მთავარი » ქრისტიანობა

ამქვეყნიური ბედნიერება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.08.2020 | 175 ნახვა

ამქვეყნიური ბედნიერება – მაცხოვარი გვასწავლის, რომ პირველად ღმრთის სასუფეველი და სიმართლე უნდა ვეძებოთ და ყოველივე ის, რაც ამ ცხოვრებაში გვჭირდება – საჭმელი, სასმელი, შესამოსელი თუ სხვა რამ ანუ ამსოფლიური ბედნიერება და კეთილდღეობა თავისით, უადვილესად შეგვეძინება. იმავეს თქმა შეიძლება როგორც ცალკეულ ადამიანზე, ისე ყოველ საზოგადოებასა და სახელმწიფოზეც, ე.ი. ისინიც მაშინ მოიპოვებენ ამ სოფელში ბედნიერებასა და კეთილდღეობას, თუ პირველ რიგში ღმრთის სასუფეველსა და სიმართლეს, ანუ სახარებისმიერ კეთილ ცხოვრებას ეძებენ. ეს აზრი იმით მართლდება, რომ ადამიანის გარეგნული ცხოვრება და მოქმედება მის შინაგან თვისებებზეა დამოკიდებული. უკეთუ მის სულში სიმშვიდისა და სინათლის ნაცვლად მშფოთვარე ვნებებია დასადგურებული, მას არც ამ სოფელში შეუძლია ბედნიერად იგრძნოს თავი.

მშვიდობისა და ბედნიერების საფუძველი ამ სოფელშიც სიმართლე და მართლმსაჯულებაა. სადაც შფოთი და უსამართლობა სუფევს, იქ ადამიანი ბედნიერი ვერ იქნება. წარმოვიდგინოთ ორი სოფელი, ერთში ღვთისმოყვარე ადამიანები ცხოვრობენ, რომელნიც ერთმანეთს შეეწევიან და ხელს უწყობენ, ხოლო მეორეში – უსამართლონი და მშფოთვარენი, რომელნიც შურითა და მძლავრობით ერთმანეთს აბრკლოებენ ისე, რომ მთელი მათი დრო ჩხუბსა და დავაში გადის, რომელ სოფელში მცხოვრები კაცი იქნება უფრო ბედნიერი? უფლის სიტყვების სიმართლის დამტკიცება არა მხოლოდ წარმოდგენილი, არამედ რეალურად არსებული მაგალითებითაც შეიძლება. დღეს ქრისტეს აღმსარებელი ბევრი სახელმწიფო განათლებით და კეთილდღეობით სჯობნის ძველთაგანვე ურწმუნო – კერპთმსახურ თუ მაჰმადიანურ ქვეყნებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ქრისტიანულ სახელმწიფოებში მოქალაქეობა და განათლება ღმრთის სასუფეველსა და სიმაღლეზეა დაფუძნებული, თუ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებთ არა გვაქვს ისეთი ბედნირეება და კეთილდღეობა, როგორიც მის მშვენიერ ბუნებას შეეფერება, ამის მიზეზი ჩვენი ცუდი თვისებებია, კერძოდ, ის, რომ არ გვაქვს კეთილგანწყობა ერთმანეთის მიმართ, ჩვენს საქმეებში არ სუფევს სიმართლე, ერთმანეთს სიძულვილით, შურითა და მძლავრობით ვაწუხებთ და არა ღმრთის სასუფეველსა და სიმაღლეს, არამედ ბოროტებას ვეძიებთ. ქვეყნის საერთო კეთილდღეობის საფუძველი ისაა, რომ საზოგადეობის წევრებმა ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ. ჩვენთან კი თითქმის ყოველი კაცი ასე ფიქრობს – არც მე მქონდეს და არც სხვასო. ეს საშინელი ჩვეულება უნდა დავივიწყოთ და მტკიცედ უნდა გვახსოვდეს უფლის სიტყვები, თუ პირველ რიგში ღმრთის სასუფევლისა და სიმართლის მოპოვებისათვის ვიზრუნებთ, ყოველივე შეგვეძინება.

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებათაგან




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი