მთავარი » დღესასწაულები

ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.05.2018 | 6,922 ნახვა

დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე: ამაღლება “სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა! ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი – ეს არის თორმეტი საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაული.

ჩვენ ვიდღესასწაულეთ აღდგომა და ამის შემდეგ, მთელი ორმოცი დღის განმავლობაში, ვიდრე დღევანდელ დღემდე, ღვთისმსახურებისას ვგალობდით და ვკითხულობდით აღდგომის საგალობლებს. ეს იმაზე მიანიშნებდა, რომ ეკლესია ორმოცი დღის განმავლობაში დღესასწაულობდა, ზეიმობდა და დიდი სიხარულით იხსენებდა ქრისტეს აღდგომას. თითქოსდა ქრისტეს აღდგომით ყველაფერი აღსრულდა, ყველაფერი მოგვეცა, რაც უნდა მოეცა ჩვენთვის ქრისტეს, რისთვისაც მოევლინა: გამოიხსნა კაცობრიობა ეშმაკისა და ცოდვის ტყვეობისაგან; მაგრამ ღმერთი არც ამით კმაყოფილდება და კიდევ მეტის მოცემა სურს ჩვენთვის.

სანამ ამაღლების მნიშვნელობას განვმარტავდეთ, სასურველია, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, თუ მოუკლებელ დიდებაში მყოფმა ძე ღვთისამ როგორ დაიმდაბლა საკუთარი თავი, ადამიანური ბუნება მიიღო. თუმცა იგი არასოდეს განშორებია სამება ღმერთს, რადგან არსებით ერთია ღმერთი და მუდმივად ერთობაში არიან მამა, ძე და სულიწმიდა. ამიტომ როდესაც ძე ღვთისას განკაცებაზე ვსაუბრობთ, მისი სამებისგან განყოფა არ უნდა ვიგულისხმოთ ამ დროს. მისი განკაცების შესახებ შემდეგი სწავლება გვაქვს წმიდა ეკლესიაში: ღმერთი იმისთვის განკაცდა, რომ ადამიანი გახდეს ღმერთი, მაგრამ არა ბუნებით, არამედ მადლით. ბუნებით ღმერთი ჩვენ ვერასოდეს ვერ გავხდებით, რადგან სხვა ბუნება გვაქვს, ხოლო მადლით კი შესაძლებელია, რომ მივემსგავსოთ მას, ანუ განვიღმრთოთ. ასე რომ, ქრისტეს აღდგომამ განაახლა ადამიანის ბუნება და მოანიჭა მას ცოდვაზე, ეშმაკზე და სიკვდილზე გამარჯვება, თუმცა არც ამით შემოფარგლულა ღვთაებრივი განგებულება; აღდგომიდან მეორმოცე დღეს ქრისტე ამაღლდა ზეცად.

აქ შეიძლება ბუნებრივად გაგვიჩდეს კითხვა; კი მაგრამ, თუ ძე ღვთისა არასოდეს განშორებია საღმრთო წიაღს, მაშინ მისი ამაღლება და ღვთის მარჯვნივ მყოფობა განა რას მოასწავებს? განა ადამიანმა რა შენამატი და წყალობა მიიღო? რატომ გაგვიხარდა მისი ამაღლება? ნუთუ ღმერთი არ იყო და ღმერთი გახდა? რასაკვირველია, ძე ღვთისა მოუკლებელი და უცვალებელია თავის ღვთაებაში და ქრისტეს ზეცად ამაღლება მას კი არ განადიდებს, არამედ ქრისტეს ადამიანურ ბუნებას. ძე ღვთისა ყოველთვის ღმერთი იყო, არის და იქნება, ხოლო ქრისტედ მარტოოდენ ძე ღვთისა კი არ იწოდება, არამედ განკაცებული ძე ღვთისა. შესაბამისად, ჩვენ სწორედ ის გვიხარია დღეს, რომ ადამიანური ბუნება ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯვენით ღვთისა და მამისა.
განა იფიქრებდა რომელიმე ადამიანი, რომ ესოდენ დიდი პატივი ოდესმე ერგებოდა ადამიანს, მისი ადამიანური ბუნება აღიტაცებოდა ზეცად, მოშორდებოდა ყოველივე ამქვეყნიურს და მამის მარჯვენით დაჯდებოდა, ანუ ღმერთის წიაღში დაიდებდა ბინას?! აი, რაოდენ უსაზღვროა უფლის გამოუთქმელი წყალობა და სიყვარული ადამიანის მიმართ.

თუმცა ამ უსაზღვრო წყალობას განცდა და დანახვა სჭირდება. მარტოოდენ სიტყვებით წარმოთქმული სწავლება სადღესასწაულო განცდას ვერ წარმოშობს ჩვენში, თუკი შესაბამისი სულიერი განწყობით არ შევიმოსებით. მოდით, ახლა სწორედ ამ საკითხზე ვისაუბროთ. როდესაც ქრისტეს აღდგომას ვდღესასწაულობდით, მრავალგზის ვგალობდით და წარმოვთქვამდით საგალობელს „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ”. მიუხედავად ამგვარი სიტყვების წარმოთქმისა, არც ერთ ჩვენთაგანს, არათუ ქრისტეს აღდგომა, არამედ თავად ქრისტეც არასოდეს გვიხილავს. თუმცა ასევე სააღდგომო საგალობელი მიგვანიშნებს იმ ფაქტს, რომ თუკი ანგელოზები ზეცაში

უგალობენ ქრისტეს აღდგომას, ადამიანები გულის განწმენდას სთხოვენ უფალს, რათა განადიდონ ეს დიადი მოვლენა: “აღდგომასა შენსა, ქრისტე მაცხოვარ, ანგელოზნი უგალობენ ცათა შინა და ჩვენცა ღირს-მყვენ ქვეყანასა ზედა, წმიდით გულით, დიდებად შენდა”. როგორც ვხედავთ, გულის სიწმინდე აუცილებელი პირობაა შემოქმედის განდიდებისათვის და უფლის ხილვისათვის, რამეთუ: “ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ”(მთ. 5.8).

ამდენად, ვინც მთელი დიდი მარხვის დროს გულდასმით დაიცვა თავი ყოველგვარი უწმინდურებისაგან, ის, ბუნებრივია, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მომზადებული ხვდება; მისი გული კი ღვთაებრივი წყალობის მხილველი ხდება. ხილული თვალით კი არ ვუმზერთ აღდგომილ ქრისტეს, არამედ განწმენდილი გულით შევიმეცნებთ მას. მისი აღდგომის უშუალო ხილული მომსწრენი კი არ ვხდებით, არამედ ჩვენს გულებში ხდება მისი აღდგომა.

რაც ქრისტეს აღდგომის შესახებ ითქვა, იგივე უნდა აღინიშნოს ამაღლებაზეც. თუკი აღდგომისას ადამიანის ბუნების გამარჯვება ვიდღესასწაულეთ, ამაღლებისას ადამიანის ზეცად აღსვლა უნდა ავღნიშნოთ. ქრისტეს ამაღლებით თვალნათლივ მიგვენიშნა, რომ ადამიანის საბოლოო განსასვენებელი უფლის წიაღია. თუკი ადამიანი მიწიერი ცხოვრების ჟამს არ იზრუნებს სულიერ ამაღლებაზე, მაშინ ის ვერ გახდება ღვთის მარჯვნივ მყოფობის ღირსი. ხოლო ვინც სულიერად მომზადებული აღმოჩნდება, მას სწორედ გამზადებული ადგილი ელოდება ზეციურ სასუფეველში.

ქრისტეს ზეცად ამაღლება იმაზეც თვალნათლივ მიგვითითებს, რომ სამოთხე დედამიწაზე როდია; სამოთხე, ანუ ზეციური იერუსალიმი სწორედაც რომ არ იქნება დედამიწის მსგავსი, რამეთუ მაშინ ქრისტეს აღმდგომილი სხეული არც განსულიერებული იქნებოდა და არც ზეცად ამაღლებული. არც იოანე მოციქული იტყოდა, რომ: „ვიხილე ცაი ახალი და ქუეყანაი ახალი, რამეთუ პირველი იგი ცაი და ქუეყანაი წარხდეს, და ზღუაი არღარა არს”(გამოც. 21,1); არც მაცხოვარი გვეტყოდა, რომ: „სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან. უკუეთუ არა, გარქუმცა თქუენ, ვითარმედ: მე წარვიდე და განგიმზადო თქუენ ადგილი. და უკუეთუ წარვიდე და განგიმზადო თქუენ ადგილი, კუალად მოვიდე და წარგიყვანნე თქუენ თავისა ჩემისა თანა, რაითა სადაცა მე ვიყო, მუნცა თქუენ იყვნეთ”(იო.14,2).

ეს სიტყვები ნათლად მიანიშნებს იმას, რომ მამის სავანე დღევანდელი ყოფიერებისგან განსხვავებულია და მას მხოლოდ ისინი დაიმკვიდრებენ, ვინც სულიერად ამაღლებულები და მომზადებულნი იქნებიან; ხოლო ვისაც არ ექნება საკმარისი სულიერი მზაობა, ის მოაკლდება კიდეც ზეციური სავანის დიდებას. მართალია, მეორედ მოსვლისას ყოველი ადამიანი აღდგება, მაგრამ მამის წიაღის ღირსი მხოლოდ ღვთის რჩეულნი და წმიდანი გახდებიან.

ასე რომ, უფლის ამაღლების მოვლენა და დღესასწაული ერთის მხრივ გვასწავლის და მეორეს მხრივ, გვავალდებულებს საკუთარ თავთან ჭიდილს, რათა ზეცად ამაღლების ღირსი გავხდეთ სულიერი ამაღლების გზით. სწორედ ამას გვასწავლის მაცხოვარიც: „სასუფეველი ცათაი იიძულების, და რომელნი აიძულებდნენ თავს, მათ მიიტაცონ იგი”(მთ. 11,12).ამიტომ, ყოველნაირად უნდა შევეცადოთ დღევანდელი დღის გააზრებას. მართალია, გონებით ცოტა რთულად გასაგები და მისაღებია ქრისტეს ამაღლების საიდუმლო, მაგრამ თუკი გულს განვიწმინდავთ ყოველგვარი ბიწიერებისა და მზაკვარებისაგან, მაშინ საღმრთო წყალობა არ დააყოვნებს, დიდი რწმენით აღგვავსებს და დღესასწაულთა განცდაც საფუძვლიანად გაღრმავდება ჩვენში.

ღმერთმა ქნას, რომ როგორც ქრისტე ამაღლდა ზეცად, ისევე ამაღლებულიყოს ჩვენი ბუნებაც. ამიტომაც მიმართავს ქრისტე მამა ღმერთს: „დიდება, რომელი მომეც მე, მივეც მათ, რაითა იყვნენ ერთ, ვითარცა ჩუენ ერთ ვართ”(იო. 17,22). ქრისტეს სურს, რომ ყველა ღირსი გახდეს ზეცად ამაღლებისა.

ამდენად, უნდა ვილოცოთ, ვიმსახუროთ, დავიცვათ ქრისტეს მცნებები, ვიცხოვროთ ეკლესიური ცხოვრებით, დავუჯეროთ წმიდა მამათა ცოდნასა და გამოცდილებას, ვისწავლოთ და ვი- კითხოთ წმიდა წერილი, ჩვენს თავში გამარჯვება მოვახდინოთ საკუთარ ეგოიზმზე და თავმოყვარეობაზე, რათა ღირსი გავხდეთ ღმერთთან ერთობისა.

გილოცავთ კიდევ ერთხელ ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს! დიდია წყალობა ღვთისა, რადგან ჩვენს ბუნებას მოეცა არა მარტო სიკვდილზე გამარჯვების, არამედ ღმერთად გახდომის საშუალება და უნარი. როგორც ავღნიშნეთ, ქრისტე იმისთვის მოევლინა და ამაღლდა ზეცად, რომ როგორც ღმერთი გახდა კაცი, ასევე ჩვენ – ადამიანები გავხდეთ ღმერთნი. ღმერთმა მოგვცეს ამის ნიჭი და სურვილი. იცოცხლეთ და გაიხარეთ!
ჩვენთან არს ღმერთი!”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.