მთავარი » ქრისტიანობა

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.04.2015 ერთი კომენტარი | 3,798 ნახვა

დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე: “სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა! აღდგომა ქრისტეს აღდგომა დღესასწაულთა დღესასწაულია. ეს არის სასუფევლის განცდა ამ ქვეყანაზე, რამეთუ ანგელოზთა და წმინდანთა დასთან ერთად ხარობს მთელი ქრისტიანული სამყარო. შეიძლება ითქვას, ღმერთი ამ დროს ისე ახლოს არის ადამიანთან და იმდენად დიდია სიხარული, რომ მხოლოდ გულქვა ადამიანი ვერ შეიგრძნობს მას.

ქრისტეს აღდგომა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საოცარი მოვლენაა. ბიბლიაში მოცემულია მკვდართა აღდგინების სხვა შემთხვევებიც. მკვდრეთით აღმდგარნი იმოსებოდნენ მოკვდავი, ხრწნადი სხეულით და შემდგომში კვლავ სიკვდილს ექვემდებარებოდნენ. გავიხსენოთ ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს მაგალითი, რომელსაც იესო ქრისტემ პირვანდელი სხეული დაუბრუნა. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, იგი შემდგომში ეპისკოპოსიც გახდა და საბოლოოდ სული უფალს მიაბარა. ქრისტეს აღდგომისას კი მოვლენები სხვაგვარად წარიმართა. მან ჩვენგან განსხვავებული, განსულიერებული და გაცისკროვნებული სხეული შეიმოსა, რითაც ადამიანისეული ბუნების მომავალი და მარადიული სახე გვიჩვენა; ანუ სულის უკვდავების უტყუარი დასტური მოგვცა.

ქრისტეს მკვდრეთით აღდგომამ მომავლის იმედი და ცხოვრების მიზანი გაგვიჩინა; აღარ გვეშინია სიკვდილის, რადგან ის არარაობად იქცა, დამარცხდა თავად ქრისტეს მიერ. აღარ გვეშინია ეშმაკის, რადგან ადამიანზე მისი მეუფება დამთავრდა და განქარდა. აღარც ცოდვის ტყვეობის უნდა გვეშინოდეს, ვინაიდან უცოდველმა ღმერთმა განწმინდა ადამიანური ბუნება. ამ ყოველივეს დასტურია წმინდანთა ცხოვრება, მათ არაფრად მიიჩნიეს სიკვდილი და ყოველგვარი მიწიერი დიდების წილ სასიკვდილო ტანჯვა-წამება იტვირთეს. ვერც ეშმაკის მრავალგვარმა მცდელობამ გატეხა მათი სულისკვეთება და ვერც ცოდვის სიამტკბილობამ მოხიბლა ისინი. ამიტომ წმიდათა სულიერმა სრულყოფილებამ გარდაცვალების შემდგომ მათი სხეულის უხრწნელებაც კი განაპირობა. ამიტომ ის აზრი, რომ თითქოს სხეული სულის მტერია, მცდარია.

ღმერთი მხოლოდ კეთილს ქმნის. რით აიხსნება ჩვენი ბუნების ცოდვისკენ მიდრეკილება? ეს ადამისეული მემკვიდრეობით გამოწვეული მწარე რეალობაა, რის გამოც ბევრი უკეთური სურვილი გვიჩნდება. ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ ისე ვიცხოვროთ, რომ ეს უკეთური სურვილები, რომლებიც ჩვენდა უნებურად და ზოგჯერ, რა თქმა უნდა, ჩვენი დახმარებით და არასწორი ცხოვრების წესით წარმოიშვება, ნელ–ნელა აღვკვეთოთ ჩვენში. შემდგომ, უკვე სულის მსახურებაში მოქცეული ჩვენი სხეული, თანდათანობით განსპეტაკდება და განიწმინდება. იქნება მეორედ მოსვლა, როდესაც საბოლოო ჯამში ყველა ადამიანი აღდგება და მართალნი შეიმოსებიან აღმდგარი ქრისტეს მსგავსი სხეულით. ამგვარი სხეული არ საჭიროებს საკვებს, ნივთიერ საგანს, არც რაიმე სამოსს.

მაცხოვარი გვეუბნება: „რაი სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ სოფელი ესე ყოველი შეიძინოს, ხოლო სული თვისი იზღვიოს?”(მთ. 16,26). ამიტომ ქრისტეს აღდგომით, ერთის მხრივ, სიკვდილზე, ცოდვაზე და ეშმაკზე გამარჯვების სიხარული მოვიპოვეთ და მეორეს მხრივ, ცხოვრების წესი მოგვეცა, რომელსაც უნდა მივსდიოთ. მთავარი არ არის ის, რომ სხეულს ყველა მისი მოთხოვნილება და სურვილი აღვუსრულოთ, არამედ უფრო მნიშვნელოვანი სულის მსახურებაა. თუმცა სხეულზე ზრუნვაც აუცილებელია, მაგრამ ის სულის დაქვემდებარებაში უნდა იმყოფებოდეს.

