მთავარი » ქრისტიანობა

აღქმა და აღთქმა – “ქართული მეტყველების კულტურა”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.10.2016 | 5,052 ნახვა

ბგერობრივად მსგავს და შინაარსობრივად განსხვავებულ სიტყვათა წყვილებს (პარონიმებს) შორის, რომლებიც ხშირად ერევათ ერთმანეთში, უნდა აღინიშნოს ორი ქართული სიტყვა: აღქმა და აღთქმა.

ენობრივად ეს ორივე სიტყვა სწორია, თუმცა მთავარია ვიცოდეთ ამ სიტყვების გამოყენების აუცილებლობა, რათა თავიდან ავირიდოთ შეცდომის დაშვება.

აღქმა ფსიქოლოგიაში ხმარებული ტერმინია, რომელიც აღნიშნავს გარკვეული ფაქტისა თუ მოვლენის გაცნობიერებას, გაგება-გააზრებას, ინტერპრეტაციას; განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით – ობიექტური სინამდვილის ფაქტების (საგნების, მოვლენების) ცნობიერებაში ასახვის პროცესს. წიგნი მაგ. : დაღლილ კაცს უჭირს რისამე ნორმალურად აღქმა“; ანდა “გოგონამ პოეტურად აღიქვა ნაწარმოები” და მისთ.

რაც შეეხება სიტყვა აღთქმას, რომელიც ნიშნავს “დაპირებას, დანაპირებს”, იგი იხმარება რელიგიური მნიშვნელობით და აღნიშნავს “ღვთის სიტყვას” ადამიანებისადმი, აქედან: საღვთო წერილის ნაწილებსაც, წმინდა წიგნებს: ძველსა და ახალ აღთქმას. სიტყვათშეხამება აღთქმის დადება იგივეა, რაც ფიცის, სიტყვის, პირობის მიცემა. ამ აზრითაც ადრე ეს გამოთქმა ისევ რელიგიური მნიშვნელობით იხმარებოდა (მაგალითად: ხატის წინაშე დადო აღთქმა ), შემდეგ კი თანდათან გადატანითი, ხატოვანი მნიშვნელობა შეიძინა (მაგ.: ნიკოს მეგობრების წინაშე დადებული აღთქმა არ გაუტეხია), ოღონდ ამ შემთხვევაში მსგავსი გამოთქმები მაღალი სტილის ნიმუშებად ჩაითვლება.

აღთქმა სიტყვისგან ნაწარმოებია აღთქმული, რომელიც გარკვეულ სახელებთან (მიწა, ქვეყანა) შეხამებაში “ისრაელს” აღნიშნავს. კერძოდ, ცნობილი გამოთქმები – აღთქმული მიწა, აღთქმული ქვეყანა (სანეტარო, საოცნებო მიწა, ქვეყანა) – ისრაელის სინონიმებად იხმარება.

სიტყვები აღქმა და აღთქმა სხვა ფორმებითაც შეიძლება ირეოდეს ერთმანეთში: აღიქვა და აღითქვა, აღქმული და აღთქმული… ამის ნიმუშებს იძლევა არა მარტო ზეპირი მეტყველება, არამედ, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ჩვენი თანამედროვე პრესაც (იხმარება, მაგალითად: დადო აღქმა, პოეტური აღთქმა და მისთ. ). შეცდომები, ცხადია, ყველა შემთხვევაში უნდა დაიძლიოს.

მოამზადა ანა ტყებუჩავამ

წყარო
აფრიდონიძე, შუქია. ჩვენი ენა ქართული. თბილისი: ბაკურ სულაკაური გამომცემლობა, 2009.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი