მთავარი » კულტურა

ახალბედა პოეტი უფალს სამშობლოს გამთლიანებას ევედრება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.06.2010 3 კომენტარი | 2,786 ნახვა

ნოდარ ზურაბიანი17 წლის ნოდარ ზურაბიანმა ლექსების წერა 1 წლის წინ დაიწყო. მისი ლექსების პირველი გამზიარებელი დედაა. ცდილობს, ოჯახს, მეგობრებსა და მისი პოეზიის შემფასებელთ იმედები არ გააცრუოს. ფიქრობს, რომ ამ ხნის განმავლობაში შექმნილი ლექსები საკმარისია კრებულის გამოსაშვებად, თუმცა ფართო მკითხველის წინაშე როდის წარსდგება, ჯერ არ იცის.

ნოდარ ზურაბიანს “ამბიონი” მისი შემოქმედების შესახებ გაესაუბრა.

ნოდარ ზურაბიანი: “ერთ საღამოს დედას ვუთხარი, რა ბედნიერი იყო ჩემი ძმა, ლექსების წერა რომ შეეძლო. სწორედ იმ ღამეს ძალა ვიგრძენი, რამაც პირველი ლექსი დამაწერინა. ჩემი ძმისგან განსხვავებით ამ საქმეს სერიოზულად მოვეკიდე და წერაც გავაუმჯობესე. ვერ ვიტყვი, რომ მუზა მომდის, ყოველთვის ვფიქრობ რაღაცაზე და როგორც კი თავში გაიმიელვებს ერთი-ორი სიტყვა, ერთი ფრაზა, უკვე ამ თემაზე ლექსის წერას ვიწყებ. შეიძლება ბუნების, ადამიანის სულიერმა ან ფიზიკურმა სილამაზემ დამაწერინოს. არ მიყვარს ჩემი ლექსებით თავის გამოჩენა, მაგრამ ვინც კითხულობს, ყველას მოსწონს, ეს კი ძალიან მახარებს. მინდა განვვითარდე და ბოლომდე გავყვე ამ საქმეს.

6 წლიდან თიანეთში ვიზრდები. თავდაპირველად მსურდა, ამ კუთხის ენაზე მეწერა, მაგრამ ბოლომდე მაინც არ მაქვს გათავისებული კუთხური ენა. წერის დროს ხშირად მიწევს სიტყვების მოგონება, ან დედას უნდა ვკითხო ესა თუ ის სიტყვა როგორ იქნება კუთხურად. ეს ჩემთვის უფრო ძნელია. ვაჟა-ფშაველა კუთხური ენით კარგად წერდა. ძალიან მიყვარს ვაჟა. ახლა უფრო გალაკტიონისკენ ვიხრები. ხშირად მეუბნებიან პესიმისტურ ლექსებს წერო…

ჩემს შემოქმედებაში ბუნებას დიდი ადგილი უკავია. “იის ფიქრი”, “მთისა ანდერძი”, “იორი გაჯავრებულა”… ამ ლექსებში გადმოვცემ ბუნების გასაჭირს. შეიძლენა აქ ადამიანებს შორის სიყვარული იყოს ნახსენები, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ბუნებასთანაა დაკავშირებული.

თქვენი ლექსების უმრავლესობა პატრიოტულ თემებზეა შექმნილი, ცოტა ნაადრევი ხომ არ არის ეს შენი ასაკისთვის?

მამაჩემი აფხაზეთიდან არის, ლტოლვილი. ლექსში “ლტოლვილთა ბედი” სწორედ ის გასაჭირი მაქვს გადმოცემული, რაც ჩვენმა ოჯახმა გამოიარა, მე კი ეს ყველაფერი დედისგან ვიცი, გადმოცემით.

“ჩემი ძმა ხელით, მე კიდევ მუცლით
მოვყავდით მშობლებს თბილისისაკენ,
წამოსვლის წინა თურმე ჩემს ძმასა
ხელ-ფეხს უბანდა დედა ტალღებში
შვილო ეს მაინც დაიმახსოვრე
ამის მეტს ზღვას შენ ვერ იხილავ…”

ასე იხსენებს დედა, რომელთაც თბილისში ჩამოსულებს თიანეთში, სოფელ ნადოკრაში მოუხდათ წასვლა, მეურნეობის დაწყების შემდეგ კი აღარ უჭირდათ საჭმლის ფული. ლექსში ისიცაა გადმოცემული, თუ როგორ იბრძოდა მამა ომში.

დღეს ქართული ტერიტორიები ისევ დაკარგული გვაქვს. მე კი არ მინდა ომი. უფალს, ლექსში “ჩვენ გვსურს მშვიდობა”, შევთხოვ დაგვიბრუნდეს აფხაზეთი, ოსეთი, რომ აღარ იყოს აგრესია ქართველებსა და აფხაზებს შორის. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ურთიერთგაგება და ერთიანობა განაპირობებს მშვიდობას. ერთობა კი მხოლოდ ღმერთშია. ღმერთია ჩვენი სიკეთე და სიყვარული.

ლექსები ქართლის დედასა და დავით აღმაშენებელზეც დაწერე…

ქართლის დედა ქართველი დედების ხატია. ვეცადე მეჩვენებინა, როგორი უნდა იყოს ქართველი დედა, როგორ უნდა გაზარდოს შვილი და როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს შვილის ომში გაშვებისას. დედამ სამშობლოს დასაცავად ომში წასული შვილი ღმერთს უნდა შეავედროს. ლექსში, ქართლის დედა თავდაპირველად ფიქრობს, რომ თავისი შვილის მკვლელზე შური იძიოს, მაგრამ ბოლოს ის ღმერთს მადლობას წირავს ყველაფრისათვის.

როდესაც რაიმე სასკოლო სახელმძღვანელოს ან ლიტერატურას ვკითხულობ წარმოდგენა მექმნება სხვადასხვა ისტორიული პიროვნებებისა და მოვლენების შესახებ. დავით აღმაშენებელზეც ლექსი ამის მიხედვით დავწერე. ისტორიულ ფაქტებს ჩემს შეხედულებებსაც ვუმატებ. დავით მეფის ღვაწლი კი უდიდესია ქართველი ერის წინაშე. დღეს რაც საქართველოშია შემორჩენილი ეს მისი დამსახურებაა. ლექსში მტერი გველის სახით მყავს წარმოდგენილი. დავით აღმაშენებელი წმინდანი მეფეა.

ერთ-ერთ ლექსში ამბობ, “ღმერთო მაღალო, მე შენ გთხოვ, რომ რწმენა მომცე მაღალი…” თუ ცხოვრობ ეკლესიურად?

ეკლესიაში რატომ არ დავდივარ, არ ვიცი. სოფელში ცალკე სწავლა, ცალკე ფიზიკური შრომა მიწევს. ვერ ვასწრებ ეკლესიაში სიარულს – ცოტა ცუდი ნათქვამია, რადგან ეკლესიას ცალკე ადგილი უნდა ჰქონდეს თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. სოფელ ნადოკრაში არჩილ მეფის მონასტერია. ექვსი პოემიდან ერთ-ერთი პოემა, სწორედ ამ მონასტერს მივუძღვენი. ეკლესია სულიერადაც ძალიან მიზიდავს. მინდა მალე მივიდე მოძღვათან და დავიწყო ეკლესიური ცხოვრება.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი