდება მისი ნაკვეთი და სად იწყება მეზობლის. იქ ღობეს ან საერთოდ არ აკეთებენ, ან მცენარეული ღობეა, რომ ლამაზი იყოს. ჩვენთან პრივატული და საზოგადოებრივი სივრცის გარჩევის პრობლემაა. სამეზობლო მიჯნა არის ყველაზე კონფლიქური ზონა, როგორც სამართლებრივად, ასევე ესთეტიკური თვალსაზრისით”.

ლადო ვარდოსანიძე: “საკუთარი სახლებისთვის მაღალი გალავნების შემოვლება ახალი სოციალური რეალობაა. ახალ ქართველებს ახალი ხარისხის საცხოვრისი ესაჭიროება. ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა კი უსაფრთხოებაა. სწორედ იმისათვის, რომ საკუთრების ხელშეუხებლობა უზრუნველყონ, მაღალი გალავნების შენება დაიწყეს. გალავნები ქალაქის განვითარებაში გარკვეული სახადივითაა, რაღაც პერიოდის გავლის შემდეგ, განსაკუთრებით კრიმინოგენული სიტუაციის გამოსწორების შემთხვევაში შეიძლება ასეთი მოთხოვნა მოიხსნას კიდეც”.

გალავნების მხრივ კიდევ უფრო რთული სიტუაციაა საკურორტო ზონებში. სამთო თუ ზღვის კურორტებზე უზარმაზარი ტერიტორიები შემოღობილი აქვთ მდიდარ ქართველებს. მაგალითად, ბაკურიანში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ საკმაოდ დიდ ტერიტორიას ასევე გალავანი აქვს შემოვლებული. სპეციალისტები შენიშნავენ, რომ სარეკრეაციო ზონის იერასახეს აფუჭებს, როდესაც უზარმაზარი ანკლავები შემოღობილია. “იმისთვის, რომ ჩვენმა კურორტებმა ცივილიზებული კურორტის იმიჯი შეიძინოს, ქართველებმა ბევრი სტერეოტიპი უნდა გადავლახოთ აზროვნებაში”, – აღნიშნავს არქიტექტორი კონსტანტინე ამირეჯიბი.

ნინო ლოლაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

  • გიორგი says:

    საინტერესო პრობლემის განხილვაა.

    აქ სხვადსხვა სპეციალისტების მიერ გამოთქმულ აზრს, იმის შესახებ რომ გალავანი მახინჯი არქიტექტურული ნაგებობაა, ვეთანხმები.
    მაგრამ იმ ნაწილში, სადაც მსჯელობაა ამ პრობლემის სოციალურ თუ მენტალურ მხარეებზე, მაქვს სრულიად განსხვავებული აზრი, კერძოდ:
    მსჯელობა იმის შესახებ, რომ ქართველები “ჩაკეტილი” ხალხი ვართ და საკუთარ წვენში ვიხარშებით და მეზობლის პრობლემა, ჩვენთვის ღობეში ჩხირის ტოლფასია, რომ შუა საუკუნეებში ვართ ჩარჩენილი და გალავნის იქით რა ხდება ჩვენთვის გახვრეტილი შაურიანის ფასია და ამიტომ ვაშენებთ მაღალ და უფრო მაღალ გალავნებს, მაპატიეთ და იმ ერის ლაფში სროლაა, რომლის ისტორიულ-კულტურული განვითარების შესახებ არაფერი არც გაგიგია და არც გისწავლია.
    ამ პრობლემის სათავე და მისი გაჩენა-განვითარების მიზეზი საქართველოს უახლეს ისტორიაში უნდა ვეძებოთ. გავიხსენოთ რამდენი უბედურება და ძარცვა-გლეჯა გადაიტანა უამრავმა ოჯახმა ამ ბოლო 17 წლის მანძილზე? სახელმწიფოს მხრიდან კი იყო ამ პრობლემის იგნორირება და უყურადღებობა ან უკეთეს შემთხვევაში ფორმალური ყურადღება, რამაც საზოგადოებაში გააჩინა დაუსჯელობის სინდრომის განცდა და სწორედ ამან უბიძგა საზოგადოებას ეფიქრა თვითდაცვის მექანიზმებზე, მათ შორის გალავანზე. ანუ გალავანი იქცა უხეში ძალებისაგან, (მათ შორის სახელმწიფოსიც) თავდაცვის ერთგვარ სიმბოლოდ, ასე რომ ძალიან მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, არის საზოგადოება სახელმწიფოს მიერ დაცული!? მაშინ არ არის გალავანი! არ არის დაცული!? მაშინ კეთილი ინებე და შეეგუე გალავანს, ესე იგი დამნაშავეა არა საზოგადოება და ერი არამედ სახელწიფო, რომელიც ვერ იცავს კერძო საკუთრებას (ან რა უნდა დაიცვას, როცა პირველი თვითონაა ამ საკუთრების შეურაცმხყოფელი და წამრთმეველი, მე მგონი მაგალითების დასახელება საჭირო არ არის) მავანმა და მავანმა შეიძლება მითხრას – კი მაგრამ ბოლო პერიოდში ხომ გამკაცრდა ბრძოლა ამ მიმართულებითო? იცი რას გეტყვი – ნულოვანი ტოლერანტობა და ყველა ციხეში – კი არ შველის ამ პრობლემას, არამედ სისტემური და ძირეული ცვლილებები ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში, შეუქმენი შენს მოსახლეობას ისეთი შეღავათიანი და გახსნილი პირობები, რომ ყოველი მეორე მოქალაქე დასაქმდეს, გამდიდრდეს, თავისუფალი და ღირსეული ბიზნესი აწარმოოს, აი მაშინ ვნახოთ როგორი გახსნილები ვიქნებით და როგორი ღობეები გვექნება.
    დალოცვილო ამერიკელს რომ მადარებ, იცი მაგის სახელმწიფო როგორ ზრუნავს თვითოეული მოქალაქის კერძო საკუთრებაზე? თვითოეულის კაპიტალის გაზრდაზე, თანაბარუფლებიანობაზე და მის დემოკრატიულ თუ ადამიანის უფლებებზე?
    დიახ-დიახ, აი აქაა ძაღლის თავი დამარხული და ვიდრე იგივე პირობებს არ შეგვიქმნის სახელმწიფო, გალავანი რაა ? შეიძლება თვითოეული სახლის ირგვლივ ციხე სიმაგრეები, ბლინდაჟები და ტანკსაწინააღმდეგო ტრანშეებიც კი აიგოს!!!

    P.S.ეს სიტყვები გეკუთვნით თქვენ საქართველოს სნობებო! ამიტომ ჩემო კარგებო, ეძიეთ პრობლემის სათავეები სხვაგან იქ სადაც ის ნამდვილად ძევს და არა იმ ჰიპოთეთურ კაკასიურ-ქართულ მენტალობაში, რომელიც თქვენ დაგვიხატეთ.

  • ანა says:

    საინტერესო მსჯელობაა, ნუთუ შეუძლია ვინმემ თქვას, რომ დღეს უფრო მეტადაა დაუცველი პირადი და კერძო საკუთრება ვიდრე ეს 10 20 ან თუნდაც 50 წლის წინ? დაუცველები მრავალი საუკუნის განმავლობაში ვიყავით, მაგრამ ქართველ ხალხს არასდროს გასჩენია სურვილი დიდი გალავნებითა და შეუვალი სახლებით ,თავისი სამყაროს , თვითიზოლაცია მოეხდინა , არა მტრისგან, არამედ თავისივე მოქალაქეებისგან.ყველაფერს სახელმწიფოს ნუ გადავაბრალებთ. მოდით ყველამ ჩვენ-ჩვენი პასუხისმგებლობა ვიკისროთ . ისე რამ “გადააგვარა ” ქართველი ხალხი, რომ ჩვენ ერთმანეთისგან თავის დასაცავად დიდი გალავნები,თითოეული სახლის ირგვლივ ციხე სიმაგრეები, ბლინდაჟები და ტანკსაწინააღმდეგო ტრანშეებიც კი დაგვჭირდეს.
    კარგად მახსოვს ის დრო, 10 საათზე როგორ კვდებოდა ქალაქი,ღამით არცერთი მანქანა ქუჩაში არ იდგა, მკვლელობები და ძარცვა- ყაჩაღობა ყოველდღიურ აუცილებლობად იყო ქცეული. იქნებ ვინმე შემედაოს კიდეც ყოველივე ეს დღესაც, არ ამბობენ, მაგრამ უფრო მეტად ხდებაო, მაგრამ რეალობა სულ სხვაა.
    ამჟამად უსაფრთხოების თვალსაზრისით მრავალნაირი, ულტრათანამედროვე დაცვითი სისტემები არსებობს.
    ამიტომ იბადება კითხვა, რატომ არ იყენებენ მას ჩვენი მოქალაქეები, თუ ქალაქში მაღალგალავნიანი სახლების მშენებლობა ურჩევნიათ? მაგრამ, ჩვენი მენტალობიდან გამომდინარე, ქართველები მაინც მაღალ გალავნებს ავაგებთ”. თუმცა ესეც ცხადია, ამას ყველა არ აკეთებს, მხოლოდ გარკვეული ნაწილი საზოგადოებისა და იქნებ გავარკვიოთ რომელი კატეგორია აკეთებს ამას?
    მოდი, დავფიქრდეთ ავაგებდით ჩვენ ასეთ დიდგალავნიან სახლებს. მე პირადად არავითარი სურვილი არ მაქვს ასეთ “ციხე- სიმაგრეში” ვიცხოვრო. თქვენ გაქვთ კი ამის სურვილი????

    იქნებ არც მენტალობაა შუაში, არც უსაფრთხოება და სულ სხვა სენით დაავადებული. ეს არის მედიდურობისა და სხვაზე აღმატებულობის გამოვლინება ქვეცნობიერში, ასეთი სოციალური დაკვეთა ხომ მხოლოდ ” ახლადგამდიდრებული” მოქალაქეების დაკვეთით ხორციედება……………..

  • ლია says:

    ghobe ver daicavs adamians,mxolod ghmerti.misi wyaloba ar mogvaklos yvelas.

  • nargizi says:

    es marto qartuli mentalitetobis brali ar aris.aseti galavnebi kvelgan aris saberdznetshi,kerdzod atenis mdidrul ubnebshi sadac aseti vilebia ashenebuli.miuxedavad imisa rom saxlebi iqac daculia satvaltvalo kamerebit da signalit.es me mgoni mdidrebis seni da kaprizia.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი