აკაკი წერეთლის ხატწერა

ხატწერა მისთვის განსაკუთრებული შემოქმედებითი პროცესია. თითოეული ნაშრომში დებს დიდ შრომას, გონებრივ და სულიერ რესურსს. ცდილობს, მის მიერ შექმნილმა ყოველმა ხატმა ლოცვისთვის განაწყოს მორწმუნე.
გაგაცნობთ აკაკი წერეთლის ხატწერას, რომლის ხატებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებსა თუ საზღვარგარეთ არსებულ არაერთ მართლმადიდებლურ ტაძარშია დაბრძანებული.
აკაკი წერეთელი: “ზოგადად მხატვრობის მიმართ სიყვარული ბავშობიდან მქონდა, დიდი ბედნიერებით ვხატავდი როგორც საერო ტიპის ფერწერულ ნახატებს, ასევე -ქრისტიანული თემატიკის გამოსახულებებს, თუმცა, ცხადია, ასე უბრალოდ მექანიკურად გაუაზრებლად გადახატული ხატი არ შეიძლება ჩაითვალოს სრულფასოვნად. აბიტურიენტობის პერიოდში ჩემს საყვარელ მოძღვართან, დეკანოზ მამა გიორგი წერეთელთან ურთიერთობამ და სწრაფვამ ეკლესიური ცხოვრებისა, გამიჩინა სურვილი ჩემი პროფესიაც ყოფილიყო ეკლესიის წიაღში, რომელიც იქნებოდა ღვთის სადიდებლად მიძღვნილი.

სკოლის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე მიმეღო საფუძვლიანი განათლება ამ სფეროში და ჩავაბარე თბილისის სასულიერო სემინარიაში ხატწერისა და მონუმენტური მხატვრობის რესტავრაციის მიმართულებით.

სტუდენტობის პერიოდში დიდი შრომით დაგროვილი ცოდნის მიუხედავად, არ ვჩქარობდი სრულფასოვანი ხატის დაწერას, არ მინდოდა გაკადნიერება, თუმცა, როდესაც დამიგროვდა გარკვეული ცოდნა და ღრმად გავთვითცნობიერდი ხატწერაში, გადავწყვიტე დამეწერა დავით გარეჯელის ხატი, ტრადიციული შუა საუკუნეების მეთოდოლოგიის სრული დაცვით.”
როგორია თქვენთვის ხატწერის პროცესი?
რა თქმა უნდა, ხატწერა განსაკუთრებული შემოქმედებითი პროცესია, ყოველი ნამუშევარის შესრულებისას ვცდილობ, სრულად დავიხარჯო როგორც გონებრივად, ასევე – ფიზიკურად და განსაკუთრებით ემოციურად, სულიერად. მუშაობის პროცესში, განვითარებისთვის აუცილებელია პირადი კრიტიკული თვალი, რომლის მეშვეობითაც ითვალისწინებ წინა ნამუშევარში დაშვებულ ხარვეზებს, თუნდაც ეს უმნიშვნელო იყოს და ცდილობ, ახალი ნამუშსვარი უფრო მეტად შესაფერისი იყოს კონკრეტული წმინდანისა, დღესასწაულისა თუ თავად უფლისა.

როგორც აღვნიშნე, დაზგურ, ასევე მონუმენტურ ტაძრის ხატწერაში, აუცილებელია მთლიანად ჩართულობა, მთელი რესურსებით, რათა შედეგიც შესაფერისი იყოს. ხშირად ნამუშევარზე ფიქრი გაღვიძებიდან დაძინებამდე, ძილის დროსაც კი თავიდან არ გშორდება ხატმწერს.
ხატზე მუშაობა, იწყება კონკრეტული წმინდანის ცხოვრების მოღვაწეობის გაცნობით, შემედ შუა საუკუნეების პერიოდის ამ წმინდანის ხატების შესწავლით, მისი იკონოგრაფიის (სახასიათო ნიშნებისა და ფერების) განსაზღვრით, ხოლო შემდეგ უშუალოდ იწყება გრაფიკული სქემის შექმა და ფერებით წერა.
იმის მიუხედავად, რომ ხატწერაში ყოველი დეტალი თავის სირთულეს წარმადგენს, მაინც მთავარი და არსებითი წმინდანის გამოსახულების მზერაა, მეტყველებაა, რომელმაც რიგითი მორწმუნე ლოცვისთვის უნდა განაწყოს.
როგორ ვისწავლოთ ხატის დაწერა?
ალბათ ხატწერის შესწავლისას ყველაზე მთავარი სიყვარული და ამ წმინდა გრძნობით მიზნისკენ სწრაფვაა. არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენად ნიჭიერი ხარ, მთავარი შრომა და ძალისხმევაა, რომლის თანმდევი პროცესი თითოეულ ჩვენგანში მეტნაკლებად არსებული ნიჭის გაღვივება და შესაფერისი უნარების ჩამოყალიბებაა. და რა თქმა უნდა, ღვთის შეწევნის გარეშე ამ წმინდა სააქმის კეთება შეუძლებელია.

რა ცოდნა გაქვთ ტაძრის მოხატვისა და რესტავრაციის მიმართულებით?
როგორც ტაძრის მხატვრობის რესტავრატორმა, არაერთ ტაძარში ვიმუშავე, წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში, ცაიშის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, გრემის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი, ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი და მატანის ცხრაკარას ტაძრებში), სადაც სამუშაო პროცესებმა დამიგროვა ცოდნა ტაძრის მოხატვის როგორც ტექნოლოგიურ, ასევე – გამოსახვით ნაწილში. გავიგე და შევისწავლე ტაძრის მოხატვის ტექნოლოგიური მხარე, თუ როგორი მეთოდოლოგიით ხატავდნენ ჩვენი წინაპრები ტაძრებს, როგორი წერის მანერით იქმნებოდა ასეთი საოცარი ნამუშევრები, რომლებიც არამხოლოდ რელიგიური კუთხით, არამედ ჩვენი ქვეყნის კულტურის დიდი თვითმყოფადობის, იდენტობის გამოძახილია.
თეონა ნოზაძე
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.