მთავარი » ჯანმრთელობა

აპენდიციტი

ჟურნალისტი: | გამოქვეყნებულია: 07.09.20114 კომენტარი | 9,758 ნახვა

მწვავე აპენდიციტის განვითარებაში მნიშვნელოვანია კვების ფაქტორი

აპენდიციტი გავრცელებული დაავადებაა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. რა არის აპენდიციტი? როგორ ხდება ამ დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა?აპენდიციტი ამ ყველაფერზე “ამბიონი” “სამედიცინო ცენტრ ჯანმრთელობის” თერაპევტს ქალბატონ ნატო გრიგოლიას ესაუბრა:

“საზოგადოებაში არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ აპენდიციტი არის ბრმა ნაწლავის ანთება. სინამდვილეში ეს გახლავთ მისი დანამატის – ჭია ნაწლავის ანთება. აპენდიციტი შეიძლება განვითარდეს მაშინ, როცა ჭიაყელა ნაწლავსა და ბრმა ნაწლავს შორის არსებული ხვრელი იხშობა, ან მათი გაგლეჯვა ხდება. ამ დროს ბაქტერიების გამრავლება იწყება, ხოლო ორგანიზმი ამაზე საპასუხო რეაქციას იძლევა, რასაც ანთება ეწოდება. პირველად ეს დაავადება ბოსტონელმა ექიმმა რეჯინალდ ფიტცმა (1986 წ.) აღწერა და სასწრაფო ოპერაცია ჩათვალა საჭიროდ”.

განსაკუთრებით რა ასაკის ადამიანებში გვხვდება ეს დაავადება?

აპენდიციტი თითქმის ყველა ასაკში გვხვდება, მაგრამ განსაკუთრებით ხშირია 10-30 წლის ადამიანებში, როდესაც ჭია ნაწლავი ყველაზე მდიდარია ლიმფური ფოლიკულებით. 5 წლამდე ბავშვებში ძალიან იშვიათია, ასევე იშვიათია ხანდაზმულებში ჭია ნაწლავის ატროფიის გამო.

რამდენად საშიში დაავადებაა აპენდიციტი?

ჭია ნაწლავი ძირითადად მარჯვენა თეძოს ფოსოში მდებარეობს და საკუთარი ჯორჯალი გააჩნია, რომელიც შეიძლება საკმაოდ გრძელი იყოს და მოძრაობის გამო იცვლიდეს ადგილს. ყოფილა შემთხვევა ორი დანამატის არსებობისა. აპენდიციტი იძლევა სიმულაციას ბევრ სხვა ავადმყოფობასთან და თან ახლავს გართულებები, რის გამოც ის საკმაოდ ვერაგი და საშიში დაავადებაა.

რა სიმპტომები ახასითებს მას?

დაავადების კლინიკა და სიმპტომატიკა დამოკიდებულია ორგანიზმის რეაქტიულობაზე, ჭია ნაწლავის მდებარეობაზე, მასში მიმდინარე პათ-მორფოლოგიურ ცვლილებებზე, ხანგრძლივობაზე, სქესზე, ასაკზე, გართულებებზე.

დაავადება იწყება უეცრად, მუცლის არეში არალოკალიზებული ტკივილით, რომელიც შეუჩერებლად ძლიერდება და მუდმივი ხასიათისაა. ტკივილი შეიძლება აღმოცენდეს ეპიგასტრიუმში, მარჯ. ფერდქვეშა მიდამოში, მარჯ.თეძოს ფოსოში, წელის მიდამოში, ჭიპის ირგვლივ, მაგრამ საბოლოოდ მისი ლოკალიზება შესაძლოა მოხდეს მარჯ. საზარდულის მიდამოში, ან ჭია ნაწლავის მდებარეობის შესაბამისად. ტკივილი აუტანელი არ არის. ის შეიძლება დაიწყოს დიეტის დარღვევისას. მცირდება მოსვენებულ მდგომარეობაში და იძულებითი პოზის (მარჯ. გვერდზე მოხრილი წოლისას) მიღებისას. ძლიერდება მარცხ. გვერძე წოლისას, ფიზიკური დატვირთვისას. ამ დროს შეცდომით გამოყენებული ოყნა, საფაღარათო, ტკივილგამაყუჩებელი
საშუალებები შლის კლინიკურ სურათს, რაც აჩქარებს და ართულებს პროცესს. ენაზე ჩნდება თეთრი ნადები, მუცელი ჩამორჩება სუნთქვაში, ტკივილს თან სდევს გულისრევა, პირღებინება ერთჯერადი ან განმეორებითი, ტემპერატურის მომატება 38 ჩ-მდე, დიზურია (შარდის რაოდენობის შემცირება), პერისტალტიკისა და აირების შეწყვეტა ნაწლავთა პარეზიის გამო, ინტოქსიკაციისას შესაძლოა ფაღარათი. მნიშვნელოვანია პაციენტის გასინჯვა და მტკივნეული წერტილები, მაკრატელას სინდრომი – ტემპერატურისა და პულსის შეუსაბამო დამოკიდებულება. არსებობს ასიმპტომური მიმდინარეობაც.

დიაგნოსტიკა:

აპენდიციტის დიაგნოსტიკა ემყარება ყურადღებით შეკრებილ ანამნეზს, დინამიკაში დაკვირვებას, ობიექტურ გასინჯვას, კლინიკო – ლაბოლატორიულ მონაცემებს. სისხლის საერთო ანალიზიდან მნიშვნელოვანია ლევკოციტოზი, ცუდი ნიშანია ნეიტროფილების მკვეთრი მატება ლევკოპენიის ფონზე, ერითროციტების დალექვის სიჩქარის მომატება არაა დამახასიათებელი, ექოსკოპია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგრამ არ არსებობს კვლევა, გარდა ლაპაროსკოპიისა, რომელიც ზუსტ დიაგნოზს დასვამს.

რატომ უშვებენ ხშირად ექიმები შეცდომებს აპენდიციტის დიაგნოსტიკაში?

ექიმების ერთ-ერთი ხშირი შეცდომის მიზეზიც ეს არის, რაც, როგორც აღვნიშნეთ, დაავადების ვერაგობითაა განპირობებული: არ აქვს ყოველთვის კლასიკური მდებარეობა და მიმდინარეობა, იძლევა ბევრ დაავადებასთან სიმულაციას, არსებობს წაშლილი Fფორმები, მაგრამ ერთი ცხადია: თუ ზუსტი დიაგნოზი ვერ დგინდება, ეჭვი მწვავე აპენდიციტზეა და დინამიკაში მდგომარეობა მძიმდება, ჯობს, ჩატარდეს ქირურგიული კვეთა.

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს აპენდიციტს?

აპენდიციტი შეიძლება გართულდეს პერფორაციით, რომლის დროსაც ტკივილი უფრო ძლიერია (ხანჯლის ჩაცემის მსგავსი), მაგრამ ყოველთვის არა. მაგალითად, განგრენოზული აპენდიციტის დროს ნერვული აპარატის ნეკროზის გამო ტკივილის ინტენსივობა არ შეესაბამება მდგომარეობის სირთულეს.

მკურნალობა:

აპენდიციტის მკურნალობა ორი სახისაა: თერაპიული და ქირურგიული. Kკატარული, ანუ მარტივი ფორმის აპენდიციტისას საჭიროა დინამიკაში დაკვირვება, დიეტა, ანტიბიოტიკები, სიმპტომური მკურნალობა. ამ დროს მის ლორწოვანზე არსებული ანთებითი გამონადენი ბრმა ნაწლავის სანათურში თავისუფლად გადმოვა და ნაწლავის სანათურიდან გამოიყოფა, სეროზულ გარსზე გამონადენი შეიწოვება და ანთება თანდათან ჩაცხრება, სხვა შემთხვევაში ანთება პროგრესირებს და ვითარდება ფლეგმონური ფორმა, ემპიემა, განგრენული და ბოლოს – პერფორაციული აპენდიციტი. არ შეიძლება ოპერირება, როცა ისინჯება მკვეთრად შემოსაზღვრული აპენდიკულარული ინფილტრატი და ავადმყოფის ზოგადი ნიშნების მიხედვით ინფილტრატი დაჩირქებული არ არის. ასევე კლინიცისტმა უნდა შესძლოს აპენდიციტის და აპენდიკულარული ჭვალის განსხვავება, რაც უკვალოდ ქრება.

რა შემთხვევაშია საჭირო ქირურგიული ჩარევა?

ქირურგიული ჩარევა – აპენდექტომია ნაჩვენებია, როცა მწვავე აპენდიციტის დიაგნოზი დადგენილია ასაკისა და დაავადებიდან გასული დროის მიუხედავად. ოპერაციას ხშირად თან ახლავს გართულებები: აბსცესი, პერიტონიტის ჰემატომა, თრომბოზი, ნაწლავთა გაუვალობა, ჭრილობის დაჩირქება, ოპერაციის შემდგომი შეხორცებები, მაგრამ თანამედროვე ლაპაროსკოპიული მეთოდი ამ გართულებებს მინიმუმამდე ამცირებს.

ექიმის რჩევა:

აპენდიციტის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციურ მოშლილობას, რისი მიზეზიცაა ძლიერი და ხშირი ძღომა, ერთფეროვანი და უფრო ხშირად ცხიმიანი და ხორციანი საკვები, შეკრულობა, ნაწლავების ხანგრძლივი სტაზი, განავლოვანი ქვები, უცხო სხეული, ჭია ნაწლავის დეფორმაცია, ჭიებით დასნებოვანება. როგორც ვხედავთ, მწვავე აპენდიციტის განვითარებაში მნიშვნელოვანია კვების ფაქტორი, ამიტომ იკვებეთ ზომიერად, საკვებში ჩართეთ ბოსტნეული, რძის პროდუქტი, ხილი, თავიდან აიცილეთ ყაბზობა. და თუ მაინც განვითარდა მწვავე აპენდიციტის მსგავსი სიმპტომები, ნუ მიმართავთ თვითმკურნალობას და სასწრაფოდ მიმართეთ მკურნალ ექიმს, რათა მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა გადაწყდეს.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება მედიაჰოლდინგ "ამბიონის" საავტორო უფლებები

4 კომენტარი »

  • ვიქტორია says:

    ძალიან მომეწონა თქვენი სტატია,კითხვებზე ამომწურავი პასუხი. სურვილი გამიჩნდა,რომ თქვენგან მივიღო კონსულტაცია და გთხოვთ მომწეროთ “სამედიცინო ცენტრ ჯანმრთელობაში” თქვენი მიღების საათები. წინასწარ გიხდით მადლობას.

  • დავითი says:

    “სამედიცინო ცენტრ ჯანმრთელობის” მისამართი: ქ. თბილისი, კალოუბნის ქ. 12;
    ტელეფონი: (+995 32) 76 71 22; აქ დარეკეთ შეუთანხმდით მიღებაზე.

  • ცირა says:

    დზლალიან კარგია დზაან გამომადგააააააა):):)დავალებისდაწერაასჰი:D:):):):):):):):):)::მადლოობბტ*::*:*:*:&::*:*:*:*::):):)

  • tati says:

    თვენახევრის უკან გავიკეთე ბრმა ნაწლავის ოპერავია…პროცედურა ძალიან კარგად მიდის.ვერ ვგრძნობ ვერანაირ ტკივილს და არც არაფერი მაწუხებს…მაგრამ მიწევს ვარჯიში სირბილი პრესები აწევები,….და მითხრეს რომ შეიძლება შიგნითა ნაკერები გაიხსნეს ამიტო ჯერჯერობით თავი შევიკავე მაგრამ ხვალიდან ვაპირებ დაწყებას რადგან უახლეს მომავალში სამხედროში მიწევს წასვვლა რამდენად დიდია საფრთხეე იმისა რომ სჰიდა ნაკერები გაიხსნეს,,,:(და რასმირჩევთ კონკრეტულად რას უნდა მოვერიდო:(:(:(:( ?????მადლობთ

დატოვეთ კომენტარი!

გთხოვთ ყურადღებით შეავსოთ აუცილებელი ველები.

"გქონდეს ჭეშმარიტი კეთილზნეობა და მაშინ ჭეშმარიტი ბედნიერებაც გექნება," - წმ. ტიხონ ზადონელი.