მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

ახალი არჩევითი საგნის “ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების” სწავლების შესახებ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.10.2015 2 კომენტარი | 2,894 ნახვა

რას წარმოადგენს საგანი „ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნება“ და რა მიზნები აქვს მის შემოტანას? უშლის თუ არა ხელს ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების საგანი მათემატიკას და განიხილება თუ არა ის მათემატიკის ალტერნატივად? ტვინი ალოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების საგანი რა კავშირში იქნება ლოგიკასთან? “ამბიონს” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნ.მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი დავით ზარნაძე ესაუბრა:

“2015 წლის 15 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდში წარდგენილი იქნა ფონდის სამეცნიერო გრანტების 2014 წლის კონკურსის გამარჯვებული პროექტის ”ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების” სტანდარტის დადგენა არჩევით საგნად X.XI.XII კლასებში და სწავლა/სწავლების მეთოდოლოგია ზოგადი განათლების სისტემაში” დოკუმენტები:

1. არჩევითი საგნის ”ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების” სტანდარტი X.XI.XII კლასებში და სწავლა/სწავლების მეთოდოლოგია ზოგადი განათლების სისტემაში, 2. ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების სწავლების სილაბუსი, 3. რეკომენდაციები განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის მათემატიკის საგნობრივ პროგრამაში ცვლილებების შესატანად.

2015 წლის 12 აგვისტოს სამინისტროს მათემატიკის პროგრამების განყოფილებაში შედგა წარდგენილი დოკუმენტების განხილვა. მონაწილეობდნენ: განათლების სამინისტროს მათემატიკის პროგრამების ექსპერტი ეკა კორძაძე, ლოგიკოსი მ.ჯიბლაძე, ფიზიკა მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორი თ. ქადეიშვილი, დ.ზარნაძე და დ. უგულავა.

დოკუმენტების განხილვის დროს თ.ქადეიშვილისა და მ.ჯიბლაძის მიერ დაისვა ზემოთდასმული კითხვები. ამ კითხვებზე ჩემ მიერ გაცემული იქნა შემდეგი პასუხები:

მოსწავლეებისათვის ლოგიკურ-ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების გამომუშავებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების პირობებში. ისინი ხელს უწყობენ მათი გონებრივი შესაძლებლობების განვითარებას, იძლევიან აზრების ზუსტად და ლაკონურად გამოხატვისა და კომუნიკაციის საშუალებას, რთული და პრობლემატური მოვლენების ნაწილებად დაშლით მათი შემადგენელი ელემენტების თვალსაჩინოდ წარმოჩენის, მოვლენების ლოგიკურად ახსნისა და საბოლოო შედეგების განჭვრეტის შესაძლებლობას.

სასკოლო მათემატიკისა და აგრეთვე სხვა საგნების სათანადოდ ათვისება ხელს უწყობს ლოგიკურ-ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების ჩვევების გამომუშავებას. მაგრამ, მათემატიკაში შექმნილი აბსტრაქტული სისტემები და თეორიული მოდელები, რომლებიც გამოიყენება კანონზომიერებების შესასწავლად, სიტუაციის გასაანალიზებლად და პრობლემების გადასაჭრელად, მრავალ შემთხვევაში მიუწვდომელია მოსწავლეთა საკმაოდ დიდი ნაწილისათვის. ამიტომ აუცილებელი ხდება ლოგიკურ-ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების სწავლება მარტივი და მიზანმიმართული არამათემატიკური სავარჯიშოების საშუალებით. უნდა ვაღიაროთ, რომ არსებობს ნიჭიერ მოსწავლეთა და სტუდენტთა დიდი რაოდენობა, რომელთათვისაც მიუწვდომელია ღრმა აბსტრაქტული და სიმბოლური აზროვნება, ხოლო მათემატიკური აზროვნება მათთვის უბრალოდ შეუძლებელია. სწორედ ასეთი კონტიგენტისთვისაც იქნება შესაძლებელი ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების სრულყოფილი სწავლება. ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების სწავლის შემთხვევაში, ერთის მხრივ, მოსწავლეებს ცხოვრებისეული სავარჯიშოების საშუალებით უმუშავდებათ აზროვნების ჩვევები და, მეორეს მხრივ, ეჩვევიან ლოგიკურად გამართული მსჯელობების ჩამოყალიბებას და დასკვნების გამოტანას (რეფლექსურ აზროვნებას). გარდა ამისა, ძირითადი აქცენტის გადატანა პრაქტიკული ხასიათის საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრაზე აძლიერებს მოსწავლეთა მოტივაციას, ხელს უწყობს ტრანსფერის/გადატანის უნარის გამომუშავებას და აღძრავს მათემატიკისადმი მათ ინტერესსაც. სხვა სიტყვებით, ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების სწავლა იქნება გარკვეული საფეხური (სააზროვნო/კოგნიტური უნარების IV-V დონე ბლუმის ტაქსონომიაში) მოაზროვნე ადამიანის ჩამოყალიბებისათვის და ის ხელმისაწვდომი იქნება მოსწავლეების აბსოლუტური უმრავლესობისათვის.

ყოვლად გამორიცხულია, რომ ”ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების” საგანი განიხილებოდეს მათემატიკის ალტერნატივად, რადგან მათემატიკა საუკუნეების განმავლობაში აღიარებულია აზროვნების სწავლების ძირითად და შეუცვლელ ინსტრუმენტად. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების სწავლა იქნება მხოლოდ მაღალი დონის აზროვნების გარკვეული საფეხური, რომელიც ხელმისაწვდომია მოსწავლეთა აბსოლუტური უმრავლესობისათვის, რომელიც გააძლიერებს მოსწავლეთა მოტივაციას ღრმა აზროვნების შესწავლისათვის და ეს აღძრავს მათემატიკისადმი მათ ინტერესსაც.

უმაღლეს სასწავლებლებში ამჟამად არსებული ლოგიკის სწავლების მშრალი მეთოდიკა ითვალისწინებს ლოგიკის წესებისა და კანონების სწავლებას მხოლოდ მარტივი საილუსტრაციო სავარჯიშოებით, რომლებიც მოსწავლე ახალგაზრდებში ვერ აღძრავენ მათ მიმართ ინტერესს. ახალგაზრდებს სჭირდებათ სისტემატური ვარჯიში მარტივი და მიზანმიმართული მრავალრიცხოვანი სავარჯიშოებით, რომლებსაც ისინი ხალისით გააკეთებენ და ამავე დროს არსებითად შეიგრძნობენ როგორ უვითარდებათ აზროვნება. ისინი მიეჩვევიან მრავალსაფეხურიანი მსჯელობების ჩატარებას, დედუქციური და ინდუქციური მეთოდების სხვადასხვა სახეებით დასკვნების გამოტანას, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების აღქმას, რაციონალურ წინასწარხედვას.

მათემატიკის სწავლება ლოგიკის საკითხებით აღჭურვილი სახელმძღვანელოებით ეს აუცილებელი და ხანგრძლივი პროცესია, რომლის ნორმალურად განხორციელებას ათწლეულები და დიდი პროფესიული ძალისხმევა დასჭირდება. ჩვენს ახალგაზრდებს უკვე დღეს აუცილებლად სჭირდებათ ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების სწავლება, რაზეც მუდმივად გვიქადაგებს პატრიარქი ილია II: „თუ ერი ანალიტიკურ აზროვნებას არ ისწავლის, ის დაიღუპება“ და ამიტომ შეუძლებელია „ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების“ საგნის სწავლების გადაწყვეტის ხანგძლივი დროით გადადება. პატრიარქი აღნიშნავს: „თუ ადამიანი ამას (ანალიტიკურ აზროვნებას) ისწავლის, მას გაუადვილდება ცხოვრება, თავიდან აიცილებს მრავალ განსაცდელს“. არ დაგვავიწყდეს, რომ თითოეული გადადებული წელი დიდი დანაკლისია იმ თაობისათვის, რომელსაც არ მოუხდა „ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების“ სწავლა.

„ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების“ საგნის დამხმარე (თვითმასწავლებელი) სახელმძღვანელოს დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბრისათვის არის ნავარაუდევი – დაწერილია 400 გვერდზე მეტი). ის შექმნილია დ.ზარნაძის წიგნის „ზოგადი უნარების ლოგიკის თვითმასწავლებლის“ საფუძველზე, სრულად პასუხობს წარმოდგენილ სტანდარტს და საგნის სილაბუსს. უახლოეს მომავალში კი საგნის სტანდარტის შემქმნელ ცნობილ ანალიტიკოს მეცნიერთა დ.უგულავასა და მ.კუბლაშვილის მონაწილეობით მის ბაზაზე შეიქმნება სახელმძღვანელო, რომელიც ასევე სრულად უპასუხებს სამინისტროს მიერ დადგენილ საგნის სწავლების ყველა მოთხოვნას…

დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია ლოგიკის საჭირო ცნებები და განმარტებები მოსწავლეებისათვის ხელმისაწვდომი ფორმით და ის არ არის გადატვირთული ლოგიკური ტერმინებით (ძირითადად ის ემთხვევა სკოლის მათემატიკის სახლმძღვანელოში გამოყენებულ ლოგიკურ ტერმინებს). ტერმინებისა და თეორიული მითითებების გადმოსაცემად დავეყრდენით ძირითადად საერთაშორისო ენციკლოპედიას (Wikipedia) და ამიტომ ყოველ ქართულ ტერმინს თან ახლავს მისი ინგლისური თარგმანი, რომლის ტერმინთან ერთად Google-ში აკრეფით მოვხვდებით ტერმინის ვებ-გვერდზე ენციკლოპედიაში, საიდანაც მიიღება ამომწურავი და თანამედროვე ინფორმაცია ტერმინის შესახებ. სახელმძღვანელოში შესული სავარჯიშოები გადმოცემულია ძირითადად ტესტების სახით. მოცემულია 1000-ზე მეტი ტესტის ანალიზი, რომელშიც არა მარტო პასუხებია ნაპოვნი, არამედ ჩატარებულია წარმოდგენილი ტესტების ანალიზი, რაც დღეს არის ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების შესწავლის ყველაზე მიღებული მეთოდი მსოფლიოში. აღნიშნული საკითხების გარჩევით მოსწავლეებისათვის უკვე ხელმისაწვდომი გახდება მსოფლიოში პოპულარული (LSAT – Logical School Admision Tests, LCAT – Logical Colege Admision Tests, Lumosity/Logical Games, NeuroNation) ტესტებითა და გონების წრთობის პროგრამებით ვარჯიში, რომელიც გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში და სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მსურველების მისაღებად.

ზემოთნახსენები წიგნის „ზოგადი უნარების ლოგიკის თვითმასწავლებლის“ შესავალში მე ვწერდი: “ყოვლად შეუძლებელია, რომ ტესტების ამოხსნის უნარები თავისთავად ჩამოგვიყალიბდეს იმ დონით, როგორითაც ეს მოეთხოვებათ ტესტირების პროცესში, მით უმეტეს, რომ საგამოცდო ტესტები ყოველწლიურად უფრო ძნელი და მრავალფეროვანი ხდება. წარმოდგენილი დამხმარე სახელმძღვანელოს მიზანია განვამტკიცოთ უნარები ცოდნით და მოვამზადოთ ტესტირებისათვის უფროსკლასელები, აბიტურიენტები და მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველები“. ეს მსჯელობა სრულ შესაბამისობაშია შემდეგ აზრთან, რომელიც სტუდენტების შესახებ არის გამოთქმული წიგნში Analytic Thinking By Linda Elder and Richard Paul: “შეუძლებელია იაზროვნო ანალიზურად უმიზნოდ, ან შეუძლებელია იაზროვნო ანალიზურად გონებაში კითხვების გარეშე. ეს უნდა იყოს თავისთავად ცხადი. სამწუხაროდ, ის არ არის ცხადი სტუდენტთა უმრავლესობისათვის. მათ, ვისაც უნდა განივითაროს ანალიტიკური აზროვნება სჭირდებათ სახელმძღვანელო, ინსტრუქციები და პრაქტიკა თავიანთ აზროვნებაზე დაკვირვებისათვის, ყველა დისციპლინისათვის გამოყენებადი ინტელექტუალური პარამეტრების გამოყენებით. მათ ესაჭიროებათ სწავლა კითხვების მიზნებისათვის, პრობლემების განმარტებებისათვის, ინფორმაციისათვის, ცნებებისათვის და ა.შ.“

მსგავსი შინაარსით და სხვადასხვა სახელწოდებებით საგანი ნახსენებია მრავალი ქვეყნის (გერმანიის, ამერიკის, ინდოეთის და სხვა) სასწავლო პროგრამებში. მსგავსი სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის არის: Analytic Thinking By Dr. Linda Elder and Dr. Richard Paul, The Elements of Thinking and The Standards They Must Meet. 2014 წელს დაიბეჭდა პროფესორების ი.ბრაჭულის, ა.ზაქარიაძის და ვ.რამიშვილის წიგნი “ანალიტიკური აზროვნების შესავალი” სტუდენტები¬სათვის. ჩვენს მიერ შემოთავაზებული საგანი კი გამიზნულია მოსწავლე ახალგაზრდებისათვის აზროვნების ჩვევების გამოსამუშავებად და ცხოვრებაში აზროვნების გამოსაყენებლად.

ლოგიკურ და ანალიტიკურ მსჯელობებზე და აზროვნებაზე ტესტებით გაჯერებულია ინტერნეტი. მაგალითად, ტესტების სამტომეული – D. Killoran, Logical Games Bible და მრავალი სხვა. უნდა აღნიშნოს, რომ სწორედ „ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების“ საგნის შესწავლა გახდის ასეთ აზროვნებას ხელმისაწვდომს ჩვენი ახალგაზრდებისათვის. ის არის აუცილებელი სტანდარტი მთელ რიგ (იურიდიულ, სამედიცინო და სხვა) უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად, რაც ეროვნული გამოცდების ტესტებითაც არის ნაგულისხმები.
წინასწარი მონაცემებით მასწავლებლების მომზადებისათვის ადგილის გამოყოფაზე მზადყოფნაა გამოთქმული საპატრიარქოს ფონდის პრეზიდენტის ბატონ ლ. ჟვანიას მიერ. ასევე, – ამაღლების ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ ა. ამირანაშვილის მიერ. მათი მომზადება შესაძლებელია საბანკო-იურიდიული ლიცეუმის სათანადო ტექნიკით აღჭურვილ კომპიუტერული ტექნოლოგიების კაბინეტში, ხოლო მასწავლებლების მომზადებას განახორციელებენ გრანტში მონაწილე მეცნიერები, პროფესორები დ.ზარნაძე, დ.უგულავა, მ.კუბლაშვილი. მივმართავ საპატრიარქოსა და სხვა სკოლებისა და სასწავლებლების ხელმძღვანელობებს მოავლინონ თავიანთი თანამშრომლები „ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების“ საგნის მასწავლებლების მოსამზადებლად.
საუბრის დასასრულს ქალბატონმა ე. კორძაძემ გაგვაცნო სამინისტროს პოზიცა: „განათლების სამინისტროს მიერ ნებადართულია სტანდარტსზევით ნებისმიერი საგნის სწავლება (ცხადია, თუ საგნის სწავლების მიზნები შესაბამისობაშია ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან) სათანადო სილაბუსისა და საგანმანათლებლო რესურსის არსებობის შემთხვევაში სკოლის ადმინისტრაციასთან, სამეურვეო და პედაგოგიურ საბჭოებთან შეთანხმებით. ამდენად, სკოლის დირექცია უფლებამოსილია შესთავაზოს მოსწავლეებს „ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების“ საგანი, როგორც დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება.

რაც შეეხება „ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების“ საგნის დამატებას სავალდებულო არჩევით საგანთა ნუსხაში, ეს საკითხი უნდა იქნას განხილული ზოგადი განათლების ორგანიზების ერთიან კონტექსტში განათლების სპეციალისტების, ლოგიკოსებისა და მათემატიკოსების ფართო ჩართულობით ეროვნული სასწავლო გეგმის შემდგომი რევიზიის ფარგლებში“.

უფრო ვრცლად საკითხის შესახებ იხილეთ -> www.bjlyceum.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • საბანკო-იურიდიულ ლიცეუმში (www.bjlyceum.ge) ფუნქციონირებს აბიტურიენტთა მომზადებისა და ანალიტიკური აზროვნების სწავლების ცენტრი (ამაასცი), რომელშიც მრავალი სასწავლო პრორამაა წარმოდგენილი აბიტურიენტების, სტუდენტების, მაგისტრატურაში ჩამბარებელთა და მასწავლებლები¬ს მოსამზადებლად (http://www.bjlyceum.ge/Analytical_Thinking/Proeqtebi.html. ანალიტიკური აზროვნების სწავლება პრიორიტეტულია ლიცეუმის მოსწავლეებისათვისაც, რომელიც ჩვენს ლიცეუმში 2014 წლიდან ხორციელდება როგორც დამატებითი სტანდარტსზევით საგანმანათლებლო პროგრამა პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების ფარგლებში. ის სრულად შეესაბამება განათლების სამინისტროს ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების გამოცდის ლოგიკის საკითხებზე სწავლების მოთხოვნებს.

  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ლიცეუმის ანალიტიკოს პროფესორთა მონაწილეობით და საქართველოს პატრიარქის ფონდის დაფინანსებით შეიქმნა ახალი საგნის „ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების სტანდარტი X, XI და XII კლასების მოსწავლეებისათვის და სწავლა/სწავლების მეთოდოლოგია ზოგადი განათლების სისტემაში“. მოხდა ამ საგნის სწავლების დოკუმენტების განხილვა განათ¬ლე¬¬ბის სამინისტროში (http://www.bjlyceum.ge/Analytical_Thinking/Proeqtebi.html). გაცხადდა შესაძ¬ლებ¬¬ლობა, რომ ნებისმიერ სკოლას შეუძლია შემოიღოს მისი სწავლება და ისარგებლოს სტანდარტითა და სილაბუსით, რომელიც წარმოდგენილია აღნიშნულ ვებ-გვერდზე. შექმნილია აგრეთვე თვითმასწავლებელი, რომელიც უზრუნველყოფს ამ საგნის სწავლებას. მასწავლებლების გადამზადებაც მოხდება მითითებულ მისამართზე. იმედი გვაქვს, რომ საპატრიარქოს სკოლებიც გამოეხმაურებიან ანალიტიკური აზროვნების სწავლებას.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი