მთავარი » ქრისტიანობა

აღსარებისათვის მზადება – არქიმანდრიტი ნექტარიოს ანტონოპულოსი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.07.2021 | 493 ნახვა

მრავალი ადამიანი აღსარებას აბსოლუტურად მოუმზადებელი მიმართავს და ამჯობინებს, რომ თავად მოძღვარმა ჰკითხოს ცოდვების შესახებ, თითქოს ეკლესია – საგამომძიებლო ორგანო იყოს, მღვდელი კი – ადამიანი, რომელმაც ჩვენს ცოდვებზე უნდა იმკითხაოს. სხვა უკიდურესობაც არსებობს – როცა ადამიანები აღსარებაზე იმისათვის მიდიან, რომ განაცხადონ – არანაირი ცოდვა რომ არ გააჩნიათ, ან მოძღვარს მოუყვნენ, თუ რაოდენ კარგები არიან და რამდენი კეთილი საქმე ჩაიდინეს. ეს გვიჩვენებს, რომ მოცემულ შემთხვეაში თვითანალიზი არ ხდება და ძალიან შორს ვართ თვითშემეცნების პროცესისაგან, რომელიც ყოველი ქრისტიანისათვის აუცილებლობას წარმოადგენს. სულში რაღაც შიშია დაბუდებული: გვეშინია, დავინახოთ ჩვენი ჭეშმარიტი „მე“, ვცდილობთ, დავიმალოთ არა მარტო ღვთისა და ადამიანებისგან, არამედ საკუთარი თავისგანაც. გვეჩვენება, რომ თუკი საკუთარ ცოდვებს ვაღიარებთ, ღმერთი აუცილებლად დაგვსჯის, გარშემომყოფები კი ზურგს შეგვაქცევენ. ამიტომ თავი კეთილზნეობრივ ქრისტიანებად მოგვაქვს, სინამდვილეში კი სულ სხვაგვარნი ვართ. რა უნდა იყოს ასეთ თავის მართლებაზე უარესი? თუ ყურადღებით წავიკითხავთ სახარებას, დავინახავთ, რომ იესომ განსაჯა არა ცოდვილი, არამედ თავად ცოდვა. ყველა ცოდვილს, რომლებიც მასთან მიდიოდნენ, ის კეთილგანწყობითა და თანაგრძნობით ესაუბრებოდა, თუნდაც ხშირად მათ სინანული სულაც არ გამოევლინათ (მაგ. ზაქე, სამარიტელი დედაკაცი, მეძავი და ა.შ.). ის მხოლოდ ცოდვილთა ერთ სახეობას განსჯიდა, თანაც საკმაოდ მკაცრად, – ფარისევლებს, რომლებსაც შემოსილი ჰქონდათ მართალთა ნიღაბი. უფალი განსჯიდა ცოდვას, რომელიც ესოდენ გავრცელებულია „კარგ“ ადამიანებსა და „კარგ“ ბავშვებში.

ღმერთისთვის ცნობილია ადამიანური უძლურება, ჩვენი არასრულყოფილება. ერთადერთი, რაც ჩვენ მოგვეთხოვება, არის ის, რომ გავაცნობიეროთ ჩვენი ცოდვილი მდგომარეობა, რათა მუდმივად მივესწრაფოდეთ სინანულის გზას. მრავალი ქრისტიანი ავლენს რაღაც ნევროზულ მისწრაფებას, რომელსაც შეიძლება „სრულყოფილებისადმი ვნება“ ეწოდოს. სინამდვილეში იგი არაფრით უკავშირდება სრულყოფილებისაკენ ჭეშმარიტ სწრაფვას, რომელიც უეჭველად კეთილი გულისწადილია. „სრულყოფილებისადმი ვნებას“ სინამდვილეში სულაც არ მივყავართ სრულყოფილებისაკენ, არამედ, უბრალოდ, ადამიანს საკუთარი არასრულყოფილების შეწყნარების საშუალებას აძლევს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა მივისწრაფოდეთ სრულყოფილებისაკენ, მაგრამ თუ ვიტანჯებით და მოსვენებას ვკარგავთ იმის გამო, რომ, თურმე, ჯერ კიდევ არ ვართ სრულყოფილნი, სიამაყის საშინელი სენი დაგვრევია, რომელიც განსაკუთრებით ტანჯავს ე.წ. „კეთილზნეობრივ ადამიანებს“.

ამგვარად, აუცილებლად უნდა შევიცნოთ საკუთარი თავი და არ გვეშინოდეს საკუთარი მდგომარეობის გაანალიზებისა. მტკიცედ გავითავისოთ, რომ დავისჯებით არა იმისათვის, რაც ვცოდეთ, არამედ იმისათვის, რაც არ მოვინანიეთ. რაც უფრო „კარგი“ გვგონია საკუთარი თავი, მით უფრო ვშორდებით უფალს. აღსარებაზე მისვლა და სულიერი მოძღვრისთვის იმის თქმა, რომ ჩვენ „ცუდი არაფერი გაგვიკეთებია“, იგივეა, რომ აღვიაროთ – „ჩვენ უცოდველნი ვართ“. ეს კი ღვთის გმობაა. თუ საკუთარ გულში მიკერძოების გარეშე ჩავიხედავთ, დავინახავთ, რომ იქ უამრავი ვნება და ცოდვაა დაბუდებული. ჩვენი ეკლესიის კაცთმოყვარეობისთვის აბსოლუტურად უცხოა შიში ადამიანური ცოდვილობის აღიარების მიმართ. ეკლესიაში, მამა ღმერთის ოჯახში ერთიანდებიან ის ადამიანები, რომლებიც ცოდვილთა განსჯის ნაცვლად, სხვებზე ცოდვილებად საკუთარ თავს აღიარებენ.

წმიდათა ცხოვრებას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ისინი უფალს სთხოვენ, შეიწყნაროს არა როგორც წმიდანები, არამედ როგორც ცოდვილები: „შემიწყნარე მე ვითარცა ცოდვილი, ვითარცა მეზვერე და ვითარცა მეძავი“. ისინი ჩვენსავით თავს კი არ იმართლებენ, საკუთარ სათნოებებსა და ღირსებებს კი არ ჩამოთვლიან, არამედ ერთადერთი, რასაც უჩვენებენ უფალს, ესაა საკუთარი წყლულები და ითხოვენ ღვთის წყალობას. წმიდა ანდრია კრიტელი უფალს ასე მიმართავს: ამქვეყნად არ არსებობს არც ცოდვა, არც საქმე, არც ბოროტება, რომელიც მე არ ჩამიდენია გონებით, საქმით ან სიტყვით.

წმიდანთა აღსარება ხშირად შემაძრწუნებელია. ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი აღიარებს: ყველამ ისმინეთ: მე მკვლელი გავხდი… ვაი, მე, გავხდი მრუში საკუთარ გულში და აღვასრულე სოდომური ცოდვა ჩემს განზრახვასა და სურვილებში. გავხდი ფიცის გამტეხი, განდგომილი და ანგარებისმოყვარე. ქურდი, მატყუარა, უსირცხვილო, მძარცველი – ვაი, მე! გავხდი მაწყენარი, ძმათმოძულე და ძალიან შურიანი. ვერცხლისმოყვარეც და კადნიერიც, ერთდროულად ჩავიდინე ყოველი ბოროტება. მერწმუნეთ, მართალს ვამბობ. ეს არც ჩემი ფანტაზიის ნაყოფია და არც შთაგონება.

წმიდა კოზმა ეთოლიელი აღიარებს: შეგინდოთ უფალმა თქვენი ცოდვები, თუკი იმდენი გაქვთ, რამდენიც მე, და თუ არა გაქვთ, დაგიფაროთ, რათა არ ჩავარდეთ ამ ცოდვებში. რაღაც სიცრუეში ვცხოვრობდი, ძმებო, როცა ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი, ვამბობდი: „ვცოდავ, სადაც შემიძლია და სადაც ამის საშუალებაა, ხოლო როცა დავბერდები, დრო მექნება იმისათვის, რომ ვაკეთო სიკეთე და ვცხონდე“. ახლა მოვხუცდი, ჩემმა ცოდვებმა კი ფესვები გაიდგა, მე არანაირი სიკეთის კეთება არ შემიძლია. როცა სწავლა დავიწყე, თავში ასეთი აზრი მომივიდა: „აქ, სადაც ვიმყოფები, მივისწრაფი, რომ ფული ავიღო“, რადგან ვერცხლისმოყვარე ვიყავი და მიყვარდა ფული და ოქროს მონეტები“.

რომელი საღვთისმსახურო ტექსტიც არ უნდა წაიკითხოთ, ყველგან აღმოაჩენთ, რომ ისინი მეზვერეთა, მემრუშეთა და ავაზაკთა მიმართ არის დაწერილი. არც ერთი მათგანი არ დაწერილა სათნოთმოყვარე და წმიდა ადამიანებისთვის. მეორე მხრივ, რეალური ცოდვილობა – ეს არა მხოლოდ გარეგნული ქცევაა, არამედ შინაგანი განწყობაც და ცოდვისადმი მიდრეკილებაც. რა თქმა უნდა, ხშირად ადამიანის მდგომარეობის გარეგნული გამოვლენა არ ემთხვევა შინაგან განწყობას. მაგალითად, ერთს შეიძლება კიბო აქვს და რაღაც სტადიაზე ამას ვერ გრძნობს, მეორე კი კბილის ტკივილისგან აუტანელ ტანჯვას განიცდის. ამგვარად, როცა სინდისი შეწყვეტს ქენჯნას, ძირფესვიანად უნდა გამოვიკვლიოთ: იქნებ, ამის მიზეზი სულაც არაა ჩვენი სიწმიდე, არამედ ეს იმიტომ ხდება, რომ მრავალი ცოდვის გამო ჩვენი სინდისი უკვე დაიღალა, დაბლაგვდა და გულქვა გახდა.

ხშირად აღსარებაზე ისე მივდივართ, რომ არ ვიცით, რა ვთქვათ. აი, მაგალითად, ყველაზე გავრცელებული შემთხვევა: – „მამაო, იქნებ ჯობს, თავად დამისვათ კითხვები?“ -„კი მაგრამ აღსარება ხომ დაკითხვა არ არის. ნუთუ არაფერი გაქვთ სათქმელი?“

  • „რა ვთქვა? არ მიქურდია, არ მომიკლავს…“ (აქ ათი მცნება ორამდე დაიყვანება!)
  • „ზოგჯერ, არა მხოლოდ თავად ქმედება, არამედ უმოქმედობაც ცოდვაა. განა შეეწევი მოყვასს?“
  • „რაც შემიძლია, ვაკეთებ, მამაო… „და იწყება საკუთარი „სათნოებების“ ჩამოთვლა, რათა ვაჩვენოთ, თუ რა „კარგები“ ვართ და რით არის ჩვენგან ღმერთი „დავალებული“. მაგრამ ყველაზე საშინელი ისაა, რომ გვჯერა, – „თბილი“ ადგილი სამოთხეში უკვე უზრუნველყოფილი გვაქვს. ანუ, სანერვიულო არაფერია: ჩვენ აქაც კარგად ვართ მოწყობილი და მომავალ ცხოვრებაშიც. მაგრამ თუ საკუთარი თავის წინაშე გულახდილნი ვიქნებით, დავინახავთ ჩვენი ცოდვების უფსკრულს. გავაცნობიერებთ, რომ არ არის ცოდვა, რომელიც არ ჩაგვიდენია ამა თუ იმ ხარისხით მაინც. ნუთუ ის, რომ ფაქტზე არ წაგვასწრეს, იმის მანიშნებელია, რომ ღვთის წინაშე დამნაშავენი არა ვართ? ნუთუ ის, რომ ჭკვიანები ვართ და შეგვიძლია, დავფაროთ ჩვენი უწმიდურება, ნებას გვაძლევს, განვაცხადოთ, რომ სწორ გზას ვადგავართ? იესო ქრისტესთვის იმდენად მნიშვნელოვანი არ არის ადამიანის ქცევა, რამდენადაც მისი გული. ადამიანი ხომ სწორედ იქ ჩადის ცოდვას! ვინაიდან გულიდან გამოდის ბოროტი განზრახვები, მკვლელობები, მრუშობები, სიძვები, ძარცვები, ცრუმოწმობები (მთ. 15, 19).

მოამზადა ნათია თარაშვილმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 51(259), 2003 წ.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი