მთავარი » სხვადასხვა

არქეოლოგიური ძეგლების სამართლებრივი საკითხები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.03.2013 | 1,534 ნახვა

“საქართველოში არ არსებობს ისეთი ოფიციალური სტრუქტურა, რომელიც არქეოლოგიური ძეგლების აღრიცხვას, დაცვასა და შესწავლას უზრუნველყოფდა…”

საქართველოს ტერიტორიაზე არსებული არქეოლოგიური ძეგლების სამართლებრივი საკითხების შესახებ გვესაუბრება საქართველოს არქეოლოგიური ძეგლი ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი გოდერძი ნარიმანიშვილი:

“საქართველოს ტერიტორიაზე არსებული არქეოლოგიური ძეგლების დაცვას, შესწავლას, მათზე სამუშაოების წარმოების წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს კანონი “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ”.

კანონის მიხედვით (თავი II, მუხლი 4.1), “კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო დაცვას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ახორციელებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო”.

დღევანდელი მდგომარეობით, არქეოლოგიური, ისევე, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა დელეგირებული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს.

არქეოლოგიური ძეგლების დაცვისა და მართვის კუთხით რამდენიმე პრობლემაა: 1. აუცილებელია გარკვეული ცვლილებების შეტანა კანონში (ახალი კანონის მიღება უკეთესი იქნებოდა); 2. არ არსებობს ინსტიტუციური (სტრუქტურული) მექანიზმი, რომელიც დაიცავდა ძეგლებს; 3. მოშლილია არქეოლოგიური ძეგლების დაცვის სამართლებრივი მექანიზმები.

საკანონმდებლო ცვლილებები რთული და ხანგრძლივი პროცესია, რადგან მან არქეოლოგიის საკითხების გარდა კულტურული მემკვიდრეობის სხვა მიმართულებებიც უნდა მოიცვას. თუმცა საკანონმდებლო ცვლილებებზე ან კანონის ახალ რედაქციაზე მუშაობა სასწრაფოდაა დასაწყები.

რაც შეეხება სტრუქტურის ჩამოყალიბებას, დღემდე საქართველოში არ არსებობს ისეთი ოფიციალური სტრუქტურა, რომელიც არქეოლოგიური ძეგლების აღრიცხვას, დაცვასა და შესწავლას უზრუნველყოფდა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ფუნქციონირებს არქეოლოგიური კომისია, რომელიც მხოლოდ ძეგლზე არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მისაღებად შემოსულ დოკუმენტაციას განიხილავს და სააგენტოს გენერალურ დირექტორს შესაბამის რეკომენდაციას აძლევს.

სააგენტოში ფუნქიონირებს არქეოლოგიური მემკვიდრეობის მართვის ცენტრი, რომელიც ვერ ჩამოყალიბდა რეალურ სტრუქტურად.
ამ მდგომარეობამ არქეოლოგიური ძეგლების დაზიანება და განადგურებაც კი გამოიწვია.

სამართლებრივი პრობლემები

კანონის მე-12 მუხლის მიხედვით, “არქეოლოგიური ობიექტის გათხრა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია სამეცნიერო საკითხების გადასაჭრელად, ან თუ არქეოლოგიურ მემკვიდრეობას სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო და სხვა სახის საქმიანობით ან ბუნებრივი პროცესების შედეგად დაზიანება ან განადგურება ემუქრება”.

არქეოლოგიური ძეგლების დაზიანება ძირითადად სამშენებლო და სამრეწველო საქმიანობის დროს ხდება. თუმცა სამშენებლო ობიექტების ნუსხა შეზღუდულია კანონის მე-14 მუხლით, რომელიც განსაზღვრავს “მსხვილმასშტაბიანი მიწის სამუშაოების განხორციელების აუცილებელ პირობებს”. ამ მუხლის მოთხოვნის მიხედვით, კულტურის სამინისტროს შესაბამისი დასკვნა ესაჭიროებათ მხოლოდ კარიერის დამუშავებისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების, ასევე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის დროს.

ამდენად, სამშენებლო და სამრეწველო ობიექტების დიდ ნაწილს არ ესაჭიროება კულტურის სამინისტროს დასკვნა, რაც არქეოლოგიური ძეგლის დაზიანებას, ხშირ შემთხვევაში კი განადგურებას იწვევს.

საქმეს ართულებს ისიც, რომ სამშენებლო ობიექტები დაცულია და მიწის სამუშაოებზე მონიტორინგის განხორციელება შეუძლებელია. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იმ უფლებას, რომ სპეციალისტებს (მათ შორის სამინისტროს თანამშრომლებს) ჰქონდეთ საშუალება იმ ობიექტებზე, რომლებიც არ საჭიროებენ კულტურის სამინისტროს დასკვნას, განახორციელონ მშენებლობის დროს მიმდინარე მიწის სამუშაოების მონიტორინგი. ასეთი ნორმა ზღუდავს სპეციალისტების მოქმედებას და ზრდის არქეოლოგიური ძეგლების დაზიანების ალბათობას.

ახალი არქეოლოგიური ობიექტების გამოვლენა ან დაფიქსირება ხშირ შემთხვევაში საკმაოდ რთულია, რადგან ისინი მიწითაა დაფარული და ზედაპირზე არ შეინიშნება.

აღრიცხვის პრობლემები

საქართველოში არც ერთ არქეოლოგიურ ობიექტს არ აქვს ძეგლის სტატუსი. ერთადერთია სამთავროს სამაროვანი ქ. მცხეთაში, რომელიც არქეოლოგიური ზონის სტატუსს ატარებს.

2007 წლამდე საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილი არქეოლოგიური ძეგლების უმეტესობას ჰქონდა ე.წ. “დაცვითი ზონა”, რომელსაც ერთობლივად ადგენდნენ ძეგლთა დაცვის ორგანოები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

2007 წელს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონმა ახალი რეგულაციები დაადგინა. თუმცა არ მოხდა სტატუსის მინიჭების მექანიზმების განსაზღვრა, რამაც არქეოლოგიური ძეგლები სამართლებრივი დაცვის გარეშე დატოვა. ეს ხარვეზი დღემდე არ არის გამოსწორებული.”

ბატონი გოდერძი ნარიმანიშვილი მიიჩნევს, რომ არქეოლოგიური ძეგლების დაცვის მიზნით უნდა გაიზარდოს იმ სამშენებლო ობიექტების ჩამონათვალი, რომლების მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი იქნება კულტურის სამინისტროს დასკვნა.

ამასთან ერთად, სამინისტროს მიერ სპეციალური მანდატით აღჭურვილ პირს ყველა სახის მიწის სამუშაოს მონიტორინგის უფლება უნდა მიენიჭოს.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი