ანტიპასექი, კვირაცხოვლობა ანუ აღდგომის განახლება, თომას კვირა

ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირა დღით, რომელსაც ეწოდება ანტიპასექი, კვირაცხოვლობა, ანუ ახალი კვირა, ანუ აღდგომის განახლება.
ეს დღე განახლებაა აღდგომის დღესასწაულისა. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია, სწორედ ამიტომ ვიკრიბებით ქრისტიანები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე. ძველი ქრისტიანები ყოველ კვირა დღეს ერთმანეთს სააღდგომო მისალმებით ხვდებოდნენ: „ქრისტე აღდგა!“ – „ჭეშმარიტად აღდგა!“
კვირაცხოვლობას ეწოდება აგრეთვე თომას კვირა შემდეგი მიზეზის გამო: სახარებაში აღწერილია, თუ როგორ გამოეცხადა აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი თავის მოწაფეებს და უჩვენა თავისი ჭრილობები. როდესაც ეს შეიტყო თომამ, რომელიც ამ გამოცხადებას არ ესწრებოდა თქვა, სანამ ჩემი თვალით არ ვიხილავ იესოს, არ დავიჯერებ მის აღდგომასო. აღდგომიდან მერვე დღეს, კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს, ამჯერად თომას თანდასწრებით, უჩვენა ჭრილობები და უთხრა თომას მისულიყო მასთან და ხელით შეხებოდა. შეეხო რა ნაჭრილობებ ადგილებს, თომა მუხლებზე დაეცა, თაყვანი სცა მაცხოვარს და თქვა: „…უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“ (იოან 20, 28). იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულად აღიარა იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება. „…მიხილე, და გრწმენა. ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე“ (იოან. 20, 29), – უპასუხა უფალმა.
კვირაცხოვლობიდან განახლდება ფსალმუნთა კითხვა.
ეკლესიის საუნჯე,
დავით შონვაძე
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.