მთავარი » ჯანმრთელობა

როგორ ვუმკურნალოთ ასთმას?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.03.2012 27 კომენტარი | 21,731 ნახვა

ასთმა (ბერძ.სულხუთვა) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. ამჟამად დედამიწის მოსახლეობის 3-5%, რიცხვობრივად კი 300 მილიონი ადამიანი დაავადებულია ბრონქული ასთმით. ასთმა ბოლო 15-20 წლის განმავლობაში ასთმით დაავადებული პაციენტების რიცხვი ორჯერ გაიზარდა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების პროგნოზით, 2025 წლისათვის ასთმით დაავადებული პაციენტების რიცხვი მსოფლიოში სულ მცირე 100 მლნ-ით მოიმატებს. ასთმის შესახებ “ამბიონს” “ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის” სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ხარისხის მართვის მენეჯერი, ექიმი ალერგოლოგი – იმუნოლოგი ნანა დოლიძე ესაუბრა:

“კერძოდ, ასთმა წარმოადგენს სასუნთქი გზების ქრონიკულ ანთებით დაავადებას, რომლის დროსაც სხვადასხვა რისკ-ფაქტორების ზემოქმედების შედეგად ხდება სასუნთქი გზების შევიწროება და ჰაერის ნაკადის შეზღუდვა”.

რომელი რისკ-ფაქტორები იწვევენ, ან აპროვოცირებენ ასთმას?

ასთმის გავრცელებული რისკ-ფაქტორები მოიცავს ე.წ. “კარშიდა” და “კარგარეთა” ალერგენებს. “კარშიდა” ალერგენებს მიეკუთვნება დახშულ სივრცეში, მაგალითად, ოთახში, მანქანის კაბინაში და სხვ. მოქმედი ალერგენები, ესენია: ოთახის მტვრის ტკიპები, შენობის ობის სოკოები, ბეწვიანი ცხოველები, ტარაკნები და სხვ., მაშინ, როდესაც “კარგარეთა” ალერგენები მოქმედებენ გარემოს ღია ეკოსისტემებში, მაგალითად: მცენარეების მტვერი, გარემოს ნესტის სოკოები. რისკ-ფაქტორებს ასევე წარმოადგენენ: ოკუპაციური ირიტანტები, თამბაქოს მოწევა, რესპირაციული (ვირუსული) ინფექციები, ფიზიკური დატვირთვა, ძლიერი ემოცია, ქიმიური ირიტანტები და მედიკამენტები (ასპირინი, ბეტა-ბლოკერები და სხვ.).

რა სიმპტომები ახასიათებს ასთმას?

როდესაც ბრონქული ასთმა არ არის კონტროლირებული მედიკამენტებით, ხასიათდება ხველის, ხიხინის, გულმკერდის შებოჭილობისა და სულხუთვის შექცევადი ეპიზოდებით, რომლებიც უპირატესად თავს იჩენენ ღამით, ან ადრე დილით. ასთმა იწვევს პაციენტების ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვან გაუარესებას, ფიზიკური თუ სოციალური აქტივობის შეზღუდვას.
არასათანადოდ ნამკურნალევ პაციენტთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ასთმის შეტევები ხელს უშლის მათ გეგმების განხორციელებას, ხშირად ისინი იძულებულნი არიან, განერიდონ მათთვის საყვარელ ადგილსამყოფელს, უარი თქვან სასურველ პროფესიაზე, ბუნებაში გასვლაზე, გააჩუქონ საყვარელი ცხოველები, შეიზღუდონ კვებითი რაციონი უჭირთ ფიზიკური აქტივობა, მაგალითად, ქოშინის გარეშე არ შეუძლიათ ფეხით სართულებზე ასვლა, ზოგიერთი მათგანისათვის წარმოუდგენელია სპორტული დატვირთვა.

რა კატეგორიის ადამიანები მიეკუთვნებიან ასთმის რისკის ჯგუფს?

ასთმის რისკის მქონე ადამიანთა ჯგუფს მიეკუთვნება ბრონქული ასთმით მემკვიდრულად დატვირთული, უპირატესად, ბავშვები და ასევე, მოზრდილებიც, რომელთა პირველი რიგის ნათესავებს (მშობლებს, დედმამიშვილებს) აქვთ ბრონქული ასთმა და ეს რისკი მატულობს, რაც უფრო მეტი ადამიანია დაავადებული ასთმით ოჯაში. Gგარკვეული მნიშვნელობა აქვს ასეთ პირებში ზემოთ აღნიშნული რისკ-ფაქტორების ზემოქმედებასაც. Aამდენად, შეიძლება ითქვას, რომ მემკვიდრულად გადაეცემა “ატოპია”, განწყობა სწრაფი ტიპის ალერგიული რეაქციების მათ შორის, ალერგიული ასთმის განვითარებისა, მაგრამ ამ განწყობის რეალიზაცია მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული გარემოს მაპროვოცირებელი ფაქტორების ექსპოზიციაზე და ამ უკანასკნელთა მართვით (ელიმინაციით) შეიძლება ზოგჯერ ავიცდინოთ ბრონქული ასთმის განვითარება, ან მისი დამძიმება. აღსანიშნავია ისიც, რომ ასთმის განვითარების რისკი ასევე უკავშირდება სხვა ალერგიულ დაავადებებსაც, მაგალითად, ატოპიურ დერმატიტს, ალერგიულ რინიტს და სხვ., რომლებმაც შეიძლება ე.წ. ადრეული ასაკის შემდგომ “ატოპიური მარშის” სახით ტრანსფორმაცია განიცადონ ბრონქულ ასთმაში.

რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ასთმის გამწვავებამ?

ასთმის გამწვავებები: ასთმის შეტევა არის ეპიზოდი, რომელიც ხასიათდება პროგრესირებადი სულხუთვით, ხველით, ხიხინით, გულმკერდის შებოჭილობის შეგრძნებით, ან მათი ამა თუ იმ კომბინაციით.

აუცილებელია დროულად შეფასდეს ასთმის შეტევის სიმძიმე. იშვიათ შემთხვევაში ასთმის მძიმე შეტევა შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში, რომლის მკურნალობა მოითხოვს ინტენსიურ მეთვალყურეობას, ვინაიდან არაადექვატური და დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში შესაძლოა გამოსავალი იყოს ლეტალურიც.

ისიცUუნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე ალერგოდიაგნოსტიკისა და შესაბამისად, მკურნალობის მიდგომები და სამედიცინო საშუალებები იძლევა ბრონქული ასთმის სრული კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას, რაც დროულად არის განსახორციელებელი, ვინაიდან ასთმის პათოგენეზში არსებული ქრონიკული ალერგიული ანთება არასწორი მკურნალობის პირობებში შეიძლება გაღრმავდეს და დაავადებამ მიიღოს უფრო აგრესიული ხასიათი, რაც, თავის მხრივ, ამძიმებს ასთმის მიმდინარეობას და ასევე, პაციენტის ზოგად მდგომარეობას, ტვირთად აწევს სხვა ორგანოთა სისტემებს, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა სისტემას და სხვ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ასთმის გამწვავება?

უპირველეს ყოვლისა, საჭიროა პაციენტმა მიმართოს სპეციალისტ-ალერგოლოგს და მოხდეს პაციენტის შეფასება: მისი დიაგნოსტიკა, კონკრეტული რისკ-ფაქტორების განსაზღვრა, ადექვატური მკურნალობის შერჩევა და მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში პაციენტისა და ექიმის კოოპერაციული მუშაობის შედეგად ერთობლივად პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა. პაციენტის კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, პრევენციული ღონისძიებები შესაძლოა იყოს განსხვავებული.

სახიფათოა თუ არა ასთმა ორსულობისა და მშობიარობის დროს?

ორსულობის პერიოდში ასთმის სიმწვავე ხშირად იცვლება და პაციენტებს ესაჭიროებათ უფრო ინტენსიური მეთვალყურეობა და მკურნალობის დარეგულირება. ასთმის მქონე ორსული პაციენტები საჭიროებენ რეკომენდაციებს იმის თაობაზე, რომ ნაყოფისათვის უფრო დიდი რისკია ჰიპოქსია, ვიდრე მედიკამენტური ჩარევა, ვინაიდან შემუშავებულია იმ დასაშვები მედიკამენტების საერთაშორისო ნუსხა, რომლებიც გამოიყენება ორსულობის დროს და ეფექტურად ახორციელებს ასთმის კონტროლს. ორსულობის დროს, ასთმის მართვაზე კონტროლის დაკარგვის შემთხვევაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ასთმის თანამედროვე მკურნალობის ჩატარების აუცილებლობას. გამწვავებას უნდა დროულად ვუმკურნალოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ნაყოფის ჰიპოქსია.

მკურნალობის რა საშუალებები არსებობს?

ასთმის სამკურნალოდ საერთაშორისო რეკომენდაციების მიხედვით მოწოდებულია 5 საფეხურიანი მკურნალობის სქემა, რომლის არსენალში სხვადასხვა ჯგუფის მედიკამენტები არსებობს, ესენია: სწრაფი და გახანგრძლივებული მოქმედების β2 აგონისტები, საინჰალაციო/პერორალური სტეროიდული საშუალებები, ლეიკოტრიენების მოდიფიკატორები და სხვ. სწორედ ზემოთ აღნიშნული მკურნალობის სქემის ძირითად მიზანს წარმოადგენს ასთმის კონტროლის მიღწევა და კონტროლის შენარჩუნების მონიტორინგი, რაც დღეს დაავადების სათანადო მართვით მიღწევადია პაციენტების უმრავლესობაში. რას გულისხმობენ ამ განმარტებაში? ასთმის ადექვატური კონტროლი გულისხმობს დაავადების სიმპტომების უმნიშვნელო გამოხატულებას, იშვიათ გამწვავებებს, პაციენტების მიერ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გამოძახების ნაკლებ საჭიროებასა და სიმპტომთა შემამსუბუქებელი პრეპარატების (სწრაფი მოქმედების β2 აგონისტები) გამოყენების მინიმალურ აუცილებლობას.

რა პირველადი დახმარება შეიძლება გავუწიოთ ადამიანს ასთმური შეტევის დროს?

უპირველეს ყოვლისა, პაციენტს მოვაშოროთ (თუ ეს შესაძლებელია) ის რისკ-ფაქტორი, რომელმაც გამოიწვია შეტევის განვითარება, დავეხმაროთ, რომ მოთავსდეს მისთვის სასურველ პოზაში და მივაშველოთ სწრაფი მოქმედების პრეპარატი (მაგ: β2 აგონისტი და სხვ.), რაც უკვე წინასწარ გამოწერილია ექიმის მიერ და ასაკის მიხედვით ახსნილია პრეპარატის მიღების გზა, ფორმა და დოზირება. თუ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, უმჯობესია, მოხდეს სასწრაფო დახმარების გამოძახება, მას შემდეგ, რაც პაციენტი შეისუნთქავს, ან შეასუნთქებენ სწრაფი მოქმედების პრეპარატების პირველ დოზას.

ექიმის რჩევა: ასთმის კონტროლი სადღეისოდ წარმოადგენს მსოფლიოსთვის ძირითად დაძლეულ პრობლემას. ასთმის მქონე პაციენტს სადღეისოდ შეუძლია ისუნთქოს თავისუფლად, დატკბეს ბუნებით, ეწეოდეს სერიოზულ სპორტულ აქტივობას, მათ შორის, იყოს ოლიმპიური ჩემპიონიც, რომლის მაგალითები მსოფლიოში მრავლადაა და საერთოდ, შეიგრძნოს სამყარო სრული სისავსით, რისთვისაც აუცილებელია პაციენტისა და მკურნალი ექიმის კოოპერაცია ასთმის სრული კონტროლის მისაღწევად და შემდგომში კონტროლის შესანარჩუნებლად. Eეს უკანასკნელი კი სავსებით მიღწევადია.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

27 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი