მთავარი » ქრისტიანობა

“აღიღე ჯვარი თვისი”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.12.2017 | 1,814 ნახვა

გვესაუბრება არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე (დმანისის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი): “ყოველ ადამიანს განსხვავებული ცხოვრების გზა აქვს. განსხვავდება დაბადების დრო, ადგილი, ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობები; ასევე ადამიანის ჩამოყალიბებაზე დიდ გავლენას ახდენს ოჯახი, გარემომცველი საზოგადოება და მშობელთა გენეტიკური მემკვიდრეობა. ჯვრის ზიდვა ყოველივე ამას უნდა დავუმატოთ საერთო ადამისეული მემკვიდრეობა და ნათლად წარმოჩინდება მიზეზი იმისა, თუ რატომ არის, რომ მილიარდობით ადამიანი აგრე რიგად განსხვავებულია.

აღნიშნული განსხვავებული ფაქტორები საზოგადოების განწყობილებებს დიდად განაპირობებს. ზოგი უდარდელად მიჰყვება ცხოვრების დინებას; ზოგიც, თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა, რაღაცის შეცვლას ლამობს; ხოლო ზოგი, გარემოებათა მიუხედავად, მუდმივად ღვთისადმი მადლიერებას ინარჩუნებს, რითაც მთლიანად ეხმიანება უფლის სიტყვას, ერთი თმის ბეწვიც კი არ დაგეკარგებათ თავიდანო (ლუკ.21:18). ამიტომ, შობისა და ყრმობის ასაკში მიღებული მდგომარეობა, ჩვენი მცირეწლოვანებისა და გარემოებებზე დამოკიდებულების გამო, თითქმის მთლიანად უფლისაგან წარიმართება.

აღნიშნული ცხოვრების პერიოდი ჩვენს მომავალს დიდად განაპირობებს. შესაბამისად, ეს არის უფლისგან მონიჭებული ის ცხოვრების ჯვარი, რომლის ტვირთვაც შემდგომში უდრტვინველად გვმართებს: ,,რომელმან არა აღიღოს ჯუარი თვისი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს” (მათ.10:38).

მაშ, რას ნიშნავს ადამიანის ჯვარი? ჯვარი უძველესი დროიდან სასტიკ და სამარცხვინო დასასჯელ იარაღად გამოიყენებოდა. ამიტომ, იგი უპირველესად ტკივილთან და სიმძიმესთან იყო დაკავშირებული. ხოლო ჩვენი ჯვარი ცხოვრებისგან მიღებულ მრავალგვარ ტკივილში გამოიხატება და ეს ჯვარი უფლის მსგავსად ჩვენც უნდა ვატაროთ. მასაც, როგორც ადამიანს, უჭირდა ჯვარზე ასვლა რადგან ითხოვდა: ,,აბბა, მამაო, ყოველივე შესაძლებელ არს შენს მიერ; თანაწარსვლად სასუმელი ესე ჩემგან; ხოლო არარაი-იგი მე მნებავს, არამედ რაიცა შენ გნებავს” (მარკ.14:36). აი, მაგალითი ღმერთისგან დაკისრებული ჯვრის ტვირთვისა.

ქრისტეს ჯვარცმამდე არსებული ჯვარცმის ტკივილი და სირცხვილი გამარჯვებით შეიცვალა _ ჯვარზე დაემხო ეშმაკის ყოველგვარი მზაკვარება. ამიტომ კაცობრიობისთვის ჯვარზე გაკვრა საპატიო გახდა. ჯვრის ტვირთვამ ნებაყოფლობითი ხასიათი მიიღო. მრავალი ქრისტიანი სიხარულით ადიოდა მასზე. მაგალითად, წმინდა ანდრია და პეტრე მოციქულები ჯვრის მიმართ მოწიწების გამო მასზე გაკვრის ღირსად არ მიიჩნევდნენ თავს, ამიტომ მათი თხოვნით ერთი სხვა ფორმის ჯვარზე გააკრეს, ხოლო მეორე – თავდაყირა.

თუმცა, ჯვრის ტვირთვას მხოლოდ გარეგნული გამოხატულება როდი გააჩნია. მაცხოვრის სიტყვისა და ქმედების მიხედვით ჯვარს დიდი მისტიური და საკრალური მნიშვნელობა მიენიჭა. ვინც საკუთარ ჯვარს აღიღებს უფლისადმი სიყვარულს მოწმობს, ამავე დროს ამ გრძნობას თავის უარყოფით პასუხობს. ხოლო, ვინც თავის ჯვარს უარყოფს, იგი არც უფლის სიყვარულს ეხმიანება და არც თავის იძულებას ცდილობს. ამგვარნი კი მისი ხილვის ღირსნი ვერ გახდებიან (მათ.10:38). ანუ, როგორც ვხედავთ, თითოეულ ადამიანს საკუთარი ჯვრის ტვირთვა მართებს. ისე, როგორც მაცხოვარმა იტვირთა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ იგი ამის საჭიროებას თავად არ განიცდიდა და ყოველივე ჩვენთვის აღასრულა, ხოლო ჩვენ შემთხვევაში – თითოეული უპირველესად საკუთარ თავს გამოიხსნის.

ჯვარს უფალი გვაკისრებს. ეს ნათლად გამოჩნდა გეთსიმანიაში მლოცველი მაცხოვრის მაგალითზე. ხოლო თუ ვფიქრობთ, რომ ჯვარი უფლის განგების გარეშე გვეკისრება და მხოლოდ ჩვენ პირადულ თვისებებსა და გარემოებებზეა დამოკიდებული, მაშინ რაც ჩვენი მიზეზით არ აღესრულება, ყოველივე შემთხვევითობა ყოფილა; უფლის მზრუნველობა კი მხოლოდ მაშინ წარმოჩინდება, როდესაც ადამიანი ლოცვით მოითხოვს მას. ასე კი გამოვა, რომ ღმერთი უმოქმედოა და მისი მოქმედება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ მიერ აღსრულებულ ლოცვაზე ყოფილა დამოკიდებული.

ახლა ჩნდება კითხვა: ჩვენზე რაღაა დამოკიდებული? ღმერთი მუდმივად ზრუნავს ადამიანზე, მაგრამ თავისი ქმედებით იგი არ ერევა ჩვენ არჩევანში. ნებისმიერ ვითარებაში, თუნდაც სრულიად უუნარო მდგომარეობაში, შინაგანი არჩევანის უფლება გაგვაჩნია.

ეს ყოველივე რაც გარეგნული გარემოებებით განპირობებულ ცხოვრებას შეეხებოდა, მაგრამ სულიერ ცხოვრებასთან და შინაგან ვნებებთან მიმართებაში ჯვარი განსხვავებულ ხასიათს იძენს. სულიერი ჯვარი კი მთლიანად ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული. მებრძოლი ადამიანი ცოდვის ჩადენის შემდეგ მძიმდება სინდისის ქენჯნისგან, მადლისა და სიმშვიდის დაკარგვისგან. ეს ყველაზე მძიმე ჯვარია – საკუთარი უძლურების ტვირთვა. მაგრამ აქ ამ ჯვრის სიმძიმეს უფალი მთლიანად ტვირთულობს. აკი იტვირთა კიდეც. თუ გვექნება მისი იმედი და მთლიანად მივბარდებით მას, ჯვარი აღარც კი იარსებებს: ,,მე განგისუენო თქუენ” (მათ.11:28).

ამრიგად, მთლიანობაში, ჯვრის სიმძიმე ბევრ წილად ჩვენზეა დამოკიდებული. თუ მისი შემსუბუქება გვწადია, ეს უპირველეს ყოვლისა სულიერი ცხოვრებით უნდა აღვასრულოთ. თუ სულიერებაზე უარს განვაცხადებთ, სულის ყოველი ტკივილი მოუშუშებელ ჭრილობად გადაგვექცევა. სულის სნეულება უდიდეს შინაგან ტვირთად დაგვაწვება. ამის გამო, უფლის დაშვებით, ჩვენი გამოფხიზლებისთვის მრავალგვარი განსაცდელი მოგვევლინება. მათ მიმართ წინააღმდეგობის სურვილი გაჩნდება. ეს წინააღმდეგობა დაუსრულებელ სახეს მიიღებს და შინაგანი პროტესტი გაიზრდება. საბოლოოდ ადამიანი ან გონს მოვა, ან კიდევ უკიდურეს ზომებს მიმართავს. წმიდა იაკობ მოციქული ამ ჭეშმარიტებას შემდეგნაირად გადმოგვცემს ,,ნუვინ განცდილთაგანი იტყვინ, ვითარმედ ღმრთისა მიერ განვიცადები, რამეთუ ღმერთი გამოუცდელ არს ბოროტისა და არავის განსცდის იგი. არამედ კაცად-კაცადი განიცადების თვისისაგან გულის თქუმისა, მიიზიდვის და სცთების.” (იაკ.1:13-14). როგორც ვხედავთ, ადამიანი თავისი ბოროტი გულისთქმით განიცადება ცოდვაში, რადგან ,,ღმერთი გამოუცდელ არს ბოროტისა”; ხოლო განსაცდელი სიკეთეში განმამტკიცებელი უფლისგან გამოგზავნილი აუცილებელი საშუალებაა.
აქვე უნდა აღინიშნოს ერთი თავისებურება. ადამიანი რაც უფრო მეტადაა შემკული სხვადასხვა სათნოებებით, მით მეტად მძიმდება მისი ჯვარი. თუმცა, ზემოთ აღინიშნა, ჯვრის სიმძიმის შემსუბუქება თითქოს ჩვენ სულიერ წინსვლაზე იყო დამოკიდებული. ამით თითქოს წინააღმდეგობაში მოვდივართ. მაშ, რასთან გვაქვს საქმე? ვნებების მოკვლასა და დათრგუნვასთან ერთად მორწმუნე სულიერად თავისუფლდება და ძლიერდება, ამავდროულად უფრო მეტი განსაცდელით გამოიცდება. რაც ერთი მხრივ ჯვრის დამძიმებას, ხოლო მეორე მხრივ მადლის სიუხვეს ნიშნავს. ,,ყოველივე სიხარულად შეჰრაცხეთ, ძმანო ჩემნო, რაჟამს განსაცდელსა შესცვივეთ პირად-პირადსა; უწყოდეთ, რამეთუ გამოცდილებამან მან სარწმუნოებისა თქუენისამან შექმნის მოთმინებაი. ხოლო მოთმინებასა მას საქმე სრული აქუნდინ, რაითა იყვნეთ სრულ და ყოვლად ცოცხალ და არარაით ნაკლულევან” (იაკ.1:2-4).

ამიტომ, ჯვრის ტვირთვა უდიდეს სულიერ მზადყოფნასა და ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ამავე დროს დიდი მადლით ჯილდოვდება. ,,დედაკაცი რაჟამს შობს, მწუხარე არნ, რამეთუ მოიწია ჟამი მისი, ხოლო რაჟამს შვის ყრმაი, არღარა მოეხსენეს ჭირი იგი სიხარულითა მით, რამეთუ იშვა კაცი სოფელსა შინა” (იოან.16:21). რაც მეტია სულიერი გამოცდა, მით მეტია უფლისგან დადებული ჯვრის სიმძიმე. შესაბამისად, ქრისტიანსაც მეტად მართებს ღვთისგან შეწევნის თხოვნა. რაც მეტად ითხოვს შეწევნას, მით მეტად იღებს უფლის სიტყვისამებრ: ,,ითხოვდით, და მოგეცეს თქვენ; ეძიებდით, და ჰპოოთ; ირეკდით, განგეღოს თქუენ” (მათ.7:7). ამასვე მოგვიწოდებს წმინდა იაკობ მოციქული: ,,ხოლო უკუეთუ ვინმე თქუენგანი ნაკლულევან არს სულიერითა სიბრძნითა, ითხოვენ ღმრთისაგან, რომელმან იგი მოსცის ყოველთა უხუად და არა ვის აყუედრის, და მოსცეს მას” (იაკ.1:5). აი, ამგვარად ჯვრის დამძიმებასათან ერთად მრავლდება ღვთის მადლი ადამიანში.
რაც შეეხება ვნებათა მოკვდინებასთან ერთად ჯვრის შემსუბუქებას, როდესაც ადამიანში სულიერი პროგრესი მიმდინარეობს, ისიც მსუბუქდება. მართალია, მისი განსაცდელები იზრდება, მაგრამ ამ განსაცდელებს სულიერი ახსნა და დატვირთვა ეძლევა, ამიტომ კვლავ ვნების აღმოფხვრას ემსახურება.

საბოლოოდ გამოდის, რომ ადამიანი ყველა შემთხვევაში მძიმე ჯვრის ტარების წინაშე დგება. ერთნი, საკუთარ ნებას მინდობილნი, უფლისგან განშორებული ცხოვრებისეული სირთულეებით აღსავსე დაუსრულებელ სიმძიმეს მოიწევენ თავს, საიდანაც გამოსავალი ან უფალია ან საკუთარი თავისგან გაქცევის სხვადასხვა საშუალება: თვითმკვლელობა, ნარკომანია, მემთვრალეობა და სხვა.

მეორენი, უფლის გზაზე შედგომილნი, ნელ-ნელა ვნებებისგან იწმინდებიან, თავისუფლდებიან და სულიერად იზრდებიან, მოიხვეჭენ ღვთის მადლს, მაგრამ ამავე დროს, მათი საბოლოო განსპეტაკებისათვის, იზრდება სულიერი წინააღმდეგობები.
ამიტომ, არჩევანი ჩვენზეა.”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი