მთავარი » პოპულარული

“აგვისტოს 5 დღის” პრემიერა შედგა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.06.2011 5 კომენტარი | 2,963 ნახვა

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომზე გადაღებული რენი ჰარლინის ფილმის “აგვისტოს 5 დღის” საპრემიერო ჩვენება კინოთეატრ “რუსთაველში”, “ამირანსა” და “საქართველოში” ერთდროულად გაიმართა.

აგვისტოს 5 დღეფილმის სცენარისტები მიკო ალანი და დევიდ ბეტლი არიან. ფილმში, რომელიც კანის კინოფესტივალშიც მონაწილეობდა, მსოფლიოში ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ: ენდი გარსია, ველ კილმერი და რუპერტ ფრენდი. პროექტის ბიუჯეტი 20 მილიონი დოლარია.

პრემიერის მთავარი ღონისძიებები კინოთეატრ “რუსთაველში” 18:30 საათზე დაიწყო, ფოიეში აგვისტოს მოვლენების დროს გადაღებული ფოტოგამოფენაც გაიმართა.

ფილმის თბილისურ პრემიერას 840-მდე მიწვეული სტუმარი დაესწრო, მათ შორის იყვნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მსახიობები, საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები.

კინოჩვენებას ფილმში მონაწილე უცხოელი მსახიობები, ფილმის რეჟისორი რენი ჰარლენი და ჰოლივუდის მეგავარსკლავი შერონ სტოუნი დაესწრნენ. რუსთაველის გამზირზე ჰოლივუდის ვარსკვლავების ესკორტის მისვლას შეკრებილი მოქალაქეები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

ფილმის რეჟისორის რენი ჰარლენის თქმით, ის მოხარულია საქართველოში დაბრუნებით, რადგან ეს ქვეყანა თავის მეორე სამშობლოდ მიაჩნია. “შესაძლოა, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს. მიხარია, რომ თბილისში დავბრუნდი, ჩემს საყვარელ საქართველოში. უბედნიერესი ვარ, რომ ამდენი ადამიანი მოვიდა. ჩემთვის დიდი პატივია, რომ შესაძლებლობა მაქვს ჩემი ფილმი წარმოგიდგინოთ. ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო მომენტია”. რეჟისორის თქმით, მან თავიდან არ იცოდა, რა სახის ისტორია უნდა მოეყოლათ, თუმცა პოლიტიკოსებთან, დევნილებთან და ომის შედეგად დაზარალებულებთან შეხვედრის შემდეგ ისტორიის კონტურები დაინახა. “ხალხს უნდა, თავის ხმა სხვებს გააგონოს და მიხარია, რომ მე მერგო პატივი გადამეღო ფილმი, რომლითაც ქართველ ხალხს სურს ხმა მსოფლიოს გააგონოს. გადავიღე ფილმი პატარ ქვეყანაზე, რომელიც ცდილობს დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს”, – განაცხადა ჰარლინმა.

საქართველოს პრეზიდენტის როლის შემსრულებელმა ენდი გარსიამ კი თბილი სიტყვებით ისაუბრა საქართველოს შესახებ. როგორც ის აცხადებს, ის, რაც ფილმშია ასახული, უნივერსალური ისტორიაა და ბევრ ქვეყანას გადახდენია. “ეს არის ომის საწინააღმდეგო ფილმი. უნდა გვესმოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის სუვერენიტეტი და რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს – მშვიდობა. ამ ფილმში გამოვხატე ჩემი, როგორც მსოფლიო მოქალაქის პოზიცია. ჩემი პოზიცია კი ის არის, რომ ყველა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს გამოხატვის თავისუფლება”, -აღნიშნა გარსიამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის თქმით, მისთვის, ისევე, როგორც ყველა ქართველისთვის, ეს არ არის მხოლოდ მხატვრული ფილმი.

“ეს იმ უმძიმესი განსაცდელის გახსენებაა და ასევე გააზრება იმ ხიფათის აცილებისა, რომელიც საქართველომ მოახერხა. ამ ფილმის ძალა ის არის, რომ იგი რეალურ ფაქტებზეა გადაღებული. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფილმის ნახვის შედეგად ათობით მილიონი ადამიანი გაიაზრებს, რამხელა ხიფათის აცილება შეძლო საქართველომ 2008 წლის აგვისტოში”, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

ფილმის ქრონომეტრაჟი 1 საათი და 50 წუთია. გადაღებები დაიწყო 2009 წლის ოქტომბერში წალკაში საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადამღებ ჯგუფს ნება მისცა, გამოეყენებინათ მისი სამუშაო ოფისი − პრეზიდენტის სასახლე გადაღებებისთვის. გადაღებები მიმდინარეობდა აგრეთვე გორში, ვაზიანსა და თბილისში.

ფილმის ქართველი პროდიუსერის ნიკა ავალიანის განცხადებით, ინგლისურიდან კინოსურათის ქართულად თარგმნა მაღალი ხარისხით მოხდა.

პრემიერის დასრულების შემდეგ მიწვეულმა სტუმრებმა რუსთაველის თეატრში გადაინაცვლეს, სადაც საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. კონცერტიდან შემოსული თანხა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებულთა და დაღუპულთა ოჯახების დახმარებას მოხმარდება.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

5 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი