მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

აკრძალვები ბავშვის აღზრდაში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.08.2017 | 4,718 ნახვა

ზედმეტად ბევრი და მუდმივი აკრძალვა ბავშვის გაღიზიანებას იწვევს. მუდმივად რაღაცისგან შეზღუდვა, დამღლელი და გამაღიზიანებელია, რასაც ბავშვები გამაღიზიანებელი ქცევით აპროტესტებენ. რას იწვევს ხშირი აკრძალვა და როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები? ამ თემაზე გვესაუბრა ფსიქოთერაპევტი, დიანა ნიკოლაიშვილი :

აკრძალვა “აკრძალვები, აკრძალვები, აკრძალვები! უბრალოდ დაფიქრდით, რამდენჯერ იმეორებთ დღეში:

არ შეიძლება! არ აიღო! არა! გამოდი მანდედან! არ შეეხო! არ დაისვარო! არ აძვრე! არ იტირო! ნუ აკეთებ ამას!… დაბადებიდან ბავშვს ესმის უამრავი აკრძალვა.

არსებობს ორი კატეგორიის აკრძალვები: 1) ვიტალური ანუ სასიცოცხლო მნიშვნელობის, როდესაც ბავშვის ქმედება საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს. ასეთი აკრძალვა სულ რამოდენიმეა. 2) ისეთი აკრძალვები, რომელიც ჩვენთვისაა მოსახერხებელი. მათი რაოდენობა დამოკიდებულია მშობლების ხასიათზე, მდგომარეობასა და ცხოვრების სტილზე.

ძალიან რთულია, დათვალოთ, დღეში რამდენ აკრძალვას ეუბნებით ბავშვს. მათი უმრავლესობა ავტომატურია. ჩაიყარეთ ჯიბეში ხურდა და როგორც კი აუკრძალავთ ბავშვს რამეს, გადადეთ მონეტა მეორე ჯიბეში, თქვენ გაოგნებული დარჩებით.

რას იწვევს ხშირი „არ შეიძლება“?

1) გარკვეული დროის შემდეგ ბავშვი ყურადღებას აღარ მიაქცევს აკრძალვებს და მშობლის ავტორიტეტი იკლებს.
2) ბავშვი დაკარგავს ნდობას სამყაროს მიმართ.
3) ბავშვის ქვეცნობიერში ჩამოყალიბდება წარუმატებლობის პროგრამა.
4) თუ ბავშვს ძლიერი მე-იდენტურობა აქვს, ის დაარღვევს აკრძალვას და რა გარანტიაა, რომ დარღვეული აკრძალვა არ იქნება ვიტალური?!

ბავშვის აღზრდაში ნებისმიერი უკიდურესობა წამგებიანია და არ მოაქვს დადებითი შედეგი. მშობელმა უნდა იპოვოს ოქროს შუალედი და შედეგად, ბავშვი რეალურად გაიგებს, რა შეიძლება და რა – არა.
ბავშვები ხატ-წარმოდგენებით აზროვნებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ რაღაცას უკრძალავთ, ბავშვი ჯერ მთლიანად წარმოიდგენს ხატს და შემდეგ უმატებს არ-ს. რომ გთხოვოთ, არ იფიქროთ ვარდისფერ სპილოზე, თქვენ ჯერ წარმოიდგენთ ვარდისფერ სპილოს, შემდეგ კი გააცნობიერებთ, რომ არ უნდა გეფიქრათ მასზე. როდესაც რაღაცას უკრძალავთ ბავშვს, თქვენ მის თავში ქმნით აკრძალულის ხატს.
მნიშვნელოვანია, ოჯახის ყველა წევრი შეთანხმდეს იმაზე, თუ რა აეკრძალება ბავშვს – ამგვარად ბავშვს ეცოდინება, რომ ეს ნამდვილად არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვისათვის გაუგებარი ხდება, რატომ შეიძლება ერთიდაიგივე რამ ზოგჯერ, ზოგჯერ კი – არა. კიდევ ერთი, თუ მშობელი კრძალავს რაღაცას, ეს მან თვითონაც არ უნდა გააკეთოს (მაგალითად, ტყუილი არ შეიძლება, მაგრამ დედა ტელეფონზე ლაპარაკისას აშკარა ტყუილს ეუბნება მეგობარს), ან აუხსნას, რატომ არ შეიძლება ეს ბავშვისათვის და რატომ შეიძლება სხვისთვის (მაგალითად, ყავა ბავშვებისათვის არ შეიძლება, მაგრამ როდესაც გაიზრდება და 15 წლის გახდება, ისიც შეძლებს ყავის დალევას).

თუ თქვენ ბევრ აკრძალვას იყენებთ, ჩამოწერეთ ისინი ფურცელზე და დაფიქრდით, რომელზე შეგიძლიათ უარის თქმა. შეეცადეთ, გაანახევროთ აკრძალვები და გამოიყენოთ მხოლოდ ვიტალური.

– გჯეროდეთ თქვენი პატარის!
– ენდეთ მას!
– იყავით თქვენი შვილის გვერდით და დაეხმარეთ მას მხოლოდ მაშინ, როდესაც ნამდვილად საჭიროებს დახმარებას!
– შექმენით უსაფრთხო გარემო თქვენი შვილისათვის!
– შეეცადეთ ბავშვის პოზიციიდან აღიქვათ სიტუაცია. გაიხსენეთ, რას გრძნობდით და ფიქრობდით მსგავს სიტუაციაში.”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი