მთავარი » სხვადასხვა

“არასოდეს დაწყევლოთ შვილები”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.02.2011 18 კომენტარი | 10,280 ნახვა

მხოლოდ უფლის ნებით ხდება ამქვეყნად ადამიანის მოვლინება და მისი გარდაცვალებაც. შესაბამისად, მან უკეთ იცის დრო, როცა პიროვნებამ წუთისოფელი უნდა დატოვოს. ხშირად რთულია ამის გაგება სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი შვილგარდაცვლილი დედისათვის, მაგრამ მან უნდა ილოცოს, რომ მისი შვილის სულმა უფალთან დაიმკვიდროს სასუფეველი.

shvilmkvdariქეთევან გელაშვილი და მარიამ დიასამიძე ამ განსაცდელმა მოიყვანა ეკლესიაში. შვილების საფლავი არაერთხელ დაუნამავთ წმიდა ცრემლით. ნატრობენ მათთან თბილ, დედაშვილურ ჩახუტებას… იმედით ცოცხლობენ, რომ მათზე ახლა უფალი ზრუნავს…

ქეთევან გელაშვილს 3 შვილი ჰყავს გარდაცვლილი. პატარა კახაბერი დედამ საღამოს დააძინა, დილით კი, როცა ბავშვისთვის უნდა ეჭმია, გარდაცვლილი ნახა. ქალბატონი ქეთევანი წუხს, რომ მისი ორი შვილისგან განსხვავებით, კახაბერის სულს, რადგან ქრისტიანულად მონათლული არ იყო, ვერ იხსენიებს.

ქეთევან გელაშვილი: ,,პირველი შვილის მოულოდნელად გარდაცვალებამ დიდი ტკივილი მომაყენა. დრო გავიდა… მეორე შვილი, გიორგი სამხედროში მსახურობდა. უფროსმა ახალი წლის ღამეს ორი დღით მოიყვანა სახლში. 2 იანვარს ისევ უკან უნდა დაბრუნებულიყო. 1-ელ იანვარს ამხანაგები მოინახულა, საღამოს 10 საათზე დამირეკა, მეგობრები მოვდივართ და სუფრა გაშალეო. 2-3 საათი გავიდა, არავინ გამოჩნდა.

ჩემი შვილის ხმა მას შემდეგ აღარ გამიგონია. დამირეკეს, ავარია იყო მომხდარი. გლდანში, V მიკრორაიონთან სამხედრო პირი, ჩემი 20 წლის შვილი ჰყავდათ გარდაცვლილი.


გადის ზუსტად 3 წელიწადი. 9 დეკემბერს სამსახურში ვიყავი. თანამშრომლებმა სახლში წამომიყვანეს, მითხრეს, დედაჩემი იყო ავად, რომელიც ორი დღით გახლდათ ჩვენთან ჩამოსული. გაზით გაჟონვა მოხდა… გაზმა დედაჩემი და ჩემი შვილი, ნინო მე-8 სართულიდან ძირს გადმოყარა… ძნელია, როცა შვილების ასეთი სიკვდილის მომსწრე ხარ.

9 წელიწადია ეკლესიაში დავდივარ (შვილების გარდაცვალების შემდეგ). მოძღვრები ძალიან გვანუგეშებენ, თითქოს ჩვენი შვილები ჩვენს გვერდით არიან და მათ შევხვდებით. მეუღლესთან ერთად მარტო ვცხოვრობ. მყავს ერთი დაოჯახებული გოგონა. არ არის საშუალება, რომ შვილების საფლავზე ხშირად მივიდე. სიონში 1000-მდე შვილგარდაცვლილი დედაა.
ტაძრიდან ტაძარში დედები მოსალოცად დავდივართ. ერთმანეთს ვაიმედებთ.

სამების საკათედრო ტაძარში ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა პატრიარქთან. გვთხოვდა, შავი სამოსი სხვა ფერით შეგვეცვალა. შევძელი და თავზე შავი მოვიხსენი. თბილისში და რაიონში მცოხვრებმა დედებმა თანხა შევაგროვეთ და პატრიარს ამ დღეს ჯვარცმა გადავეცით, სადაც ჩვენი შვილების სახელებია ჩადებული.”

ქალბატონ მარიამ დიასამიძეს ერთადერთი შვილი, 29 წლის არჩილი ავარიაში დაეღუპა. შვილის გარდაცვალებამდე 8 თვით ადრე მეუღლე მოუკვდა. ახლა მარტო ცხოვრობს. შვილის გარდაცვალების შემდეგ ეკლესიაში დადის. შვილი არასდროს დაუწყევლია და ახლაც, ყველა დედას სთხოვს, გაუფრთხილდნენ და არ დაწყევლონ საკუთარი შვილები, რადგან შეიძლება ეშმაკმა სწორედ ეს მომენტი დაიჭიროს, დედა კი ამ საქციელს თავს ვერასდროს აპატიებს.

მარიამ დისამიძე: ,,26 წლის დეიდაშვილი, სპორტსმენი ბიჭი მყავდა გარდაცვლილი. არჩილს და მას ძალინ უყვარდათ ერთმანეთი. ხშირად მეუბნებოდა: დედა, ვანომ რა დააშავა, მეც უნდა წავიდე მასთანო.. თითქოს წინათგრძნობა ჰქონდა…

შაბათს დილით არჩილი სამსახურში გავისტუმრე. დამირეკა, რაიონში მიდიოდა. კვირას თბილისში დაბრუნდა, მაგრამ სახლში არ მოსულა. ეზოში ამხანაგები დახვდნენ. არჩილი, ლევანი და დავითი ხინკლის მოსატანად მცხეთაში წავიდნენ, გზაში ავარიაში მოყვნენ და სამივე დაიღუპნენ.

ლევანი დიდებული ახალგაზრდა იყო. მარჯვენა ხელი სტკიოდა და მარცხენა ხელით გლდანში წმიდა მთავარანგელოზთა მშენებარე ტაძარს მშენებლობაში მაინც ეხმარებოდა.‘’

შვილგარდაცვლილ დედებთან ჩვენს საუბარს ქ.-ნი ეთერ თათხაშვილი ესწრებოდა. მას, მართალია, შვილი არ ჰყავს, მაგრამ ყველას სატკივარი ერთად სტკივა: ,,ხშირად ფიქრობენ, ვისაც შვილი არ ჰყავს, იმას ტკივილის განცდა არ შეუძლია. ჩვენში სხვაობა არაა. სასურველი იქნებოდა, ნაკლები შვილგარდაცვლილი დედა გვყოლოდა. შეიძლება თქმის უფლება არ მაქვს, მაგრამ მათ თავს უნდა სძლიონ და შავები უნდა გაიხადონ. ეს მათი შვილების სულებისთვის უკეთესი იქნება,’’ – აღნიშნა ეთერ თათხაშვილმა, რომელმაც შვილგარდაცვლილ დედებს ლექსიც მიუძღვნა:

ვერაფერს ეტყვი ნუგეშად
ქალსა, შვილმკვდარსა დედასა,
ვერ მოუშუშებ ჭრილობას,
ვერ გაუქარვებ სევდასა.

ვერც ცრემლებს ვერ გამოულევ
ერთ დროს მხიარულ თვალებში,
დადიან თავდახრილები
ამდენ ბედნიერ ქალებში.

მაგრამ, ქალებო, უფალმა
იქნებ თქვენ ამოგირჩიათ,
თქვენი შვილები ამქვეყნის
ბევრ ცოდვას გადაარჩინა?!

იქნება მათი სულები
სასუფეველში ლაღობენ,
აწუხებთ თქვენი ტირილი
და მხოლოდ მასზე დარდობენ?!

ალბათ, მძიმეა დედისთვის
შვილის უდროოდ დაკარგვა,
მაგრამ ამისი მიზეზი
უფალმა იცის მაღალმა.

იქნება მათი სულები
სასუფეველში არიან
და თქვენს აქ გლოვა-ტირილსა
იქ განიცდიან ძალიან?!

(თემის გაგრძელებას შემოგთავაზებთ)

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

18 კომენტარი »

  • ეკა says:

    აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის პაქტიც რომ შვილის დაწყევლაა ასევე ის ერთი შეხედვით უმნიშვნელო სიტყვები, როგორიცაა დავარდები, ჩამოვარდები,გაიჭრი და ასე შემდეგ… დიდი დატვირთვა აქვს ასევე სიტყვებს: მოგკლავ! თავს გაგიტეხ! ხელებს დაგამტვრევ და მისთანები!!!

  • ქეთევანი says:

    ჩემი დედამთილი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო,წყევლა მართლაც არ იცოდა. მაგრამ ერთი შვილის მეტი არ გააჩინა,ჩემი ქმრის გვარი არ მინდოდა რომ გამრავლებულიყოო.საბოლოოდ ისე მოხდა რომ ჩემი მამამთილის გვარი კი გამრავლდა მაგრამ მე და ჩემს მეუღლეს შვილი არ გვყავს.ასე რომ ნურასოდეს ნუ ეტყვის ქალი თავის ქმარს შენი ჯიში გადაშენდაო.(თან ამბობდა ჩემი შვილი არასოდეს დამიწყევლიაო,ვერ აცნობიერებდა რომ თავის შვილს წყევლიდა ასე. არადა მართლა არ დაუწყევლია უშუალოდ თავისი შვილი.

  • ქრისტინე says:

    შეუძლებელია გულთან არ მიიტანო ამ ადამიანების დიდი სატკივარი,მე 2 შვილი მყავს და ყოფილა შემთხვევა რომ რაგაცაზე ნერვებ მოშლილს დამიწყევლია ისინი,მერე ვაცნობიერებ რომ ამიტ ეშმაკს ვაძლევ ჩვენთან სიახლოვის საშუალებას,ეს ხდება მაშინ როდესაც ლოცვებს არ ვკითხულობ და ეკლესიაში არ დავდივარ,ამიტომ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ რომ ლოცვა და მოძღვართან საუბარი დაგვაყენებს სწორ გზაზე,უფალი ჰფარავდეს სრულიად საქართველოს,ამინ

  • მარინა კურტანიძე says:

    თეონა ძალიან კარგი ადამიანი ხარ ყველა თემას ეხები. გმადლობთ

  • დიდი მადლობა ქ.-ნო მარინა, რომ ხართ ,,ამბიონის” მკითხველი. უფალმა გაგაძლიეროთ.

  • თეონა says:

    მინდა ქ-ნ ეკას ვკითხო, თუ სიტყვები:დავარდები, გაიჭრი… წყევლის ტოლფასია, რა უნდა ვუთხრათ ბავშვს, როცა ვხედავთ რომ მსგავსი საფრთხე ელის, რათა ავარიდოთ მას?

  • თეონა მომეწონა თქვენი დაწერილი წერილი დიდი მადლობა ღმერთმა დაგლოცოთ

  • ნონა ღუნაშვილი says:

    ქალბატონო ქეთევან და ქალბატონო მარიამ ვიცი რა არის ეს დიდი ტკივილი ჩვენ ხომ ერთი ტკივილი გვაერთიანებს -შვილთან განშორება.ყოველ შაბათს სიონში ჩვენი შეხვედრა იმედიანია რადგან ვიცით, რომ ჩვენი შვილები ჩვენთანაა. და მინდა თქვენი საშუალებით დიდი მადლობა ვუთხა ქალბატონ ეთერ თათხაშვილს იმ ლექსისთვის, რომელითაც მოგვისამძიმრა,მოგვეფერა, გვანუგეშა, დაგვაიმედა და გაგვამხნევა.

  • მარი says:

    დიდება უფალს. დედა გავხდი უკვე სამი თვეა,თან ნანატრი შვილია ჩემი თამარი,ღმერთო გამიზარდე ჯამთელი და ბედნიერი,სულ ამას ვლოცულობ ლოცვებში,ძალიან ძნელია შვილი რა ასაკისაც არ უნდა იყვეს, ამქვეყნიდან როცა გვტობეს მისი სული,ცხოვრება სირთულებითაა სავსე,დედებმა გავითავისოდ ის რომ წყევლა არასდროს წარმოვთქვათ,არც შვილზე და არც არავიზე.შვილმკვდარი დედები ღმერთო ძლიერო,გააძლიერე ლოცვით და ანუგეშე ისინი,ქ.მარიამ,არჩილი და ვანიკო თქვენი ორივე შვილი იყო,განუგეშებთ,და აშოროს ეს ტკივილი თქვენ გვარს,ძალიან დამენანა როცა გავიგე ეგ უბედურება,ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები,ორივე ერთი ბედის ყოფილან.

  • მარი says:

    ბოდიში ვიხდი ამ თხოვნისთვის,იქნებ მომაცვდინოტ კოორდინატები ქალბატონი მარიამ დიასამიძის,ან რომელ ეკლესიაშია მრევლი?მადლობთ

  • მარი, მარიამ დიასამიძე გახლავთ გლდანის ლომისას წმიდა გიორგის ეკლესიის მრევლი, დეკანოზ დავით დათუაშვილის სულიერი შვილი.

  • მარი says:

    მადლობა თეონა.აუცილებლად ვნახავ,ის ერთერთი ჩემი პაციენტის დედა იყო.

  • თამუნა says:

    ძალიან მომეწონა ეს წერილი,მე ვიიცნობ ქალბ.ქეთევან გელაშვილის გოგოს, ძალიან კარგი შვილი ჰყავს და ვიცი რა ტრაგიკულად, მწარედ გადაიტანეს ყველაფერი, უფალმა გაგვაძლიეროს, და ყველა ტკივილი აგვატანინოს,მეც თავად გავხდი შვილმკვდარი დედა, მომიკვდა 5თვის გოგო,და გულს იმით ვიწნარებ და ცრემს იმით ვიშრობ, რომ ჩემი პატარა ქალი უფალთანაა და ანგელოზია ანგელოზთა შორის, რომელიც იქიდან ლოცულობს თავის ძმებისთვის და ოჯახისთვის…

  • მაია გოგიჩაშვილი says:

    ჩემი შვილი და ჩემი მულისშვილი გიორგი კილასონია და ნიკოლოზ ვახვახიშვილი 27 მარტს გოთუას ქუჩაზე ავტიკატასტროფაში დაიღუპნენ. ჩემი შვილი გიორგი სამედიცინო უნივერსიტეტის მეხუთე კურსის სტუდენტი იყო, ასპროცენტიანი დაფინანსება ქონდა და უდიდესი გეგმები მომავლის, ჩემი მულისშვილი სკოლას ამთავრებდა , უნიჭიერესი და უჭკვიანესი ბიჭები……… სხვის მანქანაში ისხდნენ უკანა სავარძელზე……………. შვილმკვდარი დედობა უდიდესი ჯვარია , რომელიც ღირსეულად უნდა ვატაროთ, რათა ჩევს შვილებთან ღირსეულნი წავრდგეთ, უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს ჩვენს შვილებს, ისინი მისულები არიან სასუფეველში, უფალმა ჩვენც შეგვაძლებინოს იქ მისვლა, ვილოცოთ. მინდა ჩემი ლექსი მოგწეროთ, რომელიც ჩემს შვილს ჩავჩურჩულე ყურში პირველი და ბოლო ხაზი გიორგის დაწერილია):
    და გასცქერიან ჰორიზონტებს სველი ქოლგები
    ჩემი ცრემლებით არ დასველდე, ჩემო პატარა,
    არ დაიღლები ლოდინით და დამელოდები,
    თუკი ცხოვრებამ შენსკენ სწრაფი გზებით მატარა.
    გავცქერი სივრცეს, შენი სახით მიყურებს ზეცა
    და ცისარტყელას გამოვგზავნი შენსკენ იმედად,
    ყურში ჩამესმის შენი თბილი, ტკბილი სიტყვები,
    ამ ქვეყანაზე ყველაზე მეტად მიყვარხარ, დედა!

  • ირი says:

    უფალმა გაგაძლიეროთ და დაგლოცოთ ნათელში გიმყოფოთ თქვენი შვილები

  • მარი says:

    დედა – ჩემი დაბადების დღიდან მწყევლის,(მე რომ გწყევლი, ჩემი ძ….. გლოცავენო) რაც გულსატკენია – დედობა არ გეღირსოსო, დედამისი ყოველთვის უშლიდა ნუ წყევლიო, მაგრამ …. 55 წლის ვარ, არ მეღირსა დედობა, არც საკუთარი ოჯახი, ჩემს გარდა კიდევ ორი და მყავს, რომელსაც თავს ევლება, დაუმტკიცა სახლ-კარი, დაგვაშორა დები თავისი ენით ერთმანეთს… პირველი შვილი ვარ, არ ვიცი რა დავაშავე, ალბათ სჯობდა რომ საერთოდ არ დავბადებულიყავი…. სიცოცხლე გამიმწარა.

  • nana11 says:

    ar mgonia komunistebis dros gazrdil adamianebs ar daewyevlot shvilebi,magram axla xom sheicvala dro da wyevla pirdapir usruldeba mas visac wyevlian,rogorc me damwyevla orma vitom martmadidebelma qalma,romlebic swored mtavarangelozis eklesiis mrevlad iwodeba da erti tan dedaos dedaa,damwyevles imitom rom im dilit eklesiashi ratom ar wamoxvedio,gmertma dagsajos magistviso,meorem daumata,gaushvi,gaanebe,magas gmerti dasjiso da 11 dgeshi 23wlis shvilis sikvdilit davisaje,aba asmas sxva ra davarqva?manamde xom ase vzrdidi shvilebs,ise vcxovrobdi rogorc sxvebi,magram wyevlam bolo momigo da chvenc movkvdit mastan ertad,gana amas sicocxlega qvia?ra qvia axla aset martlmadideblebs?nutu samartali arsebobs?mec xom ver davwyevli?

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი