მთავარი » ქრისტიანობა

ანთიმოზ ივერიელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.06.2023 3 კომენტარი | 11,779 ნახვა

ანთიმოზ ივერიელიხსენება – ახალი სტილით 26 ივნისი

1709 წელს ვახტანგ VI-მ თბილისში პირველი ქართული სტამბა დააარსა. ამ სტამბის მოწყობაში მას ვლახეთში (რუმინეთში) მოღვაწე ქართველი ანთიმოზ ივერიელი დაეხმარა.

ანთიმოზ ივერიელი 1650 წელს დაიბადა დასავლეთ საქართველოში. მას ბავშვობაში ანდრიას უხმობდნენ. მამას ივანე (იონა) რქმევია, დედას – მარიამი.

16 წლის ანდრია თურქებმა მოიტაცეს და სტამბოლში მონათა ბაზარზე გაყიდეს. ტყვეებით ვაჭრობამ საქართველოს უდიდესი ზიანი მოუტანა. ყოველწლიურად ჩვენი ქვეყნიდან 10-12 ათასი ადამიანი გაჰყავდათ გასაყიდად. XVI-XVIII საუკუნეების განმავლობაში კი გაყიდულ ქართველთა რიცხვმა თითქმის 5 მილიონამდე მიაღწია. აი, რას წერს გურამ მაისურაძე სტამბოლის ბაზრის შესახებ: “სტამბოლის ბაზარი სკასავით ფუთფუთებს და ზუზუნებს. მილეთის ხალხი ირევა. ხმამაღლა უხმობენ მუშტარს ვაჭრები. ტყვეები იყიდება – ჯანმაგარი ჭაბუკები და ლამაზი ქალები, სრულიად ნორჩი ქალწულებიც და პატარა ბავშვებიც. მუშტარიც ბევრია. ზოგს ცოლად, ან ჰარამხანაში ხარჭად უნდა ლამაზი გოგო, ზოგს მსახურად გამოსადეგი ტყვე უნდა, ზოგი პატარა ბიჭებს ყიდულობს, რომ მეომრებად გაზარდოს და მცველებად დაიყენოს…
ტყვეების გოდება ყოველდღე ცასა სწვდება და ცრემლი ზღვას ერთვის. საბრალონი ერთმანეთზე არიან გადაბორკილები და უბრალო სიტყვის შებრუნებაზეც კი მურდალი ზედამხედველი მათრახს უშხივლებს. ბედს დამორჩილებულები იმასღა ფიქრობენ, ნეტავი ვინმე ღვთისნიერმა გვიყიდოსო…”

შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ ანდრიას ბედმა გაუღიმა – იგი იერუსალიმის პატრიარქმა დოსითეოსმა შეიძინა. მაშინ საპატრიარქო სტამბოლში იყო. პატრიარქთან ანდრიამ 23 წელი გაატარა და აქვე ეწოდა ახალი სახელი – ანთიმოზი. საპატრიარქოში ყოფნის პერიოდი მან თავისი განათლებისა და ოსტატობის სრულყოფისათვის გამოიყენა. თავიდანვე სწავლისადმი დაუოკებელი მისწრაფება გამოავლინა. მოკლე ხანში აითვისა საღმრთისმეტყველო და საერო ლიტერატურა, ფილოსოფია, რიტორიკა, ხელოვნება. ყმაწვილი სრულყოფილად დაეუფლა ბერძნულ, არაბულ და თურქულ ენებს. გამოამჟღავნა იშვიათი უნარი ძერწვისა, ქვასა და ხეზე მკვეთელობისა, ოქრომჭედლობისა, მხატვრობისა, კალიგრაფიისა, ხუროთმოძღვრებისა და სასტამბო ხელოვნებისა. ანთიმოზი პატრიარქს თანაშემწედ ჰყავდა. მას წერილების შედგენასა და თარგმნაში ეხმარებოდა.

40 წლის სახელგანთქმული მხატვარი, გრავიორი და კალიგრაფი ანთიმოზი ვლახეთის მთავარმა კონსტანტინე ბრინკოვიანუმ, რუმინელთა დიდმა მოღვაწემ, სტამბოლიდან ბუქარესტში წაიყვანა. რუმინული და საეკლესიო სლავური მან სწორედ მაშინ ისწავლა. ანთიმოზმა 1691 წელს ბუქარესტში სტამბა დააარსა და იმავე წელს ძველბერძნულიდან ახალ ბერძნულ ენაზე გადმოთარგმნილი პირველი წიგნი “შეგონებანი ბასილი მაკედონელისა თავისი ძის ლეონისადმი” დაბეჭდა. მალე “ბერძნულ-რუმინული ლიტურგია” და “ფსალმუნიც” გამოსცა გრავიურებითა და სათანადო გაფორმებით. ანთიმოზი ყველგან და ყველაფერში ხაზს უსვამდა თავის ქართულ წარმომავლობას და აღნიშნავდა, რომ “ძირით ქართველი” იყო. მან შეძლო მართლმადიდებლობის ცენტრად გადაექცია ვლახეთი, რომელიც მთელ ქრისტიანულ აღმოსავლეთს წიგნებით ამარაგებდა.

1694 წელს ანთიმოზი სნაგოვოს მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს. მან აქ ნახევრად დანგრეული მონასტერი აღადგინა და საფუძველი ჩაუყარა ახალ სტამბას. დაიწყო სხვადასხვა ენებზე წიგნების ბეჭდვა, ტოპოგრაფიული სკოლაც კი გაიხსნა. ანთიმოზი პარალელურად სასულიერო სამსახურსაც განაგრძობდა, როგორც მონასტრის იღუმენი. 1696 წელს სნაგოვოს სტამბაში დაიბეჭდა “ღვთისმსახურების წესი 21 მაისს, დღესა წმიდანთა განდიდებისა”. მას ხელს აწერს იპოდიაკონი მიხაილი, შემდგომში ცნობილი პირველი ქართული სტამბის გამმართავი – მიხეილ იშტვანოვიჩი.

ანთიმოზს ადგილობრივთა შორის მოშურნე ადამიანი გამოუჩნდა, რომლის ბოროტი ენის გამო ივერიელი ბრინკოვიანუმ შერისხა. ანთიმოზმა ვლახეთის მთავარს წერილი გაუგზავნა, თავისი უდანაშაულობა აუხსნა და სნაგოვო დატოვა. ბრინკოვიანუ მალე გაერკვა სიმართლეში და შემოირიგა ნიჭიერი ქართველი.

1705 წელს ანთიმოზი რიმნიკის ეპისკოპოსად დანიშნეს. მან, პირველ რიგში, აქაც სტამბა გახსნა. იმ დროს მართლმადიდებლურ რუმინეთში საეკლესიო სამსახური ან ბერძნულ ენაზე წარმოებდა, ან სლავურზე. ეს კი მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის პრობლემას წარმოადგენდა უცხო ენათა უცოდინრობის გამო. ანთიმოზმა ითავა და აღასრულა კიდეც დიდი ჩანაფიქრი – მისი ხელმძღვანელობით ითარგმნა და დაიბეჭდა სასულიერო წიგნები რუმინულ ენაზე, რის შემდეგაც რუმინელებს საშუალება მიეცათ საეკლესიო მსახურება მშობლიურ ენაზე ჩაეტარებინათ.

1708 წელს ანთიმოზ ივერიელი გახდა ვლახეთ-რუმინეთის ეკლესიის უმაღლესი სასულიერო პირი და ხელმძღვანელი – მიტროპოლიტი, რაც მთელი ქვეყნისათვის უდიდესი ბედნიერება იყო. ამ ფაქტთან დაკავშირებით ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარი წერდა: “მოვიდა დიდი ადამიანი ვლახეთის მიწაზე, მოიტანა სინათლე ღვთაებრივმა ანთიმმა, უნგრო-ვლახეთის იერარქმა, შვილმან ბერძენ ივერთა მოდგმისა. ღმერთმა იგი დააჯილდოვა სიბრძნის უშრეტი წყაროთი, რათა მას მოემოქმედებინა კეთილი საქმენი და თავისი სტამბით მოეტანა სარგებლობა ხალხისთვის ამქვეყნად”.

წმიდა ანთიმოზის უშუალო ხელმძღვანელობით ვლახეთში ოცზე მეტი ეკლესია-მონასტერი აიგო. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია “ყოველთა წმიდათა” მონასტერი ქ. ბუქარესტის ცენტრში. ტაძრის მთავარი შესასვლელის მუხის კარი და ქვაზე ამოტვიფრული ქართული ორნამენტები თვით ანთიმოზ ივერიელმა შეასრულა. მან ტიპიკონიც შეუდგინა მონასტერს და ბერძნული ეკლესიისაგან დამოუკიდებლად გამოაცხადა.

მიტროპოლიტად დადგინების დღიდან ანთიმოზმა დაუცხრომელი ბრძოლა დაიწყო ვლახი ხალხის განთავისუფლებისათვის უცხოელ დამპყრობთა ჩაგვრისაგან. პირველსავე დღეს მრევლის წინაშე წარმდგარმა ანთიმოზმა შემდეგი სიტყვა წარმოთქვა: “მართლმადიდებლობა თქვენ შეინარჩუნეთ წმიდად და შეუბღალავად, მიუხედავად იმისა, რომ გარშემორტყმულნი, შებოჭილნი ხართ უცხო ხალხთა ძალმომრეობით და განიცდით აურაცხელ გასაჭირსა და უბედურებას, რაც ყოველთვის გამომდინარეობს იმათგან, ვინც თვითნებურად ბატონობს ამ მიწა-წყალზე. თუმცა მე ვიყავი უღირსი და უმცროსი სხვათა შორის, ვითარცა დავითი იყო უმცროსი თავის ძმებს შორის, ღმერთმა არ შეხედა ჩემს სიღარიბეს და უცხოელობას. დაე, თქვენთან ერთად მე თავს გადამხდეს ყოველგვარი გასაჭირი, რასაც გვარგუნებს ჩვენ დრო და ჟამი.”

ანთიმოზის სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. 1711 წელს რუსეთ-თურქეთის ომი დაიწყო. ივერიელმა ორივე სამშობლოს (საქართველოსა და რუმინეთის) დამმონებელი და იავარმქმნელი თურქების მხარეზე დგომას რუსული ორიენტაციის არჩევა ამჯობინა და რუმინელთა მეთაურებს ერთმორწმუნე რუსეთის მეფესთან პეტრე I-თან კავშირისაკენ მოუწოდა. ეს მის პოლიტიკაში ჩართვას ნიშნავდა. პრუტზე გამართული ბრძოლის დროს ანთიმოზ ივერიელმა რუმინელი სარდალი თომა კუზინო აიძულა თავისი ჯარით რუსთა მხარეზე გადასულიყო. ბრინკოვიანუს ამ ომში თურქთა მხარე ეჭირა, ამიტომ ის წმიდანის ქმედებამ კვლავ განარისხა. მთავარს ავის მოსურნენიც შეუჩნდნენ, დიდი გავლენის მქონე მიტროპოლიტი მოეშორებინა. ბრინკოვიანუმ ანთიმოზს კაცი გაუგზავნა და ნებით გადადგომა ურჩია. მას შემდეგი ბრალდებები წაუყენეს – “მთავრის ინტერესთა ღალატი” და “უცხოური წარმომავლობა”. ისევ იმართლა თავი ანთიმოზმა მთავრის წინაშე, მაგრამ თანამდებობიდან გადადგომა მაინც ითხოვა. ვლახეთის მთავარი ამჯერადაც გონს მოეგო.

თურქებმა, როგორც ჩანს, არ დაუფასეს ერთგულება ბრინკოვიანუს და მალე სიკვდილით დასაჯეს. მთავრად კი მათი ერთგული მონა მავრიკორდატი დანიშნეს.

როცა თურქეთ-ავსტრიის ომი დაიწყო, ანთიმოზმა კვლავ ანტითურქული პოზოცია დაიკავა. თავის გარშემო ვლახელ ბოიართა ჯგუფი შემოიკრიბა. მათი მიზანი იყო, ვლახეთი როგორც თურქთა, ისე ფანარიოტთა ბატონობისაგან გაეთავისუფლებინათ. ამ დროს ნიკოლო მავროკორდატიმ ანთიმოზს უბრძანა, ნებაყოფლობით მიტროპოლიტობაზე უარი ეთქვა. ანთიმოზმა კატეგორიული უარი შეუთვალა. მაშინ მავროკორდატიმ დახმარებისათვის კონსტანტინეპოლის პატრიარქ იერემიას მიმართა. ეპისკოპოსთა კრებამ, რომელსაც არც ერთი რუმინელი სასულიერო პირი არ ესწრებოდა, “შეთქმული და რევოლუციისაკენ წამქეზებელი მეამბოხე” ანთიმოზი შეაჩვენა, ეკლესიიდან განკვეთა და გამოაცხადა ყოველივე სამღვდელო “ღირსებაახდილად”, მაგრამ ეს მავროკორდატისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა. გადაწყვიტა, წმიდანი ვლახეთიდან მოეშორებინა და მიზანს მიაღწია კიდეც. ანთიმოზი საბოლოოდ სინას მთაზე, წმიდა ეკატერინეს მონასტერში გააძევეს. ქალაქიდან შუაღამისას გაიყვანეს, რადგან მოსახლეობის მღელვარების შეეშინდათ. ბორკილები დაადეს, საბარგულზე ნივთივით დააგდეს და მცველებით გარშემორტყმული სამხრეთში გაგზავნეს. თუმცა ანთიმოზს სინას მთამდე არც მიუღწევია. გალიპოლიის მახლობლად, ადრიანოპოლზე გამავალი მდინარის, დულჩიას ნაპირზე თურქმა იანიჩარებმა ხმლებით დაჩეხეს, ასო-ასო აკუწეს და მისი წმიდა ნაწილები მდინარეში გადაყარეს. ეს მოხდა 1716 წლის 14 სექტემბერს.

განუზომელია ანთიმოზ ივერიელის ღვაწლი ქართული სტამბის დაარსებაში. სამშობლოს მონატრებულმა ანთიმოზმა მართლაც რომ თავი გადასდო ამ საქმისათვის. მან ვახტანგ VI-ს სტამბის გამართვისათვის საჭირო ყველანაირი ტექნიკა და მასალა გაუგზავნა. აახლა ასოთამწყობი მ. იშტვანოვიჩი, შეიქმნა და ჩამოისხა პირველი ქართული შრიფტი და მალე პირველი წიგნიც დაიბეჭდა. ეს იყო “სახარება”. სულ ამ სტამბაში 1709-1722 წლებში 19 დასახელების წიგნი დაიბეჭდა, მათ შორის იყო “ვეფხისტყაოსანი” ვახტანგ VI-ის რედაქციითა და კომენტარებით. ბოლო წიგნი, რომელიც აქ დაიბეჭდა, “ჟამნი” გახლდათ. 1722 წელს სტამბამ არსებობა შეწყვიტა. წიგნების ბეჭდვისა და გამოცემის ხარისხი ისეთივე იყო, როგორც იმ პერიოდის ევროპულ სტამბებში დაბეჭდილი წიგნებისა. ამ სტამბაში დაოსტატდნენ შემდეგში ცნობილი მოღვაწეები: ნ. ორბელიანი (ნ. თბილელი) – სულხან-საბა ორბელიანის ძმა, გერმანე მღვდელმონაზონი, კვიპრიანე სამთავნელი და სხვ.

1992 წელს რუმინეთის ეკლესიამ ანთიმოზ ივერიელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 14 (27) სექტემბერი, წმიდანის გარდაცვალების დღე დააწესა. ქართული ეკლესია მის ხსენებას 13 (26) ივნისს აღნიშნავს.

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

  • გელა ნიბჩვიანი says:

    ჭეშმარიტად დიდი ქართველი. ღმერთმა უმრავლოს ასეთები ჩვენს ერს!

  • maqsime says:

    შეგვეწიოს მისი მადლი!
    ანთიმოზ ივერიელი უდეშია დაბადებული.
    რა საშინელებაა 5 მილიონ ქართველი… სამწუხაროდ ჩვენ ქართველებსაც “დიდი წვლილი მიგვიძღვის” ამ ყველაფერში. ქართველებიც იტაცებდნენ ქართველ ბავშვეს და მიყავდათ სტამბოლის ბაზარზე გასაყიდად… ძალიან ბევრი მძიმე ცოდვა ადევთ ჩვენ წინაპრებს… მადლობა ღმერთს ჩვენს წინაპრებს ბევრი კარგიც რომ უკეთებიათ.

  • რაოდენ ცრუობ წმიდა ანთიმოზის დაბადებაზე – რატომ და რისთვის? იგი “დასავლეთ საქართველოში” კი არადა, როგორც ყველა ღმრთისმეტყველი ქართული მართლმადიდებლობისა (გარდა არსენ იყალთოელისა, რომელიც კახელი გახლდათ), სამცხეში დაიბადა, რამეთუ იყო მესხი, ვითარცა იოანე პეტრიწი, პეტრე იბერი, ექვთიმე ათონელი, გიორგი მთაწმინდელი, ყველა მოღვაწე ივერთა სავანისა, ყველა მოღვაწე პეტრიწონისა, ყველა მოღვაწე იერუსალიმის ჯვრის სავანისა (უცხოურად “მონასტრისა”).

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი