მთავარი » ფოტორეპორტაჟი

ახალი მღვიმე ჭიათურაში – “თ.ს.უ. 95”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.02.2013 ერთი კომენტარი | 4,613 ნახვა

თ.ს.უ. 95

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის ტერიტორიაზე, მდინარე ყვირილას ხეობის მარცხენა მხარეს ახალი მღვიმე აღმოაჩინეს. ექსპედიცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტისა და თ.ს.უ.-ს ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის ერთობლივი ძალებით ჩატარდა. ახლადაღმოჩენილ მღვიმეს ექსპედიციის წევრებმა უნივერსიტეტის იუბილესთან დაკავშირებით “თ.ს.უ. 95” უწოდეს. “ამბიონი” ექსპედიციის ხელმძღვანელს, გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორს, ასისტენტ პროფესორ გიორგი დვალაშვილს ესაუბრა:

“ახლადაღმოჩენილი მღვიმის შესასვლელი, რომელიც მდინარე ყვირილას ხეობის დონიდან 125 მეტრ სიმაღლეზე იხსნება, შესაძლოა თავისი რთული სისტემით მდინარე ყვირილას დონეს უკავშირდებოდეს. ამ დროისათვის მღვიმის ბოლო მონაკვეთი გაუვალია და მომავალში თუ მოხდა ამ ტერიტორიის გავლა, შეიძლება ძალიან საინტერესო მღვიმოვანი დაფიქსირდეს.

ამ მღვიმეში ადრეც რამდენჯერმე მომიწია ჩასვლა, მაგრამ ჯგუფის ნაწილი მხოლოდ პირველ სართულზე ჩადიოდა, ამიტომ მთლიანად ეს ტიროტორია შეუსწავლელი იყო, მას სახელიც არ ჰქონდა, განსხვავებით საქართველოში არსებული 1 400 მღვიმისგან, რომელთაც სახელები ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა და მეცნიერებმა შეურჩიეს. რადგან წელს უნივერსიტეტის დაარსებიდან 95 წელი სრულდება, გადავწყვიტეთ მღვიმისთვის “თ.ს.უ. 95” დაგვერქმია და მეცნიერულად შეგვესწავლა. თ.ს.უ. 95 კვლევის პირველი ეტაპი დაწყებულია და ვფიქრობთ, ეს მღვიმე საინტერესო იქნება არქეოლოგიური, გეოლოგიური, გეოგრაფიული თუ ბიოლოგიური თვალსაზრისით.

მართალია, ამ მღვიმეში ადგილობრივები მოძრაობდნენ და ათეული, ათასობით წლის წინათაც ცხოვრობდა აქ ხალხი, მაგრამ აღმოჩენის დროდ ითვლება ის წელი, როცა მღვიმეს სახელი მიენიჭება და მისი შესწავლა-შეფასება მეცნიერულად ხდება.”

რამდენად შეუწყობს ხელს მღვიმის აღმოჩენა ამ მხარეში ტურიზმის განვითარებას?

აქ შეიძლება მასობრივი ტურიზმი ვერ განვითარდეს, მაგრამ შემეცნებითი ანუ სამეცნიერო ტურიზმის განვითარების დიდი პერსპექტივაა. შესასვლელიდან 20 მეტრის მოშორებით მდებარე დარბაზი, რომელიც 10 მ-ის სიმაღლის ფარგლებში მერყეობს, საკმაოდ დიდია. ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ მღვიმეში ჯგუფი შევიყვანოთ და სამეცნიერო-ტურისტული მიმართულება განვავითაროთ. მღვიმე რამდენიმე სართულიანია, შესასვლელში შესვლა ადვილია და არც რაიმე საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის გადაადგილება, მაგრამ სიღრმეში მოძრაობა არარეკომენდებულია.

მღვიმე “თ.ს.უ. 95” საქართველოში არსებული სხვა საინტერესო და ლამაზი მღვიმეებისგან იმითაცაა გამორჩეული, რომ მასში მდინარე ყვირილას ხეობაში არსებული საჩხერე-ჭიათურის საავტომობილო გზატკეცილიდან საჰაერო -საბაგირო გზით შესაძლებელია ასვლა- ჩასვლა.

თეონა ნოზაძე
ფოტო – გიორგი დვალაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი