მთავარი » ეკლესია-მონასტრები

ანჩისხატის ეკლესია თბილისში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.02.2012 ერთი კომენტარი | 6,378 ნახვა

ანჩისხატის ეკლესია მდებარეობს ქალაქის ისტორიულ ნაწილში, ზემო კალაში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იოანე შავთელის ქუჩაზე.

ანჩისხატის ბაზილიკა თბილისის უძველესი ქრისტიანული ტაძარია, აგებული VI ს-ის დასაწყისში ვახტან გორგასლის მემკვიდრის, მეფე დაჩის მიერ. ანჩისხატის ეკლესია ეკლესია ღვთისმშობლის შობის სახელობის იყო. ყოვლადწმიდა მარიამის ეკლესია ერთადერთი გახლდათ თბილისში, რომელსაც არაბთა ბატონობის დროს ზარების რეკვის უფლება ჰქონდა შენარჩუნებული. ამის გამო ძველად მას “ზარის საყდარსაც” უწოდებდნენ. საისტორიო წყაროებში “მარიამწმიდა ეკლესიის” შესახებ დაწვრილებითი ცნობები არ შემონახულა. იგი მხოლოდ ზოგადად საკათოლიკოსო ეკლესიად მოიხსენიება.

ანჩისხატი მას მხოლოდ XVII ს-ში ეწოდა, როცა აქ ანჩის (ანჩა ახლა თურქეთის ტერიტორიაზეა) მონასტრიდან წამოღებული სახელგანთქმული მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი დაასვენეს. ეს სასწაულმოქმედი ხატი ედესის მეფე ავგაროზის ცნობილ ლეგენდას უკავშირდება. მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ისტორიის ამსახველი სცენები ტაძრის XIX ს-ის ფრესკებზეცაა წარმოდგენილი. საუკუნეების მანძილზე მრავალჯერ დაზიანებულმა ანჩისხატის ეკლესიამ არსებითად შეინარჩუნა თავისი პირვანდელი სახე.

ანჩისხატის ეკლესია

ანჩისხატი სამნავიანი ბაზილიკაა. იგი ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების ადრეული ეტაპის უმნიშვნელოვანეს ძეგლთა ჯგუფს მიეკუთვნება. XV-XVII სს-ში ირანელთა მიერ თბილისის არაერთგზის აოხრების დროს დაზიანებული ანჩისხატის ეკლესია XVII ს-ში აღადგინეს. ამავე პერიოდში ფრესკებით შეამკეს ტაძრის ინტერიერიც. გვიან შუა საუკუნეებში ანჩისხატის ეკლესია სასულიერო და კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. ქართველ უფლისწულთა აღზრდაც აქვე ხდებოდა. XVII საუკუნეში სამცხიდან ჩამოსული მღვდლის პეტრე მოსხის შთამომავლებმა შესანიშნავი კალიგრაფის – ალექსი-მესხიშვილების დინასტიას ჩაუყარეს საფუძველი. 1755 წელს ერეკლე II-ის ხელშეწყობით ტაძართან საერო სკოლა და სასულიერო სემინარია ჩამოყალიბდა. ანჩისხატის ეკლესიის ეზოში მდებარე სემინარიის შენობას ასეთი ასომთავრული წარწერა ჰქონდა: “ვითარ საშინელ არს ადგილი ესე! ესე არა რაი არს, გარნა სახლი ღვთისა და ესე – ბჭე ზეცისა. ანჩისხატის ეკლესია მეფობასა თეიმურაზისასა და ძისა მისისა ერეკლესსა, პატრიარქობასა ანტონისსა, 1755 წლის 9 იანვარს”. სემინარიაში საღვთო სჯულსა და საეკლესიო ისტორიასთან ერთად გრამატიკას, პოეტიკას, რიტორიკას, ლოგიკას, ფიზიკას, ფილოსოფიას, არითმეტიკას, ქართულ ენას ასწავლიდნენ. განსაკუთრებით გავრცელებული ყოფილა “კითხვა-მიგების” მეთოდი. თვით ერეკლე II ხშირად ეწვეოდა ხოლმე სემინარიას და წარჩინებულ მოსწავლეებს აჯილდოებდა.

სემინარიამ 1795 წლამდე, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევამდე იარსება. ამ დროს ეკლესია ძალიან დაზიანდა. იგი XIX საუკუნის დასაწყისში კვლავ აღადგინეს. 1814 წელს ტაძარი თავიდან მოუხატავთ. 70-იან წლებში ანჩისხატი ისევ შეაკეთეს. ამ დროს მას ყალბი გუმბათი დაადგეს და დასავლეთიდან მრავალსართულიანი სამრეკლო მიაშენეს.

ანჩისხატის ეკლესიას რესტავრაცია 1958-64 წლებში ჩაუტარდა (ხელმძღვანელი რ. გვერდწითელი). უპირველეს ყოველისა, ტაძარს მოაშორეს XIX საუკუნის გუმბათი და ტლანქი სამრეკლო. გვიანდელი გადაკეთებებისგან გასუფთავდა თვით ტაძარიც. მოიხსნა მხატვრობის ნაწილი (შიდა კედელზე). სამუშაოების შედეგად გამოვლინდა ნაგებობის უძველესი შრეები, მისი პირვანდელი იატაკი და XVII საუკუნის ფრესკების ფრაგმენტები. შენობას დაუბრუნდა ისეთი სახე, როგორიც XVII საუკუნეში ჰქონდა.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი