მთავარი » ქრისტიანობა

ათი ქალწულის შესახებ – წმ. მამათა სახარებისეული მსჯელობანი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.01.2024 | 99 ნახვა

ხუთი ბრძენი ქალწული და ხუთი უგუნური. წაიკითხე: ხუთი ბრძენი და ხუთი უგუნური ადამიანის სული. ბრძენთ ლამპარი და ზეთი მოჰქონდათ, უგუნურთ – მხოლოდ ლამპრები.

ლამპარი სიმბოლურად სხეულს აღნიშნავს, ხოლო ზეთი კი მადლს. აქედან წარმოსდგება სიტყვა „პოლიელეი“, ე.ი. მრავალი წყალობა. ის გათენებისას სრულდება, ფსალმუნთა გალობისას, უფლის უდიდესი წყალობისა და რჩეული ერის შესახებ სიტყვათა განმეორებით: (იხ. ფს. 134,135) „უკუნისამდე არს დიდებაჲ მისი, ალილუია!“

ბრძენმა ქალწულებმა სხეულებრივი და სულიერი სიწმინდის შენარჩუნებით უდიდესი წყალობაც შეინარჩუნეს, წყალობა მათ მიმართ, ვინც მათზე სუსტი იყო და ცოდვისაგან ვერ გათავისუფლდა. უგუნურნი მკაცრად იცავდნენ სხეულებრივ სისუფთავეს, სხვებს კი უმოწყალოდ და ცივად შეჰყურებდნენ, ქედმაღლურად გმობდნენ და ზიზღით ზურგს აქცევდნენ მათ, „ისინი სამართლიანად იწოდებიან უგუნურებად, – წერს წმიდა ნილოს სინელი, – რადგანაც მაშინ, როდესაც ესეოდენ რთულ და ძნელადმისაღწევ ქალწულების ღვაწლში წარემატნენ, არაფრად ჩააგდეს მცირე და მსუბუქი“. უგულებელსყვეს წყალობა, თანალმობა, მიტევება! სუფთა, მაგრამ ცარიელი და ბნელი ლამპრები! როდესაც სიკვდილი მოვა და სხეული მიწას შეერთვის, ზეთი წყალობისა უნდა წარუძღვეს სულს და გაუნათოს მას გზა მარადიული მამულისაკენ!

ამის გარეშე დარჩენილ ზეთს უკუნი შთანთქავს.

ბჭენი უკუნეთისანი! როგორ განვიდეთ ამ ვიწრო კარში? სული შიშობს და თრთის: მის ირგვლივ საშინელი ლანდები და მოჩვენებანი არიან, კოშმარული სიზმრების მსგავსნი, მძინარე ადამიანს რომ სტანჯავს. ვინ შეიწყალებს? ვინ გაუწვდის სინათლის სხივს? უფალი შეიწყალებს და მოწყალენი შეიწყალებენ, რამეთუ ნათქვამია: „ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ“ (მათე 5, 7). მათ, ვინც მოწყალეა ქმნილებისადმი, შემოქმედიც შეიწყალებს. განა ეს ნუგეში და ჭეშმარიტება არ არის? განა მუქარა არ არის უმოწყალოთათვის?

ჩემს მეზობლად ერთი ხნიერი ქალბატონი ცხოვრობდა. ცნობილი იყო, რომ იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში ხორცის სიწმინდეს იცავდა. ეს ღვთისმოსაობა ქების ღირსი იყო, მაგრამ დღიდან დღემდე იგი გესლიან ისრებს აყრიდა ქორწინებაში და „ცოდვაში“ მცხოვრებთ. დილიდან საღამომდე ტრაბახობდა თავის ქალწულებით და აძაგებდა მათ, ვინც მისი აზრით არაწმინდა ცხოვრებით ცხოვრობდა. ერთმა მღვდელმა საუბარში მის შესახებ თქვა: „თუკი თქვენ არ იცით, ვინ არის უგუნური ქალწული სახარებისეული იგავიდან, აი – ის!“ და ჭეშმარიტად უგუნურება მრავლდება, როცა ადამიანი მხოლოდ ერთ სათნოებას ფლობს, დანარჩენში კი სცოდავს. ასე მგზავრს ღამის სიბნელეში წყვდიადი უფრო სექლი ეჩვენება, როცა ფანრის შუქზე ირგვლივ მიმოიხედავს. დიდი სიბრძნე მხოლოდ ერთ სათნოებაში კი არ მდგომარეობს, არამედ სათნოებათა თაიგულში. ნათქვამია: „სიბრძნემან იშენა თავისა თჳსისა სახლი, და ქუეშე შეუდგნა მას შჳდნი სუეტნი“ (იგავ. 9,1). „ის სული გახლავთ ყველაზე ბრძენი, რომელმაც შვიდი ძირითადი სათნოება მოიხვეჭა“.

ქრისტეს ამ იგავს ღრმა სულიერი მნიშვნელობაც აქვს. ხუთ უგუნურ ქალწულში ხუთი გარე გრძნობა უნდა ვიგულისხმოთ, ვინც მხოლოდ იმით ცხოვრობს, რასაც ხედავს და გრძნობს, გრძნობებზე კონტროლისა და გონიერების გარეშე მას უგუნური სული აქვს. როცა სიკვდილი ასეთ სულზე თავის ფარდას ჩამოაფარებს, იგი სრულ წყვდიადში დარჩება. ხოლო ხუთ გონიერ ქალწულში ხუთი შინაგანი გრძნობა იგულისხმება, რომლებიც გონივრულად აკონტროლებენ გარე გრძნობებს და ფლობენ მათ. ეს შინაგანი გრძნობები მიწიერი ცხოვრების ჟამს სულს სინათლით ავსებენ, რომელიც მასში რჩება და ანათებს, როცა სიკვდილი გარე გრძნობებს თავის საფარველს გადააფარებს ხოლმე.

წმინდა ნიკოლოზ სერბი




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი