მთავარი » ხატები და ფრესკები

ატენის სიონის მოხატულობა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.12.2013 2 კომენტარი | 6,819 ნახვა

მე-7 საუკუნის ატენის სიონის ტაძრის შიდა სივრცის შემამკობელი, ფრაგმენტებად შემორჩენილი ფრესკული მხატვრობა, ატენის ფრესკა უფრო გვიანი დროისაა. აქ ალაგ-ალაგ თავი უჩენია თავდაპირველი დეკორისა და ძველ წარწერათა ნაშთებს.

გუმბათში წითელი ფერით გამოუყვიათ დიდი რელიეფური ჯვარი – ტაძრის აზრობრივი კვანძი. განედლებული ჯვრის მომცრო, წითელი და თეთრი ფერით შესრულებული გამოსახულებები მონიშნავდა აფსიდების რვა შვერილის ქვედა ნაწილს, აგრეთვე სამკვეთლოსა და სადიაკვნოს შესასვლელებს. კუთხის ოთხი ტრომპის მარაოსებრი წყობა წითლად შეღებილი და შეუღებავი ზოლების მონაცვლეობით იყო ხაზგასმული. ოთხი აფსიდის კონქებში იმავე ხერხით დატანილი კუბოკრული მოხატულოობა პირობითად თაღის წყობის იმიტაციას წარმოადგენდა, ხოლო სარკმლების თამასემისა და თაღების დამამშვენებელი ნახატი – წყობის წიბურებისას.

მოუხატავად დატოვებული კედლების ქვედა ნაწილში შემდეგში სხვადასხვაგვარი წარწერები შეუსრულებიათ – ლოცვები ან მოსახსენებლები, რომლებიც შეიცავდა ქართლის განმგებელ ბაგრატიონთა თუ სხვა პირთა ვინაობას და გარდაცვალების თარიღებს. უძველესი გამოვლენილი წარწერა მე-8 საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება. არის მე-9 და მე-10 საუკუნეთა წარწერებიც.

საქართველოში, სადაც მთლიანი მოხატულობა მე-11 საუკუნიდან სავალდებულო გახდა, დაიწყეს ტაძრების ხელახვა მოხატვა. ატენის სიონიც ამგვარ ტაძართა რიცხვს განეკუთვნება.

ახალი მოხატულობის შემქნელებს თავდაპირველი დეკორის ჩინებული ბათქაში გამოუყენებიათ და ქართული მონუმენტური მხატვრობისთვისაც ტრადიციული „მშრალი“ ატენის ფრესკა ხერხით უხატიათ მასზე. ოღონდ ძველ ოსტატთაგან განსხვავებით, მათ ტაძრის მთელი ინტერიერი შეუმკიათ ფერად-ფერადი ანტროპომორფული მხატვრობით. მე-11 საუკუნესვე მიუთითებენ თვით მოხატულობის იკონოგრაფიული და სტილისტური ნიშნები, ხოლო ქტიტორთა გამოსახულებების ანალიზით, მოხატულობის შესრულების დრო მე-11 საუკუნის მეორე ნახევრით განისაზღვრება.

ქტიტორთა ჯგუფური პორტრეტი, დასავლეთი მკლავის ჩრდილოეთი კედლის მოხატულობის ქვედა რეგისტრში წარმოდგენილი, შეიცავს საკურთხევლისაკენ მიმართულ, ვედრების პოზაშ მყოფ ექვს ფიგურას. ბემაში ორი ფიგურაა გამოსახული: მონაზვნის ტანსაცმლით მოსილი ბერიკაცი და აღმოსავლური ყაიდის მდიდრულ სამოსელში გამოწყობილი ჭაბუკი. რიგი გრძელდება აფსიდში შემდეგი პორტრეტებით: ბიზანტიური ტიპის სამეფო სამოსელიანი შუახნის მამაკაცი, დიადემითა და მანტიით მოკაზმული მამაკაცი, რომელსაც ბიჭუნასთვის ჩამოუკიდია ხელი. შემდეგ შემორჩა რაღაც გამოსახულების უმნიშვნელო ფრაგმენტი და დასასრულ, გამოსახულია დედოფლის თუ სეფექალის სამოსელში გამოწყობილი მანდილოსანი.

თავდაპირველად მეცნიერთა ერთი ნაწილი პორტრეტებს აიგივებდა მე-9-10 საუკუნეთა მიჯნის, ხოლო მეორენი – მე-11 საუკუნის მეორე ნახევრის მოღვაწეობასთან. დღეისათვის მეორე მოსაზრება ითვლება დამკივდრებულად. შემორჩენილი წარწერების საფუძველზე იდენტიფიცირებულია მხოლოდ სამოსლიანი მამაკაცის პორტრეტი – ესაა „მეფე გიორგის მამა“, ე.ი. საქართველოს მეფე ბაგრატ IV (1027-1072). ერთი მოსაზრების თანახმად, ჭაბუკის პორტრეტი გაიგივებულია ბაგრატ IV-ის ვაჟთან, გიორგი II-სთან და ნავარაუდებია, რომ მხატვრობა შესრულდა მისი მმართველობის დროს, XI საუკუნის 70-იან ან 80-იან წლებში, მაგრამ, ამ ვარაუდს ეწინააღმდეგება ის გარემოება, რომ ქტიტორი გამოსახულია ფრესკაზე როგორც 15-17 წლის უწვერულვაშო ჭაბუკი. ატენის მთავარანგელოზი სხვა თვალსაზრისით, ჭაბუკის პორტრეტი ასევე გიორგი II – სთანაა გაიგივებული, მაგრამ ნავარაუდევია, რომ მხატვრობა შესრულდა ბაგრატ IV -ის მეფობისა და მისი ვაჟის გიორგი II -ის თანამმართველობის დროს, XI საუკუნის 60-იან წლებში. არსებობს მოსაზრება, რომ ჯგუფურ პორტრეტში წარმოდგენილი არიან: გიორგი მთაწმინდელი, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა ბაგრატ IV-ის მოწვევით 1060-1065 წლებში, გიორგი II, ბაგრატ IV და ბაგრატიონთა გვარის უცნობი წარმომადგენლები. ახალი თეორემის თანახმად, ჭაბუკის პორტრეტი იდენტიფიცირებულია არა ბაგრატ IV – ის ვაჟთან, არამედ შვილიშვილთან – მეფე დავით აღმაშენებელთან, შესაბამისად, მოხატულობა განეკუთვნება მე-11 საუკუნის შუახანებს.

გამოთქმულია მოსაზრება, რომ ატენში წარმოდგენილნი იყვნენ: გიორგი ჭყონდიდელი, დავით IV, ბაგრატ IV, ფეოდალები ბაგრატიონთა საგვარეულოდან, გიორგი II, დედოფალი, შესაძლოა გიორგი მეორის თანამეცხედრე…

ნათელია, რომ ატენის მოხატულობა შესრულებულია XI საუკუნის მეორე ნახევარში, ქართველ მეფეთა ან მათთან ახლო მდგომ პირთა დაკვეთით.

ატენის მოხატულობის იკონოგრაფიული სქემა ძველ ქართულ ტრადიციას მისდევს და ნაწილობრივ იმითაც განისაზღვრება, რომ ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისაა და ღვთისმშობლის სახეს მთავარი ადგილი უჭირავს, მისი ცხოვრება კი წარმოდგენილია სცენების ვრცელი ციკლით.

გუმბათის მხატვრობა შემორჩენილია ფრაგმენტულად: გუმბათის კამარაში – ჯვარი, გუმბათის ყელში – წინასწარმეტყველები, ტრომპებზე – მახარებლები, ტრომპების ნახევარწრეებში სამოთხის ოთხი მდინარის პერსონიფიკაციებია. აფსიდებში დამოუკიდებელი იკონოგრაფიული ციკლებია შემორჩენილი.

საკურთხევლის აფსიდის კონქში გამოსახულია ღვთისმშობელი ნიკოპეა, ბემის კამარაზე – ქრისტე ყოვლისმპყობელი და ოთხი წინასწარმეტყველი, აფსიდის კედლებზე – თორმეტი მოციქული, ცენტრში – პატარა ჯვარი. ბემის კედლებზე ზიარების ორნაწილიანი სცენაა; ქვემო რეგისტრში ეკლესიის ათი მამის გამოსახულებაა, შუა სარკმლის წირთხლებხე – ორი მესვეტის, აფსიდის შვერილებზე – ორი დიაკვნისა.

სამხრეთ აფსიდი იყოფა ოთხ რეგისტრად. ზედა რეგისტრში გამოსახულია მთავარანგელოზი და აპოკრიფული სცენები ღვთისმშობლის ცხოვრებიდან; კონქის აღმოსავლეთ ნაწილში – ძღვენის უარყოფა, ყვედრება იოაკიმესაგან ანასი, ანას ხარება, იოაკიმეს ხარება. ატენის მოხატულობა მეორე რეგისტრში – შეხვედრა ოქროს კარიბჭესთან, ღვთისმშობლის დაბადება, ღვთისმშობლის შვიდი ნაბიჯი, ტაძრად მიყვანება; მესამეში – ხარება, მარიამის და ელისაბედის შეხვედრა, ღვთისმშობლის წყლით მხილება, იოსების სიზმარი; მეოთხეში – შობა და ღვთისმშობლის მიძინება.

ჩრდილოეთ აფსიდიც ოთხ რეგისტრად იყოფა და აქაც ზედა რეგისტრში მთავარანგელოზია გამოსახული; კონქში – მირქმა და ნათლისღება; მეორე რეგისტრში – ფერისცვალება, ლაზარეს აღდგინება, იერუსალიმში შესვლა; მესამეში – საიდუმლო სერობა, ჯვარცმა, ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა, მენელსაცხებლე დედანი; მეოთხეში – ამაღლება, სულიწმიდის მოფენა.

დასავლეთ აფსიდი მთლიანად უჭირავს განკითხვის დღის რთულ კომპოზიციას. ბემის თაღში გამოსახულია ანგელოზი, რომელიც ცის კამარას ახვევს; აფსიდის პირველ რეგისტრში – ვედრება მოციქულებით და ანგელოზებით (ნაწილი ფიგურებისა ბემში გადადის); მეორე რეგისტრში, ფანჯრის ზემოთ – ჰეტიმასია; აფსიდის სამხრეთ კედელზე, ორ რეგისტრში გამოსახულია სამოთხე წმინდანთა გუნდებით; ჩრდილოეთ კედლის ამავე რეგისტრებში კი ჯოჯოხეთის სცენების ფრაგმენტებია შემორჩენილი; ქვედა რეგისტრში წარმოდგენილნი არიან წინასწარმეტყველები. მოპირდაპირე მხარეს ქვედა რეგისტრის გაგრძელებაზე ქტიტორთა პორტრეტებია.

მეორე ფენის მხატვრობის კომპოზიციები მკაცრი და მონუმენტურია. კოლორიტი აგებულია ცისფრის სხვადასხვა ტონებზე – ბაცი მონაცრისფროდან სუფთა კობალტამდე და ამ ფერების მოვერცხლისფრო მწვანესთან, წითელსა და იისფერთან შეხამებაზე. სახეები მოდელირებულია ბაცი, ოდნავ მოყავისფრო ტონის ფართო მონასმებით.

ატენის მხატვრობა სრულიად განსხვავდება შუასაუკუნეთა გუმბათოვან ტაძრებში გაბატონებული ,,ათორმეტ დღესასწაულთა” სისტემისაგან, რომლის თანახმად, სახარების სცენები განლაგებული იყო წლიური ლიტრურგიკული კალენდრის მიხედვით ტაძრის სხვადასხვა მკლავში და გარს უვლიდა მას ზედა რეგისტრებიდან ქვედა რეგისტრებისაკენ. ატენის მოხატულობა ატენის მოხატულობის შემქმნელნი არამარტო გამოჰყოფენ სცენათა ცალკეულ ციკლს საგანებო მკლავებში და განალაგებენ მათ მოვლენათა ისტროიული თანმიმდევრობის მიხედვით, არამედ მოხატულობას იმგვარად აგებენ, რომ სახარების ციკლი იკითხება როგორც გაგრძელება და თვითშემადგენელი ნაწილი ღვთისმშობლის ციკლისა. ამის შედეგად ღვთისმშობლის თემა, რომელიც თითქოსდა იწყებს და ასრულებს კიდეც თხრობას, წამოწეულია წინა პლანზე.

ატენის სიონის მოხატულობის უჩვეულო აგება განპირობებული იყო ღვთისმშობლის აპოკრიფის საგანგებო რედაქციით. ასეთი აპოკრიფი მე-10-11 საუკუნეთა მიჯნაზე ექვთიმე მთაწმინდელს უთარგმნია ქართულად. შესაძლოა, ატენის მხატვრობის თეოლოგიური პროგრამის შედგენაში მონაწილეობდა გიორგი მთაწმინდელი, რომელიც, უეჭველია, იცნობდა თავისი წინამორბედის თარგმანს.

ატენის მოხატულობის იკონოგრაფიულ პროგრამას და, უწინარეს ყოვლისა, საკურთხევლისა და გუმბათის მოხატულობის პროგრამას ცენტრში გამოსახული ჯვრითურთ, რომელიც სათავეს იღებს ხატმებრძოლეობის წინარე ხანაში, ანალოგიები მე-9-13 საუკუნეთა ქართული მოხატულობის პროგრამებში მოეპოვება მხოლოდ.

თავისი იკონოგრაფიული და სტილისტური ნიშნებითა და შესრულების ოსტატობით ატენის სიონის მოხატულობა ქართულ მონუმენტური მხატვრობოს მნიშვნელოვანი ნიმუშია.

მოამზადა თეონა ნოზაძემ

წყარო: თინათინ ვირსალაძე, ატენის სიონის მოხატულობა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.