მთავარი » ქრისტიანობა

“აიღე ეს მონეტა, დაბრუნდი მონასტერში და იყიდე პური. მე კი აქ დაგელოდები” – ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სასწაული

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.04.2017 | 4,263 ნახვა

მონრეალის ივერიის ღმრთისმშობლის მირონმდინარე ხატი “ერთხელ, ნაშუადღევს, მთელი დღის ხეტიალის შემდეგ ივერთა სავანეს მიადგა მწირი და მონასტრის მსახურს ცოტაოდენი პური სთხოვა. ივერთა მონასტერი ძველთაგანვე სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდა. ყოველი კვირის ოთხშაბათსა და პარასკევს კარიბჭესთან სტუმრებისათვის პური და ზეთისხილი გამოჰქონდათ, ხოლო დანარჩენ დღეებში – პური და ყველი. მაგრამ მაშინ მსახურმა რატომღაც უარი უთხრა სტუმარს დაპურებაზე. გაწბილებული, მშიერი და მწუხარებით აღვსილი მწირი კარიესისკენ გაემართა. მონასტერთან მოშორებით ერთ ქვაზე ჩამოჯდა დასასვენებლად, მაგრამ გულნატკენმა თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა. ზუსტად ამ დროს ადამიანის ფეხის ხმა შემოესმა, თავი ძლივს აწია და დაინახა უმშვენიერესი ქალი ყრმით ხელში, რომელიც მიუახლოვდა მას და სანდომიანი სახითა და ტკბილი ხმით უთხრა: „რა დაგემართა, რად სტირი? ავად ხომ არა ხარ?“ „არა, – მიუგო მოგზაურმა, – ავად არა ვარ, მშია. ივერთა მონასტრის დარაჯს ცოტაოდენი პური ვთხოვე და არ მომცა“. მაშინ ქალმა მიუგო: „ნუ ბრაზობ, შვილო, ჩემი მონასტრის დარაჯზე, რამეთუ მე ვარ ივერთა სავანის დარაჯი. აიღე ეს მონეტა, დაბრუნდი მონასტერში და იყიდე პური. მე კი აქ დაგელოდები“.

მწირი მაშინვე გაეშურა მონასტრისაკენ, იპოვა დარაჯი და სთხოვა პური მიეყიდა, და ხელში მონეტა ჩაუდო, რომელიც მისი თქმით ვიღაც ქალმა აჩუქა. ქალის ხსენებამ დარაჯი შეაშფოთა და საგონებელში ჩააგდო, მაგრამ მონეტის დანახვამ ეჭვი გაუფანტა და მიხვდა, რომ სასწაული ხდებოდა. სასწრაფოდ ზარები დარეკა, რათა მამები შეეკრიბა და მათთვის მომხდარი ამბავი ეცნობებინა. მამებმა მოისმინეს ეს საკვირველი ამბავი და განცვიფრდნენ. დაადგინეს, რომ მწირის მიერ მოტანილი ოქროს მონეტა კარიბჭის ღვთისმშობლისადმი შენაწირი იყო და დიდი რუდუნებით კვლავ წმიდა ხატთან დაასვენეს. ამის შემდეგ ყველანი დაუყოვნებლივ აღნიშნულ ადგილზე მივიდნენ, მაგრამ იქ ვეღარავინ იპოვეს. სასწაულის სამახსოვროდ მამებმა გამოცხადების ადგილას დააყენეს პატარა სალოცავი. 1960 წელს კი ივერთა მონასტრის ბერ-მონაზონმა მაქსიმემ, რომელიც ტრაპიზონიდან იყო წარმოშობით, თავისი ხარჯებით მშვენიერი სამლოცველო ააგო ამ ადგილზე ივერიის ღმრთისმშობლის პატივსაცემად და მას წლების მანძილზე ემსახურებოდა. ეს სამლოცველო ლამაზი ფრესკებით არის დამშვენებული.

„ივერიის ღმრთისმშობლის ხატი“, თბილისი, 1999 წ.”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი