მთავარი » ჯანმრთელობა

ათერომა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.02.2013 16 კომენტარი | 18,072 ნახვა

ალბათ, ყველას გვინახავს ცხიმოვანი წანაზარდები თავზე, სახეზე და ა.შ. ამ მეტად უსიამოვნო წარმონაქმნის მიზეზი ხშირად ათერომა ხდება.

ათერომა ათერომა (ბერძნ. “ატჰერე” – ფაფა, “ომა” – სიმსივნე) კანსა და კანქვეშა ქსოვილში განვითარებული კისტოზური წარმონაქმნია. ხალხში ძირითადად ცხიმგროვის სახელით არის ცნობილი.

როგორი დაავადებაა ათერომა? ამ თემაზე “ამბიონს” კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრის ექიმი-დერმატოლოგი ლიკა ბარელაძე ესაუბრა:

რა არის ათერომა?

ათერომა წარმოადგენს კლასიკურ კისტას თავისი კაფსულითა და შიგთავსით. შიგთავსს ქმნის სქელი, ფაფისებრი მოყვითალო მასა, რომელიც შეიცავს ამორფულ და კრისტალურ ცხიმოვან ნივთიერებებს ეპითელურ უჯრედებთან ერთად. კისტის შიგთავსს ზოგჯერ უსიამოვნო სუნი აქვს. ათერომა ცხიმოვანი ჯირკვლის გამომტანი სადინარის დახშობის შედეგად წარმოიშობა.

ათერომა უმთავრესად ცხიმოვანი ჯირკვლებით მდიდარ ადგილებზე ჩნდება, ყველაზე ხშირად – თავზე, კისერზე, ზურგზე,სახეზე, შედარებით იშვიათად – ხელზე, შორისის მიდამოში, სათესლე პარკისა და გარეთა სასირცხო ბაგეების არეში. ათერომა ორივე სქესის ადამიანს ნებისმიერ ასაკში შეიძლება გაუჩნდეს. შეიძლება იყოს როგორც ერთეული, ისე – მრავლობითი.

ათერომას ფორმები არსებობს?

ათერომას მიაკუთვნებენ კანის ეპითელურ კისტებს, რომლებიც, მიკროსკოპული შენებიდან გამომდინარე, რამდენიმე სახეობად იყოფა. ესენია: ეპიდერმული (ეპიდერმოიდული) კისტა, დერმოიდული კისტა, მრავლობითი სტეატოცისტომა. კლინიკური გამოვლინებითა და მკურნალობით ყველა ერთმანეთს ჰგავს, ამიტომ მათ, პირობითად, ათერომებად მოიხსენიებენ.

რა სიმპტომები ახასიათებს ათერომას?

ათერომა გარეგნულად მრგვალი სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნია, თუმცა სიმსივნე არ არის. რბილია, ზომით 5-დან 40 მმ.-მდე, ზოგჯერ – უფრო დიდიც. ათერომის ზედაპირზე კანი, ჩვეულებრივ, უცვლელია, თუმცა მეორეული ინფექციის დართვისას შესაძლოა მოწითალო ფერი მიიღოს. ათერომა, წესისამებრ, გარემომცველ ქსოვილებთან ერთად მოძრავი და უმტკივნეულოა. ის შესაძლოა წლების განმავლობაში არ გაიზარდოს, ან საკმაოდ მოკლე ხანში საგრძნობლად მოიმატოს ზომაში.ზოგჯერ ათერომა კანის ზედაპირს მცირე ზომის სანათურით უერთდება. ამ სანათურის საშუალებით ათერომული მასა (კისტის შიგთავსი) შესაძლოა გარეთ გამოვიდეს.ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ ათერომა მემკვიდრეობითი პათოლოგიაა, ზოგიერთის აზრით კი, ის ნივთიერებათა ცვლის, ან ჰორმონული ბალანსის დარღვევის შედეგია. მრავლობითი ათერომის განვითარებაში ეკოლოგიური ფაქტორები – არასწორი კვება და ცხოვრების არაჯანსაღი წესიც ახდენს გავლენას.

რამდენად საშიში დაავადებაა იგი?

ათერომა ათერომა არ არის საშიში დაავადება. ის კეთილთვისებიანი კისტოზური წარმონაქმნია, რომელიც არ იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებს. ის არ გადაგვარდება ავთვისებიან ფორმად.

როგორ ხდება ათერომის დიაგნოსტიკა?

ის ხშირად ლიპომაში ერევათ. ლიპომა ცხიმოვანი ქსოვილისგან განვითარებული კეთილთვისებიანი სიმსივნეა. ათერომა, წესისამებრ, სხეულის ცხიმოვანი ჯირკვლებით მდიდარ უბნებში ჩნდება, ლიპომა კი – უმეტესად იმ ადგილებზე, რომლებიც კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილითაა მდიდარი.

დიფერენციალური დიაგნოსტიკა და სწორი დიაგნოზის დასმა მხოლოდ ექიმ სპეციალისტს შეუძლია ჰისტოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე.

მკურნალობა?

ნაჩვენებია ათერომის ქირურგიული მკურნალობა. ათერომის მოცილება (კაფსულიანად ამოკვეთა) ადგილობრივი ანესთეზიით ხდება. მალამოებითა და შინაგანად მისაღები პრეპარატებით მისგან განკურნება შეუძლებელია. ამჟამად, კლასიკურ ქირურგიულ მეთოდთან ერთად, ათერომის სამკურნალოდ ლაზერულ და რადიოტალღურ მეთოდებსაც იყენებენ. თუ ათერომა თავის თმიან ნაწილზეა ლოკალიზებული, კლასიკური ქირურგიული მეთოდით მისი მოცილებისას აუცილებელი ხდება თმის მოპარსვა, რაც მრავალ პაციენტს დისკომფორტს უქმნის მაშინ, როცა ლაზერული ან რადიოტალღური მეთოდებით მკურნალობისას ამის საჭიროება არ არის. არ მოითხოვს ნაკერების დადებას, არ ტოვებს ნაწიბურს. კისტის ლოკალიზაციის, ზომისა და სხვა თავისებურებების გათვალისწინებით, მკურნალობის მეთოდი ექიმმა სპეციალისტმა უნდა შეარჩიოს. ოპერაციის შემდეგ ამოკვეთილი ათერომის მასალა აუცილებლად უნდა გადაიგზავნოს ლაბორატორიაში ჰისტოლოგიური გამოკვლევისთვის.

ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, თუ ათერომა მცირე ზომისაა, არ იზრდება და რაც მთავარია, არ აწუხებს ადამიანს, მისი მოცილება აუცილებელი არ არის. თუმცა თუ მოხდა ათერომის დაინფიცირება მეორეული ინფექციით (წარმოიქმნება ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, ტემპერატურის მომატება, ფლუქტუაცია), ან მისი სპონტანურად გახსნა და ჩირქის გამოყოფა ცხიმიანი შემცველობით, აუცილებელია ოპერაციული ჩარევა. მეთოდს სპეციალისტი არჩევს. გართულებად ითვლება ჭრილობის მეორეული ინფიცირება,რაც არცთუ ისე ხშირია ჰიგიენური პირობების დაცვის დროს.

ექიმის რჩევა:

რადგან ათერომა ჩნდება ცხიმოვანი ჯირკვლებით მდიდარ არეებზე, ამიტომ აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა. საჭიროა გამოვიყენოთ ცხიმიანი კანისათვის განკუთვნილი დასაბანი საშუალებები. ასევე, მნიშვნელოვანია დროული მკურნალობა, რათა არ მოხდეს ათერომის ზომაში ზრდა, დაინფიცირება. თვითმკურნალობა ამ დროს უშედეგოა. ამიტომ უმჯობესია, მიმართოთ ექიმ სპეციალისტს,რომელიც გაგიწევთ სრულფასოვან კონსულტაციას.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

16 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი