მთავარი » ქრისტიანობა

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.10.2016 | 2,266 ნახვა

საფარა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს, რომელიც სოფელ მოხეში მდებარე სადავო შენობას ეხება. განცხადება პრესკონფერენციაზე მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ წაიკითხა.

“პირველ რიგში მინდა, მოგილოცოთ საქართველოს დედა ეკლესიის დღესასწაული – სვეტიცხოვლობა. ხსენება საუფლო კვართისა და ღვთივბრწყინვალე მირონმდინარე სვეტისა. სამწუხაროა, რომ დღევანდელ დღეს მძიმე საკითხზე გვიწევს საუბარი, მაგრამ რაც ხდება სოფელ მოხეში მდებარე სადავო შენობაში, სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს.

როგორც იცით, ამ სადავო შენობასთან დაკავშირებით შექმნილია კომისია, რომელიც ორი წელია მუშაობს და მისი მუშაობის შედეგია, რომ სოფელში არის სიმშვიდე და მოსახლეობაში აღდგა ნორმალური ურთიერთობა. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ ჩვენი მუსლიმი თანამემამულეების გარკვეული მცირე ჯგუფი, ყოველგვარი ნებართვის გარეშე შევიდა სადავო შენობაში და ჩაატარა ლოცვა. ამ ფაქტმა ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ქრისტიან მოსახლეობაში.

ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ დაგვემშვიდებინა ჩვენი მრევლი, რომ არ მომხდარიყო რაიმე ინციდენტი. საქმის კურსში ჩავაყენეთ ხელისუფლება მომხდარი ინციდენტის გამო. ვესაუბრეთ ჯავახეთის მუფტს და ვთხოვეთ, სიტუაციაში გარკვევა და აღკვეთა იმ თვითნებური ქმედებებისა, რომელმაც შეიძლება კვლავ დაძაბოს სიტუაცია. თუმცა, ფაქტი კვლავ განმეორდა.

გუშინ ჩამობრძანდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ბატონი ზაზა ვაშაყმაძე და საქართველოს მუფტის მოადგილე ბატონი ადამი. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ადიგენის გამგეობაში, რომელსაც ესწრებოდა არსებული კომისიის წევრების დიდი ნაწილი; სახელმწიფოს მხრიდან – რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ბატონი ზაზა ვაშაყმაძე და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი. მუსულმანების მხრიდან საქართველოს მუფტის მოადგილე, სამუფტო სამმართველოს წარმომადგენლები და ჯავახეთის მუფტი. მართლმადიდებელთა მხრიდან ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ზარზმის მონასტრის და მოხის სამრევლოს წინამძღვარი არქიმანდრიტი ნიკოლოზი.

მუსულმანურმა მხარემ აღნიშნა, რომ აღნიშნული ქმედებები მათთან არ იყო შეთანხმებული და ეს ადამიანები თვითნებურად შევიდნენ სადავო შენობაში.

გამგეობაში შეხვედრის შემდეგ რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელი, საქართველოს მუფტის მოადგილე, სამუფტო სამმართველოს წარმომადგენლები და ჯავახეთის მუფტი წავიდნენ მოხეში, სადაც შეხვდნენ მუსლიმი მოსახლეობის წარმომადგენლებს, რათა დაერწმუნებინათ ისინი, შეეწყვიტათ თვითნებური ქმედებები სადავო შენობაში და კომისიას მიეცეს საშუალება, გააგრძელოს მუშაობა, რომ არ მოხდეს დაპირისპირება სოფელში.

ამის შემდეგ რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელი და ჩვენ, ზარზმის მონასტერში შევხვდით მოხის მართლმადიდებელ მოსახლეობას. ისინი აღშფოთებულნი არიან მომხდართან დაკავშირებით და შევეცადეთ მათ დამშვიდებას.

მიუხედავად ჩვენი ზემოთ აღნიშნული ყოველგვარი მცედლობისა სიტუაცის სტაბილიზაციისთვის, სოფ. მოხიდან ჩამოსული მართლმადიდებელი მოსახლეობის წარმომადგენლებმა გვაცნობეს, რომ დღეს ჭელიდან ამოსულმა ჯამბულ აბულაძემ და მასთან ერთად რამდენიმე ადამიანმა კვლავ ჩაატარეს ლოცვა სადავო შენობაში.

მივმართავთ სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, რომ დაიცვან სოფელ მოხესა და მიმდებარე სოფლებში მართლმადიდებელი მოსახლეობის უფლებები, რომლებიც უმცირესობას წარმოადგენენ და გამოიძიონ ვინ გეგმავს ამ პროვოკაციას და ცდილობს გამოიწვიოს დაპირისპირება ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის.

მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, ამ საარჩევნო პერიოდში ნუ შეეცდებიან ადამიანთა რელიგიური გრძნობები გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური ინტერესებისთვის.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი მუსლიმი თანამემამულეები გამოიჩენენ კეთილგონიერებას, არ აჰყვებიან პროვოკაციებს და შეწყვეტენ სადავო შენობაში თვითნებურ მოქმედებებს.

ასევე, მოვუწოდებ მართლმადიდებელ მრევლს, შეინარჩუნონ სიმშვიდე. დაბოლოს, მივმართავთ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთონ, რათა თავიდან იყოს აცილებული ყოველგვარი ძალადობა და დაპირისპირება”,-ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში.

განცხადების ტექსტს “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი