მთავარი » ეკლესია-მონასტრები

ანანურის ანსამბლი (XVI-XVII სს)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.06.2011 | 8,691 ნახვა

გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს მრავალრიცხოვან ნაგებობათაგან ანანურის ხუროთმოძღვრულ ანსამბლს ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი უკავია.

ანანურის კომპლექსი მდებარეობს არაგვის ხეობაში, დღევანდელი ჟინვალის წყალსაცავის ნაპირებთან, საქართველოს სამხედრო გზაზე, თბილისიდან სამოციოდე კილომეტრზე, არაგვის მარჯვენა სანაპიროზე. იგი აშენებულია 1660-1676 წლებში არაგვის ერისთავების ოთარისა და რევაზის მიერ. იგი არაგვის ერისთავთა რეზიდენციას წარმოადგენდა.
ანანური
ანანურის ციხესიმაგრე მრავალი ბრძოლის მომსწრეა, რისი კვალიც უხვად ამჩნევია ციხე-გალავანს. ანსამბლი ძირითადად ზედა და ქვედა ციხეებისაგან შედგება. ამათგან მთავარი ზედა ციხე, შედარებით უკეთაა შემონახული, ქვედა კი ძლიერი დაზიანების გამო თითქმის აღარაა შემორჩენილი.

კოშკიანსამბლის ყველაზე ადრინდელ ნაგებობას პირამიდულსახურავიანი ხევსურული კოშკი წარმოადგენს, რომელიც ზედა ციხის ცენტრშია მოქცეული. შემდეგ აუგიათ ორ გალავანს შუა მდგარი მცირე ეკლესია “მკურნალად” წოდებული, რომელიც ახლა დარღვეულია. ამის შემდეგ დასავლეთით აღუმართავთ ცენტრალურ – გუმბათოვანი ტაძარი მაცხოვრისა. მომდევნო ხანაში აქ არსებული ნაგებობების ირგვლივ აუშენებიათ ციხე-სიმაგრე. შემდგომში აუგიათ უკვე დიდ გუმბათიანი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინების სახელობის და მისი თანამედროვე ქვის სამრეკლოც.

პირამიდულსახურავიანი კოშკი მეტად ორიგინალურია და ამ მხარეში ერთადერთია. კოშკი ოთხსართულიანია. იგი სადარაჯო ნაგებობას წარმოადგენდა. მისი ადგილმდებარეობა ისე მარჯვედაა შერჩეული , რომ არაგვის ხეობაზე გამავალი მტერი თუ მოყვარე ამ ადგილს გზას ვერ აუქცევდა. კოშკი ნაგებია ფლეთილი ქვით. მისი აგების ზუსტი თარიღი უცნობია. იგი უნდა იყოს XVI საუკუნის ნაგებობა.

ზედა ციხის დასავლეთ მონაკვეთში დგას ღვთაების ეკლესია. იგი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. ნაშენია ნატეხი ქვითა და აგურით. გუმბათი მთლიანად აგურისაა. ტაძრის შიგნით, გუმბათქვეშა მარჯვენა მკლავში, მოთავსებულია ქვით ნაგები ბალდახინი – საფლავზე აღმართული ძეგლი. მის კედლებზე არსებული ვრცელი წარწერიდან ირკვევა, რომ იგი 1674წ. აუგია აბაშიძის ასულს, ანახანუმს უდროოდ გარდაცვლილი მეუღლისთვის–საქართველოს მდივანბეგ ედიშერ ერისთავისათვის.

ტაძრის ფასადები მარტივია. მისი ქვედა ნაწილი არ შეიცავს მორთულობის ელემენტებს, წახნაგოვანი გუმბათი კი თაღებიანია. ანანურის ფასადიტაძრისათვის სამხრეთის შესასვლელის წინ მიდგმულია მარტივი ფორმის კარიბჭე. ტაძარი აგებულია XVI საუკუნის ბოლოს, ან XVII საუკუნის I ნახევარში.

ანანურის ციხე-სიმაგრის მშვენებაა დიდი გუმბათოვანი ეკლესია ღვთისმშობლის სახელობისა, რომელიც აქ დაცული წარწერის მიხედვით 1689 წელს აუგია არაგვის ერისთავის შვილს – მდივანბეგ ბარძიმს. ტაძრის მშენებლად წარწერაში იხსენიება ვინმე ქაიხოსრო ბაღსარაშვილი.

ტაძარი ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა. გუმბათი, როგორც ჩვეულებრივ ამ ტიპის ტაძრებში, ისე აქაც ეყრდნობა საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთის ორ ბურჯს.

ანანურის ტაძრის შესასვლელიტაძარს აქვს ორი შესასვლელი სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან, ტაძრის განათება ხდება ეკლესიის ქვედა კედლებსა და გუმბათის ყელში განლაგებული სარკმლებით. შიდა სივრცეს ქმნის ჯვრის ოთხი მკლავი და ცენტრში აღმართული გუმბათი, რომელიც ეყრდნობა აფსიდის კუთხეებსა და ორ რვაწახნაგოვან ბოძს. ღრმა ნახევარწრიული აფსიდის გვერდებზე ჩრდილოეთით აფსიდიანი სამკვეთლოა, სამხრეთით – სწორკუთხა სადიაკვანე. მათ თავზე საიდუმლო ოთახებია. ორივე სადგომში საკურთხევლის მიმდებარე კედლებში მოწყობილია კიბეები მეორე სართულის ოთახებისაკენ, იქიდან კი – კონქის თავზე ასაძრომად. გუმბათის ყელში გაჭრილია თექვსმეტი სარკმელი. ჯვრის მკლავებში სარკმლები არათანაბრადაა განაწილებული: საკურთხეველსა და ჩრდილოეთის მკლავში, დიდი თაღოვანი სარკმლის ორივე მხარეს, ზემოთ-თითო პატარა, შიგნიდან თაღოვანი, ხოლო გარედან – მრგვალი სარკმელია. სამხრეთით ორი თაღოვანი სარკმელია ერთ დონეზე. დასავლეთი მკლავი უსარკმლოა. ამ მხარეს მხოლოდ კუთხის სადგომების თითო სარკმელი გამოდის. თითო მრგვალი სარკმელია მოწყობილი სამკვეთლოსა და სადიაკვნის აღმოსავლეთ კედელში. ტაძარში შემორჩენილია ნარჩენები ძველი მხატვრობისა, რომელიც გადაურჩა XVIIIს -ში ლეკების შემოსევას, როცა ეკლესია მთლიანად გადაიწვა.

ანანურის ტაძრის ორნამენტიტაძრის ფასადები მდიდრულადაა მორთული. ამ მხრივ იგი გამორჩეულია. ოსტატს განსაკუთრებული ყურადღება სამხრეთის ფასადისკენ ყოფილა მიპყრობილი, რადგანაც შემსვლელი პირველად მას ხედავს. ცენტრში დიდი მოჩუქურთმებული ჯვარია კუდებითგადახლართულ ორ გველეშაპზე აღმართული. გვერდებზე კი დატოტვილი ვაზები და მოჩუქურთმებული სარკმლებია განლაგებული. აქვეა ფრინველებისა და ცხოველების რელიეფური გამოსახულებანი; თვით ვაზები ეყრდნობა მთავარანგელოზთა მაღალ რელიეფებს. ფასადს აგრეთვე ამკობს ორი ლომის გამოსახულება, რომელიც ჯვრისაკენ არის მიქცეული. შესასვლელი პორტალი მდიდრულადაა მორთული. კარს ირგვლივ გაჰყვება რამდენიმე ჩუქურთმიანი არშია და ლილვი. ტიმპანის შუაგულში კი წმიდანის გამოსახულებაა.

აღმოსავლეთის ფასადი ნაკლებადაა მორთული. აქ განლაგებულია კვარცხლბეკზე შემდგარი სარკმელი და ზედ აღმართული ჯვრის გვერდებზე ასევე დაბალი რელიეფის მცირე ზომის ჯვრებია.

ანანურის ტაძრის ორნამენტიდასავლეთის ფასადს ნაწილობრივ ფარავს იქვე წინ მდგარი კოშკი. ეს გაუთვალისწინებია ავტორს და დეკორიც სათანადოდ გადაუწყვიტავს. შუაზე ფართო არშიის მქონე ჩუქურთმიანი ჯვარია აღმართული, ხოლო ამ დიდი ჯვრის მარჯვენა მხარეს ისევ ვაზის გამოსახულებაა.

ჩრდილოეთის ფასადი შედარებით სადაა. შუა არეში, სარკმლის თავზე, გლუვი ლილვებით მოჩარჩოებული წვრილი ჯვარია, რომლის განივი მკლავების ბოლოებთან თითო პატარა მრგვალი სარკმელია. ფასადის მარჯვენა მონაკვეთი პორტალს უკავია. კარს ჩუქურთმიანი არშია აქვს შემოვლებული. მის ზემოთ ჯვრის ამაღლების სცენაა გამოსახული.

მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით პატარა ზომის ქვის სამრეკლოა, რომელიც აღმართულია ძველი ეკლესიის სახურავზე. სამრეკლო თაღებიან ღია ფანჩატურს წარმოადგენს. მისი ქვედა ნაწილი თლილი ქვითაა ნაგები, პირამიდული სახურავი კი აგურისაა.

ანანურის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია ათეული წლების განმავლობაში მოკლებული იყო ღვთისმსახურებას.ანანური მისი ხელახალი კურთხევა და ამოქმედება მოხდა 1988 წელს წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოს ზოსიმეს მიერ. ტაძარში განახლდა წირვა- ლოცვა და ეკლესიური მსახურება. ჩატარდა აღდგენითი სამუშაოები გაიწმინდა და გამაგრდა მხატვრობა.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინება – მარიამობა (15/28 აგვისტო) ანანურელთა დიდებული დღესასწაულია. ამ დღეს აქ უამრავი მორწმუნე, მომლოცველი იყრის თავს, რათა შეწევნა და მფარველობა სთხოვონ დედა ღვთისმშობელს.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი