მთავარი » ჯანმრთელობა

ალერგია – XXI საუკუნის სენი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.06.2011 ერთი კომენტარი | 9,609 ნახვა

ალერგიული დაავადებების სტატისტიკა ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა. ამის მიზეზი, ალბათ, გაუარესებული გარემო პირობებია: არაჯანსაღი საკვები, დაბინძურებული ჰაერი, წყალი, ნიადაგი, ბუნებაში ტოქსიკური ნივთიერებების დასაშვებ ზღვარზე მეტად მომატება. ამ ყველაფერს სხვადასხვა ქრონიკული დაავადების, მათ შორის, ალერგიის მკვეთრად გაზრდა მოსდევს.

ალერგიაალერგია XXI საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა ტერმინი “ალერგია” მედიცინაში ავსტრალიელმა პედიატრმა პირკემ 1906 წელს შემოიღო. მან პირველმა შეამჩნია პაციენტებს ალერგიული გამოვლინებები.
ალერგია არის ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა ამა თუ იმ ორგანული თუ არაორგანული ნივთიერების მიმართ.

ალერგიული დაავადებები განსაკუთრებით გაზაფხულსა და ზაფხულში იჩენს თავს, როდესაც ბუნება იღვიძებს, მცენარეები ყვავის და ალერგიული რეაქციების გამომწვევი ნივთიერებების, ანუ ალერგენების რიცხვი ძალიან დიდია.

ალერგიის შესახებ უფრო ვრცლად გვესაუბრება ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სრული პროფესორი, ი.ფაღავას სახელობის პედიატრიის ინსტიტუტის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქალბატონი რუსუდან ქარსელაძე:

დაავადება

ალერგიული დაავადებები, საშუალოდ, დედამიწის მოსახლეობიდან ყოველ მეათეს აღენიშნება, ზოგიერთ რეგიონში – ყოველ მეექვსეს. ბოლო ოცი წლის მანძილზე ალერგიით დაავადებულთა რიცხვი გაიზარდა 4-ჯერ. პრაქტიკულად, ყოველ ოჯახსა თუ კოლექტივში არის ერთი ადამიანი, რომელსაც ან თავად აღენიშნება ალერგიული დაავადება, ან მის რომელიმე ნათესავს. გავრცელების მიხედვით, ალერგიული დაავადებები იკავებენ მე-3 ადგილს (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები).

ძირითადი ალერგიული დაავადებებია: ალერგიული რინიტი, ბრონქული ასთმა, ატოპიური დერმატიტი, წამლისმიერი/მედიკამენტური ალერგია, კვებითი ალერგია, მწერის ნაკბენზე ალერგია, ანაფილაქსიური შოკი, კონტაქტური დერმატიტი.

ატოპიის არსებობას ადასტურებს: ოჯახურ ანამნეზში ალერგიული დაავადება, ავადმყოფის ალერგიული ანამნეზი, დადებითი შედეგები სპეციფიური ალერგოლოგიური გამოკვლევებით.

რატომ იზრდება ალერგიის შემთხვევების რიცხვი? ამ კითხვაზე პასუხი მრავალმხრივია:

1. ჰიგიენური გარემოს ცვლა: ნაკლები ინფექცია, მეტი ანტიბიოტიკი, გაზრდილი სტრესი, ნაკლებად ინფექციური და ბაქტერიული საკვები.
2. კვებითი ჩვევების ცვლილება: ნაკლებად ფერმენტული საკვები (ნაკლებად ლაქტიკური ბაქტერიები საკვებში), ძალიან მრავალფეროვანი საკვები; მეტი ალერგენი, ომეგა 3-დან ომეგა 6 ცხიმოვანი მჟავას შემცველ საკვებზე გადასვლა, ნაკლები ანტიოქსიდანტი საკვებში.
3. ცხოვრების სტილის შეცვლა: ნაკლები დედმამიშვილი, ადამიანთა ჯგუფში ყოფნის შემცირება, ქალაქში ცხოვრების გახანგრძლივება, ნაკლები კონტაქტი შინაურ ცხოველებთან.

სიმპტომები და გამოვლენა

ალერგიული პათოლოგიისათვის დამახასიათებელია კლინიკური გამოვლინების და, შესაბამისად, სიმპტომთა დიდი მრავალფეროვნება. ალერგიულ დაავადებებს ახასიათებს ქრონიკული მიმდინარეობა და არსებობა ისეთი ფორმებისა, რომლებიც ქმნიან გამოვლინებათა უწყვეტ რიგს – აშკარად გამოხატული კლინიკური სურათიდან სუბკლინიკურამდე (ე.წ. კლინიკური კონტინუუმი). ასე, მაგ.:

ცემინებაალერგიული რინიტისათვის დამახასიათებელია ცხვირცემინება, ცხვირიდან გამონადენი (სურდო) და ცხვირის გაჭედვა. პაციენტს შეიძლება არ აწუხებდეს ყველა სიმპტომი ერთად. პაციენტთა უმეტესობა აღნიშნავს სიმპტომთა მკვეთრ გამწვავებას დილის საათებში.

კვებითი ალერგია კლინიკურად შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი ფორმებით: ურტიკარია (ჭინჭრის ციება), კვინკეს შეშუპება, ატოპიური დერმატიტის გამწვავება; ასევე, ბრონქოსპაზმის, რინიტის, კონიუნქტივიტის, აბდომინალური სინდრომის (მუცლის ტკივილით- ბავშვებში) გამოვლინებებს, იშვიათ შემთხვევაში საკვებისადმი ჰიპერმგრძნობელობა მოიცავს შაკიკის, ართრიტის, ცისტიტის, ან პიელონეფრიტის ნიშნებს. კუჭ-ნაწლავის ალერგიის კლინიკური გამოვლინების დროს აღინიშნება: პერიოორალური ეგზემა (ხშირად კონტაქტური ალერგია), ქავილი პირის ღრუში, აფთოზური წყლულები, თხელი დეფეკატი მოუნელებელი საკვებით, მუცლის სხვადასხვა ხასიათის ტკივილი, ანუსის ქავილი და ეგზემა.

დიაგნოზტიკა

ატოპიის (ჭეშმარიტი ალერგიის) არსებობას ადასტურებს:
• ოჯახურ ანამნეზში ალერგიული დაავადება
• ავადმყოფის ალერგიული ანამნეზი

ანამნეზი: ბავშვებში, ჩვეულებრივ, სიმპტომები ვითარდება რაციონში ახალი პროდუქტის შეყვანიდან რამოდენიმე კვირის შემდეგ;
კანის ტესტები – დადებითი შედეგები სპეციფიური ალერგოლოგიური გამოკვლევებით:
საერთო IgE-ს დონე სისხლში არასაკმარისია;
სპეციფიური IgE-ს განსაზღვრა გავრცელებული ალერგენების მიმართ;
Eკლასის ალერგენსპეციფიური ანტისხეულების განსაზღვრა;
გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ალერგია იმდენად გამოხატულია, რომ არსებობს ანაფილაქსიური რეაქციის ალბათობა კანის პრიკ-ტესტირების დროს;

Ig Kკლასის ანტისხეულების დადებითი შედეგები რძის ალერგენებთან დიაგნოსტიკურად უმნიშვნელოა.

მედიკამენტოზური ალერგიის დიაგნოსტიკური კრიტერიუმებია:
1. კლინიკური გამოვლინების კავშირის დადგენა მედიკამენტის მიღებასთან.
2. სიმპტომების შემსუბუქება, ან სრულად გაქრობა მედიკამენტის მოხსნის შემდეგ.
3. ალერგიით დატვირთული პირადი, ან ოჯახური ანამნეზი
4. წარსულში პრეპარატის კარგი ამტანობა.
5. მედიკამენტის სხვა გვერდითი მოვლენის გამორიცხვა (ტოქსიური, ფარმაკოლოგიური და სხვ.).
6. სენსიბილიზაციის ლატენტური პერიოდის არსებობა — არანაკლებ 7 დღისა.
7. ალერგიისათვის დამახასიათებელი სიმპტომების და არა სხვა ეფექტების არსებობა.
8. დადებითი ალერგოლოგიური და იმუნოლოგიური ტესტები.

მკურნალობა

ალერგიული დაავადებების მკურნალობა – ეს დიდი და თავისებური ხელოვნებაა.

უკანასკნელ წლებში ალერგიული დაავადებების მკურნალობის სფეროში პრინციპული სიახლე არ თქმულა, მაგრამ მნიშვნელოვნად იქნა ოპტიმიზირებული მკურნალობისადმი ძველი მიდგომა.

ალერგიული დაავადებების მკურნალობის ინტენსიური ოპტიმიზაციის მიუხედავად, შეინიშნება ავადობისა და ლეტალობის ზრდა და სოციალური დეზადაპტაცია. მიზეზი – ავადმყოფისა და მისი ოჯახის წევრების ცოდნის დაბალი დონე საკუთარი დაავადების შესახებ. მკურნალობის თანამედროვე ტექნოლოგია გულისხმობს პაციენტის, მისი ოჯახისა და ექიმის თანაბარ პასუხისმგებლობას მკურნალობის წარმატებაში.

ალერგიული დაავადებების მკურნალობა უნდა იყოს ეტაპური და მოიცავდეს “ტაქტიკურ” და “სტრატეგიულ” თერაპიას.

უკანასკნელ ათწლეულში მნიშვნელოვანი წარმატებები იქნა მიღწეული ალერგიული ანთების განვითარების მიზეზებისა და მექანიზმების შესწავლის სფეროში, რამაც განაპირობა ბრონქული ასთმის მკურნალობისადმი ახალი მიდგომის ფორმირება. მკურნალობა იწყება დაავადების სიმძიმის შესაბამისი საფეხურიდან. არაეფექტურობის შემთხვევაში კი გადადიან უფრო მაღალ საფეხურზე; მკურნალობას აახლებენ უფრო მაღალი საფეხურიდან სწრაფი ეფექტის მისაღებად.

ალერგიული რინიტის მკურნალობის ძირითადი ასპექტებია: დაავადების სიმპტომებზე კონტროლის მიღწევა და შენარჩუნება, რეციდივის თავიდან აცილება, ნორმალური აქტიურობის შენარჩუნება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, რინიტის მძიმე ფორმებისა და ბრონქული ასთმის თავიდან აცილება და რინიტის მიმდინარეობის დამამძიმებელი თანმხლები დაავადებების მკურნალობა.

ალერგიული რინიტის მართვა, საერთაშორისო დოკუმენტების მიხედვით, მოიცავს: ალერგენთან კონტაქტის თავიდან აცილებას ოთახის მტვრის ტკიპების ჩათვლით, რაც უნდა შეადგენდეს მკურნალობის საერთო სტრატეგიის კომპონენტს.

როგორ დავიცვათ თავი ალერგიისგან?

ექიმისა და პაციენტის პარტნიორული ურთიერთობა (კომპლაინსი), ორმხრივი დაინტერესება და მოქმედების ერთობლიობა იძლევა დაავადების თავიდან აცილების საშუალებას.

საგანმანათლებლო პროგრამები აუმჯობესებენ პაციენტის ცოდნას და დადებითად ცვლიან მათ ქცევას, რაც დაავადების თავიდან აცილების ერთ–ერთი ეფექტური გზაა. ასე, მაგ.: ბრონქული ასთმით დაავადებულებმა უნდა იცოდნენ თამბაქოს მოწევის შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ და ერიდებოდნენ პასიურ მწეველობას.

ერთობლივი მკურნალობის ექიმ – პაციენტის პარტნიორობის სტრატეგიის ოთხი ელემენტი:

• დაავადების გეგმა;
• დაავადების სიმპტომების და მკურნალობის შედეგების მონიტორირება;
• მოქმედების წინასწარ შემუშავებული გეგმა;
• წერილობითი ინსტრუქციები.

ელიმინაციური დიეტა და ელიმინაციურ-პროვოკაციული ტესტი კვებითი დღიურის წარმოებით, აგრეთვე, დაავადების თავიდან აცილების ერთ–ერთი ეფექტური გზაა. სავარაუდო კვებითი ალერგენი გამოირიცხება რაციონიდან ორი კვირის განმავლობაში. პროდუქტი შეიძლება იყოს ეტიოლოგიური ფაქტორი, თუ ალერგიის გამოვლინება მცირდება ელიმინაციის დროს და ვლინდება კვლავ რაციონში მისი დაბრუნებისას. ამ დროს აუცილებელია ტესტის გამეორება. დიაგნოსტიკური ელიმინაციური პროვოკაციული ტესტი კვებითი ალერგენით უნდა შესრულდეს სპეციალისტის მიერ (ალერგოლოგი).

ელიმინაციური დიეტა (შესაძლო ალერგენის გარდა) აუცილებელია დაინიშნოს, თუ სავარაუდოა, რომ გამოვლინება დაკავშირებულია საკვებთან, მაგრამ ანამნეზი და კანის სინჯები არ იძლევიან ალერგიის მიზეზის დადგენის საშუალებას. სიმპტომატიკის ალაგებისას დასაშვებია საკვებისადმი ჰიპერმგრძნობელობა. Kკონკრეტული საკვები კომპონენტი იდენტიფიცირდება რაციონში გამორიცხული საკვები კომპონენტების თანმიმდევრული დაბრუნებით.

პროდუქტები სხვადასხვა ალერგიული პოტენციალით
მაღალი: ძროხის რძე, კვერცხი, ხიზილალა, ხორბალი, ჭვავი, სტაფილო, პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ნიახური, მარწყვი, ჟოლო, ციტრუსები, ანანასი, ბროწეული, კივი, მანგო, ხურმა, ნესვი, ყავა, კაკაო, შოკოლადი, სოკოები, ნიგოზი, თაფლი.

საშუალო: ძროხის ხორცი, წიწიბურა, შვრია, ბრინჯი, ბარდა, პარკოსნები, სოიო, კარტოფილი, ჭარხალი, ატამი, გარგარი, წითელი მოცვი, შტოში, ალუბალი, მოცვი, შავი მოცხარი, ასკილი, ბანანი.

დაბალი: რძემჟავა პროდუქტები, კურდღლის ხორცი, ინდაური, უცხიმო ღორის ხორცი, მჭლე ცხვრის ხორცი, კომბოსტო, ბროკოლი, ყაბაყი, კიტრი, ვაშლისა და მსხლის მწვანე ჯიში, თეთრი და წითელი მოცხარი, თეთრი ბალი, ქლიავის ყვითელი ჯიშები, ოხრახუში, კამა.

რა გართულებების მიზეზი შეიძლება გახდეს ალერგია?

კვებითი ალერგიით შეპყრობილ ბავშვებში შეიძლება განვითარდეს მწვავე ალერგიული რეაქცია – ანაფილაქსია, კანის გამოვლინებები – ატოპიური დერმატიტის სახით, რესპირატორული გამოვლინებები – ბრონქული ასთმის შეტევა.

შედარებით ხშირი კვებითი ალერგენებია ბავშვთა ასაკში – ძროხის რძის ცილა (კაზეინი) და კვერცხი (ოვალბუმინი). ბავშვებსა და მოზრდილებშიც ანაფილაქსიური რეაქცია შეიძლება განვითარდეს საკვებად თევზის, კიბოსმაგვართა, მიწის თხილის, ნიახურის, კივის, ბამბისა და ქუნჯუთის მარცვლეულის გამოყენებისას.
პროდუქტები, რომლებიც შედარებით ხშირად იწვევენ ანაფილაქსიურ შოკს: თევზი, კვერცხი.

რამდენად საშიშია ალერგია ორსულებში? რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მან ნაყოფის ზრდა-განვითარებაზე?

ალერგია არის გენეტიკური/მემკვიდრული წინასწარგანწყობის პათოლოგია და იგი შეიძლება იყოს მანიფესტირებული კლინიკური დაავადების სახით და არამანიფესტირებული – წინასწარგანწყობის დონეზე. ამდენად, ორსულობა შესაძლებელია გახდეს მაპროვოცირებელი ფაქტორი გამოვლენის, ან უკვე არსებული დაავადების გამწვავების სახით. გამომდინარე აქედან, ალერგიული ორსული უნდა იმყოფებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ალერგიის სიმძიმიდან გამომდინარე მიიღოს მეან–გინეკოლოგის, ან როცა აუცილებელია, ალერგოლოგის კონსულტაცია.
სწორად და ოპტიმალურად შერჩეული პრევენციული სისტემა (და არა მხოლოდ ერთი ცალკე აღებული ანტიჰისტამინური პრეპარატი, ან დიეტა) თავიდან ააცილებს მას ორსულობის არასასურველ მიმდინარეობას.

შესაძლებელია თუ არა ალერგიისგან ბოლომდე განკურნება?

შეიძლება ითქვას, რომ ცალსახა პასუხი არ არსებობს.
პასუხი – “ალერგია ბოლომდე განკურნებადია”, არ იქნება მართებული, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ალერგია არის გენეტიკური/მემკვიდრული წინასწარგანწყობის პათოლოგია და მისი გამწვავება მოსალოდნელია ალერგენული დატვირთვის, ანუ მავნე გარემო ფაქტორების ზემოქმედების შედეგად შეცვლილი იმუნური რეაქტიულობის ფონზე.

პასუხი – “ალერგია განუკურნებელია”, აგრეთვე არ იქნება მართებული, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ალერგია არის მართვადი, ანუ კონტროლირებადი დაავადება და კარგად კონტროლირებადი ალერგიული დაავადების გამწვავება შესაძლებელია არ აღინიშნოს პაციენტის მთელი სიცოცხლის მანძილზე.

ექიმის რჩევა:

ვისაც აწუხებს ალერგია, დროულად უნდა მიმართოს თავის ექიმს ალერგიის პირველივე გამოვლინებისთანავე, რომელიც სწორ სამკურნალო და შემდგომ რეციდივების თავიდან ასაცილებელ, პრევენციულ სისტემას შეიმუშავებს კონკრეტული პაციენტისათვის და თუ ალერგიული გამოვლინების სიმძიმე სცილდება ზოგადი პროფილის ექიმის კომპეტენციას, დროულად მიმართოს ალერგოლოგს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • დავით საინტერესო და ნაყოფიერი სტატიაა ნამდვილად ;)

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.