მთავარი » კულტურა

ახალბედა პოეტის გაბედული ფიქრები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.05.2010 7 კომენტარი | 5,134 ნახვა

საბა დვალი
ვწერ ზოგჯერ, მაგრამ არ ვარ პოეტი,
არ ვარ მე “ვინმე მესხი მელექსე”,
არ ვარ პოეტი, არც მინდა მეტი,
გრძნობით დავწერე მე ზოგი ლექსი”.

ასე წერს 18 წლის საბა დვალი საკუთარი თავის შესახებ, რომელმაც 15-16 წლის ასაკში ლექსების წერა დაიწყო. ვინც მის შემოქმედებას გაეცნობა, დამეთანხმებით, ცოტა იქნება თუ მას მხოლოდ მოყვარულს ვუწოდებთ. როგორც თვითონ მიიჩნევს, პოეტი ადამიანმა შენს თავს არ უნდა უწოდო, რადგან ხალხი თავად ჩათვლის რას იმსახურებ. ის, არც იმისთვის წერს, რომ პოეტი ერქვას, გრძნობს ძალას, რომელიც აიძულებს დაწეროს.

საბას ამ ხნის განმავლობაში 70-მდე ლექსი აქვს დაწერილი, თუმცა ჯერ ნაადრევად მიიჩნევს, ლიტერატურულ საღამოებში მონაწილეობასა და კრებულის გამოშვებას. ფიქრობს, თუ მისი ლექსები, ხალხის სიყვარულს იმსახურებს ეს დროთა განმავლობაში თავისთავად მოხდება. განსაკუთრებულად უყვარს გალაკტიონის შემოქმედება, ისევე როგორც თითოეული ქართველი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს “ვეფხისტყაოსანს”, თანამედროვე პოეტებიდან კი ნიკო გომელაურს კითხულობს, მისი აზრით გომელაურის ლექსებში დღევანდელობა სადა სიტყვებით ისეა გადმოცემული, რომ სინამდვილე ყველასათვის ადვილი გასაგებია.

“დღესაც, ისევე როგორც ადრე, ეკლესია დიდ დადებით როლს ასრულებს ჩემს ცხოვრებაში. ნიჭი, რაც გამაჩნია ღვთისაგანაა ბოძებული. მართალია, ეკლესიაში მოსვლამდეც ვწერდი მაგრამ ახლა ბევრ რამეზე დავფიქრდი. ეშმაკი ყველას ებრძვის და წერის დროსაც მომსვლია აზრი, რომელიც არ ჯდება იმ ქრისტიანობასა და ჭეშმარიტებაში, რაც გაგვაჩნია. ცხადია, ასეთი რამ არ უნდა დაწერო და მას ყოველთვის ვებრძვი. მართალია, თუ დაწერ შეიძლება ასეთმა ლექსმა პოპულარობა მოიპოვოს, მაგრამ ამის გამო არ უნდა დაანგრიო შენი რწმენა და თავმოყვარეობა”. – აღნიშნა “ამბიონთან” საუბრისას საბა დვალმა, რომელსაც მისი შემოქმედების შესახებ გავესაუბრეთ.

საბა დვალი: “პირველად ლექსი სიყვარულზე დავწერე, რომელიც ასე იწყება “მე შემიყვარდა ერთი გოგონა”. ჩემს ცხოვრებაში რეალურად იყო ადამიანი, რომელსაც იმ დროისათვის სერიოზული თვალით ვუყურებდი და ვფიქრობდი, მიყვარდა. დღევანდელი გადასახედიდან ეს მხოლოდ გატაცება იყო. ის გრძნობა რომ არ ყოფილიყო შეიძლება ლექსების წერა არც დამეწყო. შესაბამისად, თავდაპირველად სიყვარულზე ვწერდი. მოგვიანებით ის საკითხები გახდა ჩემთვის აქტუალური, რასაც დღევანდენ ცხოვრებაში ვაწყდებით. პირველი ლექსი მეგობარს ვაჩვენე და მომიწონა. ოჯახმა იცის, რომ ვწერ, მაგრამ მათ მხოლოდ 1-2 ლექსი აქვს წაკითხული.

მოგვიანებით დამწყები პოეტებისთვის შექმნილ საიტზე, დავიწყე ლექსების გამოქვეყნება, კომენტარებიდან კი ჩანდა, რომ მკითხველს მოსწონდა ჩვენი ლექსები. დადებითი რეაქციების გამო წერაც გავაგრძელე. ამასთან, დამწყებ პოეტებს შორის კეთილი კონკურენციის მომენტიც არსებობდა და ერთამენთის კარგით ვსწავლობდით უკეთ წერას. ფორუმზე http://forum.archangels.ge თემაში, “ჩვენი შემოქმედება” ჩემი ლექსებიც განთავსდა და მოძღვრის, მამა დავითის (დათუაშვილი) კურთხევის შემდეგ გადავწყვიტე, უფრო სერიოზულად მივყოლოდი ამ საქმეს”.

ერთ-ერთ ლექსში ამბობ, “მე ისევ დავწერ, თუნდაც დამცინონ…” რეალურად გიგრძვნია თუ არა დაცინვა შენი შემოქმედების გამო?

დაცინვა, საერთოდ ყველა საქმეს თან დევს, ეს ქართველებისთვისაა დამახასიათებელი და მარტო ჩემზე არ იგულისხმება. ასეთ საქციელს არასდროს დავუბრკოლებივარ. თუ ვინმე შეცდომაზე მიმითითებს, ან დამიწუნებს ვთქვათ, ლექსს, პირიქით, ვცდილობ უკეთესი შევძლო რომ სხვასაც მოვაწონო. საერთოდ, ვწერ იმას რასაც ვგრძნობ და რამდენიმე ხნის შემდეგ როცა მათ ვკითხულობ, ჩემი ლექსები განტვირთვას მაძლევს და უფრო მახალისებს. ვწერდი ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, რა ხდება ჩემ გარშემო. არის პერიოდი რომ 1 თვეში ძალიან ბევრ ლექსს დავწერ, ზოგჯერ კი ვერაფერს ვწერ. 70-მდე ლექსი დავწერე, რასაც ლექსად მივიჩნევ. არის რამდენიმე ლექსი, რომელიც ჩემთან განსაკუთრებით ახლოსაა. ესენია: “დახატე”, “მონატრება”, “მოგენატრება მაისი”, “ბავშვობა”, “შედევრი”.

ლექსში “ბავშვობა” დანანებით იხსენებ ამ დროს, როგორი ბავშვობა გქონდა და რამდენად გამოირჩეოდი თანატოლებისგან?

ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა, არც სათამაშოებით ვყოფილვარ გათამამებული. მაგრამ არ მაკლდა მშობლების და ოჯახის სიყვარული, კარგ მეგობრებთან ურთიერთობა. ეს პერიოდი ყველაზე კარგად მახსენდება. მართალია, ბავშვობაშიც მქონდა პრობლემები, მაგრამ მასთან დამოუკიდებლად გამკლავების არასდროს შემშინებია. ცხოვრებაში უფრო ჰუმანიტარული კუთხით ვიყავი. სკოლაში მონაწილეობას ვიღებდი პროექტში, რომელიც ეხებოდა 200-ე მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, ასევე ვწერდი სკეჩებს.

სკოლის დამთავრების შემდეგ კი ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემებზე ჩავაბარე. მსურს, კარგად ვისწავლო პროგრამები და პროფესიას საფუძვლიანად დავეუფლო.

რაზე წერთ უმთავრესად თქვენს ლექსებში?

ვწერ ჩემი თვალით დანახულ დღევანდელობაზე. იშვიათად ვწერ კარგზე. ცუდს, პოეზიით ვაპროტესტებ. 16 წლის ვიყავი, როცა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე, 15 აგვისტოს ერთ გოგონასთან ერთად ლექსი დავწერე, ომში დაღუპულ გმირთა სახსოვრად და იმ დედების გასამხნევებლად, ვინც ამ ბრძოლაში შვილი დაკარგა. იმ დროს ყველა უიმედოდ იყო, ჩვენ კი გვსურდა საპირისპიროდ ყოფილიყვნენ ქართველები და სიტყვებით “თქვენს წინააღმდეგ ქართველი აღსდგა!!!” ვცდილობდით მათ გამხნევებას და კიდევ ერთხელ ვახსენებდით ადამიანებს, რომ ღმერთი ჩვენს მხარეს იყო.

ჩემი ასაკის ადამიანებში მნიშვნელოვნად დგას ნარკომანიის პრობლემა. არავის უნდა იყოს ნარკომანი, მაგრამ იმდენად ბევრ ფილმებს აჩვენებენ, სადაც დეტალურადაა აღწერილი მისი მოხმარებისა თუ დანიშნულების წესები, რომ ამგვარი რეკლამის საფუძველზე, ახალგაზრდები იგივე ტაბლეტების საშუალებით იბრუებენ თავს. მართალია, ძლიერი ნარკოტიკები თავისუფლად არ იყიდება, მაგრამ პატარა ნარკოტიკის ყიდვა ურეცეპტოდაცაა შესაძლებელი. სწორედ ამ პრობლემას მივუძღვენი ლექსი “არა ნარკოტიკს”. როცა მისი მიღება მიუწვდომელი იქნება, ადამიანს მისი მიღების სურვილიც ნაკლებად ექნება და სხვა გზით წავა. დღევანდელი ახალგაზრდობის ყველაზე დიდი პრობლემაა ასევე ერთმანეთის ჭკუაზე სიარული, ცუდ საქმეში ერთმანეთის აყოლა და საკუთარი დანაშაულის გამართლება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ დღეს შეცვლილია წიგნის მიმართ დამოკიდებულება და ბევრ მეგობარს ხათრითაც კი წაუკითხავს ჩემი ლექსები. ძალიან ცოტა კითხულობს წიგნს, კითხულობენ მხოლოდ იმას, რაც სჭირდებათ აბიტურიენტობის პერიოდში, ან გაკვეთილის ჩასაბარებლად. ცალკე ლიტერატურას არავინ კითხულობს. განათლების სისტემაში უნდა შემუშავდეს მეთოდი, რომელიც წაახალისებს მოზარდებს და დაუბრუნებს მკითხველს წიგნს..

საქართველოს მიმართ უდიდესი სიყვარული მაქვს, მაგრამ თუ ლექსს “საქართველოა…” წაიკითხავთ ეს ნაკლებად იგრძნობა. აქაც და ლექსში “ტრადიციებს!” ნაჩვენებია ყველა ის უარყოფითი მომენტი, რაც საქართველოში ხდება და გულს მტკენს. “ბავშვია იგი, თუ სამღვდელოა, ყველას ებრძვიან-საქართველოა…” ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, არ შეეფერება საქართველოს. სამწუხაროა, რომ თუ კარგ რამეს აკეთებ უმეტესობა ადამიანებისა, დაგცინის, ან შურს, გამცირებს ან საერთოდ არ მიგიღებს. თუ ასე გაგრძელდა, ქართველები სხვის საწინააღმდეგოდაც ვეღარ შევძლებთ გაბრძოლებას. ამასთან, ხდება იმ ტრადიციების მივიწყება, რაც ჩვენს წინაპრებს ღირებულებად მიაჩნდათ. “და რომ იგივე თქვას მომავალმა, ჯერ კიდევ ბევრი უნდა ვაშენოთ, მაგრამ ისე რომ ძველ ნაგებობებს, ახალი ზედ არ “გადავაშენოთ…” ახალი აუცილებლად უნდა შემოვიდეს, მაგრამ ძველი არ უნდა დაიკარგოს. დღეს კი საპირისპიროდ ხდება, ძველს ყველაფერს ვკარგავთ და მარტო ახალზე ვართ დამოკიდებულნი. ხშირად კი არც ვიცით ეს ახალი კარგია თუ არა. იგივე, ქართული კაცობის, მამაკაცური თვისებები გადაგვარდა და სილაჩრე უფრო თვალშისაცემია. შეიძლება კაცს, საყურეც ეკეთოს, მაგრამ მომავალში ეს რას გამოიწვევს, არ ვიცით. ამიტომ ადამიანმა უმთავრესი ღირებულებები არ უნდა დაკარგოს”.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

7 კომენტარი »

  • საღოლ საბა ძალიან მაგარი ინტერვიუ არის, ხომ იცი შენი კოლეგა და დიდი თაყვანისმცემელი ვარ : ))) ეგრე გააგრძელე და აღიარებას აუცილებლად მოიპოვებ, პოეზიის მეფე ხარ, ოღონდ ჩემს მერე :P

  • არ მინდა ძმა არც მეფობა და არც ვეზირობა, შენი იყოს პოეზიაც და პოეზიის ტახტიც :D აღიარებასაც გაჩუქებ ძმა თუ გულით გინდა, მარა არც შენს მერე ვარ და არც შენს წინ… ;)

  • anuki says:

    გენაცვალეე საბაა.ძაან მაგარი ხარ.ესე გააგრძელე და ნამდვილად დიდ აღიარებას და ხალხის სიყვარულს მოიპოვებ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია…)))

  • ლაზი says:

    განსაკუთრებით სასიამოვნოა ის ფაქტი რომ ახალ თაობაში თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენის მიუხედავად ისევ იბადებიან და ანვითარებენ თავის ნიჭს საბას ნაირი ახალგაზრდები. ლექსი ადამიანის სულიერ შინაარს გამოხატავს, ხოლო საბას ლექსებში საკმაოდ იგრძნობა მისი მხატვრული მხარე და ძალიან დადებითი შინაარსი. მასე გააგრძელე საბა, გისურვებ წარმატებებს! დღევანდელ საქართველოში ძალიან გვჭირდება კარგი პოეტები!

  • თამო says:

    საბა ძალიან კარგი და ნიჭიერი ადამიანი ხარ. წარმატებებს გისურვებ, წინ დიდი გზა გაქვს თუ ასე გააგრძელებ :)

  • გაიხარეთ, დიდი მადლობა ყველას…
    მიხარია, რომ მოგწონთ…

  • მონასტერზე
    მონასტრის მონა გავხდები თან დავუჩოქებ ხატებსა და შენდობას შევთხოვ უფალისას მონასტერი ხომ წმინდაა წმინდანები ხომ შედიან ღმერთია ჩვენი მფარველი ჩვენ დაგვიფარავს ყოველსთვის უფალს დავუნთოთ სანთელი მუდამ
    დალოცვილები იქნებით წმინდა მარიამ დაგვლოცე დალოცვილები ვიქნებით ავტორი:თეკლა გვამბერაძე ეს ლექსი ეძღვნება ყველა მონასტერს და მინდააა რომ გამოაქვეყნოთ აი ძალიან მინდააა წინასწარ მადლობა მე ვწერ ლექსებს საკმაოდ მაქვს დაწერილი ლექსები აი ძალიან ძალიან გთხოვთ

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი