მთავარი » ეკლესია-მონასტრები

აწყური

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.10.2011 2 კომენტარი | 9,314 ნახვა

სოფელი აწყური ახალციხის რაიონში ბორჯომიდან 30 კილომეტზე მდებარეობს.

აწყურის ტაძარიაწყურის დიდი ციხე უზარმაზარ კლდეზეა აღმართული. აქ მტკვრის ხეობა ფართოდაა გაშლილი. სოფელი მდინარის ორსავ ნაპირზეა. ციხე, რომელიც მარჯვენა მხარეს მდებარეობს, თავს დაჰყურებს მთელ მიდამოს. აქვეა ძველი საეპისკოპოსო ტაძრის ნანგრევებიც.

აწყური საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი იყო. მას ძველად აწყვერს (აწყუერი) უწოდებდნენ. მატიანეებში მისი სახელი ხშირად იხსენიება. აწყური მრავალჯერ გამხდარა უცხოელთა წინააღმდეგ ქართველთა გმირული ბრძოლის ასპარეზი. აწყურის ციხეს, რომელიც სამხრეთიდან მომავალ ერთ-ერთ უმთავრეს გზას დარაჯობდა, მრავალი თავდასხმისთვის გაუძლია. აწყურის ღვთისმშობლის ხატი სახელგანთქმული იყო მთელ საქართველოში, ხოლო აწყურის საეპისკოპოსო კათედრა ათაბაგთა ბატონობის დროს სამცხე-საათაბაგოს ეკლესიის მეთაურობას იჩემებდა.

აწყურიაწყურში მოღვაწეობდნენ მწიგნობრები, კალიგრაფები, წიგნის მკაზმავნი გიორგი მაწყვერელი (IX-X სს.), გაბრიელ კოტაი (XI ს.), იოაკიმე მაწყვერელი (XVI ს.), იერემია მაწყვერელი (XVI ს.) და სხვები.

აწყურის ტაძარიXI საუკუნის შუა ხანებში, ბაგრატ IV – ის დროს მატიანეში აბუსერი – ერისთავი არტანუჯისა, ხიხათა და ციხიჯვრისა და აწყუერის ციხის პატრონი იხსენიება. აწყვერის ციხე და “მესხთა დიდებული საყდარი აწყვერი” XIII-XVI საუკუნეთა ისტორიულ წყაროებში კიდევ უფრო ხშირად გვხვდება.

1259-1260 წლებში, როცა მეფე დავით ულუ მონღოლებს აუჯანყდა და სამცხეს გადავიდა, მტერი, არღუნ ყაენის მეთაურობით, სამცხეს შეესია. მათ აწყური ააოხრეს.

XIII საუკუნის მიწურულში, ძლიერი მიწისძვრის დროს აწყურის ეკლესია დაინგრა, მაგრამ მალე აღადგინეს, რადგანაც იგი მესხეთის მთავარი სალოცავი იყო.
მას შემდეგ, რაც სამცხის მთავრები საქართველოს მეფეს გადაუდგნენ, ტაძარს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა.

XV საუკუნეში, როცა საქართველოს პოლიტიკური და ნივთიერი მდგომარეობა უკვე ძლიერ შერყეული იყო, სამცხის მთავრები ცდილობდნენ, თავისი სამფლობელო საქართველოს სახელმწიფოსგან გამოეყოთ და სრული დამოუკიდებლობა მოეპოვებინათ. ამისათვის კი საჭირო გახლდათ საეკლესიო დამოუკიდებლობის მოპოვებაც. აწყური ამ მიზნით ათაბაგებმა განიზრახეს მესხეთის ეკლესია მცხეთის კათალიკოსისაგან ჩამოეშორებინათ და აწყურის ეპისკოპოსისათვის კათალიკოსის უფლებები მიენიჭებინათ. მაშინ, XV საუკუნის შუა ხანებში, გიორგი III-ისა და ყვარყვარე ათაბაგის დროს ეს არ მოხერხდა. მცხეთის კათალიკოსმა შეძლო მათი დამორჩილება. მაგრამ უფრო გვიან, XVI საუკუნის დასაწყისში, როცა საქართველოს სახელმწიფოებრივი მთლიანობა უკვე სრულიად დაირღვა, სამცხის მმართველმა მზეჭაბუკმა მესხეთის ეკლესია მცხეთის საკათალიკოსოს მოჰგლიჯა და ამგვარად გაწყვიტა ის ერთადერთი ძარღვიც, რომელიც მესხეთს, უფლებრივი თვალსაზრისით, საქართველოსთან აკავშირებდა.
მესხეთის ეკლესიის მეთაურად მაწყვერელი იქცა. მას ეპისკოპოსთა დასმის უფლებაც მიენიჭა. მაწყვერელი თავის თავს მღვდელმთავარს კი აღარ უწოდებდა, არამედ მღვდელმთავართმთავარს.

მზეჭაბუკმა აწყურის ეკლესიას “დიდებული მონასტერი ზარზმა” შესწირა. ტაძარს დიდი მამულები ჰქონდა, მაწყვერელი კი ერთ-ერთი უძლიერესი ფეოდალთაგანი იყო.

აწყურიXVIII საუკუნის პირველ ნახევარშიც, ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, აწყურს “არს ეკლესია დიდშენი, შვენიერად ქმნული, გუმბათიანი, ყოვლად-წმიდის ღვთისმშობლისა”. შენობა “ფეხზე იდგა” თვით XIX საუკუნის დასაწყისამდეც კი. საქართველოს ისტორიისა და ქართულ სიძველეთა ცნობილი მკვლევარი, აკადემიკოსი მარი ბროსე, რომელმაც XIX საუკუნის შუა წლებში ნახა ეს ძეგლი, წერს: “ერთმა მოხუცმა ქალმა მითხრა, ტაძარი ჯერ კიდევ დაუნგრეველი მახსოვსო”.
როგორც ჩანს, ძეგლი თურქთა ბატონობის ბოლო წლებში განადგურდა. XIX საუკუნის მანძილზე მას პატრონი და მზრუნველი არავინ ჰყავდა. მაჰმადიანი მოსახლეობა მის ქვებს თავისი სახლებისათვის იყენებდა.

1486 წელს მესხეთში ირანის შაჰი იაყუბ ყაენი შეიჭრა. ახალქალაქისა და ახალციხის აღების შემდეგ იგი აწყურს მიადგა და ალყა შემოარტყა, ტყვედ წაასხა ბევრი მათგანი და აწყურის ღვთისმშობლის ხატიც თან წაიღო.

აწყურის დანებება ათაბაგმა ღალატად მიიჩნია. მაწყვერელი გააძევეს და მის ნაცვლად სხვა დასვეს. მაგრამ განსაკუთრებით შეაწუხა ათაბაგი აწყურის სახელგანთქმული და სასწაულთმოქმედი ხატის დატყვევებამ. მან “წარავლინა ვერცხლი დიდძალი” დაიხსნა ხატი და კვლავ აწყურის ტაძარში დაასვენა იგი.

აწყურის ციხეაწყურის ციხისაგან დღეს მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი თუმცა მაინც ადვილად შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ იგი, სამშენებლო თვალსაზრისით, რთული და საინტერესო ნაგებობა იყო. ციხეში შესასვლელი კლდეში გამოკვეთილი ვიწრო გვირაბიდანაა, რაც ახლა გზის დონეზეა მტკვრის პირას. ციხე ისეთ კლდეებზეა ნაშენი, რომ გვირაბში შეჭრის შემდეგაც მტერი მას ადვილად ვერ დაიმორჩილებდა. მთავარი სირთულე სწორედ ძნელად მისადგომ შიგა ნაგებობათა აღება გახლდათ. ციხის კედლების დათვალიერებისას ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ისინი ბუნებრივად არიან შეზრდილნი კლდეებთან. კლდის რელიეფი, მისი ყოველი ჩაღრმავება და ნაოჭი მარჯვედაა გამოყენებული მშენებელთა მიერ. ზოგან კედელი ისეთ ციცაბო ფერდზეა დაბჯენილი (თითქოს მისგანაა აღმოცენებული), რომ ძნელი გასაგებიც კია, როგორ მოახერხეს ძველმა ოსტატებმა ასეთი ამოცანის ტექნიკურად გადაწყვეტა.

ახლანდელი ციხე, რა თქმა უნდა, აღარ წარმოადგენს ერთგვაროვან, მთლიან ნაგებობას. მასში მრავალი სხვადასხვა დროინდელი ფენაა. ეს სრულიად ბუნებრივია. ციხე ათასი წლის განმავლობაში მაინც “მოქმედი” იყო. მას ბევრი გააფთრებული თავდასხმა განუცდია, რამდენიმეჯერ დაზიანებულა და აღდგენილა.

აწყურის ტაძრის სიდიადე კი მნახველს დღესაც აოცებს. მართლაც, თავისი ფართობით აწყურის კათედრალი (საეპისკოპოსო ტაძარი) ყველაზე დიდი იყო მთელ საქართველოში (ფართობით იგი სვეტიცხოველსაც კი ჭარბობს).

ამჟამად აწყურის ციხეცა და ტაძარიც აღრიცხულია, როგორც ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლი.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • kargi iqneba rom agdges is mnishvnelovani dzeglebi rogoricaa awyuris cixe da awyuris gvtismshoblis saxelobis udidesi tadzari. mati restavracia bevrs gauxardeba da damtvalierebelic upro meti eyoleba saqartvelos. chemi erterti ocnebaa rom es ori mnishvnelovani kulturuli dzegli agdges sa chautardes restavracia.

    • ნატა თაბაგარი says:

      მალე უკვე რესტავრაცია ჩაუტარდება და თქვენი ოცნებაც ასრულდება. როგორ მიხარია როცა ადამიანები ჩემს სოფელზე ესე კარგად და თბილად საუბრობენ, მე ჩემი სოფლით ვამმაყოფ! ქალბატონო სალო, წარმატებებს გისურვებთ.
      12 წლის ნატა თაბაგარი

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი