მთავარი » ქრისტიანობა

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დავითგარეჯის საკითხის შესახებ გაკეთებულ პეტიციასთან დაკავშირებით

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.11.2020 | 138 ნახვა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ეხმიანება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დავითგარეჯის საკითხის შესახებ გაკეთებულ პეტიციას.

21 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილის მიერ გაკეთებული განცხადება დადასტურებაა ჩვენ მიერ არაერთხელ განცხადებული პრობლემისა, კერძოდ იმისა, რომ დღეს საქართველოში სახეზეა დიდი ჯგუფი ორგანიზაციებისა და პირებისა, რომელთა საქმიანობა დიდი ხანია გასცდა კონსტრუქციული კრიტიკის სფეროს საქართველოს ეკლესიასთან და მის საჭეთმპყრობელთან მიმართებაში. ამ პირებს ახასიათებთ აბსოლუტური მიუღებლობა, დაუსაბუთებელი ბრალდებანი და სიძულვილი საქართველოს ეკლესიისა და პატრიარქისა. ჩვენ ადრეც მოგვიყვანია ამის მაგალითები.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ – მზად ვართ განსხვავებული აზრისა და კრიტიკის მოსმენისათვის, თუმცა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სიცრუის, სიძულვილისა და შეურაცხყოფის ის ტირაჟირება, რასაც ამ პირთა მხრიდან აქვს ადგილი და რისი კიდევ ერთი დასტურიცაა ეს განცხადება.

ამასთან, გულისტკივილით უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ადამიანები და ორგანიზაციები დასავლური ფასეულობების მიმდევრები და მისი საქართველოში დამკვიდრების აქტიური მადეკლარირებელნი არიან; შესაბამისად, მათი სიძულვილთან ახლოს მდგარი ინტონაცია და დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ, რომელიც ამ ქვეყანის მოსახლეობის უმრავლესობისათვის ეროვნული ინდენტობის მძლავრი ფაქტორია, რასაკვირველია, დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციასა და ისევ რუსული ვექტორის გაძლიებას უწყობს ხელს.

ჩვენ არანაირად არ ვაყენებთ ეჭქვეშ პირთა უფლებას, ისარგებლონ გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებით, თუმცა მიგავჩნია, რომ მათი ამგვარი ქმედებანი ხელს უშლის საქართველოში სახელმწიფო-საეკლესიო ურთიერთობების გამართული სისტემის დამკვიდრებასა და რელიგიის თავისუფლების რეალიზებას, ასევე რისკის შემცველია საზოგადოების სხვადახვა ჯგუფს შორის დაპირისპირების, რადიკალიზმის გაღვივებისა და მთლიანობაში საზოგადოებრივი სიმშვიდისათვის ქვეყანაში.

მიგვაჩნია, რომ ასეთი პირების ამგვარი ქმედებანი არ უნდა იყოს მხარდაჭერილი ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელობების მიერ.

აქვე იხილეთ პეტიციის ტექსტი:

„7 ოქტომბერს საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო მოლაპარაკებისას „არასწორი რუკების გამოყენებისა“ და „ისტორიული საზღვრის ამსახველი რუკების დამალვის“ აბსურდული ბრალდებით, საზღვრის დამდგენი სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს.

საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მოვლენების შემდგომი განვითარება და პოლიტიკური კონტექსტი ერთმნიშვნელოვანად ცხადყოფს, რომ ისინი სინდისის პატიმრები არიან. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დღეს ეს ორი ადამიანი ციხეშია, არის მმართველი პარტიის დაკვეთა. ნებისმიერი უკანონო ბრძანების უსიტყვოდ მორჩილმა სამართალდამცველმა სისტემამ საქმე ამ შემთხვევაშიც თეთრი ძაფებით შეკერა.

მელაშვილი და ილიჩოვა უკვე გამოაცხადეს სამშობლოს მოღალატედ და ხალხის მტრად. ფეხქვეშ ითელება მათი უდანაშაულობის პრეზუმფცია და მიუკერძოებელი სასამართლოს უფლება. ბინძურ პოლიტიკურ თამაშს ეწირება ორი უდანაშაულო პროფესიონალის ბედი და ღირსება, მაგრამ სასწორის პინაზე მხოლოდ სინდისის პატიმრების კერძო საკითხი არ დევს. საქმე თითოეული ჩვენგანისა და მთელი ჩვენი ქვეყნის მომავალს ეხება.
უკანონო დევნა და მორალური ტერორი, გარეჯის თემით, უსაფუძვლო სპეკულაციის ფონზე მიმდინარეობს. პარალელურად, ანტიაზერბაიჯანული ისტერია ღვივდება. ამ ყველაფერზე სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება, მაგრამ მის დანაშაულს თანამონაწილეებიც ჰყავს.

მათგან უპირველესი მართლმადიდებელი ეკლესიის ის შავრაზმელი იერარქიაა, რომელიც წლებია იდეოლოგიურ ნიადაგს ამზადებს. ერთმორწმუნე მტრის მეხუთე კოლონა სტრატეგიულ პარტნიორსა და ოკუპანტს შორის ტოლობის ნიშანს სვამს. ცდილობს დაგვიმტკიცოს, რომ სახელმწიფოები, რომლებსაც 100 წლის წინ სტალინმა და ორჯონიკიძემ საქართველოს ტერიტორიები გადასცეს, ისეთივე მტრები არიან, როგორც ის სახელმწიფო, ვინც დღეს ომით იტაცებს ჩვენს მიწას და არ ცნობს საერთაშორისოდ აღიარებულ ჩვენს საზღვრებს.

ასეთი პოლიტიკური თამაში განსაკუთრებით სახიფათოა იმ დროს, როდესაც განახლდა სრულმასშტაბიანი ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ინიციატორებს იმედი აქვთ, რომ შერჩებათ ბრიყვული მუხანათობა, მაგრამ არას დაგიდვენ, რომ ჩვენს სახელმწიფოს ეს ძალიან ძვირი დაუჯდება.

უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისა და სასულიერო პირების მიერ ორკესტრირებული ფსევდო რელიგიურ-ნაციონალისტური აღტყინების ატმოსფერო ეხმარება კრემლს, მისი ადგილობრივი სატელიტების ხელით ძირი გამოუთხაროს ქართულ დემოკრატიას, ევროატლანტიკურ მომავალს და საბოლოოდ მიაჯაჭვოს ქვეყანა რუსული გავლენის სფეროს. საფრთხე ექმნება სტაბილურობას, საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და იმ პროგრესს, რომელსაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ უზარმაზარი მსხვერპლის ფასად მიაღწია.

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს საზღვრის დემარკაციის პოლიტიზაციის მცდელობა. იგი ამომრჩეველთა ეროვნული და რელიგიური გრძნობებით წინასაარჩევნო მანიპულირებისა და ოპოზიციაზე თავდასხმისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის, მაგრამ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. სარისკო თამაში გარეჯის საკითხის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტას სულ უფრო გვაშორებს, ქმნის დაძაბულობას მეზობელ სახელმწიფოსთან და პოტენციურად ეთნიკურ კონფლიქტში გადაზრდის საშიშროებას შეიცავს. ასეთმა მიდგომამ, დაბრუნების ნაცვლად, ჩვენი ისტორიული ძეგლი შეიძლება საბოლოოდ დაგვაკარგვინოს.

მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები – მელაშვილი და ილიჩოვა.

შეწყდეს საზღვრის დემარკაციის პროცესის სახიფათო პოლიტიზაცია. გადავარჩინოთ გარეჯის საკითხზე ორმხრივად ხელსაყრელი შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა. წინ აღვუდგეთ კავკასიაში სახელმწიფოთაშორისი დაპირისპირების კიდევ ერთი კერის გაჩენას“.

პეტიციის ტექსტს ხელს აწერენ არასამთავრობო ორგანიზაციები: „ადამიანის უფლებათა ცენტრი“; „თავისუფლების ინსტიტუტი“; „თანასწორობა 17“; „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“; „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“; „სამოქალაქო იდეა“; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი