მთავარი » ქრისტიანობა

არსენ იყალთოელი (XI-XII სს.)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.02.2020 2 კომენტარი | 8,799 ნახვა

ხსენება 19 თებერვალი

არსენ იყალთოელი გახლავთ ქართველი სასულიერო მოღვაწე, ფილოსოფოსი, მწერალი და ჰიმნოგრაფი.

არსენ იყალთოეილიXI საუკუნის გასულსა და XII საუკუნის დამდეგს გვხვდება რამდენიმე არსენი: არსენ იყალთოელი, ვაჩესძე და კალიპოსელი. ზუსტი ცნობა მათ შესახებ არ მოგვეპოვება, მაგრამ დანადვილებით შეიძლება თქმა, რომ არსენ იყალთოელი და კალიპოსელი ერთი და იგივე პიროვნება არ არის. არსენ იყალთოელი ცნობილი მწერალია, ხოლო კალიპოსელი, რომელმაც ასეთი სახელი მიიღო, ალბათ, იმიტომ, რომ კალიპოს მონასტერში მოღვაწეობდა ანტიოქიის მახლობლად. რაც შეეხება არსენ იყალთოელსა და არსენ ვაჩესძეს, მათი სახელით ცნობილი თხულებების ანალიზი გვარწმუნებს, რომ ეს ერთი და იგივე პიროვნებაა. მხოლოდ ერთ შემთხვევაში აღნიშნულია მისი მოღვაწეობის ადგილი ან სამშობლო, იყალთო (კახეთი), მეორეში კი გვარი ან მამის სახელი – ვაჩესძე.

ლიტერატურული შრომებიდან ჩანს, რომ არსენს განათლება მიუღია კონსტანტინოპოლის მონომახის მიერ დაარსებულ აკადემიაში – მანგანის წმ. გიორგის მონასტერში. სწავლის დამთავრების შემდეგ კი მოღვაწეობა დაიწყო შავ თაზე ეფრემ მცირის იქ ყოფნისას. დაახლოებით XI საუკუნის 80-იან წლებში, რასაც ადასტურებს ეფრემის მიერ ნათარგმნი ორი შრომა: სამოციქულო და იოანე დამასკელის გარდამოცემა. ისინი 80-90-იან წლებშია თარგმნილი. შავ მთაზე მისვლისას არსენი, როგორც ეფრემზე უმცროსი, უკანასკნელის “მზრდელთა და მსახურთა” რიცხვში ითვლებოდა და ეფრემის ხელმძღვანელობით მთარგმნელობას სწავლობდა. ამიტომ ეფრემი თავის თავს არსენის მოძღვარს უწოდებს. შავი მთიდან, თავისი მოძღვრის – ეფრემის სიკვდილის შემდეგ არსენი ბრუნდება მანგანის მონასტერში, სადაც ის სწავლობდა, დაახლოებით XII საუკუნის დამდეგს.

მანგანის მონასტრიდან არსენ იყალთოელი სამშობლოში გადმოსახლებულა დავით აღმაშენებლის მოწვევით. ის 1114 წელს შემოსულა საქართველოში თეოფილე ხუცესმონაზონთან და იოანე ტარიჭიძესთან ერთად. რამდენი ხანი დარჩა ის გელათში უცნობია, მაგრამ ცხადია, რომ იქ ყოფნისას მან თარგმნა “დიდი სჯულის კანონი” და გადავიდა კახეთში. სადაც დაარსა იყალთოს აკადემია. აკადემიამ უდიდესი როლი ითამაშა საქართველოში ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო მეცნიერების აღორძინების საქმეში.

არსენი საბოლოოდ შიო მღვიმის მონასტერში დამკვიდრდა. ის დავით აღმაშენებელთან დაახლოებული პირი გახლდათ. დასწრებია კრებას, რომელზედაც სომხებსა და ქართველებს პაექრობა ჰქონდათ. თუმცა ფიქრობენ, რომ 1103 წელს არსენი გარდაცვლილი იყო, რადგან რუის-ურბნისის აქტთა ზოგიერთი ნუსხა მას, როგორც მიცვალებულს “საუკუნო ხსენებას” უთვლისო. მაგრამ ეს მართალი არ არის. უძველესი ნუსხა რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერისა არსენს არ იხსენიებს არც მკვდრებში, არც ცოცხლებში. ამასთან, კრება, რომელსაც არსენი დაესწრო უნდა გამართულიყო რუის-ურბნისის კრების შემდეგ 1123 წელს. ვინაიდან, ცნობილია, როდესაც დავით აღმაშენებლმა აიღო ქ. ანისი, საზეიმოდ შეკრიბა სომეხთა ეპისკოპოსები და ხუცესები. არსენის გადაცვალების თარიღი ცნობილი არ არის, თუმცა ის უნდა გარდაცვლილიყო დ. აღმაშენებლის გარდაცვალების შემდეგ, რასაც ადასტურებს მის მიერ დაწერილი ეპიტაფია დ. აღმაშენებლისა.

არსენს მთარგმნელობით მოღვაწეობაში განსაკუთრებით იზიდავდა განყენებული დოგმატიკურ-ფილოსოფიური და იურიდიული ხასიათის თხზულებანი, რომელიც გადმოცემულია შესაფერისად დამშვენებული და ჩამოყალიბებული ქართული ენით, განმარტებულია ეფრემისებური სქოლიოებითა და ანდერძებით, რომელშიც ავტორი თვალწინ გვიშლის ბერძნული და ქართული ენის ხასიათსა და თვისებას.

არსენის ლიტერატურული მოღვაწეობა სამ პერიოდად იყოფა. პირველია შავი მთის პერიოდი, XI საუკუნის უკანასკნელი მეხუთედი, როდესაც ის ეფრემ მცირესთან ერთად და მისი ხელმძღვანელობით თარგმნიდა წიგნებს. ამ პერიოდში მას უნდა ეთარგმნა აგიოგრაფიულ-ჰომილეტიკური თხზულებანი, რომელთა ენა შედარებით მარტივია. უფრო მეტი შრომა არსენს გაუწევია მეორე პერიოდში, როდესაც ის მანგანის წმიდა გიორგის მონასტერში მოღვაწეობდა. დაახლოებით XII საუკუნის I ათეულში (1114წლამდე). აქ მან, პირველ რიგში, თარგმნა გიორგი ჰამარტოლის ხრონოგრაფი, რომელიც შედგება ცხრა წიგნისგან და მოგვითხრობს ისტორიას ადამიდან თეოდოსი დიდამდე. მის მიერ ნათარგმნ დოგმატიკონში მოთავსებულია ცხრა ისეთ ავტორთა ნაწარმოები, რომელთა სახელი ცნობილია, ხოლო თერთმეტი ანონიმისა. დოგმატიკონი რომ მისი ნათარგმნია, ადასტურებს სხვადასხვა წერილობითი წყაროები. მესამე პერიოდში, როდესაც არსენი ცხოვრობდა საქართველოში, უთარგმნია დიდი სჯულისკანონი. ეს დამოწმებულია გელათის მონასტრის ერთ-ერთ ნუსხაში, სადაც ვინმე გრიგოლ ჩახრუხაისძეთა ამბობს, რომ გულმოდგინედ გადავწერე ქრისტიანთა წინამძღვარი დიდი რჯულის კანონი თარგმნილი არსენის მიერ.

და ბოლოს, არსენს უნდა ეკუთვნოდეს აგრეთვე “მცნება ბასილი დიდისა მღუდელთა მიმართ”, რომლის ერთი რედაქცია გიორგი მთაწმინდელს უთარგმნია წინათ.

“ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი, ფიზიკოსი, ანატომოსი, ალიღორიკულთა შეთხზვათა შინა ქებული, უცხო და მაღალი მესტიხე და საეკლესიო ტიპიკონთა მეტყუელი” წმიდა არსენ იყალთოელი საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმიდანად შერაცხა.

იგი დაკრძალულია იყალთოში, მონასტრის დამაარსებლის, წმიდა ზენონის გვერდით.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი