მთავარი » ახალი ამბები

არტ-აქცია “თეთრი, წითელი, ლურჯი”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.06.2010 | 1,163 ნახვა

არტ-აქცია ლიტერატურის მუზეუმში ელექტრონული ბიბლიოთეკის ლიბ.გე-სა და ლიტერატურის მუზეუმის ერთობლივი პროექტი, არტ-აქცია “თეთრი, წითელი, ლურჯი” გაიმართა. არტ-აქციის ფარგლებში მუზეუმში მხატვარ რუსუდან ქევანიშვილის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომლის პარალელურადაც ახალგაზრდა პოეტებმა, პროზაიკოსებმა და მთარგმნელმა ქალებმა თავიანთ ნაწარმოებებიც წაიკითხეს.

მხატვარი რუსუდან ქევანიშვილი ძირითადად ძაფებით მუშაობს. თეთრი, წითელი და ლურჯი კი ის ფერებია, რომელიც მის შემოქმედებაში დომინირებს.

რუსუდან ქევანიშვილი (მხატვარი): “პროფესიით მხატვარი ვარ, ახალგაზრდობაში ძირითადად ზეთში ვმუშაობდი, თუმცა ასთმის გამო, ზეთის საღებავებზე ალერგია მქონდა და ჩემთვის ფერწერა დამთავრდა. თუმცა, სულ ფერწერაზე ვფიქრობდი, გონებით ჩანახატებსაც კი ვაკეთებდი. 20 წლის შემდეგ საცხოვრებლად რაჭაში გადავედი, ერთ დღეს ძაფების გორგალი დავინახე და უკვე მივხვდი რა უნდა გამეკეთებინა. 5 წელია ამ ტექნიკით ვმუშაობ. პირველ წელიწადს 100–მდე ნამუშევარი შევქმენი, მქონდა გამოფენები და რამდენიმე ნამუშევარი საზღვარგარეთაც გაიყიდა.

დღეს ლექსების მოსმენის ფონზე, შევქმენი ნამუშევარი “სულის დასაწყისი”, ეს პროცესი ძალიან საინტერესო იყო, შინაგანად აღელვებული ვიყავი, დროშიც რომ მომესწრო შედარებით მარტივი ტექნიკით ვიმუშავე.

საერთოდ წინასწარ შეიძლება შევიმუშავო რაღაც თემა, მაგრამ ძირითადად ეს დაუგეგმავად ხდება. ვხატავ ნატურმორტებს, პეიზაჟებს, პორტრეტებს. სიცოცხლის ბოლომდე მინდა ამ საქმეს ვემსახურო, მოსწრებაზე ვარ”.

არტ-აქციაზე ასევე მონაწილეობდნენ ახალგაზრდა პოეტი ქალები: ეკა ქევანიშვილი, ნინო თარხნიშვილი, თეა თოფურია, დიანა ანფიმიადი, სალომე ბენიძე, ქეთი თუთბერიძე, ნათია ნაცვლიშვილი, ანი კოპალიანი, თამთა დოლიძე, ნინო ქევხიშვილი, ნატო ინგოროყვა.

ნათია ნაცვლიშვილი (პოეტი, მთარგმნელი): “დღევანდელი დღე იყო ერთგვარი მხარდაჭერა იმ ადამიანისა, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არ შეუძლია საღებავებით ხატვა, ჩვენ კი შევეცადეთ მისი ძაფებით შექმნილი ნამუშევრები ფართო საზოგადოებისთვის გაგვეცნო. ის 10 ადამიანი, რომლებიც ლექსებს ვკითხულობდით, ვიყავით ფონი ამ გენიალური შემოქმედის, რომლის ანალოგიც ჩვენ ვერ ვნახეთ”.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.