მთავარი » საზოგადოება

ათეიზმიდან მართლმადიდებლობამდე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.11.2009 | 2,283 ნახვა

ერთი ათეისტის განვლილი გზა

ათეიზმისიტყვა “ათეიზმი” ბერძნულიდან მომდინარეობს და უღმერთობას ნიშნავს. ამ ტერმინს სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვაგვარად აღიქვამდნენ. ძველ საბერძნეთში ათეისტად მიიჩნეოდა ადამიანი, რომელიც უარყოფდა უკვე არსებულ რელიგიურ შეხედულებებს, XVII საუკუნეში ათეისტები ღმერთის განგებულებას უარყოფდნენ.

თანამედროვე ეპოქაში კი ათეისტებს უწოდებენ ადამიანებს, რომლებიც აბსოლუტურად უარყოფენ ღმერთის და აქედან გამომდინარე, ზებუნებრივი ძალების არსებობას. სტატისტიკური მონაცემებით, იაპონიაში 64-65% თვლის თავს ათეისტად, რუსეთში – 48%, ევროპაში ეს რიცხვი საკმაოდ ცვალებადია, იტალიაში 6%-ია, შვედეთში კი 78% – აღნიშნა “ამბიონთან” საუბრისას თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა თეიმურაზ ბუაძემ.

ათეისტთა რიცხვი სამწუხაროდ, არც საქართველოშია მცირე. მათი დიდი ნაწილი თავის შეხედულებებს საზოგადოებაში თამამად აფიქსირებს. არჩილ შიშმანაშვილი ყოფილი ათეისტია, რომელიც ამ თემაზეც ღიად საუბრობს.

არჩილ შიშმანაშვილი: “15-16 წლის ასაკიდან მოყოლებული სულ ვამბობდი, რომ ჭეშმარიტებას ვეძებდი, ეს აზრი ალბათ უფრო ოჯახიდანაც მომდინარეობდა… მქონდა ლოგიკურად დალაგებული არგუმენტები, რითაც ბევრ მორწმუნე ადამიანს რწმენას ვურყევდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ არა მარტო ქრისტიანობა, არამედ ყველა რელიგია გამონაგონი იყო. არ მქონდა არგუმენტი რატომ უნდა გავმხდარიყავი ქრისტიანი და ლოგიკით ვერ მივდიოდი ღმერთის არსებობამდე. იყო რამდენიმე ათეისტი ადამიანი, ვისთანაც ამ თემებზე ვსაუბრობდი, ჩემს ათეისტობას კი ყველგან ღიად ვაფიქსირებდი, ვამბობდი რომ არ მწამდა ღმერთი. არ ვაქცევდი ყურადღებას, რას იტყოდნენ ადამიანები ჩემზე. დღეს კი ვცდილობ მეტ-ნაკლებად გავუფრთხილდე ადამიანის გრძნობებს”.

– რამ განაპირობა ცვლილებები შენში და რატომ მიიღე ეკლესიაში მისვლის გადაწყვეტილება?

– ცვლილება ჩემში რამდენიმე კომპონენტის შერწყმით მოხდა. ვხედავდი, ჩემს გარშემო მორწმუნე ადამიანები როგორ ზრუნავდნენ სხვებზე, არ უქმნიდნენ სხვებს პრობლემებს და მინდოდა, მათნაირი ვყოფილიყავი. რელიგიაზე კამათისას, მიუხედავად ჩემი ფუნდამენტურად დალაგებული და კარგად გააზრებული პოზიციისა, იმ ადამიანების რწმენა, ვინც ქრისტიანობას იცავდა არ შერყეულა. ამასთან, რამდენიმე მეგობარმა იწამა ღმერთის და დაიწყო ეკლესიაში სიარული. თუმცა, უმთავრესი იყო ის, რომ ადამიანისთვის, რომელიც შემიყვარდა, დაოჯახებისას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა ჯვრისწერას, არა იმიტომ რომ მორწმუნე იყო, არამედ სხვა ადამიანებისა და ნათესავების შეხედულებების გამო. ჩემთვის იმ მომენტში ჯვრისწერა და პირჯვრის გადაწერა თვალთმაქცობა იქნებოდა. მოძღვარმაც მითხრა რომ ჩემს მდგომარეობაში ჯვრისწერას აზრი არ ჰქონდა. ამ ფაქტმა პირველი დისკომფორტი შემოიტანა ჩემში.

ეკლესიაში მეორედ მისულმა ავუხსენი მოძღვარს, რომ ის, რასაც ეკლესია ქადაგებდა მესმოდა, მაგრამ არ მჯეროდა რომ ეს ყველაფერი ჭეშმარიტება იყო. მინდოდა გამეგო როგორ გამომემუშავებინა რწმენა. მოძღვრის კურთხევით დავიწყე დილა-საღამოს ლოცვების კითხვა. მეთოდმა გაამართლა. იმ დღიდან დაწყებული ვცდილობ, ქრისტიანული ცხოვრებით ვიცხოვრო. ლოცვები დამეხმარა ყველა კითხვაზე მიმეღო პასუხი. ეს უფლის წყალობა იყო.

– რა შეიცვალა ეკლესიაში მისვლის შემდეგ?

– ორწელიწად-ნახევარია რაც ეკლესიაში მოვედი, რაღაც საკითხებში უკეთესი გავხდი, გაცილებით დავმშვიდდი და ამის მადლიერი ვარ. შემხვდა სულიერი მამა, რომელიც ასკეტურად იცავს ეკლესიის მოთხონებს. მიზერული შანსი მქონდა რომ დიდი ხნის ათეიზმის შემდეგ ეკლესიური გავმხდარიყავი. თუმცა, უფალმა ყველაფერი ისე მოაწყო, რომ ხელი არაფერს შეუშლია.

ჩემს გადაწყვეტილებას ოჯახი საწინააღმდეგოდ შეხვდა, თუმცა ეკლესიაში სიარულს არავინ მიშლის. როგორც ყველა ადამიანი, მეც საკუთარი ძალების შესაბამისად ვცდილობ ეკლესიური მოთხოვნების შესრულებას. თუ ფარხმალს არ დაყრი ყველაფერი გამოვა. ვინ დაგვპირდა რომ ცხოვრება ადვილი იქნებოდა?

თეიმურაზ ბუაძე (თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი): “ფორმალურად ათეისტი შეიძლება იყოს ბავშვიც, რომელსაც ჩამოყალიბებული არ აქვს ღმერთის იდეა და ამიტომ არც აღიარებს მის არსებობას, მაგრამ ნამდვილი ათეისტი არის ისეთი ადამიანი, რომელის შეგნებულად ებრძვის ღმერთის არსებობის იდეას.

გამოყოფენ აქტიურ და პასიურ ათეიზმს. პასიური ათეისტები არიან ადამიანები, რომლებიც სერიოზულად არ დაფიქრებულან ამ საკითხზე და პროპაგანდისა და ათეისტური გარემოს ზეგავლენის მსხვერპლი არიან. ასეთი ათეისტის გამოსწორება რელიგიურ გარემოს და ცხოვრებისეულ კატაკლიზმებს ძალუძთ. აგრესიული ათეისტი ღმერთზე გაბოროტებული ადამიანია, თუმცა ფორმალურად არ აღიარებს მის არსებობას. მას თავისი ცხოვრების წესის გამო არ “აწყობს” ღმერთის არსებობის აღიარება. ასეთი ადამიანები როგორც წესი ადვილად ღიზიანდებიან ღმერთის ხსენებაზე, ცინიკოსები ხდებიან და ქედმაღლურად უყურებენ “გულუბრყვილო” მორწმუნეებს.

საერთოდ, ადამიანი ბევრად უფრო სუსტი არსებაა ვიდრე ათეისტს ჰგონია. მას ღმერთისაგან ყოველთვის სჭირდება დახმარება. ბევრი ათეისტი, განსაცდელისას ღმერთს მოუხმობს, თუმცა მისი არსებობა განსაცდელის გავლისთანავე ავიწყდება.

– როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს საზოგადოებას ათეისტების მიმართ?

– თუკი თქვენი ახლობელი ადამიანი ათეისტია, კარგი იქნებოდა მისთვის შეძლებისდაგვარად ქრისტიანული ლიტერატურა მიგვეწოდებინა. ადრე თუ გვიან ყველა ადამიანს უდგება კრიტიკული მომენტი ცხოვრებაში, ამ დროს მისი სული ღმერთს ეძიებს. იქნებ ამ დროს თქვენმა მიწოდებულმა ლიტერატურამ ან სიყვარულით ნათქვამმა სიტყვამ თავისი ნაყოფი გამოიღოს. ფსიქოლოგიური გამოცდილებაც მოწმობს, რომ უკეთესია ადამიანს მისდამი ყურადღება აჩვენო, ვიდრე პოლემიკური პოზიციით მიუდგე და დაუპირისპირდე.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.