სწორედ ასე ცხოვრობდა ადამი. ღმერთისგან სულიერად იკვებებოდა და შემდგომ სხეული ამ სულიერებით საზრდოობდა. ჩვენ სხვა მდგომარეობაში ვიმყოფებით: ჯერ სხეულის მოთხოვნილებებს ვიკმაყოფილებთ და შემდგომ, თუ დრო გვრჩება, სულიერზე ვფიქრობთ. გვავიწყდება, რომ სული სხეულზე უპირატესია, რადგან თვითონ იესო ქრისტე გვეუბნება: „სულ არს ღმერთი”(იო. 4,24). შესაბამისად, თუ გვინდა, რომ ღმრთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები და მიმდევრები ვიყოთ, მაშინ აუცილებლად გვმართებს სულიერი ცხოვრება.

რა არის სულიერი ცხოვრება? ეს არის ამქვეყნიურ ცხოვრებაში ღმერთთან პირადი შეხვედრა, მისი უშუალო განცდა და უდიდესი სიხარული. სულიერი ცხოვრება ღმერთთან ცოცხალ რწმენაზე დაფუძნებული ურთიერთობაა. ცოცხალი რწმენა არ გულისხმობს თვალით უხილავი და გონებით მიუწვდომელი ღმერთის არსებობის მარტოოდენ აღიარებას. მაშინ რას ნიშნავს ცოცხალი რწმენა? ცოცხალი რწმენა სულიწმიდის მადლით ცხოვრებაა, რის საუკეთესო მაგალითსაც მოციქულები წარმოადგენენ. სწორედ სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ შეძლეს წიგნიერი და წარმართული სამყაროს დამარცხება.

მოციქულთა ქადაგების ძალამ მიზანს მიაღწია, რადგან მათ ცოცხალი რწმენა ჰქონდათ, მათ განიცადეს ქრისტეს აღდგომის სიხარული. ცოცხალ რწმენაში გაძლიერება სწორედ დღევანდელ დღესასწაულთან დიდად არის დაკავშირებული, რადგან ჩვენ ყველამ ერთსულოვნად განვიცადეთ ქრისტეს აღდგომის სიხარული. ეს სიხარული მადლის მოქმედების დასტურია და ცოცხალი ღმერთის მთელი არსებით განცდის შედეგი. თუმცა, სამწუხაროდ, ამგვარი ცოცხალი რწმენა მუდმივად არ გვაქვს, შესაბამისად იკარგება სიხარულიც, რადგან იცვლება ჩვენი ცხოვრების წესი და მრავალგვარი საზრუნავი ხშირად ღმერთზე ფიქრის დროსაც აღარ გვიტოვებს.

აქედან გამომდინარე, ჩნდება ბუნებრივი კითხვა: ცოცხალი რწმენა, ანუ სულის მადლისმიერი მდგომარეობა და მისგან გამოწვეული სიხარული მხოლოდ ამგვარ დიდებულ დღესასწაულებზეა დამოკიდებული თუ ჩვენს მონდომებაზეც?! ამის პასუხი მარტივია. ორივე ფაქტორი მნიშვნელოვანია, მაგრამ მონდომების გარეშე ვერანაირი დღესასწაული ვერ მოახდენს წარუშლელ შთაბეჭდილებას. მართალია, მეხსიერებაში სამუდამოდ აღიბეჭდება დღევანდელი სულიერი სიხარულის განცდა, მაგრამ თავად ამ განცდით ცხოვრება მუდმივად არ ძალგვიძს. მაშინ როგორ ახერხებდნენ მოციქულები და წმინდანები მოუკლებელი მადლისმიერი სიხარულით მყოფობას? როგორ ახერხებდა, მაგალითად, წმიდა სერაფიმე, რომ წლის ნებისმიერ დროს ყველას ქრისტეს აღდგომის სიხარულს აუწყებდა? სწორედ ადამიანის მონდომება განაპირობებს სულის მადლისმიერ მდგომარეობას. ნუ დაგვავიწყდება, რომ უფალთან სიახლოვის განცდა არა მხოლოდ აღდგომის დღესასწაულის საღმრთო ლიტურღიის აღსრულების დროს არის შესაძლებელი, არამედ იგი ყოველთვის ჩვენთან მყოფობს. ჩვენ წლის ამ დროს ყველაზე მონდომებულნი ვართ, რადგან აღდგომას წინ უძღვის საკმაოდ მძიმე მარხვა, თავშეკავებული ცხოვრება და გაძლიერებული ლოცვა. შესაბამისად, ჩვენი გადაღლილი და ცოდვებისგან დამძიმებული სული გარკვეულწილად მადლისმიერი სიხარულისთვის თავისუფლდება, რასაც სააღდგომო დღესასწაული ემატება და შედეგიც სახეზეა – ცოცხალ რწმენაში გაძლიერება. გვახსოვდეს, რომ ღმერთი უცვალებელია, თავის სიყვარულსა და მზრუნველობას არავის აკლებს; ხოლო ჩვენ, ადამიანები, სულიერი უძლურებისა და უდებების გამო, ხშირად ვაქცევთ მას ზურგს. ასე რომ, სიხარული უმეტეს წილად ჩვენს შინაგან განწყობილებასა და მონდომებაზეა დამოკიდებული.

აი, დასრულდა ორმოცდღიანი მარხვა და ვნების შვიდეული, რომელიც ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულით დაგვირგვინდა. მაგრამ თუ მონდომებას დავკარგავთ, არასტაბილური ეკლესიური ცხოვრების შედეგად, შინაგანად ვერ გავმდიდრდებით და ვერც ცოცხალ რწმენაში გავძლიერდებით.

ბევრს ვსაუბრობთ უფლის აღდგომაზე, მაგრამ რომელ ჩვენთაგანს გვინახავს ღმერთი თვალით, გვისაუბრია მასთან ან შევხვედრივართ? არც ერთს, თუმცა დღეს მაინც განსაკუთრებულად გვიხარია. სიხარულის მიზეზებზე უკვე საკმაოდ ვისაუბრეთ, მაგრამ ყურადღება არ გაგვიმახვილებია განსაკუთრებულ გარემოებაზე – ყველანი ერთად ვეზიარეთ ქრისტეს
სისხლსა და ხორცს. ამ საიდუმლოს შესახებ უფალი გვასწავლის: „ამას ჰყოფდით მოსახსენებლად ჩემდა”(ლკ. 22,19) – აი, ღმერთთან მყოფობის კიდევ ერთი საშუალება.

ქრისტეს შემდგომი ეპოქის მორწმუნეებს ცოცხალ რწმენაში გაძლიერება ღმერთთან მხოლოდ უხილავი ურთიერთობით გვეძლევა. ამიტომ ეუბნება ქრისტე ურწმუნო თომას: „რამეთუ მიხილე და გრწამ”(იო. 20,29).

თომამ ვერაფრით ირწმუნა ქრისტეს აღდგომა, სანამ უშუალოდ არ იხილა იგი. ათი მოციქული ეუბნებოდა თომას, რომ აღდგა იესო ქრისტე, მაგრამ მაინც არ სჯეროდა: „უკუეთუ არა ვიხილო ხელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაი და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭუალთასა და დავსდვა ხელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს”(იო. 20,25). შემდგომ კი იხილა და ირწმუნა. მაგრამ ჩვენ რომ არ გვაქვს ეს ბედნიერება? ჩვენ რომ არ გვაქვს საშუალება იესო ქრისტეს შევხედოთ და მის წყლულებს შევეხოთ? თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მოსიყვარულე ღმერთმა მოციქულების შემდგომი ეპოქის ადამიანებზე არ იზრუნა. პირიქით, ქრისტე თომას პირდაპირ ეუბნება: „ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე”(იო.20,29).

ჩვენ არ გვიხილავს იესო ქრისტე, მაგრამ ვიცნობთ მას. ჩვენზე თითქოს არ უზრუნია, როგორც მოციქულებზე, მაგრამ გვიყვარს იგი და ვგრძნობთ მის მზრუნველ ხელს. ქრისტე გვეუბნება, სთხოვეთ ჩემი სახელით ღმერთს და ყოველივეს მოგცემთო. და იმასაც გვეუბნება, თუ რა უნდა ვითხოვოთ უპირველესად:

„ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ”(მთ.6,33). ასე რომ, ვეძებოთ სასუფეველი, მადლი და რწმენა აღმდგარი ქრისტესი და აუცილებლად ვიპოვნით.

ამრიგად, აღმდგარი ქრისტესადმი ცოცხალი რწმენის გაღვივების გზა ორ მიმართულებას მოიცავს: ღმრთის მცნებათა აღსრულებასა და ეკლესიურ საიდუმლოებებთან ზიარებას. ვინც ღვთის მცნებებს არ იცავს, იგი მისი ერთგული და მორწმუნე ვერ იქნება, ხოლო ვინც საიდუმლოებებს არ ეზიარება, ისიც მატყუარაა, თუ ამბობს, რომ განიცდის ღმერთს. ღვთის მცნებებათა დაცვის გარეშე ჩვენს ჭურჭელში – ჩვენს სხეულში სულიწმიდის მადლი არ შემოვა, თუ ჩვენი ჭურჭელი შებღალული და შებილწულია. ასე რომ, უნდა დავიცვათ ღმრთის მცნებები და უნდა ვეზიაროთ ქრისტეს საიდუმლოს. სწორედ მაშინ შემოვა ჩვენში იესო ქრისტე და აღარ დაგვჭირდება არავის მიერ დასაბუთებული თეორიები ღმერთის არსებობის შესახებ. პირიქით, თავად ჩვენ დავამოწმებთ მის არსებობას სხვათათვის.

უფალმა იმგვარი ცოცხალი რწმენა მოგვმადლოს, რომ მთელი არსებით განვიცადოთ და შევიყვაროთ იგი. დაე, დღევანდელი სიხარული არასდროს დაგვევიწყოს და მომავალი ქრისტეს აღდგომის დღესასწაულები კიდევ უფრო მეტი რწმენის, გულისმიერი სითბოსა და ღვთაებრივი მადლის მონიჭების დღესასწაულები ყოფილიყოს.
ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი