მთავარი » სხვადასხვა

არქეოლოგიური სამუშაოები მსხალგორში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.08.2016 | 2,002 ნახვა

მსხალგორი მსხალგორის წმ. გიორგის სახელობის შუა საუკუნეებით დათარიღებული კომპლექსის არქეოლოგიური გათხრები რამდენიმე დღეა რაც განახლდა. კომპლექსის კვლევა გასულ წელს დაიწყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ეგიდით. შარშან გაიწმინდა წმ. გიორგის ტაძარი და მისგან რამდენიმე მეტრით დაშორებული საწნახელი. წლევანდელი გათხრები მიმდინარეობს ტაძრის სამხრეთ მინაშენზე და მის გარე პერიმეტრზე, ასევე, საწნახელის ტერიტორიაზე. რამდენიმე დღიანი კვლევის შედეგად უკვე გამოვლინდა ადრეული ფენების ნაგებობათა ნაშთები, ბავშვის აგურსამარხი და კიდევ ერთი საწნახელი. არქეოლოგიური გათხრები გაგრძელდება 20 დღე.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ზემო მსხალგორში, სოფლიდან 5–7 კილომეტრის მანძილზე, ტყიან ადგილას, დგას წმ. გიორგის სახელობის ეკლესია (ცალნავიანი ტაძარი მინაშენებით). ტაძრის ისტორიული და არქიტექტურული ღირებულების დასადგენად 2015 წლის ზაფხულში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები. სამუშაო ჯგუფი ძირითადად დაკომპლექტებული იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებითა და მოხალისე სკოლის მოსწავლეებით. საველე სამუშაოებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა ადგილობრივი მოსახლეობაც. გათხრების შედეგად გაიწმინდა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია – გამოჩნდა ტაძრის საძირკველი და მის სიახლოვეს არსებული სხვა ნაგებობანი. ტაძარი დღეს სანახევროდ დანგრეულია. მსხალგორი დარბაზულ ეკლესიას კამარა ჩანგრეული აქვს. მიუხედავად დაზიანებებისა, გადარჩენილ არქიტექტურულ ნაწილთა მიხედვით, საერთო სურათის აღდგენა შესაძლებელია. ეკლესია ნაგებია მოზრდილი, უხეშად დამუშავებული ქვით. ტაძრის წყობაში მეტნაკლებად დაცულია რიგების სწორხაზოვნება. გრძელ დარბაზულ ეკლესიას ჩრდილოეთიდან მიდგმული აქვს მინაშენი, რომელიც ეკლესიის აღმოსავლეთ კედელს უსწორდება, დასავლეთით კი ეკლესიის სიგრძის ნახევრამდე აღწევს. ეკლესიაში შესასვლელი კარი სამხრეთ კედელშია გაჭრილი, სარკმლები აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებშია. ტაძრის გაწმენდის დროს ეკლესიის სამხრეთით მთელს სიგრძეზე აღმოჩნდა სწორკუთხა მინაშენი , რომელიც, სავარაუდოდ, მოგვიანო პერიოდში უნდა მიედგათ. მის სამხრეთ კედელში თაღედით გახსნილი შესასვლელი უნდა ყოფილიყო მოწყობილი. მსხალგორის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის შესახებ ისტორიული ცნობები არ მოიპოვება. თუმცა, ეკლესიის დათარიღების საშუალებას იძლევა საფასადო წყობა, სამშენებლო ოსტატობის შესაბამისი ხარისხი და ტაძრის არქიტექტურული სახე. ამ მონაცემთა მიხედვით, ტაძრის აგების თარიღი, სავარაუდოდ, XII საუკუნით განისაზღვრება. წმ. გიორგის სახელობის ეკლესია ქართულ ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი