მთავარი » ქრისტიანობა

ათანასე დიდი დღესაც მფარველობს ქართველებს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.07.2010 6 კომენტარი | 4,279 ნახვა

ათანასე დიდი963 წელს ათონზე ათანასე დიდის დამკვიდრებით ახალი ხანა დაიწყო არა მხოლოდ აქ, არამედ სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროშიც. მან სრულიად განსხვავებული სახის საზოგადოებრივ-სამონასტრო ცხოვრებას (კინოვიას) ჩაუყარა საფუძველი. კინოვიის ტიპის სავანეში ყოველ თანამოძმეს საერთო საჭიროებისამებრ ეძლეოდა მორჩილება.

პირველ მონასტერს წმიდა მიწაზე სწორედ ათანასე დიდის სახელი ეწოდა. ღირსი ათანასე დედით ლაზი იყო. ის ქართველებს ყოველთვის განსაკუთრებულად მფარველობდა. მან ათონის მთაზე ქართველების დამკვიდრებასა და გამრავლებას შეუწყო ხელი. წმიდა იოანე, ვის სახელსაც ქართველთა სავანის დაარსება უკავშირდება, წმიდა ათანასემ შეიფარა და შესაფერისი პატივი მიაგო. მისი დახმარებით ათონის მთის ქართველთა მონასტერმა ნაოსნობის უფლება მოიპოვა. შემორჩენილია ღირსი მამის ანდერძი, რომელშიც იგი ლავრელ ბერებს ქართველების სიყვარულს მოუწოდებს – თითქოს გრძნობდა წმიდა მამა, რა შავ დღეში ჩააგდებდნენ ისინი ერთმორწმუნე ქართველებს. ამ ანდერძითვე იგი სიკვდილის შემდეგ თავისი ლავრისა და სრულიად ათონის მართვა-გამგებლობას იოანე ივერიელის ხორციელ შვილსა და თავის სულიერ შვილს ექვთიმეს ანდობდა.

ათანასე დიდი დღესაც მფარველობს და განსაკუთრებულად შეეწევა ქართველებს. ამას არაერთი რეალური ფაქტი მოწმობს. არსებობს უამრავი მაგალითი იმისა, თუ როგორ ეხმარება წმიდა ათანასე განსაცდელში მყოფ ქართველებს, პატრონობს, ანუგეშებს, ლოცულობს მათთვის და ისევე ზრუნავს, როგორც ამქვეყნიურ ცხოვრებაში.

დეკანოზი მამა დავითი (დათუაშვილი): ”შარშან ზაფხულს რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად მოსალოცად წმიდა ათონის მთაზე გავემგზავრე. სანამ წავიდოდით, რა თქმა უნდა, იქ მოღვაწე წმიდა მამების ცხოვრებას გადავხედე და ჩემი ყურადღება იმ ფაქტმა მიიპყრო, რომ ათანასე დიდმა მონაზვნური მოღვაწეობა ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო და სწორედ მისი მეოხებით აიგო პირველი მონასტერი, რომელიც შემდგომში დიდ ლავრად გადაიქცა და უკვე რამოდენიმე ათასი წელია მოქმედებს. მის ისტორიაში ჩემთვის ყველაზე მეტად საინტერესო იყო ის, რომ წმიდა ათანასე გახლდათ ბერ-მონაზონი, რომელმაც ათონის მთაზე ქართველების დასახლებას შეუწყო ხელი. როდესაც ქართველი ბერები იქ დასამკვიდრებლად ჩავიდნენ, ისინი არც ერთმა მონასტერმა არ მიიღო. ათანასე დიდმა კი უმასპინძლა მათ და დააბინავა. მისი მეშვეობით ქართველებს ივერონის მონასტრის აშენების უფლება მიეცათ. წმიდა ათანასეს შუამდგომლობით ბერებს გადაეცათ ნაკვეთი და ის იყო ერთ-ერთი წმიდა მამა, რომელმაც ხელი მოაწერა ქართველთა სამონასტრო კომპლექსის დაფუძნებას.

და აი, ამ ისტორიით შთაგონებული ათონის მთაზე წავედი. იქ ქართველები მშენებლობაზე მუშაობენ და მათ ვთხოვეთ, ათონის მთის წინამძღვარი გაეფრთხილებინათ, რომ საქართველოდან სასულიერო პირები ჩავდიოდით და სასტუმროში ჩვენთვის ადგილი გამოეყოთ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ პიროვნებას, სამწუხაროდ, ჩვენი დანაბარები დაავიწყდა. ათონის მთას კინოდი მართავს. ეს დაახლოებით სინოდის მსგავსია. ათონის მთის ეკლესიას, მართალია, სრული ავტოკეფალია არ გააჩნია, მაგრამ ავტოკეფალურია იმ თვალსაზრისით, რომ საკუთარი მმართველობა აქვს. კინოდის გადაწყვეტილებით, თუ მონასტრის წინამძღვარმა წინასწარ არ იცის სტუმრების შესახებ, შეუძლია, რომ ისინი არ მიიღოს. ჩვენ დაიმედებულები გახლდით იმით, რომ ყველაფერი კარგად არის, მოწესრიგებულები ვართ, ჩავდივართ ათონის მთაზე და მივდივართ ივერონის მონასტერში. უცებ აღმოჩნდა, რომ წინამძღვარმა ჩვენს შესახებ არაფერი იცოდა და, მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროში ნახევარზე მეტი ადგილი თავისუფალი იყო, მაინც უარი გვითხრეს იქ დარჩენაზე. ამან ძალიან გაგვაოცა, რადგან ქართველების აშენებულ ივერონის ქართულ მონასტერში ქართველ სასულიერო პირებს არ გვიშვებდნენ. ამ ფაქტმა საკმაოდ გაგვანაწყენა. დავმწუხრდით, მაგრამ გული არ გაგვიტეხია და სხვა მონასტრებს მივმართეთ, მაგრამ არც ახლომდებარე მონასტრებში შეგვიკედლეს. როდესაც იმედი გადაგვეწურა და ვიფიქრეთ, რომ დამთავრდა ჩვენი მიმოსვლა მონასტრებში, არაფერი გვეშველება და გადავწყვიტეთ, ღამე ზღვის პირას გაგვეთენებინა, მოულოდნელად წმიდა ათანასე დიდის ლავრიდან დაგვირეკეს. წინამძღვარმა გვითხრა, რომ შეგვეძლო იქ დავბინავებულიყავით. ეს ჩვენთვის სასწაულის ტოლფასი იყო. გაგვიჩნდა გრძნობა, თითქოს ის ათანასე დიდი, ქართველების პატრონი, ახლაც იმ მთაზე მოღვაწეობს… სწორედ მისი წყალობა იყო, რომ ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და ჩვენი ჩარევის გარეშე პირდაპირ შემოგვთავაზეს, სტუმრად მივსულიყავით ათანასე დიდის ლავრაში და მათ ჩვენთვის ემასპინძლათ.

ამას კიდევ ერთი საოცარი ფაქტი დაერთო. არსებობს მონასტრის ტიპიკონი, რომელსაც, განსაკუთრებულ შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით, საერთოდ არ არღვევენ. იქ წესისამებრ 7 საათზე ვახშმობენ და ამის შემდეგ, ლუკმას ვერავინ ჩაიდებს პირში, რადგან არ შეიძლება. თუმცა მოხდა ისე, რომ, როდესაც მონასტერში მივედით, უკვე 9 საათი იყო, ცხადია, მშივრები ვიყავით, მთელი დღის ნამგზავრები და დაღლილები. მაშინ წინამძღვარმა გამონაკლისი დაუშვა და უფლება მოგვცა, გვეტრაპეზა. ჩემთვის ესეც სასწაული იყო, რადგან ვიცი, რას ნიშნავს მონასტრის ტიპიკონის დარღვევა. ეს არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი, დიდი სულგრძელება მონასტრის მხრიდან, რადგან, როგორც აღვნიშნე, ტიპიკონი არასდროს ირღვევა.

ათანასე დიდის ასეთი თანადგომა ჩვენ არა მარტო ამ დღეს ვიგრძენით, კონკრეტულ შემთხვევაში, არამედ მეორე დღესაც, როდესაც წირვა-ლოცვას დავესწარით. ჩვენ სტუმრების სტატუსით ვიყავით ღვთისმსახურებაზე. ლოცვას წინამძღვარი ატარებდა. ჩვენდა გასაოცრად, მათ მონაზვნებზე და მღვდლებზე წინ დაგვაყენეს და ნება დაგვრთეს, მონაწილეობა მიგვეღო მსახურებაში.

ორი დღის განმავლობაში ათანასე დიდის ლავრაში გახლდით. მოვილოცეთ ტაძარი, მიმდებარე ტერიტორია. ვიყავით ათანასე დიდის წყაროზე. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს წყარო სასწაულთმოქმედია. როდესაც ათანასე დიდი მონასტერს აშენებდა, ტყეში მოხვდა და წყალი ძალიან მოსწყურდა. ეძებდა, მაგრამ ვერ იპოვა და ბოლოს დაღლილს ჩაეძინა. სიზმარში ღვთისმშობელი გამოეცხადა. წმიდა ათანასემ სთხოვა, ესწავლებინა, სად იყო წყალი. დედაღვთისამ მიუგო, რომ მხოლოდ ჯოხი უნდა დაერტყა ქვაზე და წყალიც აღმოცენდებოდა. ასეც მოიქცა წმიდა ათანასე. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს დანარტყამი ადგილი ქვაზე ჯვრის სახითაა გამოსახული. აქედან კი ამოხეთქა უანკარესმა და უცივესმა წყალმა. რა თქმა უნდა, მივირთვით ეს წყალი და საოცარი შეგრძნება დაგვეუფლა… შემდეგ ივერონის მონასტერში წავედით. ათანასე დიდის მეოხება იქაც გაგვყვა. მე, რა თქმა უნდა, გულმხურვალედ ვლოცულობდი და წმიდა ათანასეს ყველა ამ სასწაულისათვის მადლობას ვუხდიდი.

მესამე დღეს ივერონის მონასტერში ყოველგვარი პრობლემის გარეშე მიგვიღეს, დაგვაბინავეს და ღამე გაგვათევინეს. იქ ბრძანდება კარის ღვთისმშობლის, ანუ ივერონის ღვთისმშობლის ხატი, როგორც ჩვენ მას ვუწოდებთ, პორტაიტისა. თავისთავად ცხადია, მისი ხილვის ნებაც დაგვრთეს, მაგრამ კულმინაცია იყო კიდევ ერთი საოცარი ფაქტი. იქ, რა თქმა უნდა, ქართულ ენაზე წირვა-ლოცვას არავინ ჩაგატარებინებს. ჩვენი დონის სასულიერო პირებს ამის არავითარი უფლება არ გაგვაჩნდა, მაგრამ, სრულიად მოულოდნელად, ნება დაგვრთეს, ქართულად ”ღირს არსი” გვეგალობა და ეს იყო ჩემთვის კიდევ ერთი საოცრება, რომ ივერიის ღვთისმშობლის ხატის წინ მშობლიურ ენაზე ვიგალობეთ. ესეც ათანასე დიდის შემწეობა და წყალობა იყო.

ასე რომ, დიდი მადლობა ათანასე დიდს და ვთხოვ, რომ მეოხი იყოს ჩვენი ერისა დღევანდელ გაჭირვებულ პირობებში და შეგვეწიოს, გვიპატრონოს ისევე, როგორც თავის დროზე უპატრონა ათონის მთაზე ჩასულ ქართველებს, შეიყვარა, შეიტკბო, შეიკედლა და მისცა ამხელა უფლება, იქ ივერონის მონასტერი აეშენებინათ; როგორც ჩვენ, ცოდვილებსა და უბადრუკ არსებებს მოგვანიჭა იმის საშუალება, მოგველოცა ეს წმინდა მთა, გვისტუმრა, გვიპატრონა და მოგვიარა.”

ღირსი ათანასე ათონელი (ერისკაცობაში – აბრაამი) ქალაქ ტრაპეზუნტში დაიბადა. ყმაწვილს მშობლები ადრე გარდაეცვალა და ობოლზე ზრუნვა ერთმა ღვთისმოშიშმა მონაზონმა იტვირთა. აბრაამი გამზრდელისაგან კეთილმსახური ცხოვრების ჩვევებს იძენდა, ბაძავდა მას ლოცვასა და მარხვაში.

დედობილის სიკვდილის შემდეგ ჭაბუკი კონსტანტინოპოლში, ბიზანტიის იმპერატორის, რომანოზ უფროსის კარზე წაიყვანეს და სახელგანთქმულ რიტორს, ათანასეს დაუმოწაფეს. იმ ხანებში კონსტანტინოპოლში ღირსი მიქაელ მალეინი ჩავიდა, კიმინის მონასტრის იღუმენი. აბრაამმა მას უფლისათვის ცხოვრების შეწირვის გულწრფელი სურვილი გაუმჟღავნა. მან ყველა და ყველაფერი მიატოვა, კიმინის სავანეს მიაშურა, იღუმენს ფეხებში ჩაუვარდა და ბერად აღკვეცა სთხოვა. იღუმენი დარწმუნდა აბრაამის სიბრძნესა და სიწმინდეში, მალე აღკვეცა იგი და სახელად ათანასე უწოდა.

ათანასე ღირსი მიქაელ მალეინის ხელმძღვანელობით შეუდგა მოსაგრეობას: მკაცრად მარხულობდა, ლოცულობდა და საოცარი გულმოდგინებით აღასრულებდა ნებისმიერი მორჩილების საქმეს. დაუცხრომელი მარხვით, მღვიძარებით, მეტანიებით, ღვთივსათნო მოღვაწეობით ათანასემ მალე ისეთ სრულყოფილებას მიაღწია, რომ იღუმენმა მდუმარებასა და განკრძალულ ადგილას დაყუდებაზე მისცა კურთხევა. ნეტარი გულმოდგინედ ასრულებდა ამ ლოცვა-კურთხევასაც, მაგრამ ფარული ღვაწლის სიყვარულმა და შიშმა, რომ წმიდა მიქაელს წინამძღვრობა მისთვის არ გადაებარებინა, ათანასეს კიმინის მთა დაატოვებინა. მან მხოლოდ საკუთარი ხელით გადაწერილი სახარება წაიღო თან და ათონის მთის ყველაზე მივარდნილ ადგილს – მელანას მიაშურა. აქ წმიდანმა მცირე სენაკი მოიწყო და შიგ დაემკვიდრა.

როცა ნიკიფორე ფოკამ წმიდა მამას სთხოვა, მისი სახსრებით მონასტერი აეშენებინა, თავდაპირველად ათანასე დიდმა უარი განაცხადა ოქროს მიღებაზე, რადგან არ სურდა, სული მიწიერი საზრუნავით დაემძიმებინა. მაგრამ შემდეგ ამ ყოველივეში ღვთის ნება განჭვრიტა და სავანის შენებაც დაიწყო. მან ორი ტაძარი ააგო: იოანე ნათლისმცემლისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობისა, მოაწყო სენაკები, სატრაპეზო, ქსენონი, დავრდომილთა თავშესაფარი… და წმიდა მთაზე საოცარი მონასტერი გაიმართა.

სავანეში მიდიოდნენ ძმები არა მარტო საბერძნეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც. აქ უმოღვაწიათ დიდ ქართველ მამებს: იოანესა და ექვთიმეს, იოანე-თორნიკყოფილს. წმიდა იღუმენმა თავისი მონასტრის წეს-განგება ძველი პალესტინის სავანეების მიბაძვით შეადგინა. თავად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მფარველობდა წმიდანს, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ იგი მრავალჯერ გამხდარა ღირსი ყოვლადწმიდა ქალწულის ხილვისა.

ლავრაში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა, როცა ღირსმა ათანასემ იგრძნო აღსასრულის მოახლოება, განჭვრეტის ნიჭით დაჯილდოებულმა ისიც უწყოდა, თუ როგორ გავიდოდა ამ სოფლიდან და ძმებს სთხოვა, ნუ დაბრკოლდებოდნენ იმით, რაც მოხდებოდა, კაცობრივი გონება ხომ უძლურია შეიმეცნოს ღვთის განგებულება. ძმები საგონებელში იყვნენ ჩავარდნილი, მაგრამ ვერ სწვდებოდნენ მოძღვრის სიტყვების არსს. ბოლოს ღირსმა მამამ უკანასკნელად დამოძღვრა და ნუგეში სცა სულიერ შვილებს. სენაკში შევიდა, მანტია შეიმოსა და დიდხანს ილოცა; შემდეგ გარეთ გამოვიდა და ექვს ძმასთან ერთად მშენებარე ტაძრის გუმბათს მიაშურა დასათვალიერებლად. უეცრად სახურავი ჩამოიქცა. ხუთმა ბერმა იქვე განუტევა სული, ხუროთმოძღვარი დანიელი და წმიდა ათანასე კი ცოცხლები დარჩნენ. ყველას ესმოდა, თუ როგორ მოუწოდებდა ნანგრევებში მოყოლილი მამა უფალს: ”დიდება შენდა, ღმერთო! უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!” აქვითინებულმა ძმებმა ლოდების გადაგორება დაიწყეს, მაგრამ ქვაყრილის ქვეშ მოძღვრის უსულო ცხედარსღა მიაკვლიეს.

წმიდა ათანასე დიდის ხსენების დღეა 18 ივლისი.

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

6 კომენტარი »

  • გიორგი says:

    გაიხარეთ მამა დავით!

    დიდი მადლობა ასეთი საინტერესო ამბისთვის. ათანასე დიდი იყოს საქართველოს და ჩვენი ეკლესიის მფარველი და მეოხი.

    მადლობა თათიას ასეთი საინტერესო და შინაარსიანი სტატიისთვის.

  • ლელა says:

    მომეწონა და ძალიან გთხოვთ კიდევ დადოთ იმფორმაციებიი ძალლიან გთხოვთ!!!!))

  • დავითი says:

    2007 წელს მე ვიყავი ათონის მთაზე, მოვიარე ოცივე მონასტერი, უმეტეს მონასტრებში მანქანით დავდიოდი, ზოგიერთ მონასტეში ცუდი გზის გამო ვიყავი ჯორით და 2 მონასტერში კატერით, მე იქ გავატარე 1 თვე, ათანასე დიდის სენაკშიც ვიყავი რომელიც კლდეშია გამოკვეთილი რომელ კლდესაც ეგეოსის ზღვის ტალღები ეხეთქება, მე იქედან წამოვიღე ქვები და რამდენიმე მუხის ნერგი რომელიც საქართველოში გავახარე. ათანასე დიდი წარმოშვებით ქართველური მოდგმაა, მის ისტორიაში პირდაპირ ასე წერია, დედით კოლხი და მამით ლიკიელი, ლიკიელი იყო წმინდა ნიკოლოზიც, ლიკიელები ქართველურ იბერიული მოდგმის ხალხია, ნიკოლოზ ფოკამ როდესაც ვერ მიაგნო კუნძული კრეტა სად იყო ათანასე დიდ სთხოვა გამყევიო, ათანასე გაყვა და მიაგნო კუნძულ კრეტას, მისი დამსახურება ქართველების წინაშე დიდზე დიდია. არსებობს ინფორმაცია წმინდა იოანე მთაწმინდელსა და ათანასე დიდ შორის რაღაც ნატესაური კავშირიც იყო, იოანე მთაწმინდელი უცნობთან არ მისულა, ათანასე დიდი მისთვის ახლობელი იყო, ამის გამო მიიღო ათანასემ ქართველები და ბოლომდე უპატრონა მათ. სიკვდილის შემდეგ ათონის მთის მართველობაც (როგორც ზემოთ არის ხსენებული) იოანე მთაწმინდელის ხორციელ შვილს და მის სულიერ შვილს ეფთვიმეს ჩააბარა. ფარავდეს მთელ საქართველოს და ყოველ მართმადიდებელ ქრისტიან ქართველს ათანასე დიდის და ათონის მთის წმინდა მამაბის მადლი.

  • Natalia says:

    მადლობა ასეთი საინტერესო სტატიისთვის. ათანასე დიდის მფარველობა არ მოგკლებოდეთ

  • მარიამი says:

    დავალებისთვის მჭირდებოდა,არაჩვეულებრივი თემაა,გარკვევით წერია ყველაფერი და გასაგებად <3 მადლობა თათია ასეთი კარგი სტატიისთვის <3 ვიკიპედიას ჯობია <3 იქ გაურკვევლად წერია

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი