მთავარი » ქრისტიანობა

“არავის ლოცვა არ არის დედის ლოცვაზე უფრო კეთილისმოქმედი”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.09.2022 | 1,300 ნახვა

ადამიანურ გრძნობათა შორის დედობრივ სიყვარულზე ძლიერი არც ერთი არ არის. სხვა ყველა დანარჩენი გრძნობა წარმავალია. ყველაზე მძიმე განცდებსაც კი დრო ჰკურნავს, მხოლოდ დედის გული არასოდეს ივიწყებს შვილებს. დედის ცხოვრების ყველა წუთი შვილებზე ზრუნვით არის სავსე, მისი ცხოვრების უმთავრესი მიზანი შვილებია. ის თავის თავს მთალიანად მათ უძღვნის, მხოლოდ მათ ბედნიერებაზე ფიქრობს, საკუთარი თავისთვის სულ მცირედიც არ ემეტება.

დედის გული შვილის ცხოვრების ყველა მოვლენას ეხმიანება – იქნება ეს მწუხარება თუ სიხარული, ბედნიერი თუ უბედური ცვლილებები მის ცხოვრებაში. დედის ცრემლები წმიდა და სულისშემძვრელია, ისევე, როგორც სიხარული, ვინაიდან ერთიც და მეორეც სულის სიღრმიდან მოდის. დედის გული ურყევი სიყვარულის დაულევნელი წყაროა. ნამდვილად ურყევია ეს სიყვარული, იმიტომ, რომ შვილების ურჩობაც და ბიწიერებაც კი ვერაფერს აკლებს მას. სწორედ ამით არის ეს გრძნობა უპირატესი სხვა დანარჩენ მიწიერ გრძნობებზე, რომლებსაც მუდმივად საპასუხო გრძნობებით შენარჩუნება სჭირდება.

დედა წუხს შვილების ცუდ საქციელსა, ცრემლებს ღვრის, მაგრამ ზურგს არ აქცევს მათ. „უგუნური შვილი დედის სევდაა“ – ამბობს სოლომონ ბრძენი. რა ბევრია ამით ნათქვამი! შვილის აკვანთან მჯდომი რომელი დედა არ ოცნებობს, რომ შვილი მისი სიხარული და ნუგეში იყოს, რომ იგი ჭკუითა და ზნეობრივი სისუფთავით გამორჩეული ადამიანი გაიზარდოს. ამის შემდეგ რა უნდა იყოს მისთვის უფრო მძიმე, ვიდრე იმის ყურება, თუ როგორ იღუპება სულიერად ცოდვებსა და მანკიერებებში მისი შვილი. დედა ტირის შვილის სულიერი სიკვდილის გამო და გულმდუღარედ შესთხოვს უფალს დააბრუნოს იგი ჭეშმარიტების გზაზე, შეუნდოს ცოდვები და სისუსტეები. და ჩვენ ვიცით, რომ ეს ცრემლენი და ლოცვა ამაოდ არ ჩაივლის.

ცნობილია ნეტარი ავგუსტინეს ისტორია. მან, უცხო მხარეში სასწავლებლად გაგზავნილმა, მეგობრების ცუდ მაგალითს მიბაძა და მანიქეველთა ცრუ სწავლება მიიღო. მას რომ უსმენდა, დედამისს – მონიკას თავზარი ეცემოდა. იგი დღე და ღამ ცხარე ცრემლებით ევედრებოდა უფალს, ჭკუაზე მოეყვანა მისი შვილი, გადაერჩინა დასაღუპად განწირული მისი სული. უფალმა შეისმინა გულმოკლული დედის ვედრება და სასწაულებრივად მიიყვანა თავისთან ადამიანი, ვინც შემდგომში ქრისტეს ეკლესიის უდიდესი მოღვაწე გახდა.

მონიკა სახეა ჭეშმარიტი ქრისტიანი დედისა, რომელმაც მთელი ცხოვრება შვილების ქრისტეს ნამდვილ მსახურებად აღზრდას მიუძღვნა.

აი, როგორ იგონებს თავად ნეტარი ავგუსტინე დედას: „უფალო, შენ შენი ჭეშმარიტი მსახურის ცრემლებმა და მუდარამ შეგძრა. ის იმაზე უფრო ცხარედ დამტიროდა, ვიდრე დედა მკვდარ შვილს დასტირის ხოლმე, რადგან მე შენთვის მკვდარს მხედავდა. შენ შეისმინე, უფალო, მისი. შენ არ უგულებელჰყავ მისი ცრემლები, რომლენიც ღვარად ჩამოსდიოდა, როცა კი ლოცვას აღავლენდა ხოლმე შენდამი“ (ნეტარი ავგუსტინე „აღსარება“). აი, როგორია რწმენით და სიყვარულით გაცოცხლებული დედის ლოცვისა და ცრემლის ძალა!

მხოლოდ ერთადერთს, დედას შეუძლია იცხოვროს შვილების ცხოვრებით, პასუხობდეს მათი გულის ყოველ მოძრაობას, რადგან ქვეყნად არ არსებობს ჩვენთვის უფრო მეტად ახლობელი არსება, ვიდრე დედა.

ეს ბუნებრივიც არის. შვილი დედის გულის ქვეშ ჩაისახება და დიდხანს ცხოვრობს მასთან ერთად ორგანულად. არავის ეგონოს, რომ ეს ერთობლივი ცხოვრება წყდება შვილისაგან დედის გამოყოფის, ან თუნდაც შვილის ბავშვობის ასაკიდან გამოსვლის შემდეგ. განა შეიძლება ამის შემდეგ დედის გულმა ვერ იგრძნოს შვილის სულიერი თუ ფიზიკური გასაჭირი, ან არ გამოეხმაუროს მის სიხარულს?! მისი ბედნიერება ხომ შვილის ბედნიერებაზეა დამოკიდებული.

არავის რჩევა არ არის დედის რჩევაზე უფრო გულწრფელი, ლოცვა – უფრო კეთილისმოქმედი და ცრემლები – უფრო მისავალი შემოქმედთან, ვიდრე – დედისა.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი