მთავარი » ქრისტიანობა

“არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.02.2018 | 1,436 ნახვა

მამა დიონისე გვიმრაძე იღუმენი დიონისე გვიმრაძე (დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი): წმინდა წერილში პური მრავალ ადგილას არის მოხსენიებული. პურს თავს ქრისტეც უწოდებს, ნიშნად მარადიული ცხოვრებისა – “მე ვარ პური ცხოვრებისა” (იოან.6:35). თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, პური პირდაპირი მნიშვნელობით გვხვდება – საუბარი მიწიერ საზრდელს შეეხება. აღნიშნულ შემთხვევებში მიწიერი პური ან უარყოფით კონტექსტშია გამოყენებული, როგორც მარადიულ საზრდელთან შედარების საშუალება, მაგალითად “არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი” (ლუკ.4:4), ან კიდევ ადამიანისთვის მის აუცილებელობას ესმება ხაზი, თუმცა უპირატესობა მაინც ზეციურ პურს ენიჭება – “პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს” (მათ.6:11).

ახალ აღთქმაში პური, როგორც მიწიერი საზრდელი, სასწაულთანაც არის დაკავშირებული. მაცხოვარმა ხუთი პურითა და ორი თევზით ხუთი ათასი კაცი სასწაულებრივად დააპურა. ამის მხილველმა ხალხმა თქვა: “ესე არს ჭეშმარიტად წინასწარმეტყუელი, რომელი მოსრულ არს სოფლად”. (იოან.6:14). ამ სასწაულს ხალხი ჭეშმარიტებამდე უნდა მიეყვანა, მაგრამ “იესო გულისხმა-ჰყო, რამეთუ მოვიდოდეს წარტაცებად, რაითამცა ყვეს იგი მეფე, და განეშორა და წარვიდა მთად იგი ხოლო მარტოი”(იოან.6:15).

აღნიშნული მაგალითი კარგად მიანიშნებს ზნეობრივად გამოფიტული კაცობრიობის მისწრაფებებზე. ნაცვლად იმისა, რომ ქრისტეში მხსნელი და მაცხოვარი დაენახათ, წინასწარმეტყველი და მეფე წარმოისახეს. მას ამქვეყნიური სიკეთე და დიდება დაუკავშირეს.

თუკი ქრისტეს ცხოვრების ამ ეპიზოდს თანამედროვეობას შევუხამებთ, ნათელი გახდება, რა წინა პირობაა საჭირო ადამიანთათვის, რათა ანტიქრისტე გაამეფონ. ამიტომ ანტიქრისტე ძლევამოსილი კი არ არის, არამედ ამგვარად წარმოჩინდება, როგორც კაცობრიობის გადამრჩენელი და მშველელი. პურს მონატრებული და დახარბებული ადამიანი, ვის მიერაც დაპურდება, მას ადვილად მიიღებს – აი, ეს არის ანტიქრისტეს მოსვლის საფუძველი. ანტიქრისტემ სამყაროს გამგეობის როგორი სისტემაც არ უნდა შემოგვთავაზოს, თუკი კაცობრიობა სულიერად მტკიცე იქნება, ანტიქრისტე ვერ გამეფდება. ფორმალურად კი გამეფდება, მაგრამ ვერ განახორციელებს თავის მიზნებსა და ამოცანებს.

ამიტომ, სამყაროს გაერთიანებისთვის, უპირველესად, ადამიანების სულიერი ორიენტირის აღრევაა საჭირო, რის შემდგომაც ამოცანა გაადვილდება. თუკი კაცობრიობას ზნეობრიობისა და სულიერების საფუძველი გამოეცლება, ანუ საზოგადოების სრული სეკულარიზაცია მოხდება, ადამიანი ადვილად მართვადი გახდება.

დღეს ყოველი მეექვსე ადამიანი შიმშილობს, ამიტომ რაც უფრო მეტად იქნება შიმშილი და გართულდება საარსებო საზრდელის მოძიება, მით მეტად დაფასდება ამ მხრივ გაწეული ყოველგვარი დახმარება. მით ადვილად ცდუნდება ადამიანი ამ შემოთავაზებებით.

შესაბამისად, დღევანდელი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიც აუცილებელია, ვინაიდან ფუფუნებას მიჯაჭვული საზოგადოების მცირე ნაწილი, პირადი ქონების შენარჩუნების მიზნით, მთელ რიგ დათმობებზე ადვილად დამყოლია. ხოლო საზოგადოების უდიდესი ნაწილი, მოსალოდნელი შიმშილის შიშით, ეროვნულ, სულიერ და ზნეობრივ პრინციპეპს დაუფიქრებლად უარყოფს. კრიზისები საფუძველს უდებს მომავალში მთელი რიგი პრობლემების გადამჭრელი პიროვნების მოვლინებას. რითაც იგი ამბიციურად და ძლევამოსილად წარმოჩინდება, როგორც საკუთარი თავის, ასევე საზოგადოების წინაშე.

ქრისტეს სასწაულით ადამიანებმა პური უშრომლად მიიღეს, რის გამოც მისი მეფედ გამოცხადება მოინდომეს. დღეს უშრომლად პურს არავინ არავის მისცემს, მაგრამ ისეთი ცხოვრება მოვიდა, რომ ოჯახებიც კი აღარ ზრუნავენ სრულწლოვან შვილებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველამ უნდა იშრომოს. სამუშაოს შოვნა გართულებულია, ამიტომ მშიერი ყოველნაირ შრომას დათანხმდება, ოღონდ მას ეს სამუშაო ჰქონდეს. სამუშაოების კრიზისის ფონზე უმუშევრისთვის სამუშაოს მიმნიჭებელი ყველაფერი იქნება. და რატომ არ გამოაცხადებს მას მეფედ?! რა შეუშლის ხელს ამაში?!

პირველ საუკუნეებში, ქრისტიანთა მასობრივი დევნის დროს, მაშინდელი მეფეებისადმი – იმპერატორებისადმი პირდაპირი თაყვანისცემის აუცილებლობა იყო. ვინც იმპერატორის სახელზე მსხვერპლს… არ შესწირავდა, სიკვდილით ისჯებოდა, ხოლო ვინც მსხვერპლშეწირვას დათანხმდებოდა, მას არსობის პური ეძლეოდა.

ჩვენი არჩევანი უკვე განსხვავებულია. თუკი ადრე ადამიანებს არჩევანი ქრისტესთვის წამებასა და სიცოცხლეზე ჰქონდათ, დღეს სხვა რეალობის წინაშე ვდგავართ. მაშინ პირდაპირ აყენებდენ არჩევანის პირისპირ, ახლა კი არაპირდაპირ – ლამაზი სიტყვებითა და არსებობის პურით. ახლა ტანჯვა იქნება არა იარაღის ძალით და მყისიერად, არამედ უპურობით და ხანგძლივად. მაშინ იმპერატორი მეფეც იყო და ღმერთიც, სამყაროს აღსასრულისას, ანტიქრისტეც მეფეც იქნება და ღმერთიც. იმპერატორი – სიკვდილით დასჯას, ხოლო ანტიქრისტე უკიდურეს სიგლახაკეს გვთავაზობს; პირველი ძალადობითა და მახვილით იბრძოდა, მეორე – მასმედიითა და ლამაზი რეკლამირებით მიაღწევს მიზანს.

აი, რამხელა განსხვავებაა: იქ მტერი ხილული, ნათელი და მკაფიოა, აქ კი არ ჩანს. მაშინ აშინებდნენ, ახლა გვეფერებიან, კეთილისმყოფელად წარმოაჩენენ თავს. ამიტომ, ძალზედ გართულდა ადამიანისთვის არჩევანის გაკეთება.

პიროვნების არჩევანის სირთულეს ისიც განაპირობებს, რომ მიმდინარეობს გლობალიზაციის შეუქცევადი პროცესი. ეროვნულ ფასეულობებსა და სულისკვეთებას სამყაროს გაერთიანების იდეოლოგია ანაცვლებს, რაც კაცობრიობას ერთფეროვნებასა და ერთსულოვნებას უქადის. მაგრამ ეს ერთსულოვნება, თავის მხრივ, სულიერი და ზნეობრივი მოთხოვნილებებით კი არ არის განპირობებული, არამედ დემოკრატიული ფასეულობებით. დემოკრატია თანამედროვე საზოგადოების უმაღლესი მიზანი გახდა, რის გამოც ევროპაში წარსულს ხშირად პოსტქრისტიანულ ეპოქად მოიხსენიებენ.

ამ ყოველივეს ფონზე ქრისტიან ადამიანს მაინც ყოველთვის რჩება ღმერთისგან არჩევანის გაკეთების საშუალება. მართალია, არჩევანი გარკვეულწილად გართულებულია და აღარც იმდენი მაგალითი გვაქვს, რამდენიც ქრისტიანობის აღორძინების ხანაში, მაგრამ გარკვეული უპირატესობა მაინც გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ წმიდა მამები სულიწმინდის მადლით ხელმძღვანელობდნენ, მათ კაცობრიობის ისტორიის მიმდინარეობა ჩვენზე უკეთესად მაინც არ იცოდნენ. ჩვენ მათი ეპოქიდან დღევანდელ დღემდე უდიდესი ინფორმაცია გვაქვს და ამ ყოველივეს ანალიზი შეგვიძლია. თუ გავითვალისწინებთ მათ მიდგომას ესქატოლოგიურ საკითხებთან, მათ ჭვრეტას და ამასთან ჩვენეულ ინფორმაციას, გამოდის, რომ გაცილებით მეტი უნდა ვიცოდეთ, ვიდრე წმიდა მამების ეპოქაში მცხოვრებმა რიგითმა ქრისტიანმა. თუმცა, ეს რაიმე უპირატესობას კი არ გვაძლევს, არამედ მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. მეორედ მოსვლის ნიშნები თითქოს უფრო ნათელი და მკვეთრია, მაგრამ წმიდა მამები ერთხმად გვარიგებენ, არ მივეცეთ ამ თემის ზედმეტად მიმოხილვას და ამ საქმეში თავდავიწყებას, რადგან ეს აუცილებლად ფანატიზმამდე და შემდგომში სექტად ჩამოყალიბების წინა პირობამდე მიგვიყვანს. ამიტომ პროცესს ყურადღებით და ფხიზლად უნდა ვადევნოთ თვალი.

დღეს რა ხდება ჩვენს თავს? ვითხოვთ ნამდვილ არსობის პურს? გვშია იგი? კიდევ დარჩნენ კაცობრიობაში ადამიანები, ვინც ნამდვილ პურს ითხოვენ? ამგვარი ადამიანები სამყაროს აღსასრულამდე იქნებიან. მაგრამ თუკი ადამიანმა ზეციური პურისკენ ლტოლვა შეწყვიტა, ადვილად ცდუნდება მიწიერი საზრდელის – პურის მიღებით.

საბოლოო ჯამში, მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის, ეროვნული ფასეულობათა გაუფასურების, სულიერი ღირებულებების დავიწყებისა და ზნეობრივი პრინციპების მოშლის ფონზე კაცობრიობა მეტ-ნაკლები ეკონომიკური სტაბილურობის, უზნეო ცხოვრებისა და ერთფეროვანი ცივილიზაციის ტყვეობაში აღმოჩნდება. ფესვებთან კავშირ გაწყვეტილი და პოსტქრისტიანული სამყაროს მოქალაქე სულიერი პურის ძიების მაგივრად მარტოოდენ მიწიერი საზრდელის ძიებაში იქნება. აი, ამგვარ ფერხულში ჩაბმულ ადამიანებს გვჭირდება მაცხოვრის სიტყვები: “არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა ღმრთისაითა” (ლუკ.4:4).”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი