მთავარი » ჯანმრთელობა

ანორექსია – მოდა თუ ავადმყოფობა?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.05.2012 ერთი კომენტარი | 15,862 ნახვა

რა არის ჭეშმარიტი სილამაზე? ამაზე მსოფლიო მოდის სამყარო ჯერაც ვერ თანხმდება, თუმცა ფაქტია, რომ თუ ძველად ფერხორციან ქალბატონებს ანიჭებდნენ უპირატესობას, ამჟამად საქმე სხვაგვარადაა. მაგალითად, ბრიტანული სამოდელო სააგენტოების ასოციაციის მიხედვით, საშუალოდ მოდელის პარამეტრები ასე გამოიყურება: 86-61-86 სმ., სიმაღლე – 173 სმ და მეტი.

ანორექსია მოდის ამ ტენდენციებმა ახალგაზრდებში ანორექსიისკენ მიდრეკილება გამოიწვია, რასაც ადასტურებს მრავალი ფაქტი. მაგ.: გერმანელმა ფოტოგრაფმა ივან ტეინმა მოაწყო გამოფენა სახელწოდებით “32 კილოგრამი”.

ავტორმა პროექტის გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაიგო, რომ არსებობდა საიტი, რომლის მომხმარებელიც ანორექსიას ცხოვრების წესად ირჩევდა.

რა არის ანორექსია და როგორ ვითარდება იგი ? ამ თემაზე “ამბიონს” ექიმი-ენდოკრინოლოგი ლია თეთრაძე ესაუბრება:

“ნერვული ანორექსია, ანუ ( Anorexia nervosa) კვებითი ქცევის დარღვევაა, რომელიც ხასიათდება სხეულის წონის ხანგრძლივი, მიზანმიმართული კლებით. ცენტრალურ ფსიქოპათოლოგიურ ხაზს წარმოადგენს ზეღირებულოვანი დამოკიდებულება საკუთარი სხეულის ფორმასა და წონასთან, გასუქების შიში და ძლიერი სწრაფვა გახდომისკენ. შედეგად ავადმყოფს უყალიბდება სხეულის ფორმის გაუკუღმართებული აღქმა, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ობიექტურად მისი წონა ნორმაზე გაცილებით ნაკლებია.

ანორექსია ვლინდება წონის მკვეთრი კლებით, რასაც მოსდევს მთელი რიგი ცვლილებები ემოციურ, ქცევით, სოციალურ სფეროებში. რაც შეეხება სომატურ ნიშნებს, ვლინდება:

საერთო სისუსტე, უძილობა;
არტერიული წნევისა და სხეულის ტემპერატურის დაქვეითება;
კანი სიმშრალე ფერმკრთალი სუბიქტერული (მოყვითალო) შეფერილობით;
არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, ამენორეა;
ძვლოვანი ქსოვილის შემცირება – ოსტეოპენია, ოსტეოპოროზი;
მძიმე შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ფატალური გართულებები ლეტალური გამოსავალით.”

-ანორექსიის რა ფორმები არსებობს?

განარჩევენ ორ ტიპს:

1) კვების შეზღუდვით მიმდინარეს, როცა პაციენტი იღებს ძალიან მცირე რაოდენობით საკვებს, ფაქტობრივად, შიმშილობს;
2) ჭარბი კვების ფონზე ხელოვნურად იწვევს ღებინებას, მიმართავს შარდმდენ, ან საფაღარათო საშუალებებს.

მკურნალობა:

კვებითი აშლილობის მიზეზები ბოლომდე დადგენილი არ არის. დიდი მნიშვნელობა ენიჭება გენეტიკურ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ ფაქტორებს. შესაბამისად, მიდგომა კომპლექსურია. ენდოკრინოლოგთან, ფსიქიატრთან თუ ფსიქოთერაპევტთან ერთად მკურნალობაში აქტიურად ერთვება ოჯახი, გარემო. აუცილებელია კვების ეტაპობრივად გამოსწორება, იმ დაავადებებისა თუ პათოლოგიური მდგომარეობების მკურნალობა, რაც ანორექსიის შედეგად განვითარდა.

– რამდენად გავრცელებულია ეს დაავადებაა?

ნერვული ანორექსია შედარებით იშვიათი დაავადებაა. 100 000 ადამიანზე მოდის დაახლოებით 15 ახალი შემთხვევა წელიწადში. ძირითადად ავადდებიან გოგონები მოზარდ და ახალგაზრდა ასაკში. დაავადების გავრცელებაა ქალებში 0.3-1%, კაცებში – 0.1%. უფრო ხშირად გვხვდება განვითარებულ ქვეყნებში. განსაკუთრებული ზრდის ტენდენციაა 1945 წლიდან, რასაც უკავშირებენ მოდის ინდუსტრიის განვითარებას.

ექიმის რჩევა

გახსოვდეთ, რომ ის სტერეოტიპები, რასაც გარემო გვახვევს თავს, ხშირად ცვალებადია. ძველად უპირატესობას დიდ წონას ანიჭებდნენ, ზოგიერთს მოდელის ზომა მიაჩნია საყოველთაო სტანდარტად.

თუ გსურთ, შეინარჩუნოთ სხეულის ნორმალური წონა და იმავდროულად – ჯანმრთელობა, ამისთვის სულაც არ არის საჭირო შიმშილი. მისდიეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს: იკვებეთ ბალანსირებულად, ივარჯიშეთ და შეინარჩუნეთ ინდივიდუალურობა!

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა საქართველოში პროცენტულად არცთუ დაბალია, რომელიც საჭიროებს ყურადღებას! კერძოდ: მოსახლეობის ნაწილმა არ იცის რას ნიშნავს ანორექსია და როგორ მოიქცენ აღნიშნულ სიტუაციაში, ამიტომ საჭიროა, რომ პედაგოგებმა მოიწვიონ მშობლები და აუხსნან თუ რას წარმოადგენს ეს დაავადება და როგორ გაუმკლავდნენ აღნიშნულ პრობლემას!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი