მთავარი » ქრისტიანობა

“ამ ეკლესიაში სიყვარული არ არის, მე მივდივარ აქედან…”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.03.2018 2 კომენტარი | 6,298 ნახვა

მამა დავითი რას ნიშნავს ქრისტეს სიყვარული? გვესაუბრება თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით დათუაშვილი:

– ამას წინათ, მე მოვისმინე ფრაზა: „ამ ეკლესიაში სიყვარული არ არის, მე მივდივარ აქედან“ – ამ ფრაზამ ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე, ძალიან დამამძიმა. ვიფიქრე, რომ ამ ადამიანს ვიღაცამ შეურაცხყოფა მიაყენა, გული ატკინა, ამიტომ იძულებული გახდა ასეთი რამე ეთქვა. შევეცადე ეს მდგომარეობა განმესაზღვრა ქრისტიანული სწავლებით. ამ თემაზე რამდენიმე დღე ვფიქრობდი.
მოდი, პირობითად ამ ადამიანს დავარქვათ მოყვასი. მოდი, დავუფიქრდეთ საიდან მოდის მის მიერ ნათქვამი ეს სიტყვები? და ზოგადად, რა არის სიყვარული? ნუთუ მხოლოდ ის, რომ თუ შენ გაწყენინეს და გული გატკინეს და ამით ყველაფერი დამთავრდა, გაწყდა ყოველგვარი ძაფი ჩვენ შორის და შედეგში მივიღეთ ის, რომ შენ გარბიხარ ამ ეკლესიიდან?

მოდი განვიხილოთ თუ რას შეგვასწავებს სიყვარულის შესახებ სახარება. იმას, რომ თუ შენ გიყვარს პიროვნება და ის გულს გატკენს, სამაგიერო გადაუხადო და ორჯერ მეტად ატკინო გული თუ იმას, რომ იყო მიმტევებელი და აპატიო. რატომ გვასწავლის უფალი: „მარჯვენაში გაგარტყამენ, მარცხენა მიუშვირე“, “ერთს წაგართმევენ, მეორე მიეცი“ – განა, ეს არ არის საფუძველი სიყვარულისა. თუმცა მოყვასო შენ, აჰყევი შენს ემოციას და თითქოსდა მართალი ადამიანის მდგომარეობაში დადექი, შეურაცხყოფა მიაყენე მთელ ეკლესიას და მთელ იმ სამღვდელო დასს და მრევლს, რომელიც ამ ეკლესიაში იმყოფება, რომელთათვის თურმე სიყვარული არ არსებობს და მხოლოდ შენთვის არსებობს. რომ შენ კარგი და მოსიყვარულე ადამიანი ხარ და ყველა ისინი უგულო, უსიყვარულო ადამიანები! და ამიტომაც ისინი ღირსნი არ არიან შენს გვერდით იდგნენ! ჩემო მოყვასო, ეს ხომ განკითხვაა… მეორეც, თუკი შენ ამტკიცებ, რომ ამ ეკლესიაში არ არის სიყვარული და იმ ეკლესიაშია სიყვარული, მაშინ ასეთი ლოგიკით გამოდის, რომ ამ ეკლესიაში და იმ ეკლესიაში არც ზიარება ყოფილა ერთნაირი. ამ დროს კი როგორც საღმრთო ღვთისმეტყველება გვასწავლის, მადლი ყველა ეკლესიაში არის თანაბარი. დიდ სიონში, დიდ სამებაში და სოფლის პატარა ეკლესიაში, ერთი და იგივე მადლია. არ განსხვავდება ერთმანეთისაგან, იმიტომ რომ წირვის დროს, ქრისტე უხილავად უკლებლივ ყველა ეკლესიაში იმყოფება. განა ჩემო მოყვასო თვით ქრისტე არ გვაძლევს თავის სისხლსა და ხორცს და მოგმადლებს, გვაზიარებს იმას, რაც სინამდვილეში არ გვეკუთვნის?

განა, შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ ქრისტეს არ ვუყვარვართ? განა შეიძლება ვთქვათ, რომ ამ ეკლესიაში არ არის სიყვარული და იმ ეკლესიაში არის სიყვარული? ან ნებისმიერ სხვა ეკლესიაში?

– არ შეიძლება ამის თქმა. იმიტომ, რომ ამით პირველ რიგში, შეურაცხყოფას ვაყენებთ თვით ქრისტეს, რომელიც ყველასთვის ერთია, რომელიც ყველასთვის საყვარელია, რომელსაც ყველა უყვარს, მისთვის არ არსებობს განსხვავება. ვინც მივა ქრისტესთან თხოვნით: „უფალო, შემინდევ ჩემი ცოდვანი და მაზიარე შენს სისხლსა და ხორცს“, ის ყველას შეუნდობს და აზიარებს სიყვარულით. ამის შემდეგ, შეიძლება ამ მოყვასს ვუთხრათ, რომ შენ მართალი ხარ? აი თქვენ რას ფიქრობთ…არის მართალი? როცა ვამბობთ ამ ეკლესიაში სიყვარული არ არის, რადგან ყველა მართლმადიდებელი ეკლესია ერთი და იგივეა, ამით ჩვენ უარვყოფთ მართლმადიდებლურ სწავლებას, ეკლესიაში ქრისტეს ყველგანმყოფობის შესახებ. ასე შეიძლება ადამიანი, რომელიც ხიბლშია, განკითხვაშია, თითქოსდა თავის თავს მართლად თვლის და სხვებს – მასზე უარესებად, აყენებს საკუთარ თავს, ფარისევლის მდგომარეობაში. მეზვერე და ფარისეველი დგანან ტაძარში. ფარისევლი ამბობს: „რა კარგია, ამ ცოდვილ ადამიანს, რომ არ ვგავარ. მე ასეთი კარგი ადამიანი ვარ. მეზვერე კი უკან დგას და ლოცულობს: „ღმერთო, მილხინე, მე ცოდვილსა ამას“. გამოდის რომ ჩვენი ეს მოყვასი ფარისეველია. მას მართლა კი არ უყვარს ქრისტეს ეკლესია, არამედ თავისი თავი ამ ეკლესიაში. აი, სად არის განსხვავება.

– და ბოლოს, ჩვენ ეს ადამიანი არ უნდა მოვიძულოთ, ეს ადამიანი ცდება, ვარდება ამ ცოდვაში. ეს ადამიანი უნდა გვიყვარდეს, ტყუილად კი არ ვუწოდეთ მას დასაწყისში მოყვასი. ნებისმიერი ადამიანი უნდა გვიყვარდეს, უფალი ამბობს: „ვიყვარებოდეთ ურთიერთარს, რათა ერთობით აღვიარებდეთ“.

– ჩვენ ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს ჩვენი ცუდითა და კარგით. მე შეიძლება გაწყენინოთ ერთ დღეს, რაღაც არ გავაკეთო ისე, როგორც საჭიროა. მაგრამ უნდა შეგეძლოთ მომიტევოთ. მეც უნდა შევძლო თქვენ მოგიტევოთ. თუ ერთმანეთს არ მივუტევებთ არა ვაპატიებთ. თუ ერთმანეთისთვის არ ვიქნებით ისეთები, როგორც უფალი გვასწავლის: ,,შეუნდევ და შეგენდობა” ,,მიუტევე და მოგეტევება” და კიდევ „შეიყვარე უფალი მთელი შენი გულით, მთელი არსებით, გონებით, აზროვნებით“ და „შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავი თვისი“, განა შეიძლება თავი ქრისტიანებად მივიჩნიოთ?
როგორც შენს თავს არ უსურვებ ცუდს, როგორც შენს თავს არ უსურვებ, რომ იყო უსიყვარულო, უგულო, უღმერთო, ისევე, ნუ უსურვებ სხვას.

ლოცვა სიყვარულის შესახებ:

მოციქულთა შენთა სიყვარულის კავშირით შემაერთებელო ქრისტე, შეგვაერთენ ჩვენ, ერთგულნი მონანი შენნი, მით შენთან მჭიდროდ, რათა აღვასრულებდეთ მცნებათა შენთა და სიყვარულითა წრფელითა ვიყუარებოდეთ ურთიერთას, ლოცვითა ღმრთის-მშობელისათა მხოლოო კაცთმოყვარეო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

სიყვარულის ცეცხლით გაათბე შენდამი გულნი ჩვენნი ქრისტე ღმერთო, რათა მით აღნთებულნი, გულითა, გონებითა და მთელი არსებით შეგიყვაროთ წრფელად, მცნებათა შენთა დამმარხველი გადიდებდეთ შენ, ყოველთა კეთილთა ჩვენდა მომცემელო უფალო, დიდება შენდა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.