მთავარი » ქრისტიანობა

ათონის მთა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.11.2014 4 კომენტარი | 8,944 ნახვა

ქრისტიანულ ბერმონაზვნობას თავისი სწავლებით და ცხოვრებით თავად უფალმა იესო ქრისტემ დაუდო საფუძველი. იორდანიის უდაბნოში მოღვაწეობით ასკეტებისთვის კიდევ ერთი უბადლო მაგალითი იოანე ნათლისმცემელი გახდა.

მესამე საუკუნეში ნიტრიის უდაბნოში (იგივე სკიტის უდაბნო, ეგვიპტის ალექსანდრიის სამხრეთით), პალესტინაში, სირიაში, მესოპოტამიაში, მცირე აზიაში, კაპადოკიაში, პონტოსა და სხვა ადგილებში ბერები კეთილმოღვაწე ასკეტების გარშემო იკრიბებიან და პირველ სამონასტრო ერთობებს ქნიან. ანტონი დიდი (+356, ხსენება ახალი სტილით 30 იანვარს), ღირსი პახუმი დიდი (+348, ხსენება ახ. სტ. 28 მაისს), ღირსი თეოდოსი (+529, ხსენება ახ. სტ. 24 იანვარს) ბერმონაზვნურ ცენტრებსა და მონასტრებს აარსებენ. გადმოცემით, ღირს პახუმის სქემოსანის სახით ანგელოზი გამოეცხადა და სამონასტრო ცხოვრების წესი გადასცა. ცოტა მოგვიანებით წმინდა ბასილი დიდმა (330-379 წწ., ხსენება ახ. სტ. 14 იანვარს) მართლმადიდებლური მონაზვნობის კანონებს ორი თხზულება – „ზნეობრივი კანონები“ და „ასკეტიკონი“ – მიუძღვნა.

ათონი

ყველაზე ძველ მონასტრებად ორი სავანე ითვლება: თურქეთში, ტრაპიზონის სამხრეთ-აღმოსავლეთით ვაზელონის მთაზე, 1200 მეტრ სიმაღლეზე მდებარე იოანე ნათლისმცემლის მონასტერი, რომელიც დაარსდა 285 წელს; და ღვთისმშობლის სახელობის სუმელას მონასტერი, ე. წ. პანაგია სუმელა (ბერძ. Παναγία Σουμελά, ქართ. ყოვლადწმინდა მელას მთიდან), რომელიც 385 წელს დაუარსებიათ.

მდუმარების ძებნაში ასკეტები მთებს მიაშურებდნენ ხოლმე და სწორედ იქ აგებდნენ მონასტრებს. ხალხი ასეთ მთებს „წმინდა მთებს“ არქმევდა. ასეთი იყო პელუსიის, ნიტრიის, სიონის, თაბორის, კარმილის, ელეონის, ლატრიის, გალისიის, ოლიმპის, პაპიკიის და ათონის მთები.

ათონის წმინდა მთა (სიმაღლე 2033 მ.) საბერძნეთში, ქალკედონის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ შვერილზე, ათონის ნახევარკუნძულზე მდებარეობს, რომელსაც ქრისტიანობამდელ ეპოქაში აკტე (ბერძ. Ακτή, ქართ. „სანაპირო“) ერქვა. მითიური გიგანტის პატივსაცემად მეორე სახელწოდებაც ჰქონდა და ათონად იწოდებოდა.

საბერძნეთში სპარსელების პირველი ლაშქრობის დროს (ჩვ. წ. აღ-მდე 491-490 წ.) მეფე ქსერქსე II-ის (ჩვ. წ. აღ-მდე 486-465 წწ.) სიძის, მარდონიუსის 300 ხომალდი ათონის ახლოს ღელვის დროს განადგურებულა და ლაშქრობაც შემწყდარა. ათი წლის შემდეგ (ჩვ. წ. აღ-მდე 481-480 წწ.) სპარსელებმა საბერძნეთსა და ევროპაზე კიდევ ერთხელ გაილაშქრეს. ამჯერად სარდალი თავად ქსერქსე იყო. იმის შიშით, სიძის ბედი არ გაეზიარებინა, ქსერქსეს ნახევარკუნძული ყველაზე ვიწრო ადგილას გადაუკვეთავს და ასე მოხვედრილა სამხრეთ საბერძნეთში.

აკტეს ნახევარკუნძულის ქალაქებსა და მოსახლეობაზე უძველესი ისტორიკოსები წერენ. ჰეროდოტეს (ძვ. წ. აღ-ით 484-425 წწ.), ფუკიდიდეს (ძვ. წ. აღ-ით 460-400 წწ.), სკილაქსისა (ბერძენი მეზღაური და გეოგრაფი ძვ. წ. აღ-ით VI ს.) და სხვათა მონაცემებით, ათონზე ქალაქები – სანა, ოლოფიქსი, აკროაფონი, კორასია, ჰალანდრია, „ზეციური ქალაქი” (ურანუპოლისი), კორასია არსებობდა.

გადმოცემით, მაცხოვრის მიერ მკვდრეთით აღდგენილი ლაზარე, რომელიც იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსი გახდა, კუნძულ კვიპროსზე ცხოვრობდა და რადგან იუდეველები მოკვლას უპირებდნენ, იერუსალიმში ვერ ბრუნდებოდა. ყველაზე მეტად თურმე იმას განიცდიდა, რომ ღვთისმშობლის ნახვა არ შეეძლო. ამის შესახებ ყოვლადწმინდას შეუტყვია და მისთვის წერილი გაუგზავნია, რომელშიც კვიპროსზე გამგზავრების სურვილი გამოუთქვამს. ლაზარემ მასთან ხომალდი გაგზავნა და 44 წელს ღვთისმშობელი კვიპროსისკენ გაემგზავრა. კუნძულთან მიახლოებისას ქარიშხალი ამოვარდა, მეზღვაურებმა იალქნები ვერ დაიმორჩილეს და ქარმა გემი ათონის მთის ნაპირთან მიიყვანა. ხატი-ათონიდან როგორც კი ღვთისმშობლის ხომალდი ათონის ნაპირს მიადგა, ნახევარკუნძულზე წარმართული ტაძრები ჩამოიქცა. სასწაულის მხილველი მოსახლეობა მოულოდნელ სტუმარს დიდი მოწიწებით შეხვდა. მაშინ ყოვლადწმინდამ ათონზე ღვთის სიტყვა იქადაგა, წმინდა მთა თავის წილხვედრად გამოაცხადა და ყველა მისი მკვიდრი დალოცა.

არსებული ცნობებით, მოგვიანებით კონსტანტინე დიდმა (ახ. წ. აღ-ით 272-337 წწ.) აქ ღვთისმშობლის სახელობის სამი ტაძარი ააგო. როგორც ჩანს, ბერები სწორედ იმ დროს ჩამოდიან ნახევარკუნძულზე, VIII–IX საუკუნეებში კი პირველი მონასტრები ჩნდება. კიდევ ერთი გადმოცემის თანახმად, გემს, რომელზეც ბიზანტიის იმპერატორ თეოდოსის (379-395 წწ.) ვაჟიშვილი არკადი იმყოფებოდა, ათონის სანაპიროსთან თავს ქარიშხალი დასტყდომია. გადარჩენილი მგზავრები დიდხანს ვერ პოულობდნენ პატარა არკადის, სანამ ბუჩქთან მძინარეს არ წააწყდნენ. მოგვიანებით არკადიმ თანამგზავრებს უამბო, როგორ გადაარჩინა ღვთისმშობელმა. მადლიერების ნიშნად წმინდა იმპერატორმა ამ ადგილას ტაძარი ააგო, რომელსაც „ვატოპედი“ ეწოდა (Βατος – ბუჩქი, πέδι – ბავშვი). მოგვიანებით, იმპერატორის ქალიშვილი პლაკიდია რომიდან კონსტანტინეპოლში ბრუნდებოდა და გზად წმინდა მთის, განსაკუთრებით კი „ვატოპედის“ ტაძრის მონახულება მოუსურვებია. როგორც კი პლაკიდია ტაძრის შესასვლელს მიუახლოვდა, ხმა გაიგონა, რომელიც ღვთისმშობლის ხატისგან ისმოდა და ქალიშვილს ურჩევდა, თუკი კეთილმორწმუნე ქრისტიანი ხარ, ბერები რომ ცდუნებაში არ ჩააგდო, აქაურობა დატოვეო. შეძრწუნებული პლაკიდია ათონიდან სასწრაფოდ წასულა. ამის შემდეგ ათონზე ქალს ფეხი აღარ დაუდგამს.

ერთ-ერთ პირველ ათონელ მამად ღირსი პეტრე ათონელი (+734, ხსენება ახ. სტ. 25 ივნისს) ითვლება, რომელმაც მთაწმინდაზე 53 წელი იცხოვრა. ღვთისმშობელს მისთვის ხილვაში უჩვენებია ასკეტური ცხოვრების სახე და ათონელი ბერების განსაკუთრებული მფარველობაც აღუთქვამს. პეტრეს გარდაცვალების შემდეგ მისი წმინდა ნაწილები ერთ მონადირეს კლიმენტის მონასტერში გადაუსვენებია, სადაც ახლა ივერთა მონასტერია.

ივერონი

დაახლოებით 882 წელს მთაწმინდის მმართველობა ნახევარკუნძულის ცენტრში გადაუტანიათ და მისი დედაქალაქი კარიესი გამხდარა. მას დიდ ცენტრს ანუ „პროტატსაც“ უწოდებდნენ, რადგან იქ წმინდა მთის “პროტი” (ბერძ. πρώτος, ქართ. „პირველი“) ცხოვრობდა. იმ დროს პროტი ბერების არჩეულია, იღუმენების დიდ კრებებს თავმჯდომარეობს და თავის მრჩევლებთან, იკონომოსთან, ეპიტროპთან, ეკლისიარქთან და მოძღვართან ერთად მთაწმინდას განაგებს.

X საუკუნის შუა წლებში, 959 წელს, ოლიმპის მთიდან (იგივე ულუმბოს მთა მცირე აზიაში, ბითვინია) ათონის მთაზე დიდი მოღვაწე, დედით ლაზი ღირსი ათანასე (დაახლ. 925-1000 წწ., ხსენება ახ. სტ. 18 ივლისს) მივიდა და ათონის ბერმონაზვნობისთვის ახალი ცხოვრება დაიწყო. ხატი-ათონიდან  ათანასე დიდის ირგვლივ უამრავი ახალგაზრდა გაერთიანდა (მათ შორის იყო იოანე ათონელი, ივერთა მონასტრის პირველი წინამძღვარი და დამაარსებელი). მალე ნახევარკუნძულის განაპირა მხარეს დიდი ლავრა (ბერძ. Μονή Μεγίστης Λαύρας) აშენდა – პირველი დიდი მონასტერი წმინდა მთაზე. მანამდე ბერები განდეგილად ცხოვრობდნენ.

ათანასე დიდის მაგალითს ბევრი მისი მოწაფე თუ არამოწაფე გაჰყვა და მრავალი ახალი მონასტერი დაარსდა. განახლდა და გარდაისახა ძველიც. სწორედ ამ დროს აშენდა ვატოპედის (972-985 წწ.), ივირონის (980–983 წწ.), დოქიარის (X-XI სს.) მონასტრები.

მონასტრების რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ ადმინისტრაციული პრობლემების გადაწყვეტის საკითხი დადგა. მათ გადასაჭრელად იღუმენების საბჭო შეიკრიბა. კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებები 972 წელს საფუძვლად დაედო პირველ წესდებას, ”ტრაგოსს” (ბერძ. τράγος, ქართ. „თხა“), რომელიც თხის ტყავზე დაუწერიათ. დღეს იმპერატორ იოანე ციმისხიოსის (969-976 წწ.) მიერ დამტკიცებული ეს წესდება პროტატის კოშკში, კარიესში ინახება. მასში წმინდა მთა, უბრალოდ – „მთად“ (ბერძ. Όρος) იწოდება. სახელდება „წმინდა მთა“ კი (ან „მთაწმინდა“, ბერძ. Άγιον Όρος) საბოლოოდ XII საუკუნის I ნახევარში მკვიდრდება, როცა 1144 წლის საიმპერატორო სიგელით დიდ ლავრას ახალი სახელი ოფიციალურად განესაზღვრა: „ამიერიდან ათონი წმინდა მთად იწოდება უკუნისამდე“ («Εφεξής το όνομα του Άθω καλείσθαι Άγιον Όρος παρά πάντων»).

მონასტრული ცხოვრების აყვავება, რომელიც წმინდა ათანასეს მოღვაწეობას უკავშირდება, მოგვიანებითაც გრძელდება. 1046 წელს ათონზე უკვე 180 მონასტერია, XIII საუკუნეში კი – 300.

1204 წლიდან წინსვლას კატასტროფისა და ტრაგედიების ხანა ცვლის. ჯვაროსნები, უნიატები (საეკლესიო ერთიანობის, უნიის, მიმდევრები) და კატალანელი ჯარისკაცები (კატალონია – ესპანეთის პროვინცია, რომლის მკვიდრნიც კატალანურ ენაზე საუბრობენ) თავს ესხმოდნენ და აყაჩაღებდნენ, ანგრევდნენ და წვავდნენ მონასტრებს, ხოცავდნენ ბერებს – 300 მონასტრიდან მხოლოდ 25 გადარჩა (!).

დაფნი

სწორედ ამ განსაცდელის დროს ცხოვრობდნენ მთაწმინდაზე უდიდესი მოღვაწეები. მათ შორის იყო გრიგოლ პალამა, რომელიც სულიერი წინამძღვრობის ნიჭის და გამორჩეული განათლების წყალობით შეუბღალავი მართლმადიდებლური რწმენისა და ტრადიციის უცხო გავლენისგან დაცვას ხელმძღვანელობდა და სათავეში ისიხასტების მოძრაობას ჩაუდგა. „ისიხია“, სიტყვასიტყვით „სიმშვიდეს“ ნიშნავს და მისტიკური სიმშვიდის მდგომარეობას გამოხატავს. მდგომაორებას, როცა ადამიანი წარმოსახვის ზემოქმედებისა და გონებაგაფანტულობისაგან თავისუფლდება და ლოცვით მთლიანად გადაერთვება შინაგან ადამიანზე. ისიხაზმმა, რომელიც ათონზე XIV საუკუნეში დაიბადა და გავრცელდა, ასკეტური იდეალები ააღორძინა და წმინდა მთა კვლავ სულიერი ცხოვრების შუქურად აქცია.

1381 წელს ათონის მთა პირველად დაიპყრეს თურქებმა. 25 წლის განმავლობაში, სანამ 1406 წელს იმპერატორმა მანულ მეორემ (1350-1425 წ.) არ გაათავისუფლა, მთაწმინდა დამპყრობლების მფლობელობაში იყო. გავიდა კიდევ ორი ათწლეული და 1430 წელს თურქებმა თესალონიკი დაიპყრეს. ამ ქალაქის ბედი კი დიდად განსაზღვრავდა ათონის მთის ბედს. მთაწმინდელები იძულებული ხდებიან, მეორედ დამორჩილდნენ თურქებს. თუმცა ამჯერად გარკვეული შეთანხმებების გათვალისწინებით, რომლებიც მთაწმინდას ნაწილობრივ დამოუკიდებლობას უნარჩუნებს და სხვადასხვაგვარ პრივილეგიასაც ანიჭებს.

სულთნები ხან იცავდნენ ამ შეთანხმებებს, ხანაც არღვევდნენ.

ათონის მთამ თურქების ხელში 5 საუკუნე გაატარა (1381-1406, 1430-1912) და ამ 5 ასწლეულის მანძილზე ბიბლიოთეკები წიგნებით და ხელნაწერებით მაინც ივსებოდა, სახელოსნოებში ძველ მანუსკრიპტებზე გადამწერები მუშაობდნენ, ბერები სოფლებსა და ქალაქებში დადიოდნენ, ქადაგებდნენ, დატანჯულ მოსახლეობას ანუგეშებდნენ და მონასტრების შენარჩუნებაზე ზრუნავდნენ. ასე შემოინახეს სიწმინდეები და სამონასტრო ცხოვრების ის კულტურა, რომელიც დიდი წინამორბედებისგან იმემკვიდრეს. დამპყრობლები კი დევნით და ზეწოლით ისლამის გავრცელებას ცდილობდნენ, ბევრი მონასტერი დაწვეს და დააცარიელეს. განსაკუთრებით მძიმე სულთან სელიმ II-ის მმართველობა (1566–1574 წწ.) აღმოჩნდა. 1566 წელს, ტახტზე ასვლისთანავე ახალმა მბრძანებელმა მონასტრები დაანგრევინა, ქონების ჩამორთმევა ბრძანა, დაატყვევა და სიკვდილით დასაჯა უამრავი ბერი. ათონის მთის მონასტრებს უზარმაზარი გადასახადი, 14 000 ოქროს დუკატის (ლათ. dukatus – XII-XIX საუკუნეების ევროპული მონეტა. ერთი დუკატი 3,559 გრამ სუფთა ოქროს იწონიდა) ოდენობის ხარკი დაეკისრა.

შექმნილი მდგომარეობის გამოყენება იეზუიტ (უშუალოდ რომის პაპის დაქვემდებარებაში მყოფი ქრისტიანული რელიგიური ორდენის წევრები), ფრანცისკანელ (ფრანცისკ ასიზელის მიერ დაარსებული საბერმონაზვნო ორდენის წევრები) და უნიატელ ბერებს დაუპირებიათ და XVII საუკუნეში ათონის მთაზე თავიანთი მონასტრებისა და სკოლის დაარსება უცდიათ. საქმეში სულთანი ჩარეულა, მაგრამ მცდელობა ამაო აღმოჩნდა.

1749 წელს ვატოპედის მახლობლად სკოლა-აკადემია „ათონიადა“ დაარსდა, რომლის მასწავლებლები და მოსწავლეები მიზნად ძველი ტრადიციების აღდგენას ისახავენ და მართლმადიდებლური სამყაროს სულიერ აღორძინებაში ფასდაუდებელ როლს შეასრულებენ. ათონი-განთიადი მაგალითად წმინდა მოციქულთასწორი კოზმა ეტოლიელიც (1714-1779 წწ.) კმარა, რომელმაც 16 წლის განმავლობაში ქადაგებით უამრავი ქალაქი და სოფელი მოიარა და ალბანეთში (სახელმწიფო ბალკანეთის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში) 200-მდე სკოლა გახსნა.

ათენიადა, როგორც საეკლესიო გიმნაზია და ლიცეუმი, კარიესში ახლაც არსებობს.
1821 წელს მთაწმინდაზე დამპყრობლების წინააღმდეგ ამბოხება მომზადდა. მეამბოხეების ორმა რაზმმა თესალონიკამდე მიაღწია, მაგრამ თავდაპირველი წარმატების მიუხედავად, დამარცხდა. ამის შემდეგ ყველა მონასტერში თურქი ჯარისკაცები გაანაწილეს. დისლოკაციის ადგილი მათ მხოლოდ 1830 წელს დატოვეს.

1912 წლის 2 ნოემბერს ბერძნული ფლოტის ნაწილმა, რომელიც ჯავშნოსნისგან და სამი ესკადრონული ნაღმოსნისგან შედგებოდა, მთაწმინდა ხუთასწლიანი მონობისგან გაათავისუფლა.

დღეს ათონის მთა საბერძნეთის სახელმწიფოს თვითმმართველი ნაწილია.

კიდევ ერთი განსაცდელი ათონის მთას მეორე მსოფლიო ომის დროს დაატყდა. მაშინ ბერებმა ჰიტლერს წერილით მიმართეს. ბიზანტიის იმპერატორთა მსგავსად მთაწმინდის პატივისცემა სთხოვეს და ფიურერმაც დაუჯერა: პროფესორი შტენგერი კარიესის მმართველად დანიშნა და გერმანელ ჯარისკაცებს და თავის მოკავშირეებს იქ გამოჩენა აუკრძალა. ამის მიუხედავად, საბერძნეთში მიმდინარე პარტიზანული ბრძოლების დროს (1944-1949 წწ.) ათონის მთაზე ბევრი უბედურება დატრიალდა.

ომის დასრულების შემდეგ მონასტრული ცხოვრება კიდევ ერთხელ დადგა ფეხზე და 1963 წელს დიდმა ლავრამ და სხვა მონასტრებმა საზეიმოდ აღნიშნეს დაარსებიდან 1000 წელი.

ათონის წმინდა მთაზე ამჟამად 20 დიდი მონასტერი, მრავალი სკიტი (ბერძ. Σκήτη, ბერების დასახლება) და კელიაა. ისევე, როგორც ასწლეულების წინ, ახლაც ათონი არის სახარების მიხედვით ცხოვრების უნიკალური მცდელობა, მცდელობა – კომპრომისების გარეშე, სრულად, მთლიანად მიუძღვნა თავი უფალს და მისი მცნებების აღსრულებას. ათონზე აღვლენილი ლოცვა კი მსოფლიოს ყველა მართლმადიდებლისათვის დღესაც უდიდეს ნუგეშად და იმედად რჩება.

მასალა მოამზადა სოფიო გულიაშვილმა

სტატიაში გამოქვეყნებული ფოტოების ავტორი: არქიმანდრიტი იოანე სვანიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

  • ელგუჯა says:

    სტატიის ავტორი?

    • ნინო says:

      დიდი მადლობა საინტერესო სტატიისთვის!

      ამ ორ აბზაცთანდ დაკავშირებით მექნებოდა თხოვნა, რომელიც თქვენ ზემოთ აღნიშნეთ:

      “1381 წელს ათონის მთა პირველად დაიპყრეს თურქებმა. 25 წლის განმავლობაში, სანამ 1406 წელს იმპერატორმა მანულ მეორემ (1350-1425 წ.) არ გაათავისუფლა, მთაწმინდა დამპყრობლების მფლობელობაში იყო. გავიდა კიდევ ორი ათწლეული და 1430 წელს თურქებმა თესალონიკი დაიპყრეს. ამ ქალაქის ბედი კი დიდად განსაზღვრავდა ათონის მთის ბედს. მთაწმინდელები იძულებული ხდებიან, მეორედ დამორჩილდნენ თურქებს. თუმცა ამჯერად გარკვეული შეთანხმებების გათვალისწინებით, რომლებიც მთაწმინდას ნაწილობრივ დამოუკიდებლობას უნარჩუნებს და სხვადასხვაგვარ პრივილეგიასაც ანიჭებს.

      სულთნები ხან იცავდნენ ამ შეთანხმებებს, ხანაც არღვევდნენ.

      ათონის მთამ თურქების ხელში 5 საუკუნე გაატარა (1381-1406, 1430-1912) და ამ 5 ასწლეულის მანძილზე ბიბლიოთეკები წიგნებით და ხელნაწერებით მაინც ივსებოდა, სახელოსნოებში ძველ მანუსკრიპტებზე გადამწერები მუშაობდნენ, ბერები სოფლებსა და ქალაქებში დადიოდნენ, ქადაგებდნენ, დატანჯულ მოსახლეობას ანუგეშებდნენ და მონასტრების შენარჩუნებაზე ზრუნავდნენ. ასე შემოინახეს სიწმინდეები და სამონასტრო ცხოვრების ის კულტურა, რომელიც დიდი წინამორბედებისგან იმემკვიდრეს. დამპყრობლები კი დევნით და ზეწოლით ისლამის გავრცელებას ცდილობდნენ, ბევრი მონასტერი დაწვეს და დააცარიელეს. განსაკუთრებით მძიმე სულთან სელიმ II-ის მმართველობა (1566–1574 წწ.) აღმოჩნდა. 1566 წელს, ტახტზე ასვლისთანავე ახალმა მბრძანებელმა მონასტრები დაანგრევინა, ქონების ჩამორთმევა ბრძანა, დაატყვევა და სიკვდილით დასაჯა უამრავი ბერი. ათონის მთის მონასტრებს უზარმაზარი გადასახადი, 14 000 ოქროს დუკატის (ლათ. dukatus – XII-XIX საუკუნეების ევროპული მონეტა. ერთი დუკატი 3,559 გრამ სუფთა ოქროს იწონიდა) ოდენობის ხარკი დაეკისრა.”
      თუ შეგიძლიათ წყარო რომ მიუთითოთ?
      გმადლობთ!

  • თინო says:

    საინტერესოა ძალიან

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.