მთავარი » ჯანმრთელობა

აუტიზმი

ჟურნალისტი: | გამოქვეყნებულია: 02.04.20117 კომენტარი | 6,012 ნახვა

“აუტიზმი არ არის ტრაგედია, მისი იგნორირებაა ტრაგედია…”

2 აპრილს გაეროს მიერ აუტიზმზე ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო დღეა. ამ დაავადების შესახებ საზოგადოება ნაკლებად არის ინფორმირებული. რა არის აუტიზმი?

„ის დაეხეტებოდა, მომღიმარი სახით აკეთებდა სტერეოტიპულ მოძრაობებს თითებით, ღიღინებდა ერთი და იგივე მელოდიას, დიდი სიამოვნებით ატრიალებდა ყველაფერს, რაც კი ხელში ხვდებოდა. როდესაც შემოჰყავდათ ოთახში, იგნორირებას უკეთებდა გარშემო მყოფებს.“ ეს არის 5 წლის აუტისტი ბიჭის დახასიათება, რომელიც ლეო კანერმა აღწერა 50 წლის წინ. მეორე მსოფლიო ომის დროს სწორედ კანერმა აღმოაჩინა ეს დაავადება.

ეს არის ფსიქიკური განვითარების დარღვევა, რომლის დროსაც ბავშვს უჭირს კომუნიკაციის, სოციალური ურთიერთობის დამყარება. აქვს მეტყველების, გონებრივი განვითარების, საზოგადოებრივი ურთიერთობის პრობლემები.

აუტიზმის სიმპტომები თავს იჩენენ ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში.

აუტიზმის დამახასიათებელი ნიშნები: მეტყველების განვითარების შეფერხება, აუტისტი ბავშვები ან სულ ვერ სწავლობენ ლაპარაკს, ან გაცილებით გვიან იწყებენ, ვიდრე სხვა ბავშვები. ლაპარაკობენ მონოტონური ხმით, თითქოს სიმღერით, თავის თავს მესამე პირში მოიხსენიებენ, ლაპარაკობენ ერთსა და იმავეს და მხოლოდ იმას, რაც თვითონ აინტერესებთ. აუტისტი ბავშვები არ რეაგირებენ სახელის დაძახებაზე, თითქოს არ ესმით, რომ ეძახიან. გაურბიან პირდაპირ მზერას, არ უყვართ, როცა ეხებიან, თითქოს გამოთიშავენ მათ გარშემო არსებულ სამყაროს. ახასიათებთ წარმოსახვითი თამაშის შეუძლებლობა, სტერეოტიპული ქცევები, რიტუალები, მკაცრად შეზღუდული ინტერესები, ცვლილებებისადმი ძლიერი რეზისტენტობა, ინტერესების, სიხარულისა და სხვა ემოციების გაზიარების შეუძლებლობა. ვერ ამყარებენ ურთიერთობას თანატოლებთან, აქვთ გონებრივი განვითარების ჩამორჩენა, ან უნარების არათანაბარი განვითარება.
აუტიზმის გამომწვევი მიზეზები უცნობია, შესაძლოა მიზეზი იყოს მეტაბოლური წონასწორობის რღვევა, ხშირად კი – სტრესი ორსულობის დროს.

ბოლო დროის გამოკვლევებმა დაადასტურეს, რომ ოჯახებში, სადაც ერთი აუტისტი ბავშვი ჰყავთ, მეორე ასეთი ბავშვის გაჩენის რისკი დაახლოებით 5%-ია. ასევე, აღნიშნავენ გარემო ფაქტორების, ვირუსების ქიმიური პრეპარატების, დაბინძურებული ჰაერის ზეგავლენას და სხვა მრავალ ჰიპოტეზას.

აუტიზმი აღენიშნებათ 2-10 პიროვნებას 10,000 ადამიანში. ბიჭებში ოთხჯერ უფრო ხშირად, ვიდრე გოგონებში. აუტიზმის სრულიად განკურნება დღეს შეუძლებელია. დახმარება, პირველ რიგში, დროული და სწორი დიაგნოსტიკაა. ბავშვის შეფასება უნდა მოხდეს ფსიქოლოგის, ნევროლოგის, ფსიქიატრის, მეტყველების თერაპევტის მიერ.
საჭიროა საზოგადოებამ მიიღოს მეტი ინფრომაცია ამ დაავადების შესახებ, სწორედ ამიტომ დღეს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდება ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. დარიგდება საინფორმაციო ბუკლეტები. ასევე, იქნება პრეზენტაცია „საქართველოს აუტიზმის საზოგადოების“ ვებგვერდის – www.autism.ge
„საქართველოს აუტიზმის საზოგადოების“ მიზანსა და საქმიანობაზე ,,ამბიონი” ესაუბრა ამ ორგანიზაციის დირექტორს ნინო დარსაველიძეს.

ნინო დარსაველიძე: „საქართველოს აუტიზმის საზოგადოება შეიქმნა 2010 წელს. მასში გაერთიანებულნი არიან პროფესიონალები, აუტისტური სპექტრის აშლილობების მქონე პირთა მშობლები და ოჯახის წევრები.საქართველოს აუტიზმის საზოგადოების მიზანია, ხელი შეუწყოს აუტისტური სპექტრის აშლილობების მქონე პირთა მშობლებისა და პროფესიონალების გაერთიანებას, არსებული რესურსების მოძიებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე რეგიონსა და მსოფლიოში, კავშირების დამყარებას გამოცდილების მქონე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და აუტისტური სპექტრის აშლილობების მქონე პირთა სერვისის ჩამოყალიბებას.“

როგორ უნდა იყოს საზოგადოება ინფორმირებული ამ დაავადების შესახებ და როგორ დაეხმარება “საქართველოს აუტიზმის საზოგადოება”?

განვითარებულ ქვეყნებში მუდმივად მიმდინარეობს აუტიზმის შესახებ ცოდნის ამაღლების პროცესი, საქართველოში არა მარტო საზოგადოების, არამედ მედიცინის მუშაკების ინფორმირებულობაც კი საკმაოდ დაბალია. ერთი მხრივ, ეს უკავშირდება ჩვენს შეზღუდულ რესურსებს და მეორე მხრივ – პრობლემის გაუთვითცნობიერებლობას. ყოველივე აღნიშნული კი შედეგად იწვევს აუტიზმის შემთხვევათა დაგვიანებულ დიაგნოსტიკას და პაციენტის სოციალური ინტეგრაციის შეუძლებლობას. აუტიზმის მქონე ბავშვი და მისი ოჯახი გარიყულად გრძნობს თავს და უიმედო მდგომარეობაში რჩება.

დღეისათვის არსებული მონაცემებით, დროულად დასმული დიაგნოსტიკისა და ადრეული ჩარევის შემთხვევაში მნიშვნელოვნად მცირდება ბავშვის უნარშეზღუდულობის ხარისხი.
ადრეული დიაგნოსტიკისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მშობლების ინფორმირებულობას განვითარების დარღვევებისა და კერძოდ, აუტიზმის ადრეული გამოვლინებების შესახებ.

პრობლემის აქტუალობის გათვალისწინებით, საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის თაოსნობით დაფუძნდა საქართველოს აუტიზმის საზოგადოება. მასში გაერთიანდნენ პროფესიონალები, აუტიზმის მქონე პირთა მშობლები და ოჯახის წევრები.
ამ ორი ორგანიზაციის მცდელობით შედგა შეხვედრა დარგში მოღვაწე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საქართველოში პირველად 2011 წლის 2 აპრილს აღინიშნება აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღე. ინფორმირების გაზრდის სხვა საშუალებებთან ერთად ამუშავდა ვებგვერდი www.autism.ge

რამდენი ადამიანია გაწევრიანებული “საქართველოს აუტიზმის საზოგადოებაში”? მხოლოდ აუტიზმით დაავადებული ადამიანები არიან გაწევრიანებული, თუ ყველას შეუძლია?

საზოგადოებაში ამჟამად გაერთიანებულია მხოლოდ 24 ადამიანი. ისინი არიან პროფესიონალები და აუტიზმის მქონე ადამიანთა ახლობლები, ან მშობლები. მასში გაწევრიანება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს.
სამომავლო გეგმები.

პირველ რიგში, ჩვენ მაქსიმალურად მივაწოდებთ საზოგადოებას ინფორმაციას აუტიზმის შესახებ, დავარღვევთ დუმილს. ხელს შევუწყობთ ამ პრობლემის მქონე ოჯახების გაერთიანებას და დავეხმარებით ერთმანეთს აუტიზმის მქონე ადამიანებისა და მათი ოჯახების წინაშე არსებული უამრავი, როგორც იურიდიული, ასევე სამედიცინო პრობლემის მოგვარებაში.

„ამბიონი“ ესაუბრა აუტისტი ბავშვის მშობელს: „მე მყავს 9 წლის ბიჭი, აუტისტი. მანამდე სიტყვა აუტიზმი არ ვიცოდი, რა იყო. ბუნდოვან წარმოდგენას მიქმნიდა ცნობილი ფილმი “წვიმის კაცი”. 2,5 წლის ასაკში შევამჩნიე, რომ ბავშვის ქცევებში გარკვეული ცვლილებები გაჩნდა, რომლებიც არ ემთხვეოდა განვითარების ნორმალურ რიტმს. მივმართე მრავალ სპეციალისტს , რომლებსაც უჭირდათ სწორი დიაგნოზის დასმა, საბედნიეროდ, აღმოვაჩინე პროფესიონალები, რომლებმაც უდიდესი დახმარება და მხარდაჭერა აღმომიჩინეს, სწორი დიაგნოზის, შეფასებისა და მკურნალობის შემდეგ ბავშვის სიმპტომები მნიშვნელოვნად შემსუბუქდა, თერაპია , ქცევითი სწავლება, სპეციალური კომუნიკაციური და ჩვევების ტრენინგი წარმოადგენდა გეგმაზომიერ და ხშირ ინტენსიურ სწავლების მეთოდს. ამის საფუძველზე ბავშვი უფრო კომუნიკაბელური გახდა, მოუწესრიგდა ქცევა, შეუმსუბუქდა აუტიზმისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი სპეციფიკური სიმტომები. უკვე 6 წელია გავდივართ ამ სახის რეაბილიტაციას ნეიროფსიქოლოგთან და სპეციალურ პედაგოგთან, რამაც ძალიან დიდი შედეგები მოგვიტანა. დღესდღეობით დავდივართ სკოლაში ინკლუზიური პროფილით, ინკლუზია სულ ცოტა ხანია, რაც დაინერგა საქართველოში. აუცილებელია ინტეგრაცია, რადგან ამ დროს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვი თავის ჯანმრთელი თანაკლასელისგან იღებს ქცევის, აკადემიური და სოციალური უნარჩვევების სწორ მოდელს. ინკლუზიური სწავლების მიზანია, ბავშვი მოამზადოს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის და აქტიურად შეუწყოს ხელი მის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას.
მშობელმა არ უნდა მიმართოს ბავშვის იზოლაციის სტრატეგიას, რადგან შედეგი შეიძლება სავალალო იყოს. ბავშვს განვითარებისთვის არახელსაყრელი პირობები ექმნება, ამიტომ ინტერვენცია აუცილებელია.

სურვილები მშობლებს:

არ შეადაროთ თქვენი შვილი სხვის ბავშვს, მიიღეთ ისეთი, როგორიც არის და არა – ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ადეკვატურად შეაფასეთ მისი შესაძლებლობები და რეალური განვითარების დონე, ორიენტაცია გაუკეთეთ ბავშვის მიღწევებს და არა მის ასაკობრივ ნორმებს, არ ეცადოთ, რომ ბავშვი „მოხერხებული“ და გარეგნულად ადეკვატური იყოს სხვისთვის. მონაწილეობა მიიღეთ მის საყვარელ საქმიანობაში. მოიძიეთ ლიტერატურა იმ ავტორებისა, რომლებიც თვითონ არიან აუტისტი ბავშვების მშობლები და გაიზიარეთ მათი გამოცდილება, დამერწმუნეთ, ძალიან დაგეხმარებათ პრაქტიკულად და ფსიქოლოგიურადაც. ეცადეთ, მოიპოვოთ მისი ნდობა, გაიზიაროთ მისი განსაკუთრებული და საინტერესო სამყარო.“

გაითვალისწინეთ ეს რჩევები, გახდით მეტად ინფორმირებულები ამ დაავადების მიმართ და არასდროს მიმართოთ აუტისტი ბავშვის იზოლაციის სტრატეგიას.

ლიკა ალადაშვილი


სტატიაზე ვრცელდება მედიაჰოლდინგ "ამბიონის" საავტორო უფლებები

7 კომენტარი »

დატოვეთ კომენტარი!

გთხოვთ ყურადღებით შეავსოთ აუცილებელი ველები.

"მოწყალებისა და თანაგრძნობის უნარი, - აი ჭეშმარიტი ბედნიერება, აი, ერთადერთი გზა, ზეცად მიმავალი," - ილია II.