მთავარი » ეკლესია-მონასტრები

ავკვეთის წმ. გიორგის ეკლესია – გორის მუნიციპალიტეტი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.04.2018 | 379 ნახვა

 ავკვეთის წმ. გიორგის ეკლესია - გორის მუნიციპალიტეტი გორის მუნიციპალიტეტის, სოფ. ავკვეთში მდებარე წმ. გიორგის ეკლესიას 2018 წლის 16 თებერვალს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ეკლესია დგას მთის ფერდზე, ტყეში. დარბაზულია (16,8×13,7 მ), სამივე მხრიდან მინაშენებით. აგებულია ალგეთის ქვით, კაპიტელებისა და კუთხის ქვებად გამოყენებულია შირიმი და მწვანე ტუფი. ჩრდილოეთის კედელში ხის მორით არმირება იყო გაკეთებული. შესასვლელი სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს. დასავლეთის კარი არქიტრავულია ტიმპანით. დანარჩენი ორი მორღვეულია და ფორმა არ იკვეთება. ტაძარი ნათდებოდა აღმოსავლეთის ერთი და სამხრეთის ორი თაღოვანი სარკმლით, რომლის წირთხლები შიგნითკენ ფართოვდება. აბსიდა ნახევარწრიულია, დარბაზისგან გამოყოფილია მხრებით, რომელზეც კონქის საბჯენი სატრიუმფო თაღი გადადიოდა. მხრები მარტივპროფილიანი კაპიტელებით სრულდება. გრძივ კედელზე ერთი წყვილი პილასტრია გაკეთებული, მათზე გადასულ თაღს ტაძრის კამარა ეჭირა. ჩრდილოეთის პილასტრს პრიფილირებული კაპიტელი აქვს. ნახევარპილასტრებია დასავლეთ კედლის კუთხეებშიც. პილასტრებს შორის ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებზე დეკორატიული თაღებია შეკიდული.

სამხრეთისა და ჩრდილოეთის მინაშენები მთლიანად დანგრეულია, ამიტომ მათზე საუბარი ძნელია. მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ სამხრეთი მინაშენის კამარა ტაძრის სამხრეთ კედლის შვერილს ებჯინებოდა. დასავლეთის მინაშენი ორნაწილიანია. თითოეული ერთმანეთისგან იზოლირებულია. ორივე ცილინდრული კამარით მთავრდებოდა. ჩრდილოეთის ნაწილში შესასვლელი ტაძრის დასავლეთი კარიდანაა. ჩრდილოეთის კედელში ერთი ვიწრო სარკმელი აქვს. ასეთივე სარკმელი ქონია აღმოსავლეთ კედლის ჩრდ. მინაშენის ნაწილში (ამჟამად მიწითაა დაფარული). მინაშენი ეკვდერია. მის სამხრეთით უფრო მცირე ზომის მინაშენია, მასში შესასვლელი სამხრეთი მინაშენიდან უნდა ყოფილიყო. ახლა დანგრეულია.

 ავკვეთის წმ. გიორგის ეკლესია - გორის მუნიციპალიტეტი

ტაძრის გარშემო სხვა ნაგებობათა კვალი არ შეინიშნება.

ავკვეთის წმ. გიორგის ეკლესია შეიცავს ეპოქის სტილისტურ მახასიათებლებს: გეგმარება, პილასტრებისა და თაღების მონაცვლეობა, პროფილირებული კაპიტელები, კარ-სარკმელთა ფორმები, დასავლეთის ეკვდერთა გადაწყვეტა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.