მთავარი » ხატები და ფრესკები

ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.06.2011 20 კომენტარი | 39,991 ნახვა

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ისტორია მეცხრე საუკუნიდან, იმპერატორ თეოფილეს მეფობიდან იღებს სათავეს, როდესაც ხატმებრძოლეობის პერიოდი მძვინვარებდა.

ივერიის ღვთისმშობელი ბიზანტიის კეისრის ჯარისკაცებმა და ქვეშევრდომებმა ხატების დევნა დაიწყეს. მეფის ბრძანებით, ყველა ქალაქსა და სოფელში მხედრები გაგზავნეს გადამალული ხატების მოსაძებნად და გასანადგურებლად. სასტიკად აოხრებდნენ ქრისტიანთა სახლებს, აწამებდნენ და კლავდნენ მართლმადიდებლებს, არბევდნენ სიწმინდეებს, ხატებს.ამ დროს ქალაქ ნიკეაში ერთი ქვრივი დედაკაცი ცხოვრობდა ვაჟთან ერთად. მას ჰქონდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, რომლის მიმართაც უდიდეს სასოებას განიცდიდა. მეფის გაგზავნილმა ხალხმა ეს ხატი იპოვა. ერთ–ერთმა მათგანმა მას მახვილი აძგერა. ხატიდან სისხლმა იფეთქა. თავზარდაცემული მხედარი, გადმოცემის მიხედვით, მოინათლა და შემდგომ ბერად აღიკვეცა. დანარჩენ მხედრებს ქვრივი შეევედრა და ფულსაც დაჰპირდა, ოღონდ მეორე დღემდე მოეცადათ. მთელი ღამე ილოცა ქვრივმა ღვთისმშობლის ხატის წინაშე. შემდეგ ზღვის პირას წაიღო. იქ მიწაზე დაემხო და სთხოვა ღვთისმშობელს, ეხსნა იგი მეფის რისხვისაგან, ხოლო თავისი წმინდა ხატი – ზღვაში დანთქმისგან. ემთხვია ხატს და ზღვაში შეაცურა. დიდად გაახარა იმის დანახვამ, რომ ის წყალზე კი არ დაეცა, არამედ ტალღებზე პირდაპირ აღიმართა და დასავლეთისკენ გაცურა.

ღვთისმოსავმა ქვრივმა მადლობა შესწირა წმიდა ქალწულს და შვილს შეევედრა, გაქცეულიყო ბერძენთა ქვეყანაში. ვაჟმა მორჩილად შეისმინა დედის თხოვნა, ღვთის ნებით ბერად აღიკვეცა და ათონის მთის იმ ადგილას დამკვიდრდა, სადაც შემდგომში ივერთა ქართული მონასტერი დაარსდა. სწორედ მისგან შეიტყვეს ამ წმიდა მთის ბინადრებმა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ისტორია.

მას შემდგომ დიდი დრო გავიდა. ღვთის განგებით, ზღვამ ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი ათონის მთასთან მიაცურა. ერთხელ შეღამებისას ათონის ივერონის მონასტრის ბერებმა ზღვაზე ნათლის სვეტი იხილეს, რომლის წვერიც ცას იყო მიწვდენილი. ხილვა რამდენიმე დღისა და ღამის განმავლობაში მეორდებოდა. სხვადასხვა მონასტრიდან მეუდაბნოეებმა სანაპიროს მიაშურეს და დაინახეს, რომ სვეტი წყალზეაღმართულ ღვთისმშობლის ხატს ედგა და რაც უფრო უახლოვდებოდნენ, უფრო მეტად შორდებოდა ნაპირს. ივერიის მონასტრის ბერები ტაძარში შეგროვდნენ და ცრემლით ევედრებოდნენ ღმერთს, რომ სასწაულებრივად მოვლენილი ხატი მათთვის მიეძღვნა. ამ დროისთვის ივერიის სავანეში იმყოფებოდა ღვთისმოსავი ქართველი ბერი გაბრიელი, რომელიც ცხოვრობდა “ვითარცა მიწისა ანგელოსი და ზეცისა კაცი”.

ზაფხულობით მიუვალ კლდეებში მკვიდრობდა, ზამთრობით კი – მონასტერში. მხოლოდ წყლითა და ბალახებით იკვებებოდა.ღვთისმშობელი სხვა საზრდელს პირს არ აკარებდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი სწორედ ამ წმიდა ბერს გამოეცხადა და უთხრა: “შემოდი ზღვაში, ტალღებზე რწმენით გაიარე და მაშინ ყველა იხილავს ჩემს სიყვარულსა და წყალობას თქვენი სავანისადმი.” გაბრიელი მართლაც ჩავიდა ზღვაში, ტალღებზე, როგორც ხმელეთზე, ისე გაიარა და წმიდა ხატი ნაპირზე გამოაბრძანა. იმ ადგილას, სადაც პირველად ხატი დაასვენეს, ცივმა და საამო წყარომ ამოჩქეფა, რომელიც დღემდე მოედინება. შემდეგ ხატი ეკლესიაში, საკურთხეველში დააბრძანეს. მეორე დილით იგი იქ აღარ დახვდათ. ხანგრძლივი ძებნის შემდეგ ხატი კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს. ბერებმა დიდი მოწიწებით ისევ საკურთხეველში დაასვენეს. ასე განმეორდა რამდენჯერმე. ბოლოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ისევ გამოეცხადა გაბრიელ ბერს და უთხრა: “მნებავს, რომ არა თქვენ მიცავდეთ მე, არამედ მე გიფარავდეთ თქვენ არა მხოლოდ ამქვეყნად, არამედ სამუდამოდ და სანამ ჩემი ხატი ამ სავანეში იქნება, არ მოგაკლდებათ მადლი და წყალობა ძისა ჩემისა იესო ქრისტესიო”. მონასტრის მკვიდრნი დიდი სიხარულით აღივსნენ. მას შემდეგ ხატი ღმრთისმშობლის მიერ გამორჩეულ ადგილზე ბრძანდება, რის გამოც იწოდება “პორტაიტისად”, ანუ “კარიბჭის მცველად”.

ღმრთისმშობელმა ივერთა სავანე აირჩია თავის სამყოფელად და ამიტომ ხატს “ივერიის ღმრთისმშობელსაც” უწოდებენ. ხატის წინ ანთია დიდი, მოოქროვილი ვერცხლის 12 უქრობი კანდელი. ტაძრის მოვლა-პატრონობა და ხატის მსახურება ევალება მღვდელ-მონაზონს, რომელსაც ირჩევს მთელი საძმო. ივერიის ღმრთისმშობლის ხატი ქაიხოსრო ჯაყელისა და სამცხის ეპისკოპოსის ამბროსის ღვაწლით ქართველ ოსტატს მოუჭედავს. ხატის პერანგის ქვედა ნაწილზე შემდეგი წარწერაა ქართულ ენაზე:

ჰოჲ, დედუფალო, დედაო კაცთ მოყვარისა ღმრთისაო, ყოვლად უბიწოო ქალწულო მარიამ! შეიწყალე სული პატრონისა ჩემისა, დიდისა ყვარყვარეს შვილისა ქაიხოსროსი და მე, მონა შენი და ყოვლითურთ უღონო ქმნილი, საბრალო ამბროსი გმადლობ, რომელმან ღირს-მყავ უღირსი ესე მოჭედასა და შემკობასა წმიდისა ხატისა შენისა პორტაიტისა (კარისა). აჰა, დედუფალო, შეიწირე მცირე ესე, ჩემ ცოდვილისა მიერ კადრებული და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა უცოდველად და, ჟამსა საწყალობლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, შემეწიე და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი, და წარმადგინე ცოდვილი საყდართა მისსა და ღმრთისა შენისათა დიდებად ძისა შენისა და თანადაუსაბამოჲსა მამისა მისისა და ყოვლად წმიდისა სულისა მისისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ივერიის ხატი 27 აპრილს გამოჩნდა და დღესასწაული ათონზე ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათსაა დადგენილი. ამ დროს წმიდა ხატით ლიტანია იმართება ზღვის სანაპიროზე, სადაც განდეგილმა ბერმა გაბრიელმა გამოაბრძანა იგი და ლიტურგია აღესრულება.

საქართველოში ივერიის ღვთისმშობლის ხატის რამდენიმე ასლია დაბრძანებული.

სიონის ივერიის ღვთისმშობელისიონის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი 1989 წლის 26 სექტემბერს ათონის ივერთა მონასტრიდან თბილისში ჩამოაბრძანეს. პორტაიტისას ასლი წმიდა მთის ბერებმა შეასრულეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ქართველი ერისადმი სიყვარულისა და მადლიერების ნიშნად.

მთელი საქართველო ზეიმობდა ამ დღეს. ერის იმდროინდელ გაჭირვებაში ივერიის მფარველი ხატის ჩამობრძანება ყველამ ზეციურ კურთხევად აღიქვა და ეს დღე საქართველოს ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც დღესასწაული.

ხატი დაბრძანებულია თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში.

ბოდბის ივერიის ღვთისმშობლის ხატი ბოდბის ივერიის ღვთისმშობელი– ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი, სასწაულებით განდიდებული, მდებარეობს ბოდბის დედათა მონასტერში წმიდა ნინოს საფლავზე. ეს ხატი ათონის მთაზე დაიწერა 1905 წელს. იგი მონასტრის ერთ-ერთ სიწმიდეს წარმოადგენს. ხატს კომუნისტების დროს საავადმყოფოდ გადაკეთებულ მონასტერში რენტგენის კაბინეტში მაგიდად იყენებდნენ. ღვთისმშობელი ერთ ექიმ ქალს გამოეცხადა და ხატის თავის ადგილზე გადასვენება უბრძანა. ერთხელ ერთმა ურწმუნო ადამიანმა ამ ხატის შეურაცხყოფა სცადა და დანით დაუსერა სახე, რისთვისაც მკაცრად დაისაჯა და სრულიად ჯანმრთელი მოულოდნელად გარდაიცვალა.

მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის ივერიის ღმრთისმშობლის ხატისამთავროს მონასტრის ივერიის ღვთისმშობელიხატის ისტორიას მოგვითხრობს მასზე არსებული წარწერა: “განგებითა სამ მნათობიერისა ღვთისა და წამისყოფითა ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისათა, მე უნდომან მონამან მისმან, მონაზონმა ილია, ივერიის მონასტრის ძმათაგანმა, შენდობითა სულიერისა მამისა ჩემისა, სქიმონაზონი მაკარისა, დავახატვინე წმიდა ხატი ესე სახელწოდებით სასწაულმოქმედი დედა ღვთისა ივერიის კარისა და შევწირე მცხეთის “სამთავროს” ფერისცვალების დედათა მონასტერს, ვითარცა მფარველად მიურულებლად, სარწმუნოებითა და შიშითა ღვთისათა მკვიდრთა მას შინა, ვასრულებ ჩემი წრფელი გულით დაპირებულსა, სულიერის ძმისა პავლე ჯაფარიძისა, რომელმან მაიძულა ამის სრულყოფად. ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო მწე და მფარველ გვეყავნ, ამინ! ათონის მთა. წმიდა ივერიის ქართველთა მონასტერი. 1919 წ.”

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

20 კომენტარი »

  • Beso says:

    Iveriis yovladwminda gvtismshobelo,shegvewie da gvacxovne chven.

  • ნათია says:

    დასაბამიდან დღემდე, არსად და არასდროს არ წარმოუთქვავთ სიტყვა,რომელიც შეიძლება ითქვას ადამიანზე, რომელმაც შეიტყო ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის შესახებ და არ ირწმუნა ამ ხილიული სასწაულის.მაგრამ ვაი,რომ დაბრმავებულნი ვართ ამქვეყნიური ცხოვრებით და ვერ ვამჩნევთ წყალობას,რომელიც უფალმა გვიბოძა გადასარჩენათ. ღვთისმშობელო შეიწირე ჩვენს მიერ წარმოთქმული ლოცვა,რომელიც ვერ მოდის გულიდან,ნუ ჩაუღრმავდები ჩვენს ცხოვრებას,რადგან სამარცხვინოა იგი,შეგვეწიე,დაგვიცავი ჩვენ ყოველივე ბოროტისაგან და გაგვხადე ღირსი,რომ იქ, თუნდაც შორეულ მომავალში,აღვიარებდეთ ვადიდებდეთ და თაყვანს ვცემდეთ ერთადერთ მეუფეს, ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა. ღვთისმშობელო ქალწულო შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩვენ.

  • ზურაბ ვარაზი says:

    1990 წელს ვიყავი მოსალოცად ათონის ივერონის მონასტერში. მქონდა ისეთი შეგრძნება, რომ სტუმრად ვიყავი ღვთისმშობლის სახლში.ერთთ საღამოს 12 საათზე გამიჩნდა აზრი გავსულიყავი მონასტრის ეზოში და მენახა ივერიის ღვთისმშობლის ხატი.ტაძარი ამ დროს დაკეტილია, მაგრამ გადავწყვიტე შემეხედა ფანჯრიდან.მთელ მონასტერს ამ დროს სძინავს.ისეთი სიჩუმე იყო საკუთარი გულისცემა მესმოდა.ფეხაკრეფით გავიარე ეზო.სარკმლიდან სინათლე გამიდოდა.შევიხედე და დავინახე ივერიის ღვთისმშობლის ხატი, რომელთანაც 12 დაუძინებელი კანდელი ენთო.თვალს ვერ ვაშორებდი მის სიდიადეს. თავში ერთი აზრი მომდიოდა–მსოფლიოს დედა სახლშია.წარუშლელი შთაბეჭდილებით დავბრუნდი კელიაში.ღვთისმშობელთან ახლოს ვიყავი….მადლობა ღმერთს.

  • ხვიჩა says:

    ნამდვილად წარუშლელი შთაბეჭდილება მიგიღიათ ბატონო ზურაბ. მე მსგავსი რამ განვიცადე ზუგდიდში ყოფნის დროს, როდესაც ღვთისმშობლის კვართი გამოაბრძანეს ვიდექი და თავისით მომდიოდა ცრემლი, მზად ვიყავი ყველას გადავხვეოდი სიყვარულით და ყველასგან შენდობა მეთხოვა… ასეთი ბედნიერი და ამაღლებული არასოდეს ვყოფილვარ… დედა ღვთისმშობელმა გვერდით ჩამიარა და მე მის წმიდა კალთას ვემთხვიე…

  • MANANA says:

    დედაო ხვთისავ!-იმედო,მხსნელო ჩვენო,შეეწიე ჩვენ ურწმუნოებას,მცირემორწმუნეობას ნუ მიგვატოვებ ჩვენი,ნებით თუ უნებლიედ ჩადენილი ცოდვების გამო,მფარველო ჩვენო გაგვხადე შენი წილხვედრი მიწის შვილები ღირსი ქრისტეს ღირსეული მხედრობისა და საფარველითა თქვენითა დაგვიხსენით ხილული და უხილავი მტრის ბოროტი ხლართებიდან!!!გიხაროდენ სახიერო მეკარეო,- მორწმუნეთა სამოთხის ბჭის გამღებელო!!!

  • diana says:

    dzalian didi shtavechtileba damrcha kargia rom aseti kargi winaprebi gvyavs.maq iveriis monasterze patara nawyveti wanakitxi vici rom iq mivida tornike eristavi.is berad akurtxa ioanem

  • დარო says:

    ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი. დედაო ხვთისავ!იმედო,მხსნელო ჩვენო,შეგვეწიე ჩვენ და საქართველოს. .

  • tiko dvalidze says:

    Umceod viceki didxans, uimedod.gvtis mshobeli mariami gamomecxada da mitxra:adeki, shen ukve dadixar! Camovdeki da sirbili davicke…usazgvro iko mshoblebis sixaruli.es iko chems cxovrebashi pirveli sascauli! Mas shemdeg chemi mteli arsebit, gulit vatareb sikvaruls, mocicebas,rcmenas uflisa da gvtis mshobeli mariamis mimart!

  • me rogorts vitsi natsinastsarmetkvelebia Rom gvtismshoblis khati gauchinardeba 2015 tslis 30 Sectembers 1028 dgit da shemdeg sakartveloshi gamochndeba shav zgvashi.Kholo 2014-2015 tselsr itirebs siskhliani tsremlebit .pirvelad 2014 tslis 18 aprils,meored noembris pirvel ritskhvebshi ,mere 7 Aprils 2015 tslis .

  • me regorts vitsi natsinastsarmetkvelebia rom gvtismshoblis khati gauchinardeba zgvashi 2015 tslis octombris dasatskisshi zgvashi.1028 dgit .Shemdeg sakartveloshi gamochndeba shaw zgvashi 1029 -e dges .Itira siskhliani tsremlebit 2014 tslis 31 octombers ,mere 2014 tslis 18 aprils , mesamed 2015 tslis 7 aprils 3-3dgit,tu sectembris bolosats itira 2015 tslis nishnavs rom omi ikneba .

  • თინათინი says:

    დაუჯდომელი საგალობელი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა,
    პატივად საკვირველთმოქმედისა ხატისა მისისა ივერიისა,

    პორტაიტისად წოდებულისა.

    – See more at: http://www.orthodoxy.ge/lotsvani/akatisto/iveriis.htm#sthash.zwcPm8lG.dpuf http://www.orthodoxy.ge/lotsvani/akatisto/iveriis.htm

  • თინათინი says:

    სავედრებელი ლოცვა

    ჵ, ყოვლადწმიდაო, ღმრთისმშობელო კარისაო, ჭეშმარიტო წინამძღუარო ცხორებისა ჩუენისაო, და მფარველო და მოღუაწეო ქართველთა ერისაო! მოხედვაჲ ჰყავ ზეცით წყალობით და მოიჴსენე უფლისა მიერ და ძისა შენისა წილად ხვდომილი ესე შენად ქუეყანაჲ და საზეპუროჲ ერი, ვითარმედ აღთქუმულ გაქუს შენ ჟამსა შეჭირვებისასა დაცვაჲ და დაფარვაჲ ჩუენი.

    ჵ, ყოვლად კურთხეულო დედაო და ქალწულო, მარიამ ღმრთისმშობელო! დედობრივსა მადლსა და შეწევნასა შენსა მარადის შევრდომილნი გუაკურთხენ და განგვწმიდენ ცისკროვანებითა საკჳრველთმოქმედისა ხატისა შენისაჲთა, და თანამბრძოლ გუეყავ ჩუენ მარადის, ვითარცა აღგჳთქუ, წინააღმდგომად მბრძოლისა, ჩუენ ზედა აღბორგებულისაჲსაю, რამეთუ მტერნი იგი ჭეშმარიტებისანი ზაკულითა განზრახვითა შეთქუმულ არიან მართლმორწმუნეთა ზედა და ძალითა და ნიშნებითა სიცრუვისაჲთა იღუწიან, რაჲთა ერიცა საუფლოჲ განხრწნეს და გამოაჩინეს ერად ბნელისა. გარნა ჩუენ შეძრწუნებულნი ვეძიებთ ღონესა განრინებად ურიცხუთა განსაცდელთაგან და გევედრებით შენ: ქალწულო პორტაიტისაო, მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა დაგჳცევ მზაკუვარებათაგან და საცთურთა მზაკუვარისა ეშმაკისაჲთა, რომელსა ჰნებავს წარწყმედაჲ ჩუენი, რაჲთა არა მოვიღოთ ბეჭედი იგი ანტიქრისტესი და არა თაყუანის-ვსცეთ მას, არამედ მეფჱ ქრისტჱს-მოყუარჱ ცხებულ იქმნას და გჳრგჳნოსან საყდარსა ზედა სრულიად საქართველოჲსასა, რაჲთა კეთილად განაგებდეს და იურვიდეს ერსა, აღრჩეულსა შენ მიერ, ვითარცა საკუთარსა, და აღამაღლებდეს და აღადგენდეს Кღირსებასა და ძლიერებასა ქუეყანისა ჩუენისასა. განაძლიერე დიდი მეუფე ჩვენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაჲ ჩუენი ილია და ყოვლად-სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღდელონი და სამონაზნო წესნი. განანათლენ ქრისტჱსმოყუარე მთავრობაჲ და მჴედრობაჲ მისი; ყოველნი ერნი წილხდომილისა ქუეყანისა შენისანი პატიოსნითა მეოხებითა დაიცვენ. ევედრე ძესა შენსა და უფალსა ღმერთსა ჩუენსა იესუს, რაჲთა შეგჳნდოს ეკლესიათა მოოხრებანი, სიწმიდეთა შეგინებანი, ხატთა და ჯუართა დამუსრვანი, ღმრთისმსახურთა მკულელობანი, ღალატი, შური, ცრუ-ბეზღობანი, საშოსა შინა ჩვილთა ჩუენთა კლვანი და სხუანიცა შეცოდებათა ჩუენთა სიმრავლენი.

    ჵ, წმიდაო უბიწოო, ქალწულო ღმრთისმშობელო! აღმომიყუანენ ჩუენ სიღრმეთაგან ცოდვათასა, და მიჴსნენ ჩუენ სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახჳლისა და ზედამოსლვისაგან უცხო თესლთაჲსა, და ტომთაგან ბრძოლისა, და უცნაურისა სიკუდილისა, და ზედა დასჴმისაგან მტერთაჲსა, და განმხრწნელისაგან ქარისა, და ყოვლისაგან სიკუდიდ-შემოსილისა წყლულებისა და ყოვლისაგან ბოროტისა, მოგუეც, დედოფალო, მშჳდობაჲ და სიმრთელჱ მონათა ამათ შენთა _ მართლმადიდებელთა ქრისტეანეთა, და განანათლენ გონებანი ჩუენნი, და თუალნი გულისა ჩუენისანი, რაჲთა ვსცხონდეთ, და ღირს ვიქმნეთ ცოდვილნი მონანი შენნი სასუფეველსა ძისა შენისა და ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისაჲსა, რამეთუ მეუფებაჲ მისი კურთხეულ არს და დიდებულ, თანა დაუსაბამოთ მამით მისით და ყოვლად-წმიდით და ცხოველს-მყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

    – See more at: http://www.orthodoxy.ge/lotsvani/akatisto/iveriis.htm#sthash.zwcPm8lG.dpuf

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი