მთავარი » ქრისტიანობა

„არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან“ – მამაო ჩვენო

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.05.2022 | 539 ნახვა

მეშვიდე თხოვნა

ადამიანის ცთუნება მხოლოდ მის გარშემო მყოფ ადამიანებს როდი შეუძლიათ, არამედ მან თავადვე შეიძლება იცდუნოს თავი ცოდვიანი გულისთქმებისა და სურვილების ზეგავლენით, რომლებიც რა თქმა უნდა, ეშმაკის ჩაგონებით ხდება. თუმცა, ღმერთის ნებით, ეშმაკს არანაირი პირდაპირი ძალა, არანაირი ხელმწიფება არა აქვს ადამიანზე.

ბოროტი სულის ძალა მზაკვრობაშია, ანუ ცბიერებაში, მოტყუებაში, ხრიკების მოგონებაში ადამიანის შესაცდენად, რომელთა მეშვეობითაც იგი აცთუნებს კიდეც მას და ბოროტი საქმეების გაკეთებას აიძულებს. რაც უფრო მეტ ბოროტ საქმეს ჩაიდენს ადამიანი, მით უფრო შორდება იგი ღმერთს და მით უფრო უახლოვდება მას ეშმაკი, მაცთური. რადგანაც ეშმაკი მზაკვრობის ბოროტებას იყენებს ადამიანის საცთუნებლად, ამ ლოცვაში იგი ბოროტად იწოდება. და თუკი ბოროტი სული იძენს კიდეც ხელმწიფებას ადამიანზე, ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ადამიანები ნებაყოფლობით ემორჩილებიან მას, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, და ბოროტების მსახურნი ხდებიან, არ უფიქრდებიან რა, რომ ამას მხოლოდ წარწყმედისაკენ მიჰყავს ისინი. რამეთუ ეშმაკი მეგობარი კი არ არის ადამიანისა, არამედ შეურიგებელი მტერია – „…შვილი იგი წარსაწყმედელისაჲ“ (2 თეს. 2, 3), „…რომელი აცთუნებს ყოველსა სოფელსა…“ (გამოცხ. 12, 9). იგი ადამიანთა მტერი, ანუ მოწინააღმდეგეა. ამიტომაც მოგვიწოდებს წმინდა მოციქული პეტრე: „განიფრთხვეთ, მღჳძარე იყვენით, რამეთუ წინა-მოსაჯული თქუენი ეშმაკი, ვითარცა ლომი მყჳრალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა“ (1 პეტრ. 5, 8). ადამიანებს შეუძლიათ დაამარცხონ ეშმაკი, და უნდა ასეც ქმნან! მაგრამ, რადგანაც ბოროტი სული ანგელოზებრივი (თუმცა დაცემული) ძალაა, აღმატებული ადამიანთა ძალაზე, ამიტომ ადამიანები ევედრებიან კიდეც ღმერთს – ყოვლისშემძლე კეთილ და ნათელ ზებუნებრივ ძალას, დაეხმაროს მათ ბოროტ სულთან ბრძოლაში და იხსნას, დაიცვას ისინი მისგან. ჩვენ იმიტომ მივმართავთ უფალს შეწევნისათვის, რომ ღმერთი, რომელიც თავის თავში კეთილ, ნათელ და გონიერ ძალას განასახიერებს, განუზომლად აღმატებულს ძალით ყოველგვარ ბოროტებაზე, არის ადამიანის დამცველი, მფარველი და შემწე. „რამეთუ წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ უყუარს უფალსა…“ (ფსალმ. 83, 12), რომელიც არის მზე და ფარი ადამიანისათვის, „ღმერთი ყოვლისა მადლისა“ (იხ. 1 პეტრ. 5, 10), „…ღმერთი შემწე ჩემდა…“ (ფსალმ. 53, 6), „…ღმერთი, მწე ჩემდა…“ (ფსალმ. 58, 10).

ჩვენი ამ თხოვნის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ღმერთმა ამქვეყნად არსებული ყოველგვარი ბოროტებისაგან გვიხსნას, და თავისი ყოვლისშემძლე ძალით დაგვიცვას ბოროტების მთავრისაგან – ეშმაკისაგან, რომელიც არის ბოროტი სული და რომელსაც ყველა ადამიანის დაღუპვა, ღმერთისაგან მოშორება სწადია. ანუ ჩვენ ვევედრებით ღმერთს, რომ მან გვიხსნას მზაკვარი, ბოროტი და ვერაგი ძალისაგან და დაგვიცვას მისი მანქანებისაგან.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი