მთავარი » ქრისტიანობა

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის ძველი კომისიის მუშაობის შესახებ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.10.2020 | 178 ნახვა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საკვირაო ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ჟურნალისტების მიერ დავით გარეჯის საკითხზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ძველი კომისიის მუშაობა „მოღალატეობრივი“ იყო:

„ძველი კომისიის მუშაობა არის მოღალატეობრივი, მგონი, შეიძლება ასე შეფასება, გამომდინარე იმ შედეგებიდან, რაც მათ დადეს. ოქმები, რომელსაც ხელი მოეწერა ამ კომისიის მუშაობაში, მეტყველებს უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე.

მადლობა ღმერთს, ბოლო ინსტანცია არ არის კომისიის გადაწყვეტილებები. კომისიამ მიაკუთვნა ეს ტერიტორიები ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს. იგივე ნება რომ ყოფილიყო ზედა ინსტანციებშიც, საბოლოოდ შეიძლება დაკარგულიყო ეს ტერიტორია.

თუმცა დღეს სრულიად შესაძლებელია ამ კომისიის მიღებული გადაწყვეტილებებისა და ოქმების რევიზია, გადახედვა და ახალი კვლევის საფუძველზე სხვა შედეგების დადება. ახალ კომისიას აქვს პრინციპულად შეცვლილი სამოქმედო გეგმა, პრინციპულად სხვა ღრმა კვლევასა და ავთენტურ დოკუმენტაციას ეყრდნობა მათი მიდგომები. ამიტომ გაცილებით მეტია იმედი.

ვიცით, რომ განახლებული კომისიის მუშაობის დაწყება უკავშირდებოდა იმ რუკის მოპოვებას, რომელიც დაკარგულად მიიჩნეოდა. თუმცა შარშან არსებობდა ამ რუკის ასლი, მაგრამ მისი ავთენტურობის დამტკიცება და კომისიაში ამის გამოყენება ვერ ხერხდებოდა.

სიახლე, რომლის შესახებაც გაკეთდა განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროში, ის გახლავთ, რომ მოპოვებულია ის კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ავთენტურია და შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს კომისიის მუშაობაში, როგორც საფუძველი საზღვრის გავლებისა.

თავიდანვე ასე უნდა წარმართულიყო მუშაობა, მაგრამ რატომღაც გაუგებარ ვითარებაში მოხდა 1938 წლის რუკის ამოღება სამუშაო პროცესიდან და კომისია ხელმძღვანელობდა გაუგებარი რუკებით. ვერ გეტყვით, ეს რუკა რატომ ამოიღეს, რა მოტივით, ვინ იდგა მათ უკან და როგორ გაბედეს ასეთი რაღაცები, ამას ძიება გვიჩვენებს და ჩვენც ველოდებით“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

რაც შეეხება კითხვას გამოძიების მიმდინარეობისა და სასულიერო პირების მიერ შესაბამისი უწყებისათვის საზღვრის თაობაზე ინფორმაციის მიაწოდეს შესახებ, მამა ანდრიამ ბრძანა:

„ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ დავით გარეჯის ლავრაში მცხოვრები ბერები, ფაქტობრივად, ბოლო ათწლეულების მემატიანენი არიან. მათ შეუძლიათ, პირდაპირ დღეებისა და თვეების მიხედვით აღწერონ, როგორ იცვლებოდა სასაზღვრო სიტუაცია.

თავდაცვის უწყებებს არანაირი მითითება ჩვენთვის არ მოუწოდებიათ. გარეჯის ლავრაში პრობლემა არ არის, პრობლემა ქედზე მდებარე მონასტრებში, კერძოდ, ჩიჩხიტურსა და უდაბნოს მონასტერშია“, – დასძინა მამა ანდრიამ.

4 ოქტომბერი, 2020 წელი




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი