მთავარი » სხვადასხვა

არმაზობა

ჟურნალისტი: | გამოქვეყნებულია: 04.10.2012კომენტარი არაა | 504 ნახვა

როგორ აღნიშნავდნენ უძველეს წარმართულ დღესასწაულს არმაზობას? გვესაუბრება ნინო ღამბაშიძე (ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი):

“ქართული საისტორიო წყაროს “ქართლის ცხოვრების” ერთ-ერთ ნაწილში – “მოქცევაი ქართლისაიში” მოთხრობილია წარმართული კერპის, არმაზისა და მისი დღესასწაულის შესახებ. არმაზის კერპისადმი მიძღვნილ დღესასწაულს პირობითად არმაზობას ვუწოდებთ.

არმაზიარმაზციხე, რომლის ნაშთები დღემდეა მოღწეული, ქართველ წარმართ მეფეთა რეზიდენცია და რელიგიური ცენტრი იყო. მცხეთა ქ.შ. IVს-ში ძლიერი ქალაქი იყო. მასზე მატიანეში ნათქვამია, რომ ეს ის ქალაქია, “სადაც ღმერთები ღმერთობენ და მეფენი მეფობენ~. არმაზციხეში სამი მეომრის ქანდაკება იდგა. შუაში მდგომი მეომარი გამოირჩეოდა ზარდამცემი, პირქუში გამომეტყველებით და სპილენძისაგან იყო ჩამოსხმული. ტანზე ოქროს ჯაჭვის პერანგი ეცვა, თავზე ჩაბალახი ეხურა, თვალები ზურმუხტისა და ბივრიტის ჰქონდა, ხელში მოელვარე ხმალი ეჭირა, რომელიც მოძრაობდა. ეს გახლდათ არმაზი, ვის დანახვაზეც მეფე, დიდებულები, უბრალო ხალხი შიშისგან ძრწოდნენ. არმაზის მარჯვნივ ოქროს მეომარი იდგა, მარცხნივ კი – ვერცხლის. ქართლის მცხოვრებლებს ისინიც თავიანთ ღმერთებად მიაჩნდათ.

არმაზი ქართლის სამეფოს უზენაესი ღვთაება იყო, სტიქიათა (მზისა და წვიმის) გამგებელი.

როგორც ცნობილია, ქ.შ. IVს-ში წმიდა ნინო იერუსალიმიდან ქართლის სამეფოში მოვიდა, რომ ენახა და ქრისტეს რჯულზე მოექცია ის ქვეყანა, სადაც უფლის კვართი იყო და დღემდე არის. ამისათვის გრძელი და ხიფათიანი გზა გამოიარა. ამ გზაზე წმ. ნინოს იესო ქრისტე გამოეცხადა, გაამხნევა და იმ საქმისთვის აკურთხა, რაც მიზნად ჰქონდა დასახული.

არმაზობის დღესასწაული 6 აგვისტოს (ძველი სტილით) იმართებოდა ხოლმე. წყარო ასე აღწერს არმაზობას: ამ დღეს უამრავი ხალხი დაიძრა არმაზის კერპის თაყვანსაცემად და მისთვის მსხვერპლის შესაწირად. არა მარტო მცხეთელები მოდიოდნენ, არამედ ყველა, ვისაც დედაქალაქში შეეძლო მისვლა. გაისმა საყვირისა და `ძახილის~ ხმა. ხალხი შეგროვდა. მალე დედოფალი ნანაც გამოჩნდა. ქუჩები ფერადი ქსოვილებითა და ფოთლებით იყო მოფენილი. ხალხი მეფეს ადიდებდა. მეფეც გამოჩნდა. იგი არმაზის კერპისკენ გაემართა. ხალხი უკან მიჰყვა. წყაროს თქმით, “მთები ხალხით და დროშებით აივსო”. ამ ხალხს წმ. ნინოც გაჰყვა და კერპებთან ახლოს ნაპრალში მოახერხა დამალვა. როდესაც დაინახა, თუ როგორ ეთაყვანებოდნენ ხელით შექმნილ, უტყვ, უსულო კერპებს ქართლის მცხოვრებლები, შეშფოთდა. დაიწყო ლოცვა და ღმერთს ცრემლით ევედრებოდა, კერპები დაექცია. გადმოცემის მიხედვით, ამ დროს მირიან მეფე არმაზს მსხვერპლს სწირავდა; წმ. ნინოს ცრემლებიდან კი წყარო გაჩნდა, რომელიც დღემდე არმაზის მთაზე მოედინება. ღმერთმა შეისმინა წმ. ნინოს ლოცვა, საშინელი ქარბუქი და სეტყვა მოავლინა და სამივე კერპი დალეწა.

მალე წმიდა მირიან მეფეცა და ქართლის მოსახლეობაც მოინათლა, გაქრისტიანდა და წარმართული კერპები – არმაზი, გაცი და გაიმი (ასე ერქვათ არმაზის მარჯვენა და მარცხენა მხარეს მდგარ ქანდაკებებს) უარჰყო. არმაზობის დღესასწაულიც გაუქმდა და ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა.”


სტატიაზე ვრცელდება მედიაჰოლდინგ "ამბიონის" საავტორო უფლებები

დატოვეთ კომენტარი!

გთხოვთ ყურადღებით შეავსოთ აუცილებელი ველები.

"გქონდეს ჭეშმარიტი კეთილზნეობა და მაშინ ჭეშმარიტი ბედნიერებაც გექნება," - წმ. ტიხონ ზადონელი.